9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

თამაშით სწავლება სახალისოა

spot_img
ნაზიბროლა თოდუა
სსიპ ზეგდიდის №10 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

 

 

სწავლა თითქმის ყველა ჩვენგანში ასოცირდება მოსაწყენ და დამღლელ პროცესთან.

თამაში? რა ასოციაციებს აღძრავს ჩვენში თამაში? თამაშის დროს ვხალისობთ, ვერთობით, დაძაბულები არ ვართ. შესაბამისად, ჩვენი ტვინი უფრო მობილიზებულია და მოტივირებული, რაც ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებაში გვეხმარება. რესურსის დანიშნულებაა მოსწავლისთვის სირთულის დაძლევა, მოტივაციის ამაღლება და სასწავლო მიზნების მიღწევა.

სწავლა მოსაწყენი რომ არ იყოს, მოდი, ვისწავლოთ თამაშით. ამისთვის კი საჭიროა ისეთი რესურსის შექმნა, რომელიც თამაშთან ასოცირდება. რესურსებით სწავლება მაქსიმალურად ზრდის საგანმანათლებლო ეფექტს. სასწავლო რესურსი უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს. მასწავლებლისთვის უმთავრეს მიზანსა და საზრუნავს წარმოადგენს ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარება. სასწავლო რესურსი კი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გაკვეთილის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მისი მრავალფეროვნება განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების მიზნების მიღწევას. სწავლის პროცესში მოსწავლე უნდა წააწყდეს გამოწვევას, მან უნდა დაძლიოს პრობლემები ამაღალებული მოტივაციით სასწავლო მიზნების მისაღწევად. კარგი რესურსი კი გვეხმარება წარმატების მიღწევაში. სასურველია, რესურსი მრავალჯერადი გამოყენების იყოს. რესურსი უნდა იყოს კარგად ორგანიზებული, თანმიმდევრული და ლოგიკური.

ქართველი საზოგადო მოღვაწის, ფსიქოლოგის, ფილოსოფოსისა და პედაგოგის, დიმიტრი უზნაძის მიხედვით: „სწავლა გარდამავალია თამაშსა და შრომას შორის. იგი პიროვნების ძალების განვითარებას ემსახურება, მაგრამ ამისათვის მასალა უნდა მიეწოდოს გარედან, პედაგოგიურად ორგანიზებული წესით.“

 

რესურსები რომელსაც საგაკვეთილო პროცესის დროს ვიყენებთ

⇒ რესურსი „გამოიცანი რიცხვი“ – გამოყენების ინსტრუქცია:

I ეტაპი. მასწავლებელი აძლევს დაწერილ რიცხვს. მოსწავლემ უნდა განალაგოს დაწერილი თანმიმდევრობით რესურსის ჭრილში, რაც საშუალებას მისცემს, განსაზღვროს რამდენი ათეულის და ერთეულისგან შედგება რიცხვი. ეს საშუალებას მისცემს, დაასახელოს რიცხვის სახელწოდება (თუ ათეულის აღმნიშვნელი ციფრი ლუწია, ერთეულის სახელი პირდაპირ სახელდება. მაგალითად, 44 – ორმოცი და ოთხი, ხოლო თუ ათეულის აღმნიშვნელი ციფრი კენტია, ერთეულის აღმნიშვნელი ციფრი უნდა დასახელდეს ლუწ ათეულს (ორმოცს)+ ათი და ერთეულის ციფრი-ოთხმეტი=ორმოცდათოთხმეტი).

II ეტაპი. მასწავლებელი ასახელებს რიცხვს (მოსწავლემ უკვე იცის რიცხვის ქართული სახელწოდება) და მოსწავლემ სწორი თანმიმდევრობით უნდა განალაგოს ციფრები რესურსის ჭრილში. დაასახელოს ათეულისა და ერთეულის რაოდენობა.

⇒ რესურსი „ტორტი“ – გამოყენების ინსტრუქცია:

მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირებისას, მათი ნამუშევრების შემოწმების დროს, აღმოჩნდა, რომ რიცხვში ოცეულების განსაზღვრა უჭირდათ. გადავწყვიტე, შემეთავაზებინა ასეთი რესურსი.

ვინაიდან ტორტი ასოცირდება დღესასწაულთან, ხალისთან, გართობასთან, სიტკბოებასთან, კლასში დავამზადეთ ასეთი რესურსი: ერთეულები იქნება გასაწყობი მძივები (ერთეული კვადრატი), ათეულები – სანთლები (ათეულის სვეტი), ასეულები – ფირფიტები (ასეულის კედელი). რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა (I, II და III კლასებში).

I კლასში მოსწავლე ყვითელ არეში წერს დასახელებულ რიცხვს და მის შესაბამის ფერად კვადრატებს ალაგებს (9 შავი მაგნიტია და მოსწავლემ მოცემული რაოდენობის ფერადი ერთეული კვადრატი უნდა დაამაგროს, 10-ის შემთხვევაში – 1 ათეულის სვეტი, ანუ ერთი სანთელი უნდა დაამაგროს ტორტზე). II სემესტრიდან კი ერთი სანთლის (ათეულის სვეტი) და გასაფორმებელი მძივების (ერთეულების) დაწებება შეუძლიათ.

II კლასში მოსწავლე ყვითელ არეში წერს უკვე ორნიშნა რიცხვს და, სანთლების (ათეულის სვეტი) და გასაფორმებელი მძივების (ერთეული კვადრატი) საშუალებით, რიცხვს უსადაგებს რაოდენობას. გარდა ამისა, ძალიან უადვილდება ოცეულების განსაზღვრა რიცხვში – რამდენი წყვილი სანთელია? (ათეულების დაწყვილებით), რაც დაწერილ რიცხვში მოსწავლეს ძალიან უძნელდება.

III კლასში კი ემატება კვადრატის ფორმის ფირფიტა (ასეულის კედელი) და ისევ შესაბამისი რაოდენობის დალაგება ხდება.

მოსწავლეები ხალისით ასრულებენ ამ აქტივობას და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეიმეცნებენ რიცხვებსა და მათ შესაბამის რაოდენობებს.

მათემატიკური მოქმედებების გასამარტივებლად ვიყენებთ ჩემ მიერ შექმნილ ასეულის დაფას და თამაშ-თამაშით ვაღწევთ საწადელ მიზანს.

რესურსი „საით წავიდეთ?“ (სახალისო ტაბულა) – გამოყენების ინსტრუქცია:

https://youtu.be/w8Db_UZZb90 მიმატ

https://youtu.be/eAWwljHtbE8 გამოკლ

რესურსი წარმოადგენს მუყაოს დაფას, რომელზეც დატანილია 10 სვეტისა და 10 სტრიქონისგან შემდგარი ასეულის ცხრილი და პატარა სამოძრაო ტრაფარეტი ისრის მინიშნებებით. ამ რესურსის დახმარებით, მიმატებისა და გამოკლების შემცველი მოქმედებები ადვილად გამოითვლება.

მაგალითად, 12+47. ტრაფარეტს ვდებთ პირველ შესაკრებზე, მერე ვაზუსტებთ მეორე შესაკრების ათეულისა და ერთეულის რაოდენობას – 4ათ. და 7ერთ. ტრაფარეტს ჩამოვიტანთ ქვევით სვეტზე 4 უჯრით და გავასრიალებთ მარჯვნივ 7 ერთეულით. მიღებული რიცხვი იქნება ჯამი – 59.

გამოკლების დროს კი, პირიქით ვმოძრაობთ. მაგალითად, 37-14. ვდგებით საკლების რიცხვზე და ზემოთ ავდივართ 1 უჯრით და მერე მარცხნივ – 4 უჯრით. მიღებული უჯრა იქნება სხვაობა – 23.

მოსწავლეს უვითარდება სივრცეში ორიენტაციის უნარი. შეკრებისა და გამოკლების ადვილად გამოთვლის უნარი.

ჩემი შეფასებით, წარმოდგენილი სასწავლო რესურსები სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებსა და მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები