ხშირად ფიქრობენ, რომ წერის უნარი დაკავშირებულია მხოლოდ ბავშვის ნატიფ მოტორულ უნარებთან, სინამდვილეში კი ეს რთული და კომპლექსური პროცესია, სადაც მონაწილეობს ბავშვის კოგნიტური და სენსომოტორული უნარები. წერის დასაწყებად, გარდა იმისა, რომ ბავშვმა ფანქრის დაჭერა უნდა შეძლოს კარგად და დახატვა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფორმების, ფერების აღქმა და მიღებული ინფორმაციის გადამუშავება.
როგორც განვითარების სხვა სფეროებში კონკრეტული უნარი დაკავშირებულია წინარე უნარების განვითარებასთან, ასეა წერის უნარის შემთხვევაშიც. საჭიროა წერის წინარე უნარების განვითარება და დაუფლება. წერის წინარე უნარები მოიცავს: ჯღაბნის, ხაზების გასმის, კოპირების, გაფერადების, გადახატვის და დახატვის უნარებს.
მოდი, ერთად განვიხილოთ, ასაკობრივად, წერის რომელ წინარე უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი:
- 1,5 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ ჯღაბნას. მათ მთელი მტევნით უჭირავთ კალამი ან ფანქარი.
- 2 წლის ასაკში ბავშვები სწავლობენ ვერტიკალური ხაზების გავლებას.
- 2,6-3 წლამდე ასაკში სწავლობენ ჰორიზონტალური ხაზების გავლებას (ამ პერიოდში ისინი უკვე ფანქარს სამი თითის პრინციპით იჭერენ).
- 3,6-4 წლამდე ბავშვები სწავლობენ ჯვრის ფორმის დახატვას.
- 3-3,5 წლამდე ასაკში სწავლობენ მრგვალი ფიგურების ხატვას.
- 4 წლის ასაკისთვის კი მრუდე კუთხეების მქონე ფიგურების ხატვას, როგორიცაა ოთხკუთხედი, სამკუთხედი და ა.შ.
დავიწყოთ სულ თავიდან, როცა ბავშვი ჯერ კიდევ ჯღაბნის ეტაპზეა. ხშირად მშობლები დარდობენ, რომ მათი შვილი, ასაკის მატებასთან ერთად, მხოლოდ ჯღაბნის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჯღაბნა წერის წინარე უნარია და მისი აკრძალვა არ შეიძლება. ის ხელჩასაჭიდი უნარია, რომელზეც შეგვიძლია დავაშენოთ წერის მომდევნო უნარები.
ჯღაბნის დროს, როცა ბავშვი ჯერ კიდევ 2 წლამდე ასაკისაა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თითებით ხატვა. გამოიყენეთ ხელის საღებავები, ფქვილიანი ლანგარი, ქვიშა, ქაფი და ეცადეთ, თითების გამოყენებით, დახატოთ მრგვალი ფიგურები. ეს აქტივობები სასარგებლოა როგორც წერის უნარის განვითარებისთვის, ისე ბავშვის სენსორული და კოგნიტური განვითარებისთვის. ბავშვი ჯერ სხეულებრივად უნდა აღიქვამდეს ფორმებს, შემდეგ – კონკრეტული ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა ფუნჯი, მარკერი, ფანქარი და კალამი.
ასევე, ამ პერიოდში, მნიშვნელოვანია ბავშვთან ისეთი სახალისო აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ხელს შეუწყობს მას, სამი თითის კომბინაციით, დაიკავოს მარკერი ან ფანქარი. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოზაიკა, წვრილი საგნების მაგიდის ზედაპირიდან აღება, სარეცხის სარჭები და ა.შ.
სანამ ბავშვი ფანქარს ან კალამს გამოიყენებს, უმჯობესია, ჯერ ფუნჯებით და მსხვილი მარკერებით დაახატინოთ. ბავშვებს ბევრად უფრო გაუმარტივდებათ ასე ხატვა. შემდეგ კი, ეტაპობრივად, გადადით ფლომასტერზე, ფანქარსა და კალამზე. დააკვირდით, ხომ არ უჭირს ბავშვს წვრილი ფანქრების ჭერა, შეგიძლიათ ფანქრებს გაუმსხვილოთ ზომა ან სქელი ზომის ფანქრები შეიძინოთ.
იტალიელმა პედაგოგმა და ადრეული განათლების სპეციალისტმა, მარია მონტესორმა წერის წინარე უნარების ცხრილი შეადგინა, სადაც ასაკობრივადაა გაწერილი, კონკრეტულ ასაკში რომელი ფიგურის ხატვის უნარზე უნდა ვიმუშაოთ ბავშვთან.
ახლა კი გადავიდეთ აქტივობებზე. სანამ ბავშვი დამოუკიდებლად ისწავლის კონკრეტული ფიგურების ხატვას, როგორი აქტივობები შეგვიძლია შევთავაზოთ:
1. ხაზების კოპირება
ამ აქტივობის დროს, ბავშვი ხაზებს უნდა მიჰყვეს და მარკერი ან ფლომასტერი გადაატაროს.
2. ხაზების შეერთება
ამ აქტივობის დროს, ბავშვმა კონკრეტული ხაზები უნდა შეაერთოს და მიიღოს მისთვის ნაცნობი ფიგურა.
3. გაფერადება
გაფერადება გვეხმარება იმაში, რომ ბავშვმა დაიცვას ფორმები და განივითაროს ვიზუალურ-სივრცითი უნარები, უკეთესად აღიქვას კონკრეტული ფიგურის ფორმა.
4. გადახატვა
გადახატვის დროს, ბავშვი, ფაქტობრივად, უკვე სწავლობს ფიგურის დამოუკიდებლად ხატვას. მნიშვნელოვანია, გადახატვის დროს, ბავშვს წინ ჰქონდეს არსებული ფიგურა და ხედავდეს მას.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვის ყოველდღიური გამოცდილებები ძალიან მნიშვნელოვანია. დააკავშირეთ ფორმები თქვენს ყოველდღიურ საგნებთან, მაგალითად, რისი ფორმა აქვს სააბაზანოში თქვენს სარკეს, როგორი ფორმისაა ტორტი, რომელი ფიგურებისგან შედგება სახლები და ა.შ. ქუჩაში სეირნობისას, დახატეთ ჯოხით ტალახში, ფანჯრის დაორთქლილ მინაზე და დედიკოს ფქვილიან მაგიდაზე – თითებით.
სტატია მომზადებულია ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტისა და განათლების ფსიქოლოგის, სოფიო მელაძის მიერ