6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

შემეცნებითი ქცევითი თერაპიის (CBT) პრაქტიკული გამოყენება სასწავლო პროცესში

spot_img
მაია გაწერელია
სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი

წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ცნობილი ქოუჩისა და დოქტორის, დევიდ ბერნსის შეხედულებებს, რომლებიც მასწავლებელთა ფართო სპექტრს გამოადგება პრაქტიკის გაუმჯობესებაში.

 

დოქტორ დევიდ ბერნსის პერსონალური თვითდახმარების მიმართულების წიგნი „კარგი გრძნობების სახელმძღვანელო“ 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი საინტერესო და საჭირო ნაშრომია, რომელმაც გასული საუკუნის მიწურულიდან პოპულარობა უპირობოდ შეინარჩუნა. შემეცნებითი ქცევითი თერაპია (CBT), როგორც მეთოდი, უამრავ ადამიანს დაეხმარა საკუთარი ფსიქიკური „პეიზაჟების“ გადახედვაში. CBT-ის არსი არის მარტივი, მაგრამ რევოლუციური: „შეცვალეთ თქვენი აზრები და თქვენი ემოციებიც შეიცვლება“.

„კარგი გრძნობების სახელმძღვანელო“ სავსეა სცენარებით, პრაქტიკული სავარჯიშოებითა და რეალური ცხოვრებისეული ისტორიებით, რომლებიც კავშირშია ფსიქოკლინიკურ თეორიებთან. ამ წიგნის ქონა უტოლდება ისეთი თერაპევტის ყოლას, რომელიც გიბიძგებს ემოციური კეთილდღეობისკენ.

„კარგი გრძნობების სახელმძღვანელო“ აჭარბებს თვითდახმარების სახელმძღვანელოს როლს. ბერნსი მხოლოდ წიგნს არ გვთავაზობს, ის გთავაზობთ მოგზაურობას. მოგზაურობას, რომელიც იწყება იმით, თუ როგორ ვსაუბრობთ საკუთარ თავთან ჩვენი აზრების კონფიდენციალურობაში და მთავრდება იმით, რომ ჩვენი ემოციები ვერ გვაკონტროლებენ. ჩვენ გვაქვს ძალა, შევცვალოთ ისინი. ამ წიგნის საშუალებით სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ შფოთვას. ამბობენ ხატოვნად, თუ თქვენ ეძებთ საგზაო რუკას ან კომპასს ემოციური კეთილდღეობისკენ, აიღეთ ხელში „კარგი გრძნობების სახელმძღვანელო“.

ახლა კი შინაარსობრივ მხარეზე მივმართოთ აქცენტები: ადამიანის აზროვნებას ახასიათებს ტენდენცია, დაამყაროს კავშირები, ურთიერთმიმართებები იქ, სადაც, რეალურად, ისინი არ არსებობს. აღნიშნული ტენდენციის არსებობას მივყავართ იქამდე, რომ ვიღებთ კოგნიტურ დამახინჯებას, აზროვნების შეცდომებს, კოგნიტურ ილუზიებს.

აზროვნების შეცდომები არის ადამინის მიერ შექმნილი ირაციონალური აზრები და რწმენები, რომლებიც ჩვენგან გაუცნობიერებლად ვითარდება და აგრძელებს არსებობას ჩვენს გონებაში.

ყველა სახის აზროვნების შეცდომა:

⦁ არის მცდარი ან არაზუსტი;

⦁ ჩნდება უნებლიედ;

⦁ არის ფქიქოლოგიური პრობლემის საფუძველი.

დევიდ ბერნსი ასე აკლასიფიცირებს აზროვნების შეცდომებს და ვურთავ შესაბამის კომენტარებს (გამოკვეთილია მუქი შრიფტით):

1) „აზროვნება  ყველაფერი ან არაფერი” (All-or-Nothing Thinking)

როცა მოსწავლე სრულყოფილად არ აკეთებს დავალებას, შემთხვევას მაშინვე არასრულყოფილის კატეგორიაში ვათავსებთ. ვიკითხოთ მაშინ ასეთი რამ, რატომ გვჭირდება ინტენსიურად განმავითარებელი უკუკავშირი, რომლის ფუნქციაც არის შეცდომის სტატუსის შეცვლა? გვაქვს იმის ილუზია, რომ მოსწავლე (და არა მარტო მოსწავლე) ყველაფერს იდეალურად ისწავლის? ამიტომ, არასდროს ვიქმნი მოლოდინს, რომ ჩემი მოსწავლე ან ყველაფერს „ჩამაბარებს“ ან არაფერს.

2) გადაჭარბებული გენერალიზაცია (Overgeneralizing)

რადგან ადამიანი უკიდურესი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაძლოა, ცალკეული შემთხვევის საფუძველზე, განვაზოგადოთ მოლოდინები უმრავლესობაზე? პრობლემა იმაშია, რომ გენერალიზება (განზოგადება) სწორად, ლოგიკურად დავიწყოთ და არა სტერეოტიპულად. ვთქვათ, მოსწავლე, რომელიც ქიმიას კარგად სწავლობს ან არ სწავლობს სასწავლო ერთეულების მიხედვით, იყოს კლასის განზოგადების საფუძველი? რასაკვირველია, არა!

3) გონებრივი ფილტრი (Mental Filter)

ადამიანის აზროვნება ფოკუსირებულია უპირატესად ნეგატიურ ინფორმაციაზე და გამორიცხავს დადებითი ინფორმაციის დომინანტობას. გონება ფილტრავს სიტუაციის პოზიტიურ ელემენტებს, ასპექტებს და ტოვებს ნეგატიურ ასპექტებს. ამის გამო, ბუნებრივია, სასწავლო პროცესში, მასწავლებელმა აქცენტირება უნდა დაიწყოს მხოლოდ კარგზე, რასაც მოსდევს პროგრესირება და მარცხდება არაპოზიტიური ელემენტები.

4) გონივრული კითხვა (Mind-Reading)

ხშირია შემთხვევა, როცა ვიქმნით მცდარ და ნეგატიურ წარმოდგენას მოვლენის, სიტუაციის შესახებ. ამ დროს ჩვენი ინტერპრეტაცია გადაჭარბებულად, არარეალურად უარყოფითია. გავიხსენებ იმ შემთხვევებს, როცა ვსაუბრობდით კომპიუტერის სასწავლო პროცესში ჩართულობაზე, წიგნის ალტერნატივაზე. მაგალითი უამრავი შეიძლება დავასახელოთ, მაგრამ მედალი არასდროს არსებობს ორი მხარის გარეშე და გონივრული იქნება ის მხოლოდ, როცა პოზიტიური გადააჭარბებს ნეგატიურს. ნებისმიერი სუსტი მხარე, შესაძლოა, ვაქციოთ ძლიერ მხარედ. განსაცდელი არის შინაგანი ძალების გააქტიურების საფუძველი. მაშასადამე, გონივრული წაკითხვა (გაცნობა, გააზრება), ქმნის პოზიტიურობის საფუძველს.

5) პერსონალიზაცია (Personalisation)

აზროვნების ეს შეცდომა გულისხმობს ნებისმიერი ნეგატიურის საკუთარ თავზე მიწერას, ყოველგვარი ლოგიკური მიზეზის არსებობის გარეშე. დავფიქრდეთ, სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა უნდა გვაწუხებდეს ყველა მომენტში? აქ იგულისხმება სასკოლო საზოგადოების ნებისმიერი წევრი, მაგრამ განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ბავშვი ამგვარ აზროვნების შეცდომას. თუ მოსწავლე ფიქრობს, რომ ყველაფერი მისი ბრალია, მაშინ ის პესიმისტურ შეხედულებებამდე მიდის და მენტალურ-ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. შესაძლოა ამდაგვარ შეცდომას ფატალური შედეგებიც მოჰყვეს.

დავასრულებ იმით, რომ დოქტორი დევიდ ბერნსი გვირჩევს, გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარი, ამოვიცნოთ აზროვნების შეცდომები და შესაბამისად დავიწყოთ რეაგირება.

P.S. კოგნიტურ ილუზიებსა და დამახინჯებებზე სხვა დროს შემოგთავაზებთ სტატიას, რომელიც პედაგოგებს დაეხმარება მოსწავლეთა შემეცნებით პროცესებში შეცდომების პრევენციაში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები