ქეთევან აბრამიშვილი
სანამ ახალშობილნი ჯერ კიდევ ვიღიმებით, სანამ სიყვარულის დესპანებად მოვდივართ ამქვეყნად; სანამ ღვარძლსა და მტრობას არ შეუცვლია ჩვენი გულები; სანამ გვიან არაა, იმათ ვუსმინოთ, ვისთვისაც სიყვარული არ მომკვდარა, ვის წინაშეც მუხლი მოუყრია სიკვდილის ანგელოზს. ვინც ისევ გვიხმობს და გვაფრთხილებს:
ვ ი ს ა ც მტ ე რ ო ბ ა მ ო ს წ ყ უ რ დ ე ს…
მე ვარ გზაჲ?…
– რა გზას მიუყვება ქეთელაური? საით მიჰყავს ატირებული დედა და ცოლ-შვილი?
ნუთუ ალუდასთვის გზა დასრულდა და უგზოობა დაიწყო?
იქნებ ალუდასნაირნი საამქვეყნონი არა არიან?
იქნებ მათი გზა უფსკრულთან მთავრდება?
ერთხელ მაუნდის ალუდას, ერთხელ მობრუნვა თავისა… – უკან რა დარჩენია? ყველაფერი, რაც ასულდგმულებდა, რაც უყვარდა, რაც სწამდა;
იხედება ალუდა წარსულისკენ, იმ ალუდასკენ, საფიხვნოს თავში რომ დამჯდარა, მოყვარეს „გზიანი სიტყვით“ ეგებება, მტერს – მახვილით და ცხოვრებაც ჩვეული წეს-რიგით მიდის;
მამა-პაპათაგან დადგენილი ადათ-წესები საიმედოდ იცავს ყველას.
ამ წესებზე იზრდებიან ბავშვები, ამ წესებს იცავენ ახალგაზრდები, ამ წესით სჯიან უხუცესნი. ეს წესი სისხლის უწყვეტ ნაკადს მიჰყვება თაობიდან თაობაში – ყველაფერი დღესავით ნათელია, გარკვეულია, სავალი გზებიც გაკვალულია.
მაშ რატომ?… მაშ ვინ არის ეს ალუდა, რომელიც იმ ალუდას შესცქერის, საფიხვნოს თავს რომ დამჯდარა და სახლის ჭერხოზე მტრის უთვალავი მარჯვენა მიუკრავს!
რა უნდა? …
♦ ♦ ♦
ნიკოდიმოსი, ურიათა მოძღვარი, ღამით – ბნელში, იესოსთან შესახვედრად მიდის. ნიკოდიმოსი ფარისეველია, იმ სკოლის წარმომადგენელი, რომლის მიზანი ადამიანის სულიერი ნაკადის დაკავშირებაა მისივე სისხლისმიერი განვითარების ნაკადთან.
განვითარების სისხლისმიერი გზა მიუძღვება ადამიანებს უკან, იმ წმინდა საფლავებისკენ, სადაც შესაძლებელი იყო აბრაამს ღმერთი გამოცხადებოდა. ესაა ღმერთთან შეხვედრა, ოღონდ უკან, დაბადებისკენ. დიდი მოწიწებით მიეახლება ფარისეველთა მოძღვარი იესოს:
– რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღვრად!
იესო კი დაბადების მისტერიაზე ელაპარაკება:
– ამინ გეტყვი შენ, უკეთუ ვინმე არა იშვას მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ცათა.
ნიკოდიმოსს არ ესმის… მისთვის დაბადება დროში უკუსვლაა, წინა დაბადებაა, ან კვლავ დედის საშოში დაბრუნება და ისევ შობა?!
– შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს; და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკვირნ…
ნოკოდიმოსს, მოძღვარს ისრაილისას უკვირს… ვითარ შესაძლებელ არს ესე?
რა არის ის, სულისაგან შობილი, რომელიც არ უწყინ საით ვალს, რომელიც არ მიჰყვება მოსეს მიერ დადგენილ კანონებს, რომელიც არ მისდევს აბრაამიდან მომავალ სისხლის ნაკადს, არ მისდევს მრავალთა ხმას და ახალ, შეუცნობელ გზებს კვალავს.
რაჲ არს?
– სულსა ვიდრეცა უნებნ ჰქრინ და ხმა მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინ მოვალს და ვიდრე ჰვალს; ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან!
ნიკოდიმოსს, მოძღვარს ისრაელისას უკვირს!
♦ ♦ ♦
– მაცნე მოიდა შატილსა, ქისტებმა მოგვცეს ზიანი… ალუდა მტერთან შესახვედრად მიდის.
ბრძოლაც შეხვედრაა, ოღონდ თავისი ენა და კანონები აქვს.
ღირსეულს შეებრძოლები, თუ უღირსს? შედგება შეხვედრა, თუ ვერა? ალუდასთვის ბრძოლა არამარტო ცხოვრების წესი, ბედისწერაა – სისხლი უნდა დაიღვაროს, მოწინააღმდეგის ცოდვილი სისხლი.
ამ სისხლზე და მოჭრილ მარჯვენაზე – დამარცხებული მტრის ცოცხალ ხატზე – თაობები უნდა დაიზარდონ. ახალშობილის ახელილი თვალი დამარცხებული მტრის მოკვეთილ მარჯვენას უნდა შესცქეროდეს. ქისტი ურჯულო ძაღლივით უნდა მოკვდეს, მის სხეულს ყვავ-ყორნები უნდა ჯიჯგნიდნენ, მისი სული დაუმარხავ სხეულთან უნდა დაწრიალებდეს. ეს თემისა და შენი ღმერთის საკურთხეველზე მიტანილი სისხლია. ამ სისხლზე მხოლოდ შენ არ აგებ პასუხს, თემს ეკუთვნის, მთელი თემის პასუხისმგებლობაა.
ალუდა საბრძოლველად მიდის – ცისკრის ხანია, მტერს მისდევს კლდის შავარდენი ჩქარიო, გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარიო, ძაღლებს კი სძინავ თეოზე, ჯერ არ გაშლილა ცხვარიო!
აგერ, ქისტების ნავალიც, აგერ ისინიც, შორს არიან, ხმლით ვერ მისწვდება. ერთ ქურდკანტალა ღილღველსა ცუდი დაუდგა წამიო – ალუდას ტყვია მიზანს ხვდება.
ჩვენს თვალწინ ქურდკანტალა ღილღველის ხატია: ასეთები არიან, ვაჟკაცები არა – ქურდკანტალები. მისი ამხანაგი კი – ალუდამ ჯერ არ იცის ვის ერკინება. მალე მუცალის თოფი იჭექებს და მისი ხმაც გვესმის: არა გჭირსაა, რჯულძაღლო? – შერკინება იწყება. ორი ვაჟკაცის ურთიერთგაპაექრება სიტყვით თუ ტყვიით:
– ნუ გგონავ, მჭირდეს რჯულძაღლო, ყმასა გუდანის ჯვრისასა – ხმა ალუდაის თოფისა ჭეხასა ჰგვანადა ცისასა – ბრძოლა, დიალოგი და სიკვდილთან თამაში. ორივე სიკვდილს უცქერის თვალებში… არც ერთი სიტყვა, არც ერთი ყალბი ჟესტი. სიკვდილი არ არსებობს, არსებობს უარესი – მარცხი.
თამაში სიცოცხლეა, თამაში ახლის, მყისიერის დაბადებაა, წამყოფაა. სადაც წამყოფაა, იქ ახალი შესაქმეა. ტყვიებისა და კლდის ნასხლეტთა ჭახა-ჭუხში არც სიტყვა იკარგება. აკი ალუდას „სიტყვა მაუდის გზიანი“. ეტყობა, მუცალსაც „მაუდის“.
– არ მოგხვდაუა, რჯულ-ძაღლო, – ისევ ეძახის იმასა.
– მუცალს არა სჭირს რჯულ-ძაღლო, ნამტვრევს მაშლიდა კლდისასა.
– ოჰო, ქუდ გაუხვრეტია, წვერებსა სტუსავს თმისასა.
— მაღლა დაგიცდა , ბეჩავო, კენჩხას არა სჭირს ძვლისასა.
სიკვდილი ცეკვავს მათ გარშემო. ხან წვერს უტუსავს, ხან თოფის საპირისწამლეს ჩამოშლის. ბრძოლა თანდათან ხელდება;
– არც ახლა გჭირსა რჯულძაღლო? ზედაც დაჰყვედრებს იმასა – ეს გახელებული მუცალია.
– არა სჭირს, არა, რჯულძაღლო, ყმასა გუდანის ჯვრისასა, გამმარჯვედ ჯვარი დაჰყვების, ძალს შაახვეწებს ღვთისასა.
ორივე ერთმანეთის რჯულს ახსენებს, ერთმანეთისთვის რჯულძაღლნი არიან – რჯულით სხვადასხვანი.
ერთ-ერთის გამარჯვება მათი ღმერთის გამარჯვებაცაა.
შატილიონის ნასროლი ქისტს უმტვრევს გულის ფიცარსა.
– გულში მჭირს, გულში, რჯულძაღლო, ვაჰ, ცდასა მუცალისასა!
ბოლო გაბრძოლება?
არა, სიკვდლთან შერკინება!
მუცალი მოკვდება, მაგრამ არ დამარცხდება, შიშის ფერი არ დაედება:
მუცალს არ სწადის სიკვდილი, ფერს არა ჰკარგავს მგლისასა… ერთიც ესროლა ალუდას, ხანს არა ჰკარგავს ცდისასა.
თამაში მთავრდება, როგორც არაერთხელ დამთავრებულა – დამარცხებული უნდა დამარცხდეს, გამარჯვებულმა გამარჯვების რიტუალი შეასრულოს!
საცაა ბედისწერა ფარდას ჩამოუშვებს და… უეცრად, მუცალის უკანასკნელი ჟესტი – თოფიც ალუდას გადუგდო, ერთს კიდევ ეტყვის სიტყვასა; ეხლა შენ იყოს რჯულძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა, სიტყვა გაუშრა პირზედა, დაბლა გაერთხა მიწასა.
თამაში წამყოფაა, თამაში ახლის დაბადებაა… ბედისწერის ბორბალი უკუღმა დატრიალდა, ყველა ჩარჩო და ზღვარი გაქრა, როლები ერთმანეთში აირია — ვინ გამარჯვებულია და ვინ დამარცხებული? რომელია დაჭრილი და სულთმობრძავი, მუცალი თუ მუცალთან დაჩოქილი ალუდა? მუცალი ესალმება სიცოცხლეს, თუ ალუდა ეთხოვება მისთვის განუყოფელსა და ძვირფასს? რატომ შეტრიალდა სამყარო? მუცალი მტერია თუ ძმაზე ძვირფასი? უსჯულოა თუ ქრისტიანი? რა სასწაული მოხდა? მუცალი მოკვდა თუ მეორედ იშვა, დაიბადა და ახლადშობილი გაშორდა წუთისოფელს?
მტრის ცხედართან დახრილს რად უგლეჯს გულს ყოვლისწამლეკავი ტკივილის განცდა?
და ალუდა ქეთელაური, მტრის რისხვა, ქისტებთან ბრძოლაში გამობრძმედილი… ტირის!
ალუდა იმ დღეს არც მხოლოდ ქისტს შეხვედრია, არც მხოლოდ მტერს, არც მხოლოდ კაი ყმას, ალუდა იმას შეხვდა, რაც ადამიანში ადამიანზე მეტია, რასაც სიკვდილი ვერ შეეხება, რაც სიცოცხლისკენ მე-ს გამოიხმობს და ახლიდან გშობს. მეორედ შობის მისტერია აღსრულდა და ბედისწერასთან შერკინების დრო დადგა — ალუდამ მტერი შეიყვარა!
♦ ♦ ♦
– რაკიღა ყველა საგანში მტრობაა ჩაბუდებული, ბრძენ-კაცის სული საგნებზე ცეცხლის ალივით უნდა ამაღლდეს და მტრობა ჰარმონიად გარდასახოს. – ჰერაკლიტეს ამ ნათქვამს კაცობრიობის განვითარების სათავეებთან მივყავართ.
მამა ღმერთის სამყარო, ცოდვათდაცემა, კაცობრიობის პირველი ნაბიჯები, დედამიწაზე კაცის მიერ ჩადენილი პირველი ცოდვა:
– კაენ, სად არის ძმა შენი? – პირველი უცოდველი სისხლი და კაცთა მოდგმის ორ ნაწილად დაყოფა: კაენისა და აბელის მოდგმად.
მტრობისა და სისხლის ნაკადი ამ ორ მოდგმას შორის – ერთი კაცის ცოდვა კი არა, მთელი მოდგმის ცოდვა; ერთი კაცის პასუხისმგებლობა კი არა, საზოგადოების, თემის, გვარის პასუხისმგებლობა.
აქედან ტრადიციები – სამშვინველის მიერ მიწიერი ცხოვრებისათვის გამონახული ფორმა.
მრავალი საუკუნე გავა, სანამ მოვიდოდეს ძე ღვთისა, საკუთარ თავზე აიღებდეს პირველცოდვას და პრომეთეს ჩირაღდანს გვაჩუქებდეს, რადგან პრომეთემ სწორედ შემოქმედებითი ცეცხლი – თავისუფლების შესაძლებლობა მოუტანა ადამიანებს.
გოლგოთის მისტერია.
ისევ დაიღვარა უცოდველი სისხლი, ოღონდ ამჯერად სიყვარულმა გაიმარჯვა – კაენს ეპატია. ამჯერად სიყვარულმა გამოისყიდა ცოდვა, მთელ კაცობრიობას რომ აწვა და თაობებში სისხლით გადადიოდა. ამიერიდან ადამიანი თავისუფალია. ადამიანს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი, პირადი შეცდომა და არა სულიერი სამყაროდან წამოსული ცოდვა. ადამიანს ეძლევა პატიების უფლებაც; კაცობრიობამ შეაბიჯა განვითარების ახალ სფეროში. ეს გარდაქმნისა და შემოქმედების, პიროვნების „კრიზისისა“ და ბედისწერასთან „თამაშის“ სფეროა. პიროვნებამ, მომავლის არსებამ, ძველი, სისხლისმიერი მორალი უნდა შეცვალოს ახალი, საკუთარი მორალით, რაც მორალის სრულყოფას მოითხოვს. იქამდე კი ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი: ცოდვის, მონანიების, მტრობის, მიტევების, – საკუთარი ბედისწერის გზა.
მამა-პაპათა დადგენილი ადათ-წესების რღვევა საზოგადოებისთვის ყოველთვის მტკივნეულია, გაუგებარია. ამ ადათ-წესებს ყოველთვის ერთეულები არღვევენ. ერთეულები ქმნიან კაცობრიობის ახალ ბედისწერას, მაგრამ ეს ერთეულები არიან პასუხისმგებელნი კაცობრობისა და სამყაროს წინაშე.
♦ ♦ ♦
მე ვარ ჭეშმარიტებაჲ…
ალუდას თოფი არ უნდა, ატირდა როგორც ქალიო; არ აჰყრის იარაღებსა, არ ეხარბება თვალიო, მარჯვენას არ სჭრის მუცალსა, იტყოდა: ცოდვა არიო – ალუდამ მტერი შეიცოდა – ვაჟკაცო, ჩემგან მოკლულო, ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო!
მუცალი ალუდასთვის ცხონებულია, –
შენ ხელ შენს გულზედ დამიწდეს, ნუმც ხარობს ქავის კარიო!
ვაჟკაცს ვერ შეურაცხყოფს, პატივაყრილს ვერ გაუშვებს სულეთის გზაზე – კარგი გყოლია გამზრდელი, ღმერთმ გიდღეგრძელოს გვარიო!
მისი გვარი ალუდასთვის უკვე აღარაა ქურდკანტალა ღილღველთა გვარი, ეს ღვთისგან დალოცვილი და დღეგრძელი ვაჟკაცთა მოდგმაა.
ალუდა შატილს ბრუნდება.
უკანა გზა შატილამდე – ათასწლოვანი, ნაჩვევი და საუკუნეებგამოვლილი არხოტის წყალივით მიდის, მიედინება შთამომავალთა ძარღვებში. ის მძაფრი ხატ-სახეები, რაც ალუდას თვალწინ ჩაივლის, თემისა და გვარის მთელი ისტორიაა:
ვისაც მტერობა მოსწყურდეს, გააღოს სახლის კარია, სისხლ დაიგუბოს კერაში, თითონაც შიგვე მდგარია, ღვინოდაც ამას დაჰლევდეს, პურადაც მოსახმარია, პირჯვარი დაიწეროდის, მითამ საყდარში არია. სისხლშია ჰქონდეს ქორწილი, იქ დაიწეროს ჯვარია. დაიპატიჟოს სტუმრები, დაამწკრიოდის ჯარია, სისხლში დაიგოს ლოგინი, გვერდს დაიწვინოს ცალია. ბევრი იყოლოს შვილები, ბევრი ვაჟი და ქალია; იქვე საფლავი გათხაროს, იქ დაიმარხოს მკვდარია. შენ რო სხვა მაჰკალ, შენც მოგკვლენ, მკვლელს არ შაარჩენს გვარია. – შურისძიების სისხლში ჩამხრჩვალი ცხოვრება უწყვეტ ნაკადად მიედინება და სანამ ახლიდან არ იშვები, შენი ცხოვრებაა, შენი წესი და რიგია, შენი გზაა.
მიდის სულიერად ფერნაცვალი ალუდა, თვალწინ სისხლიანი ხატ-სახეები უტრიალებს.
შატილიონნი კი თავის გმირს ელიან.
ქალი და რძალი ბანზე გადმომდგარა, დიდ-პატარა შეკრებილა. ალუდა უნდა წარსდგეს უხუცესთა წინაშე და ყველაფერს პირუთვნელად მოყვეს. ალუდაც გულწრფელად ჰყვება, რაც ნახა და განიცადა. ხევისბერი და მთელი თემი უსმენს – ახლა მათაც უნდა განიცადონ იგივე, ისინიც უნდა ეზიარონ ჭეშმარიტებას
– იმ ცხონებულსა მუცალსა… – (შობილი სულისაგან სული არს…) – და უშიშას მყისიერი რეაქცია – რას ამბობ, ქისტის ცხონება ვინ გაიგონა ყურადა – უშიშას, ხევსურთა უხუცესს, უკვირს: „ვითარ შესაძლებელ არს ესე?“
ალუდას ახლახან ნანახი და განცდილი აწვალებს.
მწველი კითხვა უშანთავს გულ-გვამს: თურმე აქამდე ბრმა იყავ, ღირსეული გეგონა თავი და უღირსად გიცხოვრია, რისიც გჯეროდა და პატივს სცემდი, მცდარი ყოფილა – ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი (დედა ყველასთვის წმიდათა-წმიდაა), ჩვენა ვცხონდებით, ურჯულოს კუპრში მოელის ქშენანი (ცხონება რომელიმე რჯულის საკუთრება არაა, პირადად ერთის გზაა და ფუჭია თავის დამშვიდება, თითქოს მხოლოდ ხევსურთა ხვედრი იყოს. უკვდავება ვერც ხევსურებს ექნებათ მოზომილი და ვერც ქისტებს. უკვდავებას თავისი კანონები აქვს, უკვდავება ვერავისი საკუთრება ვერ გახდება), ამის თქმით ვწარამარაობთ, ღვთისშვილთ უკეთეს იციან, სუყველა მართალს ამბობენ განა ვინაცა ჰფიციან?! ღვთისშვილთა ჭეშმარიტება განსხვავდება აქაური სიმართლისაგან.
ალუდას არსებაში სინათლემ – კითხვამ შეაღწია და ბნელი გაანათა. ქეთელაურისთვის ამიერიდან ვაჟკაცობას სხვა დატვირთვა აქვს, სხვა ფერი აძევს. ვაჟკაცობა ისაა, რაც შენში მე-ს გამოიხმობს და ღვთიშვილთა კანონებს გაზიარებს.
ხევსურთა ახალ-უხლები გადაიქციან ტყემლადა… მოკვდი, სიკვდილი გირჩევნავ, რა ხარ სიცრუის მთქმელადა!
ვინ გაიგოს სადაა სიმართლე?
ალუდას იმათი ფიცისა აღარ სჯერა, ამათთვის კი ალუდას ნათქვამი მტკნარი სიცრუეა და მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს – გამუქცევიხარ ქისტიშვილს, გადუქცევიხარ ქალადა.
თუმცა, მათშიაც დატრიალდა კითხვა: მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ, უკან მისდევდი მა რადა?!
და მოუთმენლად ელიან ჭეშმარიტების დასადგენად წასულ მინდიას.
ქეთელაურს კი ხილვები არ აძლევენ მოსვენებას: დაუმარხავი, ყორნებისაგან დაჯიჯგნილი მუცალი იმქვეყნად ვერ წასულა. ეტყობა მხოლოდ ალუდას ძალისხმევა არ კმარა, ეტყობა ძნელია სისხლით შეკრული ჯაჭვის გაგლეჯა, ხევსურთა ადათ-წესი ზღუდესავით აღმართულა საიქიოსკენ მიმავალ გზაზე.
მოკლული ალუდას საყვედურობს: – თქვენ დაგრჩეთ წუთისოფელი, მე კი წავიდე ქვეყნითა, დაძეხით ხევსურთ შვილებო, ლაშქრობით, ხმლების ქნევითა – ხევსურთ შვილებიც ძღებიან, ვერ ატყობენ რა ცოდვა-ბრალში უდგათ ფეხი. ალუდას კაცის ხორცის წვნიანს უდგამენ წინ:
ჭამეო, რამამ მიძახა, ნუ ჰხდები გაშტერებული, კიდევ მიმირთვით ალუდას წვენ-ხორცი შენელებული. — ქვესკნელის ძალნი ხომ არ დაპატრონებიან ხევსურთა ადათ-წესებს და თვალებს უბამენ, რომ ნათელი არ იხილონ?
შობილი ხორცისაგან ხორცი არს… სულიერ სფეროში ხომ მუდმივი ბრძოლაა ძველსა და ახალს შორის. ის, რაც კაცობრიობის განვითარების გარკვეული დროისთვის სიკეთე იყო, ახალა უკეთური ძალის იარაღად ხომ არ ქცეულა?!
♦ ♦ ♦
თენდება, ხევსურნი მინდიას ელიან.
– ვინ მოდის წითლის ცხენითა, გამაიარნა წყალია? – წითელი შუასკნელის, ამქვეყნიურის ფერია. მინდია (და სხვა არავინ), თავად ვაჟკაცი, ასე ადვილად რომ ვერ იტყვის ვაჟკაცის აუგს, სამართლიანობის აღსადგენად მიდის და… მარჯვენას სჭრის მუცალს!
წითელ ცხენზე ამხედრებული მინდია ვერ ჩასწვდება ჭეშმარიტებას, თუმცა, არ განსჯის და ალუდას განდევნის ჟამსაც მხოლოდ მას აუწყლიანდება თვალები.
წითელი ქვესკნელის ძალას არ ემორჩილება, მაგრამ ვერც ზესკნელისა გაუგია. მათში სწორედ ალუდასნაირების სიმართლის შუქმა უნდა შეაღწიოს.
– მოხველ მშვიდობით! – მინდიას ხევსურნი შაუძახიან.
– რა მაიტანე ამბავი? – შორითვე დაუძახიან.
მინდია ჩქარობს სიმართლის დამტკიცებას. გულადუღებული საყვედურობს ხევსურთ: ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა, მის ვაჟკაცურის რჯულითა!
ხელი ალუდას მიართვის: წაიღ, მიაკარ ქავადა!
სამართლიანობა აღდგენილია. საცაა, ცოტა არ იყოს შერცხვენილნი და გაოცებულნი ხევსურნი ხელს ჩაიქნევენ და დაიშლებიან – სამართალმა პური ჭამა!
მაგრამ ალუდას გულში გრძნობები დუღს და გადმოდუღს: ვერ გიქნავ კარგად მინდიავ, საქმე მოგირთავ ავადა!
ალუდა, ალბათ, ადათ-წესების გაბიაბრუებას ცდილობს უკვე სინანულშეპარულ ხევსურთა თვალწინ, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ მტრის მარჯვენა ვერც სათიბს მოთიბს და ვერც ფარად გამოდგება ბრძოლაში. თანაც, მხოლოდ მინდიას მიმართავს, დანარჩენებთან თითქოს ურთიერთობის ძაფი გაწყვეტოდეს, თითქოს ისინიც მისიანნი არ იყვნენ: რაად სწყრებიან ხევსურნი, რაად სტყვრებიან ჯავრითა?! მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი მარჯვენს მაგათ ჯაბრითა! წესი არა არის მტრის მოკვლა, თუ ხელ არ მასჭერ დანითა, ვაი ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა!
მაშ, ხევსურებს ცოდვა-ბრალიანი სამართალი აქვთ? კაცის წვნიანი უდევთ და საღმრთო პური ჰგონიათ? სისხლს სვამენ და ზიარების ღვინო ჰგონიათ? სისხლშივე იწერენ ჯვარს და ქორწილი ჰგონიათ? სადაა სამართალი? აკი ერთადერთი იყო? შესაძლებელია ორი სიმართლე არსებობდეს? – ალუდა და ხევსურნი უკვე სხვადასხვა ნაპირას დგანან, ერთმანეთს უნდოდ, გულისწყრომით შესცქერიან. მათ შორის ქისტის მოჭრილი მარჯვენაა, ნუთუ ამ მარჯვენამ უფსკრული უნდა დაბადოს?
♦ ♦ ♦
ჟამი მოვიდა საუფლო, ხალხი ხატობას დიოდა, – ხატობაა, გუდანის ჯვრის დღეობა. ხევისბერთან სამსხვერპლო საქონელი მოჰყავთ. მოქუჩდა ქალი და კაცი სახვეწრით, ცხვრით და ხარითა. სამსხვერპლო პირველად დაღვრილი უცოდველი სისხლის სიმბოლოა, რაც მერე ძე ღვთისას უცოდველი სისხლით იქნა გამოსყიდული გოლგოთაზე.
ხატობის ჩვეული სურათი გარსმოჯარული ხალხით, სამსხვერპლოზე მოყვანილი შესაწირითა და ხანჯალმომარჯვებული ხევისბერით. ამ ჩვეული სურათის ფონზე ალუდას უჩვეულო, ფერნაცვალი ხატი – ეს ვინღა მოდგა ნისლივით? გაოცება, კითხვა – ნუთუ ალუდაა? სახტად დარჩენილნი შესცქერიან მის გაუცხოებულ, არაამქვეყნიურ სახეს – ალუდა კი არ მოვიდა, ნისლივით მოდგა.
ვის ამწყალობებ ალუდავ, მაგა კურატით შავითა? – ჰკითხავს ალუდას ხუცესი გადაწეულის მკლავითა… კარგი ყმა უყვარს ბატონსა, წყალობა ემეტებისა. მითხარ სახელი, ვის სწირავ, იმასაც შაეწირება, ხანჯალს აიძრობს, დიდების სათქმელად დაეღირება – რიტუალის შესასრულებლად შემართული ხევისბერი და ალუდას გაუცხოებული, ნისლით მოცული ხატი:
– ეგ სამხვეწროა ბერდიავ ძოღან მოკლულის ქისტისა, მუცალს ეტყოდნენ სახელად მოუნათლავის შვილისა. კარგადაც დამიმწყალობნე, გამიმეტებავ მისთვინა. – ვერც უხუცესებმა გაუგეს და ვერც ახალ-უხლებმა. იქნებ ხევისბერმა, ღმერთთან ახლოს მყოფმა, შეისმინოს გაუგონარი და აღასრულოს საღმრთო რიტუალი? იქნება ზღვარი გაქრეს? იქნება ამითი სხვებმაც დაინახონ, რომ საღვთო კანონი, რჯულის მიუხედავად, ყველასთვის ერთია, რომ სწორედ ესაა ღვთის ნება.
– მიუგო იესო და ჰრქუა: შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა იცია?
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ალუდას სათხოვარი. ჰაერშივე შეშდება ხევისბერის ღვთის სადიდებლად აღმართული ხელი. რა უთხრას, რა მოიმხროს?
– გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ, ურჯულოვდები მაგითა!
ვაითუ, ეშმაკს ხევისბერის ცთუნება განუზრხავს?
– როგორ ვახვეწო უფალსა ძაღლი, ძაღლების ჯიშისა, მინამ სჯობს ცანი დამექცნენ, სადილი ვჭამო ქვიშისა! ფერი ედება ბერდიას, ფერი სხვაგვარი შიშისა…
შეძრწუნებული, შეშინებული ბერდია – როგორ დაიცვას ქრისტეს სჯული ეშმაკისაგან?
სინამდვილეში ეს სწორედ იმ უცნაურისა და შეუცნობელის შიშია, სინათლისა და სიყვარულისკენ რომ გიხმობს და იმაზე მეტს გთხოვს, ვიდრე ღვთისავე სახელით ღვთის სჯულის დაცვაა.
სამყარო შავ-თეთრია. მტყუან-მართალთა ეზოში სხვა მზე ანათებს და ამიტომ, რაც არ უნდა დაამუნათოს ქეთელაურმა: – ყმა ვარ მეც გუდანის ჯვრისა, ხევსური თქვენის წყლისაო, მითამ ერთნი ვართ ბერდიავ, მცხოვრებნი ერთის მთისაო, – ბერდიასთვის იგი ეშმაკეულია, ბნელი ძალით შეპყრობილია.
ალუდა ცდილობს ის ჭეშმარიტება დაანახოს, რაც ამ წუთში მასში აღმოცენებულა, მასში ანათებს. ცდილობს თავისი სიმართლე აჩვენოს და იმათ ენაზე გამოთქვას, ვისთვისაც ძველი, ცხოვრებისეული კანონები უცვლელი ჭეშმარიტებაა – მითამ ერთნი ვართ, ბერდიავ…
და იტყოდნენ მრავალნი მათგანნი, ეშმაკეულ არს და ჰცბის: რასა ისმენთ მისა?
♦ ♦ ♦
მწიგნობართა და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელიც ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა და დაადგინეს იგი შორის… და ჰრქუეს: „მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითარი ქუჲს დაკრებაი და შენ უკუე რასა იტყვი?“ – ფარისეველთა და მწიგნობართა იესოსთან მიჰყავთ ქალი, რომელი ერსა ზედა დაეპყრა მრუშებას, რათა განსაჯოს მან.
მათი ცხოვრების წესის მიხედვით ქალი უნდა ჩაიქოლოს, რას იტყვის იესო? მამა-პაპათა წესიც ცხადზე-ცხადია და დანაშაულიც. სიმართლე მათ მხარესაა.
წრედ შეკრულან ცოდვილის გარშემო. შუაში ისაა, შუაში სიკვდილია და უნდა იხილონ თვალით ეს სიკვდილი, რომ შემდეგ აღარავინ სცოდოს – წინაპართა სჯულს თუ გადახვალ, დაისჯები!
მოსულან იესოსთან ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეკითხებიან: შენ ვითარ იტყვი?
რა უდევთ გულში, რატომ მოვიდნენ, იესოს გამოცდა სურთ თუ ძველ ადათ-წესებში შეეპარათ ეჭვი? შუაში ქალია, ცოდვის ხატი, რომელიც სიკვდილის ხატად უნდა იქცეს მათ თვალწინ, მათი ბავშვების თვალწინ! რისხვა, ეჭვი, მოლოდინი და… იესო იმ სინათლეს მიმართავს, საიდანაც იშვა თითოეული მათგანი, რაც მათშია და თუ არ შეშინდებიან და თვალს გაუსწორებენ, ცოცხალ სიტყვად იქცევა – სინათლე შენშია, შენ თავად შეგიძლია იყო პიროვნება, თავად შეგიძლია მიუტევო, თავად შეგიძლია იყო ავტორიტეტი, თავად შეგიძლია შექმნა მორალი!
დადექ მცირე ხნით საკუთარი თავის წინაშე, ჰკითხე საკუთარ მე-ს!
იესო არ მოძღვრავს არავის, იესო მხოლოდ საკუთარი სინდისის-სინათლის წინაშე აყენებს თითოეულ მათგანს: ვინ უცოდველი არს თქვენგანნი, პირველმან დაუტევენ ქვაჲ მაგასა ზედა, – იესო არ განსჯის, არც მოძღვრავს, რათა მათ თავით თვისით, ნათლითა თვისით!… ხოლო მათ ვითარცა ესმა (მათ ისმინეს იესოსი), მხილებულნი სვინდისისაგან, განვლიდეს თითო, იწყეს მოხუცებულთაგან…
ეს იყო იმ დროს, როცა ძე ღვთისა ჯერ კიდევ არ შედგომოდა გოლგოთას და იცოდა, რომ შემდეგშიც გაუჭირდება ადამიანს ნათელში ყოფნა, შეშინდება, მრავალჯერ ეცდება მისგან გაქცევას, თავს გაიმართლებს და იტყვის, რომ წარსული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სინათლე, რაც მასშია. – „მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისა“.
რამდენი საუკუნე გაივლის, სანამ ადამის ძე იტყოდეს: მე ვარ ნათელი სოფლისა…
– ზღვენსა ნუ გამიმსუბუქებ, მადლი თუ გწყალობს ღვთისაო…
– ტყუილად სცდები, ალუდავ, ტყუილად იცვეთ პირსაო..
ალუდა თვითონ აღასრულებს მსხვერპლშეწირვის რიტუალს ხატობაზე შეყრილი ხალხის თვალწინ – ალუდა თავად ქმნის მორალს – უქნივა მოზვერს ქედზედა, თავი მოგორავს ძირსაო. თან შაეხვეწა ბატონსა, ნუ შამიცოდებ შვილსაო, ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გმირსაო.
პირველი რიტუალი – მუცალის დატირება – კაცის წინაშე შესრულებული რიტუალი იყო. მეორე რიტუალი უკვე ღვთის წინაშე უნდა აღსრულდეს!
სიზმრის შემდეგ ალუდა ხვდება, რომ შუა გზაზე ვერ მიატოვებს მუცალის სულს. მუცალი უნდა გარდაიცვალოს, ამიტომ თავად საჯაროდ აღასრულებს მსხვერპლშეწირვის რიტუალს: – ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გმირსაო!
მტრის მარჯვენის მოუჭრელობა ასე თუ ისე მოითმინეს ხევსურებმა, წმიდათაწმიდა, საიდუმლო რიტუალის ხელყოფა კი მკაცრად ისჯება.
ბერდია ჯაგარაშლილი ხალხისკენ იზამს პირსაო:
– გაგონილაა, იძახდა ასრე აგდება რჯულისა, ხალხო მინდარის გავიგო პასუხი თქვენის გულისა – ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ხალხმა უნდა გამოუტანოს მსჯავრი.
წრე იკვრება – შუაში ქეთელაურია, თემის, ადათ-წესების შემგინებელი.
– დაჯარდით ხევსურთ შვილებო, ყველანი – დიდნი, მცირენი, სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ ალუდას სახლის დირენი… წრე თანდათან ვიწროვდება, არავის სურს საკუთარ გულში ჩახედვა, საკუთარ სინდისთან (სინათლესთან) პირისპირ დარჩენა, არავინაა წრის დამშლელი. მხოლოდ თვალზე ცრემლმომდგარი, გულხელდაკრეფილი მინდია ჩანს წრის გარეთ.
– მოკვეთილ იყოს, სხვა ქვეყნის ცა-ღრუბლის შენამზირები… ჰრისხამდეს ჩვენი ბატონი, არ არის შესაბრალები. შასმულებმ ხევსურთ შვილებმა მაიმარჯვიან ფარები, უნდა სცენ ქეთელაურსა, კაპასად ჟღერენ რვალები.
და აი, ერთხელ კიდევ გამოჩნდება მოკვეთილი მარჯვენა მუცალისა – ქისტის მარჯვენას ბალღები დაბლა ათრევენ კავითა. მოჭრილი მარჯვენა – მიჯნა ძველი აღთქმის წესებსა და ახალ შესაქმეს შორის.
რამდენი საუკუნე გავიდა გოლგოთის მისტერიის შემდეგ, ნეტავ კიდევ რამდენი საუკუნე დაიზრდებიან ბალღები ცოდვა-ბრალიანი სამართლით?
ჯერ მხოლოდ ქრისტიანობის გარიჟრაჟია! მრავალი ბრძოლა გადახდებათ ალუდებს, სანამ კაცად-კაცადში მოყვასის ღვთიური სიყვარული აღენთებოდეს, სანამ თვალანთებული და უმწეოდ მხრებჩამოყრილი მინდია სიყვარულის საკურთხეველზე დაანთებდეს სანთელს.
♦ ♦ ♦
მე ვარ ცხოვრებაჲ…
მიდის ალუდა კაცთაგან დაწყევლილ და ღვთისგან დალოცვილ გზაზე. სოფელმა ვერ დაინახა ნათელი. თუმცა, მისტერია შედგა, შეხვედრის მისტერია. მიდის ალუდა ტკივილითა და ჩუმი სევდით სავსე, ერთეულთა ბედისწერას შეუღლებული. ეს მისი ჯვარია, პირადად მისი სატარებელი, ეს სიყვარულია, მის გულში ფესვგადგმული, ეს მისი ცხოვრებაა – გიყვარდეს მტერი შენი და ულოცვიდე მაწყევართა შენთა!
გამოყენებული ლიტერატურა:
ახალი აღთქმა ფსალმუნითა, თბ.,1879წ.
ვაჟა-ფშაველა, პოემები, ტ.III, თბ;1964წ.
გერჰარტ ნებელინგი, ლექციები.