3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

KIU-ს სტუდენტები საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩაერთვებიან

spot_img

მიმდინარე წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ახალი სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებას იწყებს.  სტუდენტური სასწავლო გრანტების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე,  KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ბანკისგან მოიპოვონ სწავლის 30%, 50%, 70% ან 100% დაფინანსება.

პირობების თანახმად დაფინანსება შეიძლება მიიღონ უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და წინა სემესტრის განმავლობაში დაგროვილი არანაკლებ 24 ECTS კრედიტი. ასევე, იმ სტუდენტებმა, რომლებიც  წარმატებით მონაწილეობენ  KIU  ექსტრაკურიკულურ აქტივობებში.

სასტიპენდიო პროგრამა KIU-სა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გასულ წელს მოაწერეს. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას, მომავალი კვალიფიციური სპეცილისტების ჩამოყალიბებისათვის პროფესიონალებსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე გამოწვევებისა და მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე ახალი პროგრამების განხორციელებას.

თანამშრომლობის ფარგლებში KIU და საქართველოს ბანკი ხელს შეუწყობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაიარონ სასწავლო პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისთვის დასაქმების, სტაჟირების პროგრამების, კონკურსებისა და შეჯიბრებების, ასევე, სტიპენდიების პროგრამების განხორციელებას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყო. შედეგად, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სტაჟირება, ჩაერთონ ბანკის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებს, დაეუფლონ ახალ უნარებს და ცოდნას, და მომავალში დასაქმდნენ კიდეც  საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში. მიმდინარე სემესტრიდან ჩვენი სტუდენტები ასევე ჩაერთვებიან საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში. ბიზნესსა და განათლების სექტორებს შორის ასეთი სახის თანამშრომლობა ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტების, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია“ – განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები