21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გამოცდილების გაზიარება

spot_img
დიანა ზოიძე
სსიპ ქ. ბათუმის №16 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

 

ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება და არქივირება კულტურული მემკვიდრეობის კვლევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს XXI საუკუნეში. დღეისათვის დადგენილია, რომ 7000-მდე არსებული ენიდან 2150 წლისათვის თითქმის ნახევარს გაქრობა უწერია – საფრთხეში მყოფი ენების საკვლევი ინსტიტუტის – Living Tongues Institute for Endangered Languages – მონაცემების მიხედვით, ენები უფრო სწრაფად ქრება, ვიდრე ცხოველთა ან მცენარეთა სახეობები: ყოველ ორ კვირაში არსებობას წყვეტს ერთი ენა. საგულისხმოა, რომ გაქრობის საშიშროება, უმეტესად, ინდიგენური ხალხების ენებს ემუქრება, რომელთაგან უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის დოკუმენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ენებთან ერთად გაქრება არა მარტო ენა, როგორც სისტემა, არამედ ინდიგენური მოსახლეობის სულიერი კულტურაც. შესაბამისად, ენისა და კულტურის ციფრული დოკუმენტირება და არქივირება XXI საუკუნის გამოწვევაა და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საზოგადოებამ „დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო“ სწორედ ამ თემას მიუძღვნა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“, რომელიც 10 დღის განმავლობაში (29 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე) ტარდებოდა ზემო აჭარაში, კერძოდ სხალთა-ხიხანის ხეობაში. პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტის ნომერი MG-ISE-23-1017).

საზაფხულო სკოლა საერთაშორისო ღონისძიებას იყო და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი 2002 წლიდან მუშაობს ქართული ენისათვის ციფრული კორპუსებისა და ტექნოლოგიების შექმნის საკითხებზე, ასევე ენისა და კულტურის დოკუმენტირების საკითხებზე და კარგად იცნობს კვლევის თანამედროვე მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობდნენ გერმანელი მეცნიერები ჰამბურგის უნივერსიტეტიდან – პროფ. იოსტ გიპერტი და დოცენტი მარიამ ყამარაული. ქართულ მხარეს წარმოადგენდა მკვლევართა ჯგუფი ბათუმის უნივერსიტეტიდან, ლინგვისტები – პროფ. მამია ფაღავა და პროფ. მალხაზ ჩოხარაძე, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია აწარმოებენ ინტერდისციპლინურ კვლევებს როგორც აჭარის, ისე თურქეთში, მდინარე ჭოროხის აუზში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მეტყველების; ახალგაზრდა ეთნოლოგი ასოც. პროფესორი რუსლან ბარამიძე, ლინგვისტები, ასოც. პროფესორები – მზია ხახუტაიშვილი, ნანა ცეცხლაძე და ფოლკლორისტი პროფესორი თინა შიოშვილი, რომლებიც ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიური არქივის შექმნაში მონაწილეობდნენ და ფლობენ დოკუმენტირებისა და არქივირების თანამედროვე მეთოდებს.

საზაფხულო სკოლის პროგრამა, შესაბამისად, ინტერდისციპლინურ ხასიათს ატარებდა: დიგიტალური ჰუმანიტარიის აქტუალური საკითხების გარდა, ლექციები ჩატარდა მომიჯნავე დისციპლინებში, რომლებიც მიეძღვნა ლინგვისტური, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და კულტურულ-ისტორიული მონაცემების შეგროვებისა და დოკუმენტირების თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა ვორკშოპი დოკულინგვისტიკის პრაქტიკულ საკითხებზე, როგორებიცაა, მაგალითად, დოკუმენტირებისა და არქივირების პროგრამული ინსტრუმენტები (EAF) და სტანდარტები (XML, TEI-P5), ენობრივი რესურსების დამუშავების მულტიმედიალური ფორმატი (ELAN), ენობრივი რესურსების ლინგვისტური დამუშავების ძირითადი პრინციპები დიგიტალურ ეპოქაში და რესურსების ლინგვისტური დამუშავების პროგრამული საშუალებები (Flex), რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი რუსუდან პაპიაშვილი.

საზაფხულო სკოლა, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენასაც ითვალისწინებდა. ლექციებსა და ვორკშოპზე შეძენილი ცოდნა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა გამოიყენეს საზაფხულო სკოლის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში, სადაც გამოცდილი ექსპერტების ხელმძღვანელობით თავად ჩაიწერეს, დიგიტალურად დაამუშავეს და არქივირებისათვის მოამზადეს მასალა, რომელიც განთავსდა როგორც ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში, ასევე ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიურ დიგიტალურ არქივში (DigiArchive: http://digiarchive.bsu.edu.ge/) ღია რესურსის სახით.

საზაფხულო სკოლა ასევე ითვალისწინებდა რესურსების მოპოვების, დამუშავებისა და კვლევის შედეგების პრეზენტირების უნარ-ჩვევების დაუფლებას. ამ მიზნით, ამ პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი იყო სასერტიფიკატო მოხსენებების მომზადება და წარმოდგენა, სკოლის ფარგლებში მოპოვებული და დამუშავებული მასალის საფუძველზე და გაზიარება სასკოლო საზოგადოებისათვის. საზაფხულო სკოლის ექსპედიციაში მოპოვებული მასალა საანალიზოდ გადანაწილდა 5 ჯგუფში, რამაც, დამატებით, ჯგუფური მუშაობის გამოცდილება შესძინა სხვადასხვა სკოლის მონაწილეებს.

გასული წლის 8 აგვისტოს შეჯამდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მუშაობა: უფროსმა კოლეგებმა ყურადღებით მოისმინეს მონაწილეების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები და შეფასებები მისცეს მათ ნაშრომს. საუკეთესო პრეზენტაციის რესურსები, მომავალში, ინტეგრირებული იქნება ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიურ დიგიტალურ არქივში, რაც დამატებით წამახალისებელი ფაქტორია საზაფხულოს სკოლის მონაწილეებისათვის და სასკოლო საზოგადოებისთვის.

ის ფაქტი, რომ საზაფხულო სკოლის საკვლევი არეალი ისტორიული სხალთა-ხიხანის ხეობით განისაზღვრა, არ იყო შემთხვევითი. საკვლევი არეალის არჩევანი განპირობებული იყო მისი ლინგვოკულტუროლოგიური თავისებურებებით: აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ქრისტიანული და მაჰმადიანური აღმსარებლობის ადამიანები, რომელთა თანაცხოვრების საფუძველზე წარმოიქმნა კულტურათა ერთგვარი სიმბიოზი. სხალთა-ხიხანის ხეობაში მოპოვებული მასალის ანალიზმა აჩვენა, ჯერ კიდევ რამდენ ენობრივ და კულტურულ სიმდიდრეს ინახავს ზემო აჭარის ეს ხეობა და თუ დროზე არ მოხდება ამ, და არა მარტო ამ, ხეობის ენისა და კულტურის დოკუმენტირება თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლოა ძალიან მალე გაქრეს და ვეღარ შემოვუნახოთ მომავალ თაობას ამ ხეობის და ზემო აჭარის უნიკალური მოზაიკური სურათი.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლამ „ენისა და კულტურის დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში“ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, თუ რამდენად საინტერესო რესურსებს გვთავაზობს მაღალმთიანი აჭარა ინტერდისციპლინური კვლევების განხორციელებისათვის და რამდენად საჩქაროა ადგილობრივი დიალექტური მეტყველების, მეხსიერებაში ჯერ კიდევ შემონახული ფოლკლორისა და ტრადიციების აღწერა, დოკუმენტირება და არქივირება, რომ მომავალ თაობას შემოვუნახოთ მაღალმთიანი აჭარის უნიკალური ლინგვოკულტუროლოგიური სიმდიდრე.

იმედია, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი მომავალშიც მისცემს საშუალებას ქართველ და გერმანელ მეცნიერებს, გააგრძელონ მაღალმთიანი აჭარის, და არა მარტო მაღალმთიანის, არამედ ბარისა და მთის შერწყმის შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველზე, ინტერდისციპლინური კვლევა და მკვლევართა ახალგაზრდა თაობას შეასწავლონ ენისა და კულტურის დოკუმენტირების ტექნოლოგიების ინსტრუმენტები როგორც მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ასევე სტუდენტ-ახალგაზრდობას. ამ ინსტრუმენტების გარეშე წარმოუდგენელია დოკუმენტირება და არქივირება ციფრულ ეპოქაში.

მე, როგორც სტატის ავტორი, ვფიქრობ, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება უმნიშვნელოვანესია არა მარტო მეცნიერულ დონეზე, არამედ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების აქტუალური ჩართვისა და დანერგვის თვალსაზრისითაც. ჩვენ შევხდით მაღალმთიანი რაიონის მასწავლებლებს და ძალიან დიდი ინტერესი და მზაობა გამოითქვა მათ მხრიდან.

 

ციფრულ ეპოქაში დაბადებული თაობა დღეს ციფრული მედიუმის საშუალებით ეცნობა გარესამყაროს, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საგანმანათლებლო სისტემა: დიგიტალური მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება სწავლისა და სწავლების პროცესში 21-ე საუკუნის მოზარდის მენტალური და ინტელექტუალური ფორმირების აუცილებელ კომპონენტად იქცა

როგორც მასწავლებლისთვის, ჩემთვის საინტერესოა, თუმცა ერთგვარი გამოწვევას წარმოადგენს, მსგავსი პროექტების დანერგვა და განხორციელება. ეს ინსტრუმენტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უმნიშვნელოვანესად შეცვლის მოსწავლეების ინტერესს ციფრული და პროგრამული შესწავლის თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორ ათწლეულზე მეტია მიმდინარეობს ქართული ენის დიგიტალიზაცია.

დღეისათვის ქართულ ენაზე შექმნილია ისეთი ციფრული სამომხმარებლო რესურსები, როგორიცაა ელექტრონული წიგნები, ელექტრონული ლექსიკონები, საგანმანათლებლო პროგრამული საშუალებები, რომელიც ნაკლებადაა გამოყენებული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში და რომელთა დანერგვაც გაცილებით მიმზიდველს გახდის სწავლების პროცესს დიგიტალურ თაობაში. ამიტომ, აუცილებელებლობად დავინახე გამეცნო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში „ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში“ (მომხსენებლები – ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დიანა ზოიძე). პირველი შეხვედრა დავგეგმეთ და განვახორციელეთ შუახევის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ციფრული რესურსების გაცნობას,

მეორე შეხვედრა დაგეგმილი მაქვს ონლაინ კონფერენციის სახით ორგანიზაცია „ქი ქონსალთინგთან“, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე, სადაც მოწვეული არიან მე-6 საჯარო სკოლის კათედრის წევრები, ესგ დანერგვის ექსპერტებთან ერთად. ეს კი ხელს შეუწყობს დასახული მიზნის მიღწევას და დიგიტალური ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობებს, როგორც თეორიული ცოდნის ათვისებაში ემპირიული მონაცემების გამოყენების უპირატესობებით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები