6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

ევროპალია, როგორც შეხვედრა ქართულ კულტურასთან

spot_img

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინში, ქართველ და ევროპელ ხელოვანებსა და ხელოვნების მოყვარულებს, ევროპის ცენტრში, ქართული კულტურის წარმოდგენისა და გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა აქვთ. ფესტივალი „ევროპალია“, ბელგიის სამეფოსა და საქართველოს მთავრობის პატრონაჟით, საქართველოს მასპინძლობს. როგორც ფესტივალის თავმჯდომარემ, ბარონმა ფილიპ ვლერიკმა აღნიშნა, ფესტივალი ყოველ ორ წელიწადში ტარდება მთელ ბელგიაში, დასავლეთ გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში. მისი მიზანია, ევროპელებს გააცნოს სტუმრის სტატუსით შერჩეული ქვეყნის თვითმყოფადი კულტურა. „საქართველომ შეინარჩუნა თვითმყოფადობა, მიუხედავად ისტორიული შემოსევებისა, ოკუპაციისა. საქართველო მდებარეობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინზე, რაც გამოჩნდა ჩვენს ღონისძიებაზე,“ – აღნიშნა მან. პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები თვალსაჩინოდ წარმოაჩენს საქართველოს ევროპულ იდენტობას. დირკ ვერმაელენის, „ევროპალიის“ სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, „ევროპალია“ 1969 წელს დაარსდა, როცა ევროგაერთიანება ჯერ კიდევ სიახლე იყო. ფესტივალის დამფუძნებლების აზრით, ევროპის ქვეყნებს ერთმანეთი უკეთ უნდა გაეცნოთ, რაც ყველაზე კარგად ხელოვნების გზითაა შესაძლებელი. ქვეყნებს შორის დიალოგის ხელშეწყობისთვის, ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნებიდან საკუთარ კულტურსა და  შემოქმედებას ერთმანეთსა და აუდიტორიას აცნობენ.

„ევროპალია საქართველოს“ ჩატარება 2019 წელს გადაწყდა და წელს,  საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და „ევროპალია ინტერნეიშენალის“ ორგანიზებით, გაიხსნა. საფესტივალო პროგრამა აერთიანებს ქართველ და ევროპელ ხელოვანებს, მასში ქართული კულტურის ისტორია და აწმყო ყველა განხრითაა წარმოდგენილი: მასშტაბური გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალური გამოფენები, მულტიდისციპლინური პერფორმანსები, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტები, ლიტერატურული შეხვედრები და ქართული კინოს რეტროსპექტივა.

ფესტივალის ორი მთავარი, მასშტაბური, გამოფენაა „ავანგარდი საქართველოში“ – 1900-1936 და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“.

„მოდერნიზმი საქართველოში“ – 1900-1936 25-მდე ქართველი ხელოვანის 250 ნამუშევარს, მე-20 საუკუნის ქართველი და საქართველოში ემიგრირებული ევროპელი არტისტების შემოქმედებას ასახავს. გამოფენა 4 ოქტომბერს, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში (BOZAR) გაიხსნა. ნატიფი ხელოვნების ცენტრი არტ ნუვოს, იმავე მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვიქტორ ჰორტას დიზაინით და ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ხელშეწყობით აშენდა. დღეს, ჰორტას დიზაინით აშენებულ ნაგებობებს – სასტუმროებს, სადგურს, სავაჭრო ცენტრსა თუ საცხოვრებელ სახლებს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და ბელგიის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2000 წლიდან, ნატიფი ხელოვნების ცენტრს Bozar ეწოდება, ვინაიდან ფრანგული Beaux-Artsის ომონიმია. ხელოვნების ცენტრი მოიცავს ექსპოს, მუსიკალურ ცენტრს, კინოს, ცეკვის, თეატრალურ, ლიტერატურის, სტუდიისა და არქიტექტურის დეპარტამენტებს, აქვეა განთავსებული ბელგიის ეროვნული ორკესტრიც.

გამოფენაზე „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ წარმოდგენილია საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლების ხელოვნება, ახალი ფორმების და თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების პერიოდი. პირველად, წარმოდგენილია ევროპის ავანგარდული ხელოვნების მივიწყებული ნაწილი. 1910-20-იან წლებში, საქართველოში, ხელოვნების აყვავების პერიოდი იდგა, იხსნებოდა სხვადასხვა წარმომავლობის ხელოვანების მიერ მოხატული ტავერნები და კაფეები, ახალი გამოფენები. ეს არტისტები ქმნიდნენ ქართული ტრადიციების, აღმოსავლური და დასავლური ხელოვნების სინთეზს თანამედროვე ფორმებში, ვიდრე საბჭოთა ცენზურა და რეპრესიები მათ დაგვავიწყებდა. ეს გამოფენა აერთიანებს მხატვრობას, სცენოგრაფიას, კინოს, ფოტოგრაფიას, პოეზიასა და მოდას, რომელიც ამ არტისტულ ლაბორატორიებში შეიქმნა და საბჭოთა რეჟიმის დროს დევნილი ხელოვანების ხმა დღეს ევროპალიაში გაჟღერდა,“ – აღნიშნავენ ფესტივალის ორგანიზატორები.

დამთვალიერებელი გამოფენაზე იხილავს ელენე ახვლედიანის, ირაკლი გამრეკელის, გიგო გაბაშვილის, პეტრე ოცხელის, ნუცა ღოღობერიძის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძის, კოტე მიქაბერიძის, კირილე ზდანევიჩის, ლადო გუდიაშვილისა და ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების, პირადი წერილების, გამოცემებისა და ილუსტრაციების

ერთობლივ, მასშტაბურ რეტროსპექტივას ევროპულ კონტექსტში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში, პარიზში, Petit Palais-ში, გაიხსნა ასევე მასშტაბური გამოფენა „მოდერნის პარიზი“ – 1900-1325, მოდერნიზმის ყველა მნიშვნელოვანი ისტორიითა და ნამუშევრებით. აღსანიშნავია, რომ „პეტი პალეს“ შენობა, 1900 წელს, უნივერსალური გამოფენისათვის აიგო და მასში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. „ფრანგული მოდერნიზმის“ ნახვის შემდეგ, კიდევ უფრო ცხადი გახდა, თუ რა ბუნებრივად ვითარდებოდა ამ პერიოდის ქართული ხელოვნება ევროპულ კონტექსტში.

შესაბამისად, ქართული ავანგარდი სწორედ ამ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მხარე გახლავთ. „ავანგარდი საქართველოში“ სხვადასხვა დარბაზში წარმოგვიდგენს ქართულ სიმბოლიზმს, ფუტურიზმს, დადაიზმს, ზაუმს, ევრიზინგიზმს, ექსპრესიონიზმს, კუბიზმს, რომელთა იდეებიც 1970-იანი წლების ქართულ ხელოვნებაში მკაფიოდ იგრძნობა. საგამოფენო სივრცეში ასევე მიმდინარეობს მეგი რუსტამოვა-ადეიშვილის ახალი ფილმის „დედა ენა“ ჩვენება.

ევროპალიის შემოქმედებითი ჯგუფთან ერთად, გამოფენის კურატორები: არიან ნანა ყიფიანი, ირინე ჯორჯაძე და თეა ტაბატაძე. გამოფენის ორგანიზატორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან დავით კაკაბაძის ფონდს, მის დამფუძნებელ მარიამ კაკაბაძესა და კურატორ ნანა ახვლედიანს.

კენ პიტერსის, რეჟის გეიროს, ელენე აბაშიძის, ბოიან ჯორჯევის და გუნდი „ადილეის“ პერფორმანსები დამთვალიერებელს გამოფენის შინაარსს კიდევ უკეთ აცნობს. ბოიან ჯორჯიევის პეროფრმანსი ანტვერპენსა და ბრიუგეში მუსიკის, ლიტერატურისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრშიც გაიმართა. მისი წარმოდგენა თბილისის არქიტექტურას ეფუძნება, რომელშიც დიდი ზომის მოზაიკები და ტრადიციული ქართული ხალიჩებია გამოყენებული. ბოიან ჯორჯევის კონცეფცია მეოცე საუკუნის პოლიტიკისა და ავანგარდის სინთეზია.

♦♦♦

27 ოქტომბერს, ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა – „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ ქართველი და ევროპელი მეცნიერების ერთობლივი კონცეფციით მომზადდა. ის საქართველოს, როგორც აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილს გვიჩვენებს, უძველესი პერიოდიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით.

 

მუზეუმი ორმოცდაათი წლისთავის პარკში მდებარეობს. ეს უდიდესი პარკი, მზიან ამინდებში, ქალაქის მაცხოვრებლებისთვის პოპულარული დასვენების ადგილია. მისი ფართობი 37 ჰექტარია და, ომის პერიოდში, ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ხეხილიც მოჰყავდათ. ეს ბაღი ბელგიის დამოუკიდებლობის 50 წლისთავის აღსანიშნავად გააშენეს, როგორც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა. ბელგიის დამოუკიდებლობას მიეძღვნა მუზეუმის დაარსებაც, რომლის პირველი კოლექცია 1847 წელს შეიქმნა და რომელიც დღეს ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნების მუზეუმია.

გამოფენის „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ კურატორები არიან ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი ბერნარ კული და ქართველი ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ნინო სიმონიშვილი, ხოლო თანაკურატორი – მარი-ევი ტეხი. ექსპოზიცია დაყოფილია თემატურ სექციებად და გვიჩვენებს, თუ როგორ იბრძოდა მე-4 საუკუნიდან ქრისტიანული საქართველო დამპყრობლების გარემოცვისგან გადარჩენისთვის და როგორ იქმნებოდა სხვადასხვა კულტურების შეხვედრის ადგილზე თვითმყოფადი ქართული კულტურა. დამთვალიერებელი რამდენიმე დარბაზში იხილავს ქართული კულტურის განვითარების ქრონოლოგიას:

  1. საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციის ფორმირება და აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის მომიჯნავე და ახლო აღმოსავლეთის უძველეს ცივილიზაციებთან. ღვინის კულტურისა და ლითონის დამუშავების უძველესი კერები.
  2. საქართველო ანტიკურ ხანაში. კოლხეთისა და იბერიის სამეფოების კულტურული და ეკონომიკური კავშირები საბერძნეთთან, რომსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. არტეფაქტები, რომლებიც მკაფიოდ აჩვენებს ბერძნულ-რომაული და აქემენიდურ-სასანიანური სოციალური, რელიგიური და კულტურული სტრუქტურების სინთეზს და ადაპტაციას უძველეს ადგილობრივ ტრადიციებთან. ოქროს საწმისისა და არგონავტების მითი, როგორც ამ პროცესის უშუალო გამოძახილი. ოქროს საწმისის მითის ევროპული ადაპტაცია – ოქროს საწმისის ბურგუნდიული ორდენის ჩამოყალიბება და მისი წარმომადგენლები. მაგალითად, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე კეთილი (XV საუკუნე) ოქროს საწმისის ორდენოსანი იყო.

საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება გილიომ ფილასტრ უმცროსის, ბურგუნდიის ჰერცოგის მრჩევლისა და ხელოვნების მფარველის, ბიბლიოფილისა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეგიონის ეპისკოპოსის ხელნაწერი წიგნი „ოქროს საწმისის ორდენი“, რომელიც მის წევრებზე მოგვითხრობს.

გამოფენაზე წარმოდგენილია შუასაუკუნეების, იტალიაში დაბადებული ფრანგი პოეტის, კარლ V-ის კარზე ექიმისა და ვარსკვლავთმრიცხველის, ქრისტინე დე პიზანის ხელნაწერი, რომელშიც ოქროს საწმისის ისტორიას ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ პოპულარული მწერალი ქალი, ჯერ კიდევ XV საუკუნეში, განიხილავდა ადამიანის უფლებებს, ხოლო ქორწინების პრობლემას მხოლოდ პიროვნული შეუთავსებლობით ხსნიდა. სწორედ მან დაუდო სათავე ქალთა უფლებების თემას XVI საუკუნის საზოგადოებაში.

  1. ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში: IV-VI საუკუნეების საქართველო, რომსა და სპარსეთს შორის. ქართული ანბანი და არტისტული დიალოგი სასანიანურ, ბიზანტიურ და არაბულ სამყაროსთან.
  2. გაერთიანებული ქართული სამეფოს წარმოქმნა არაბობიდან „ოქროს ხანამდე“. ქართული სამონასტრო ცენტრების საერთაშორისო ქსელი და შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები.
  3. ქრისტიანული სარწმუნოების სინკრეტული ვიზუალიზაცია.
  4. საქართველო XVI-XVII საუკუნეებში: პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნები.
  5. ეპილოგი. ბრძოლა გადარჩენისათვის: საქართველო XVIII საუკუნის ბოლომდე.

ორივე გამოფენას – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ ახლავს კატალოგები. ქართველი, დასავლეთევროპელი და ამერიკელი მეცნიერების სტატიები ვრცლად გვიამბობს გამოფენებზე წარმოდგენილ თემატიკასა და ექსპონატების მნიშვნელობაზე.

ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში (სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, აჭარის მუზეუმი, ახალციხისა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეროვნულ არქივი) დაცული 200-მდე ექსპონატი გამოიფინა.

♦♦♦

ევროპალიას თემები ქართული პოლიფონია და ქართული ხსოვნის ტრადიციაც გახლავთ. როგორ უმკლავდება ქართველი მოსახლეობა საბჭოთა კავშირის პერიოდის მოგონებებს და არსებულ დაპირისპირებებს. ნინო ხარატიშვილის წარმოდგენაში, სუფრის თანამედროვე ვერსიას ვხედავთ. სუფრას, რომელსაც ჩვეულებრივ კაცები უძღვებიან, ხოლო ქალები მათ სადღეგრძელოებში სილამაზისა და კარგი კულინარიული უნარების გამო მოიხსენიებიან, სპექტაკლში ოთხი ქართველი მუსიკოსი და სამი მსახიობი უზის. ისინი მიირთმევენ, სვამენ და მღერიან, გვიყვებიან ქალთა ისტორიებს და განიხილავენ არსებულ გარემოს. მაყურებელი ამ ნადიმს უერთდება და ქართულ ღვინოსაც აგემოვნებს. ნინო ხარატიშვილთან შეხვედრა პარიზშიც და ჰააგაშიც გაიმართა.

„ევროპალიაში“ ასევე მონაწილეობენ: რეზო გაბრიაძის სახელობის მარიონეტების თეატრი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, სამეფო უბნის თეატრი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ფოლკლორული ანსამბლები: „ბასიანი“, „დიდგორი“, „ადილეი“, „დები ჩამგელიანები“, კამერული გუნდი, გორის ქალთა გუნდი, აგრეთვე, ტრადიციული და პროფესიული მუსიკის ინდივიდუალური შემსრულებლები: ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ვერიკო ჭუმბურიძე, მარიამ ბაწაშვილი, სანდრო გეგეჭკორი, ცოტნე ზედგინიძე, ნინო ნაყეური, აშუღი ნარგილე მეჰთიევა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

♦♦♦

ევროპალიის ფარგლებში, პარიზში კიდევ ერთი ქართული სიურპრიზი აღმოვაჩინეთ.

გუჯის, იგივე ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრების გამოფენა პარიზის მერიის ერთ-ერთ ცენტრალურ შენობაში გაიმართა. „კავკასიური წარმოშობის ალქიმიკოსი“, დაქტილისა და ორფეოსის შორეული მემკვიდრე, ასე გვაცნობს ფრანგული პრესა გუჯის. როგორც აღნიშნავენ, ის ყველგან შრომობს, სემინარებზეც, ლუარში, ბრეტანსა თუ პარიზში, ყოველთვის მუშაობის პროცესშია. საზოგადოება იყო ძალიან ბნელი და ბევრს თხზავდა. რაც ბნელია საზოგადოება, მით მეტს თხზავს. თქვენ არ იცით ეს პერიოდი რას ნიშნავდა,“ – ასე იხსენებს საფრანგეთის რაინდთა ორდენის კავალერი და ხელოვნების ოსტატი საბჭოთა პერიოდს, როცა საზღვრების გახსნასა და ევროპაში მოგზაურობის ნებართვას ითხოვდა. დღეს, როდესაც ოქრომჭედლობა არც ისე აქტუალურია, გუჯის ხელოვნება საყოველთაო აღტაცების საგანია. მერიის დარბაზში, ვერცხლის ნაკეთობათა ანარეკლი მთელ დარბაზში ციმციმებდა და საზეიმო განწყობას აძლიერებდა.

აქ წარმოდგენილი, გუჯის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული, ნამუშევრები მნახველს ფორმათა სისადავით, მარტივი ელეგანტურობითა და მრავალფეროვანი მოტივებით აღაფრთოვანებს. გამოფენის შესასვლელში ოსტატის სახელოსნო იდგა, რომელშიც დამთვალიერებლებს მუშაობის დეტალებს აცნობდა. მისი შთაგონების წყარო ძველი საბერძნეთი, სკვითების ხელოვნება და მითოლოგიაა. პატარა ვერცხლისფერ ქანდაკებებში ხან მიწათმოქმედს ვხვდებით, ხან ზღაპრის გმირებს, რომლებიც ქართველს ქართული, ხოლო ფრანგს ფრანგული ზღაპრების პერსონაჟებს მოაგონებთ. მიუხედავად დიდი პოპულარობისა, ავტორი უარს ამბობს მასობრივი პროდუქციის წარმოებაზე. ყოველი მისი ნახელავი ერთადერთი და უნიკალურია, ძველებური და თანამედროვე. ამავე დროს, მისი მიბაძვა და გაყალბება შეუძლებელია, რადგან ადვილად იცნობა. მინერალებს გუჯის ნამუშევრებში სიმბოლური დატვირთვა აქვს: აქატი, ბერილი, ქრიზოლითი, ქარვა, გიშერი, ლაპის ლაზური, კვარცი ვერცხლისფერ პერსონაჟებს კიდევ უფრო დახვეწილს ხდის. გამოფენაზე წარმოდგენილია 250 ნახელავი, აქვეა სამკაულებიც, ყველა ინდივიდუალურია და ადვილად გამახსოვრდება. გუჯის გამოფენა ვატიკანის ყოფილი არქივისტისა და ბიბლიოთეკარის, ჟან-ლუი ბრუგეს ინიციატივით მოეწყო. 2021 წელს, გუჯიმ დაბადების 80 და შემოქმედების 50 წლისთავი აღნიშნა.

ფესტივალის „ევროპალია-საქართველო“ ფარგლებში, სულ, სამოცამდე ღონისძიება, გამოფენა და შეხვედრა დაიგეგმა, რომლებიც ხელოვნების მოყვარულებს საახალწლოდ უმასპინძლებს.

მაია სიმონიშვილი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის ევროპის კომიტეტი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები