12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

„თავშესაფარში“ ანე ფრანკთან ერთად

spot_img

მაიკო გვიჩია
სსიპ . ფოთის ილია ჭავჭავაძის მეხუთე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. აღნიშნული სტატიაც ეძღვნება ნაცისტური გერმანიის მილიონობით მსხვერპლს, მათ შორის, ანე ფრანკს, ჩემთვის ასე განსაკუთრებულად სამახსოვროსა და საყვარელ გოგონას.

ამასწინათ სასკოლო ბიბლიოთეკაში წიგნებს ვარჩევდი, რატომღაც მომინდა, ხელახლა გადამეკითხა ანე ფრანკის დღიური. ამჯერად ხელთ „ელფის“ გამომცემლობისა ჩამივარდა, სხვა სათაურით – „თავშესაფარი“, სრული ვერსია. შთაბეჭდილებები სულ სხვაგვარი მოზღვავდა, რასაც არ ველოდი. ემოციები ჩემს ყოფილ მოსწავლეს, ირაკლი თუშიშვილსაც გავუზიარე, მასაც არანაკლებ ჰყვარებია ფრანკის დღიური, ჩვენ ჩვენებურად ვცადეთ, შეგვეღო ანეს უკიდეგანო სულიერი სამყაროს კარი. რამდენად მოვახერხეთ, არ ვიცი. გთავაზობთ საკვანძო საკითხებს ფრანკის „თავშესაფრიდან“. ვფიქრობ, ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვისას, დაინტერესებულ მკითხველს შეიძლება მისი გამოყენების სურვილიც გაუჩნდეს.

დღიურის მოკლე ისტორია ასეთია, ის ვარდისფერი წიგნაკია, რომელიც მამამ, ოტო ფრანკმა, აჩუქა გოგონას მეცამეტე დაბადების დღეზე, ანემ კი დღიურების წერას მიჰყო ხელი და ისე გაიწაფა, პირობითი მეგობარი, კიტიც, გამოიგონა. აი, სწორედ, ის არის მისი დღიურების ადრესატი. მკითხველს ბევრი რამ შეხვდება დღიურში, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გამოკვეთა მაინც შეიძლება, მაგალითად: 1) ომი და მისი ტრაგიკული შედეგები; 2) ანეს შეხედულებები სწავლაზე; 3) გოგონას აზრი მშობლებისა და შვილების ურთიერთობების მარადიულ თემაზე; 4)ანეს პიროვნული ზრდა და სწრაფვა შინაგანი თავისუფლებისკენ.

ომი არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ სურს დედამიწაზე, ანეც, ბუნებრივია, გამონაკლისი არაა. თავშესაფარში გამოკეტილმა მოზარდმა, რადიოს საშუალებით თუ გარედან კონსპირაციულად შემოსული დამხმარე ადამიანების მეშვეობით, ზედმიწევნით იცის, რა ხდება ჰოლანდიის ბანაკებში, რა დღეში არიან საცოდავი ტყვეები, ასევე ფლობს ინფორმაციას გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ. 1942 წლის 9 ოქტომბრის ჩანაწერში იგი აღწერს დაპატიმრებული ებრაელების აუტანელ ყოფას, რომ ასობით ტყვეს იატაკზე სძინავს, არ აქვთ საჭმელ-სასმელი, არც დაბანის საშუალება, ერთი საპირფარეშოთი უამრავი ადამიანი სარგებლობს, სწუხს და განიცდის მათ ბედს, რადგან მათ სიკვდილის კამერებში მიერეკებიან, სადაც, როგორც ამბობენ, გაზით ასალმებენ სიცოცხლეს. ერთგან იგი წერს: მსოფლიოში არ არის უფრო დიდი მტრობა, ვიდრე მტრობა, რომელიც არსებობს, გერმანელებსა და ებრაელებს შორის“. გოგონა საგანგებოდ უსვამს ხაზს ებრაელი ხალხის უბედურებას: ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს, ყველა გრძნობა უნდა დავიოკოთ, მხნეობა, ვაჟკაცობა უნდა გამოვიჩინოთ“. იმასაც კარგად ხვდება, რომ სანამ ამ თავშესაფარშია, მას და ოჯახის წევრებს არაფერი ემუქრებათ, უფლის მადლიერი უნდა იყოს, რადგან გარეთ საშინელი ამბებია, ოჯახებს ანგრევენ, ქალები, მამამკაცები, ბავშვები ცალ-ცალკე მიჰყავთ, სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს შინ აღარ ხვდება მშობლები, ბაზარში წასულ დიასახლისს – დალუქული კარები. ყველას და ყველაფრის ეშინიათ. როცა ნაცისტური გერმანიის ხელისუფლება ჰოლანდიას ბომბავს, გულგახეთქილი ანე იმალება მამის საწოლში, მისკენ მიძვრება, ის ხომ მისი საუკეთესო მეგობარი და მფარველია. ამ სივრცეში მყოფს არ ავიწყდება, რომ ომი ადამიანებს სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს, აქამდე უცნობ და შეუმჩნეველ დეტალებს ამოატივტივებს; ანე შესანიშნავი კრიტიკოსია, ანალიტიკოსი, მოაზროვნე, რომელმაც იცის, რომ ოდესმე ესეც დასრულდება და ბოლო მოეღება ყოველივეს… ამიტომ ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებს, არასოდეს კარგავს იმედს და თვით უკიდურესი ნერვული აშლილობის ჟამს ცას შეჰყურებს, თავს არწმუნებს, რომ ესეც გაივლის…

ის, რაც ასეთ მოჯადოებულ წრეში ანეს აძლებინებდა, სწავლა და წიგნების სიყვარული იყო, გაუთავებლად მეცადინეობდა, მიისწრაფოდა დასახული მიზნისკენ, სჯეროდა, რომ აქედან გასულს თავისი საქმე უნდა ჰქონოდა, რაღაცისთვის მიეღწია და ეს მიზანი მწერლობა ან ჟურნალისტობა იყო. მონდომებით სწავლობდა ფრანგულს, ინგლისურს, ისტორიას, ბერძნულ-რომაულ მითოლოგიას, კინოსა და მის ისტორიას, აგრეთვე სტენოგრაფიას. უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი, აქ, თავშესაფარში, ანეს „სადიდო“ წიგნების კითხვის ნება დართეს, რაც მეტად ამაღელვებელი იყო მისთვის. დიდი რომ გამხდარიყო, როგორც ჩანს, თავიდან ძალიან კი ეჩქარებოდა და ეხალისებოდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ანე საკმაოდ დიდი იყო აქამდეც, დაფარული ბუნების გოგონა ყველას სხვანაირი ეგონა – მსუბუქი, ენამწარე, ირონიული, არავის სიტყვას რომ არ შეარჩენდა, სინამდვილეში, მას ღრმა სულიერი შრეები და შინაგანი ბუნება ჰქონდა, რაც თვით მშობლებისთვისაც ამოუცნობი დარჩა. ამ ყველაფრის სათავედ კი მაინც განათლება, წიგნებთან ურთიერთობა და კიდევ ის გარეგანი ფაქტორები მიმაჩნია, რაც მის გარშემო იყო. ანე დიდ ყურადღებას აქცევს წიგნის კითხვას. აქ თავმოყრილ ადამიანებს უყვარდათ წიგნი, ამიტომაც მათთვის, შაბათობით, გარედან საგანგებოდ მალულად შემოჰქონდათ ბიბლიოთეკის წიგნები. გოგონა აღტაცებას ვერ მალავდა, მთელი გულით ელოდა მათ, ერთგან წერს კიდეც: გარეთ ადამიანები ვერც კი წარმოიდგენენ, რას ნიშნავს წიგნი თავშესაფრელებისათვის, კითხვა, მეცადინეობა და რადიო, მხოლოდ ამით ვცოცხლობთ!“ წლების შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკსა და ფაშისტურ რეჟიმს გადარჩენილი მამა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ შვილების განათლებასა და სწავლას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა, ყოველგვარ პირობას უქმნიდა მათ ამისთვის, მისი სიტყვებით, თავისუფლების მოტანა მხოლოდ განათლებას შეეძლო. ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს ანეს განათლების დონე, სულიერება, რაც მშობლების დამსახურებაც იყო, მეტწილად.

მშობლებზე საუბარი ანეს ხშირად უწევს დღიურებში, მსჯელობს მათზე, გვიამბობს, ვინ იყვნენ ისინი ომამდე, როგორ შეიცვალნენ, გარდატეხის ასაკის გოგონა სისხლხორცეულად განიცდის ბევრ რამეს, აკვირდება უფროსებს და მიაჩნია, რომ დედა მას საერთოდ ვერ უგებს, აუტანელია მისი ხშირი ირონიული შენიშვნები, რომლებსაც გოგონა ჯიქურ, უკმეხად პასუხობს ხოლმე. შეკრულმა წრემ და ერთ ჭერქვეშ, ერთ ოთახში ყოფნამ უფრო გამოააშკარავა ის ნაპრალი, რომელიც დედასა და ანეს შორის აქამდეც იყო, ატირებული გოგონა, ბევრჯერ, გულის ნადებს, ჩუმად, ოხვრითა და კვნესით, მხოლოდ კიტის ანდობს, მასვე ესაუბრება. დღეს დედაზე გაბრაზებული, უკვე მომდევნო დღიურში, საოცრად სწორად აანალიზებს ყველაფერს, ხვდება, რომ თავადაც უფრო გულთბილი, გულღია და უშუალო უნდა იყოს მშობლების მიმართ, მაგრამ არ შეუძლია და არ გამოსდის, ბოლოს საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულ ხედვას გვთავაზობს და მკითხველი დიდ სიამოვნებას იღებს ამ ყველაფრის გააზრებისას. მოზარდებისთვის ეს დეტალი განსაკუთრებით საყურადღებო მგონია, ახალგაზრდების დიდ ნაწილს ხომ ძალიან უჭირს შეცდომის აღიარება და ქცევების სწორად წარმართვა-შეფასება. აქ კი ნამდვილად იპოვიან სამაგალითო მსჯელობას, ანეს ნაწერების სახით. ერთხელ დედა შვილებისა და მშობლების ურთიერთობებზე წიგნს კითხულობდა, მასზე გაბრაზებული ანე წყენას ვერ მალავს და კიტის სწერს, რომ სხვების შვილების ამბებსა და ურთიერთობებს სწავლობს და ის კი არ აინტერესებს, გაიგოს, მე რა დღეში ვარ აქ, როგორ ვიტანჯები მისი უყურადღებობით. თუ დასაწყისში ურთიერთობები მშობლებთან (დედასთან) დაძაბული ჰქონდა, ბოლო ხანებისკენ ეს ვითარება თავის თავზე მუშაობით გამოასწორა.

მამას რაც შეეხება, მას სიყვარულით პიმს ეძახდა. პიმი უფრო გაწონასწორებული, სამართლიანი და მეგობრული იყო მის მიმართ. ბოლოს, როცა ანეს პეტერ ვან დაამი (მეზობელი სხვენიდან) შეუყვარდა, მამას გადაჭარბებულად თამამი წერილი მისწერა, გოგონა მიანიშნებდა, რომ უკვე დიდი იყო და არ უნდა ჩარეულიყვნენ მშობლები მის ცხოვრებაში. დღიურში ანე გულისტკივილით აღწერს, თუ როგორ დაელაპარაკა მამა მას ამ წერილის შესახებ და უთხრა, რომ ამაზე მძიმე წერილი არასოდეს წაეკითხა, იხსენებდა, თუ როგორ ტიროდა ამ ხნის კაცი… ეს და კიდევ ბევრი ნიუანსი მიგვანიშნებს, რომ თაობათა შორის ურთიერთობები ყოველთვის მტკივნეულად მიმდინარეობს, ამის მაგალითია პეტერი, მისი მეგობარი, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი, რომელიც თითქმის არც საუბრობს მშობლებთან, გაურბის მათ და ხშირად სხვენს აფარებს თავს. ანემაც სწორედ იმიტომ აღმოაჩინა მასში გულის მეგობარი, რომ ტკივილი ჰქონდათ საერთო, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო მისი გახსნა. მამამ, როგორც ანე წერს, იცოდა მისი დღიურის შესახებ, თუმცა რას წერდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა. როცა სისტემის რეჟიმს გადარჩენილი დაბრუნდა თავშესაფარში, მას გადასცეს ეს დღიური, მერე კი ერთ ინტერვიუში შენიშნა, მეგონა, ანეს ვიცნობდი, თურმე არ მცნობიაო საერთოდ…

ბოლოს, პიროვნებად ჩამოყალიბების ურთულესი და მტკივნეული პროცესების შესახებ… როცა ამ წიგნს ვკითხულობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჩვეულებრივ პირობებში არ დაწერილა, არამედ, საგანგებო ვითარებაში, საკანში გამომწყვდეულმა გოგონამ შეთხზა. ავტორი ისედაც მეტად ერუდირებული იყო, მერე კი, როცა აქ აღმოჩნდა, მთელი თავისი ენერგია სულიერ განვითარებაზე გადაიტანა, მთელი ძალ-ღონე ამას მიახარჯა, აკი ვიხილეთ ფინალში ძლიერი, ზრდასრული, გაწონასწორებული, შინაგანი თავისუფლებით აღსავსე ანე. მასაც, როგორც სხვებს, ჰქონდა წინააღმდეგობრივი მომენტები, სასოწარკვეთილების შემოტევებიც: ჩემ გარდა ვინ წაიკითხავს ოდესმე ამ წერილებს, ვინ დამეხმარება? , როგორ მჭირდება დახმარება და ნუგეში. ხშირად სულით ვეცემი და ვერ ვახერხებ, ვიყო ისეთი, როგორიც მინდაყოველდღე ვცდილობ თავიდან, გამოვსწორდე ან კიტი, ყველაფერს გავუძლებ, დავძლევ ჩემს მწუხარებას და გზას  გავიკაფავ“. თავისუფლება მონატრებულს საკუთარი თავი გალიაში დამწყვდეული ფრინველისთვის შეუდარებია, რომელსაც ფრთები შეაჭრეს და სიბნელეში გალიის წნელებს აწყდება, გარეთ გამიშვით, გაჰკივის ჩემში ყველაფერი, მენატრება ჰაერი, სიცილი!“ შეყვარებული ანეც ებრძვის საკუთარ გრძნობებს, ის ჯერ მოხერხებულად მალავს ყოველივეს, თუმცა იმდენად გულწრფელია, ბოლოს ყველანი ხვდებიან… თუმცა, არავის აძლევს უფლებას თავის სამყაროში შეჭრის.

კიდევ ერთ დეტალზე შევჩერდები, ანეს ერთი ფრაზა რა კარგი იქნებოდა, ყველა ადამიანი დაწოლის წინ გაიხსენებდეს, რაც მთელი დღის განმავლობაში მოიმოქმედა და აწონდაწონიდეს, რა იყო კარგი და რა ცუდი“, ილია ჭავჭავაძის ფრაზებს გვაგონებს: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“ ანე, პირველ რიგში, ადამიანი იყო. პიროვნებად ქცევის ეს პროცესი, ვფიქრობ, მასში ომმა უფრო დააჩქარა. ასეც ხდება ხოლმე, ბავშვებს ბავშვური ცხოვრებით ვერ ეცხოვრებათ, ანე კი ზედმეტი სისწრაფით განვითარდა, ამ მხრივ. ის ოცნებობს იმ დღეზე, როცა ყველაფერი დამთავრდება და ერთ დღესაც, ქმრისა და შვილების გარდა, ექნება საყვარელი საქმე – წერა, რომელსაც მთელი არსებით მიეცემა. გაორებული გოგონა წინააღმდეგობის მთელი ლაბირინთია, რომელსაც არავინ იცნობს თავისი თავისა და დღიურის გარდა. ამ სიდიადის პიროვნება იშვიათია, მას რომ დასცლოდა, ვინ იცის, რა დონის პროფესიონალი ეყოლებოდა მსოფლიოს… ვგრძნობ, რომ სულიერად ვიზრდები, ვგრძნობ, რომ თავისუფლება ახლოსაა“… ვაი, რომ არ დასცალდა.

ანე ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა მუცლის ტიფით,1945 წლის მარტის დასაწყისში, ბანაკის გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე. გარდაცვალების წინა დღეებში ის ბავშვობის მეგობარმა ნახა. ეკლიანი მავთულხლართების მიღმა მშვიდი, ამაყი, სიცოცხლით სავსე ანე იდგაო, ასეთად დარჩება იგი მკითხველის თვალში, ანე ციხეშიც კი შინაგანად თავისუფალი იყო.

დასასრულს, ეს წერილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ომის საშინელებას, რომ ანე ფრანკის „თავშესაფარი“ მხოლოდ ასაკობრივი ზღვრისთვის 12+ კი არ დაწერილა, არამედ ნებისმიერი ასაკისამ უნდა წაიკითხოს… წაიკითხოს, რათა ანესთან ერთად „თავშესაფარში“ ბევრჯერ გადარჩეს.

 

ყველა იცნობს ანე ფრანკს. მეგონა, მეც ვიცნობდი, სანამ კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ღრმად, შევედი ანეს სამყაროში და დავრწმუნდი, რომ ანეს გზა შენი თავის შეცნობის გზაცაა, რომელიც გრძელდება ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე.

 

ვუძღვნი ჩემს მასწავლებელს, მეგობარს – ქალბატონ მაია გვიჩიას, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პიროვნულ განვითარებაში და რომლის დამსახურებითაც დავუბრუნდი ანეს სამყაროს.

 

ირაკლი თუშიშვილი
სინოლოგი

 

 

 

♦♦♦

შენ ვერ გამიგებ,

რადგან არასდროს ყოფილხარ ბავშვი.

ან იყავი

და დაგავიწყდა შენი ისედაც

მოკლე,

გართული,

თხელი.

გონების წიაღში.

…………

ახლა წვიმს

ლურჯი ღრუბლებიდან.

აქ ტირიან,

ტირიან ადამიანები

და ცრემლებისგან შავდება ღრუბელი.

აქვე ზის კიდევ ერთი

არა ბავშვი.

მან უკვე იცნო შავი ღრუბლები.

და სულერთია წუთისოფელი…

 

ზოგჯერ ამასაც აიტანს სიხარული.

გაზაფხული.

და ყოველივე გრძელდება წამით,

რადგან კაცნი შეიშალნენ

და ერთმანეთს ნგრევა დაუწყეს.

 

აი, ისევ გამოდის პურისთვის.

პურის ნატეხისთვის,

ნატეხისთვის.

ბავშვი.

ქუჩაში.

და ბავშვი იშლება.

ბავშვმა იცის მხოლოდ ის,

რომ სევდამ შეიპყრო.

და როცა ხარ უბედური,

უმჯობესია გაქრე,

გახვიდე გარეთ

და აღდგე ღმერთში,

რომელიც შეუძლებელია დასრულდეს.

ხარ ღმერთთან.

ღმერთის ამარა.

მხოლოდ ასე შეძლებ ღრუბლებში ნავარდს.

ასე თუ შეძლებ გასვლას დედამიწიდან,

სადაც ადამიანთა ბრბო ეკვრის ნიადაგს.

ღმერთთან სიახლოვეს მხოლოდ ცაში ახედვით თუ შეიგრძნობ.

 

უცანურია.

რადგან ღმერთი არ არის ცაში.

 

მე ერთხელ ვნახე

დედას აგურები ეწყო თვალებზე.

იმ დღის შემდეგ ბავშვი აღარ ვარ.

 

მიდი, მესროლე

რამდენიც გინდა!

მე უკვე აქ ვარ,

მე უკვე გავმაგრდი მამის საწოლში,

და ფრთებს თუ შემკვეც

და გალიაშიც გამომამწყვდევ

ომს მარტივად მოიგებ.

მაგრამ გავიწყდება, რომ

კიდევ დამრჩა ერთი ფრთა – ჩემი კალამი.

♦♦♦

რთულია დასვა კითხვა როცა იცი,

რომ პასუხს არავინ გაგცემს.

რთულია დაძინება როცა იცი,

რომ გაღვიძება არაფერს მოგცემს.

რთულია.

რადგან არასდროს იქნება გაღვიძება.

და „ომის შემდეგ“

არასდროს იქცევა სინამდვილედ.

♦♦♦

მე ხმას ვერ გამოვცემ.

და ვარ მდუმარე როგორც სიმარტოვე.

და ჩემი დღეები ისევე ერთფეროვანია როგორც ცა – ომის დროს.

ახლა წაგვიყვანენ.

და ყველაფრის შემდეგ…

მე მაინც მჯერა, რომ

ადამიანები არსებობენ,

სადღაც,

დიახ.

სადღაც უთუოდ იქნებიან ადამიანები.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები