ლინგვისტური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი რეალობაა. რეალობაა ისიც, ოღონდ, სამწუხარო რეალობა, რომ დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის სრულფასოვანი ინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში და არა იმიტომ, რომ მათ ავიწროებდნენ ან დევნიდნენ. არა, არანაირი მიუღებლობა, მით უმეტეს, აგრესია ადგილობრივ მოსახლეობას მათ მიმართ არასოდეს ჰქონია. საქმე სახელმწიფო პოლიტიკა იყო – საბჭოთა იდეოლოგია, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში სპეციალურად კომპაქტურად ჩასახლებულებს ქვეყანაში ინტეგრაციისთვის სათანადო სერვისებს კი არ სთავაზობდა, არამედ, უკეთეს შემთხვევაში – მშობლიურ ენაზე, ზოგადად კი რუსულ სკოლებში განათლების მიღებას (რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე), რაც ქართული რეალობიდან გაუცხოების საუკეთესო გზა აღმოჩნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც, საკმაო დაგვიანებით, 15-20 წლის წინ, აღიარა ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი მოვალეობა ეთნიკური უმცირესობების წინაშე – პირველ რიგში, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი, რის გარეშეც წარმოუდგენელია მათი ინტერესების დაცვა და გათვალისწინება, სრულფასოვანი ინტეგრაცია იმ სახელმწიფოში, სადაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი თაობა აღიზარდა.
ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც ქართული ენის შესწავლის მიზნით დაიწყო და მიმდინარეობს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. „ახალი განათლება“ ერთგული მხარდამჭერია ამ პროექტების მონაწილე პედაგოგებისა, რომლებიც, ხშირად საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილნი, ყოველდღიური სხვადასხვაგვარი სირთულეების გადალახვით, საკითხის მნიშვნელობის სრული გაცნობიერებით პროგრამების უშუალო განმახორციელებლები არიან. მათთვის ჩვენ სპეციალური რუბრიკა გვაქვს, სადაც ისინი თავად ყვებიან პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ამჯერად გვინდა, გიამბოთ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეების ქართულ სახელმწიფოში ინტეგრაციისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯის შესახებ – ვგულისხმობ პროფესიული განათლების არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
ეს პროცესიც, ჩემი აზრით, დიდი დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ დაიწყო და არცთუ ისე ცუდად. მოკლე დროში, პროფესიის შესწავლა და დასაქმება ეთნიკურად არაქართველებისთვისაც ისევე პრიორიტეტული აღმოჩნდა, როგორც ეთნიკური ქართველებისთვის. პროფესიულ განათლებაში მათი ჩართულობის მაჩვენებელი, 2021 წლისთვის, ძალიან დაბალი იყო, ამიტომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათი მიღების საშეღავათო პოლიტიკა ამოქმედდა. პროფესიული უნარების სააგენტოს ინკლუზიური განვითარების მენეჯერი ირმა გიორგობიანი გვიხსნის, რომ „ეს გულისხმობს მიღების პროცედურების გავლას სომხურ, აზერბაიჯანულ ან რუსულ ენებზე (რუსულ ენაზე პროცედურის გავლა იმის გამოა დაშვებული, რომ რუსულენოვან სექტორულ სკოლებში განათლებას, ძირითადად, ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვები იღებენ). თუ აპლიკანტები მოახერხებენ შერჩევითი პროცედურების მათთვის სასურველ ენაზე გავლას და წარმატებით გადალახავენ დადგენილ ნორმებს, პროფესიულ კოლეჯში მოხვედრისთანავე, იწყებენ ქართული ენის შემსწავლელი 6-თვიანი მოდულის გავლას, რომელიც ფარავს A 2 და B 1დონეებს. მხოლოდ ამ მოდულის წარმატებით დასრულების შემდეგ იწყებს სტუდენტი არჩეული პროფესიის შესწავლას. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოდულის შემოტანა მხოლოდ წინგადადგმულ ნაბიჯად თუ ჩაითვლება, თორემ სტუდენტის საჭიროებას ნამდვილად ვერ პასუხობს – ეს 6 თვე ხშირად თითქმის არაფრის მომცემია ქართული ენის არმცოდნესთვის. მთავარი ბარიერი რომ სწორედ სახელმწიფო ენაა ეთნიკური არაქართველი პროფესიული სტუდენტისთვის, ამას სწავლის მიტოვების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელიც (64%) ადასტურებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, გადინების მიზეზი შეიძლება იყოს სოციოკულტურული და ეკონომიკური ფაქტორებიც, მაგრამ ძირითადი ენის არცოდნაა. ამიტომაც მივიღეთ ალტერნატიული პროგრამის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც პროფესიული პროგრამებისგან სრულიად დამოუკიდებელი, ცალკე მდგომი პროგრამა იქნება. მისი არსი ისაა, რომ აპლიკანტი მხოლოდ სახელმწიფო ენას შეისწავლის (A1 და B 2 დონეებს დაფარავს) სრულიად უფასოდ და სწავლას მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გააგრძელებს რომელიმე პროფესიულ პროგრამაზე. პროგრამა მუშავდება კომუნიკაციაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, ორიენტირებული იქნება შემსწავლელებში ენობრივი კომპეტენციების (საუბარი, მოსმენა, წერა) განვითარებაზე და მისი განხორციელების უფლება ექნება ნებისმიერ ფორმალურ საგანმანათლებლო დაწესებულებას – სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს, უნივერსიტეტს. პროგრამის განხორციელების მსურველმა ეს უფლება უნდა მოიპოვოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, რაც ნიშნავს, რომ ის აკმაყოფილებს სათანადო კრიტერიუმებს ინფრასტრუქტურული ბაზიდან დაწყებული, შესაბამისი ადამიანური რესურსით დამთავრებული; ვმუშაობთ ასევე სახელმძღვანელოებზეც, რომლებიც გაჯერებული იქნება ინტერაქტიული, სახალისო ციფრული მეთოდოლოგიით, რეალური ენობრივი სიტუაციებით, თუმცა ენობრივი კომპეტენციის გარდა, ეთნიკური უმცირესობების სოციუმში ინტეგრაციის მიზნით, პროგრამა ითვალისწინებს გამჭოლი კომპეტენციის განვითარებასაც – ინტერკულტურული, ციფრული, სამოქალაქო და ა.შ.
არაქართულენოვანი ეთნიკური ჯგუფებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობისთვის საჭიროა მეტი საინფორმაციო ხასიათის კამპანიები, მათ შორის, კოლეჯების მხრიდან. მრავალ ფორმათა შორის, ერთ-ერთია ღია კარის დღეები. მართალია, კოლეჯებს მსგავსი გამოცდილება აქვთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საჭიროა უფრო სისტემური მიდგომა, რომელიც ახლა საპილოტე რეჟიმში იცდება და, დასრულების შემდეგ, ფართო მასშტაბით დაინერგება.
როგორც გითხარით, სკოლები და კოლეჯები თანამშრომლობენ პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით. ამ მხრივ, ძალიან აქტიურია კოლეჯი „მოდუსი“. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, მათ მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ მარნეულის სკოლებთან. მოსწავლეები ხშირად აღფრთოვანებას ვერ მალავენ ხოლმე, როცა ინფრასტრუქტურულად გამართული კაბინეტ-ლაბორატორიებით აღჭურვილ თანამედროვე ტიპის კოლეჯებს ათვალიერებენ, მრავალფეროვან პროფესიულ პროგრამებს ეცნობიან“.
„მოდუსის“ მენეჯერი სალომე მაყაშვილიც გვიდასტურებს, რომ რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქართული ენის ცოდნაზე გადის. ამბობს, რომ: „კოლეჯი 2021 წლიდანვე ახორციელებს ეთნიკური აზერბაიჯანელების მიღებას საერთო წესის მიხედვით. ჩართულობა საკმაოდ მაღალია, წლიდან წლამდე მატულობს მსურველთა რიცხვი. წელს, მაგალითად, 400-ზე მეტი აპლიკანტი იყო გასაუბრებაზე, მხოლოდ 30 შევარჩიეთ, რადგან სახელმწიფო ენის ცოდნის მიხედვით მხოლოდ ისინი თუ შეძლებენ პროფესიულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას, ქართული ენის მოდულის გავლის შემდეგ. ქართული სექტორების კურსდამთავრებულებს ეს პრობლემა არ აქვთ, დანარჩენებს, მეტ-ნაკლები დოზით, ყველას სჭირდება დახმარება. იმედი მაქვს, ახალი, ალტერნატიული პროგრამა, რომელიც ახლა მუშავდება, პრობლემას მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მოხსნის. საინტერესო სიახლე გვაქვს ხელმისაწვდომობის კუთხით – ჩვენ გავიმარჯვეთ ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხს ეხებოდა. ჩავატარეთ მოკვლევა ყოფილ და ამჟამინდელ პროფესიულ ქალ სტუდენტებს შორის, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ოჯახური მდგომარეობის გამო არ აქვთ ფუფუნება, ისწავლონ სასურველ პროფესიულ პროგრამებზე, ამ მიზეზითვე უწევთ სწავლის მიტოვება სტუდენტობის პერიოდშიც. პროექტმა საშუალება მოგვცა და უკვე ვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ჩვენს სტუდენტებს (თანამშრომლებსაც), რომლებიც შვილების გამო ვერ ახერხებენ ლექციებზე დასწრებას, საშუალება ექნებათ, კოლეჯში, სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში, საიმედო ხელში დატოვონ ბავშვები. დამეთანხმებით, ეს კარგი მოტივაციაა პროფესიული განათლების მისაღებად, თუმცა ქართული ენის გაძლიერება მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია“.
ქვემო ქართლისგან განსხვავებით, სამცხე-ჯავახეთში, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, გაცილებით ნაკლები შესაძლებლობები აქვთ ახალგაზრდებს. ახალციხეში მხოლოდ ერთი პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს – „ოპიზარი“. უნივერსიტეტიც ახორციელებს რამდენიმე პროფესიულ პროგრამას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კოლეჯის დირექტორი ბელა ავალიშვილი ამბობს, რომ მსურველი გაცილებით მეტია, მაგრამ ენის ბარიერი ვითარებას ცვლის. ციფრებში ეს ასე გამოიხატება – 2022 წელს მიღებული 54 პროფესიული სტუდენტიდან 13 ეთნიკური სომეხი იყო, ხოლო მიმდინარე წელს – 86-იდან 9 ჩაეწერა ქართული ენის მოდულზე. სწავლის მიტოვების მიზეზიც ხშირად სახელმწიფო ენის არცოდნას უკავშირდება.
ცხადია, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანწილად, ბევრი სოციალური და ეკონომიკური საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული. უნარების სააგენტო ამ მიმართულებითაც მუშაობს. ირმა გიორგობიანი გვიდასტურებს, რომ შემუშავების პროცესშია სოციალური პაკეტი, როგორც სტუდენტის მხარდამჭერი სერიოზული მექანიზმი. იგი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: ტრანსპორტით უზრუნველყოფა საჭიროების გათვალისწინებით, კვების ვაუჩერი და განიხილება საცხოვრებლით უზრუნველყოფა – ქირის საფასურის გადახდა, ასევე საჭიროების შესაბამისად. „ეს საკმაოდ მასშტაბური და კომპლექსური საკითხია და საპილოტე რეჟიმის გავლის შემდეგ ფართოდ დაინერგება პროფესიულ განათლებაში,“ – ამბობს ირმა გიორგობიანი.
ხელმისაწვდომობის გაზრდის და პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით, კარგი შედეგი აქვს სკოლებში პროფესიული პროგრამების შესვლას. საორიენტაციო და სასერტიფიკატო პროგრამები ახლაც მოქმედებს საჯარო სკოლებში, და ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სისტემური თანამშრომლობის პირველ მასშტაბურ პრეცედენტს ქმნის. 2023 წელს „უნარების განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სექტორული საჯარო სკოლები იყო, რომელთა ძირითადი ნაწილი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მდებარეობს. მაგალითად, ქვემო ქართლის 25 სკოლაში უკვე მუშაობს პროგრამა, დაფარვის არეალი ეტაპობრივად იზრდება და სამომავლოდ სამცხე-ჯავახეთის სკოლების მოსწავლეებიც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით. როგორც ირმა გიორგობიანი ამბობს, პროგრამაში ჩართული სკოლების რაოდენობა 400-ს აჭარბებს.
შეჯამების სახით, სურათის უკეთ წარმოსადგენად, მოვიშველიებ სტატისტიკას – 2018-22 წლების მონაცემებით, პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში ჩაირიცხა ეთნიკური უმცირესობის 1000-1070 წარმომადგენელი. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მზარდია, ნახევარზე მეტი სწავლას თავს ანებებს, ვიცით მიზეზიც – სწავლის მიტოვებას, ძირითადად, სახელმწიფო ენის უცოდინრობა განაპირობებს.
ეთნიკური უმცირესობების გარდა, ქალბატონ ირმასთან შშმ და სსსმ პირების პროფესიულ განათლებაში ჩართვაზეც ვისაუბრეთ. ყოველწლიურად, ამ კატეგორიის 250-270 ახალგაზრდა ირჩევს პროფესიულ სასწავლებელს. სულ ასეთი 37 დაწესებულებაა, სადაც შშმ და სსსმ პირები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას, ოთხი მათგანი უნივერსალური დიზაინითაა აღჭურვილი – „აისი“, „მერმისი“, „ოპიზარი“ და „პრესტიჟი“. თუმცა, როგორც ქალბატონი ირმა ამბობს, „ყველა კოლეჯი მინიმალურ დონეზე მაინცაა ადაპტირებული, ამას ავტორიზაციის სტანდარტიც ითხოვს, მაგრამ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბევრი რამაა გასაუმჯობესებელი. ახლახან დასრულდა სპეციალურად შშმ და სსსმ პირებისათვის შემუშავებული საორიენტაციო სერვისის პილოტირება ექვს კოლეჯში.
შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ ის აქტივობები – 5-დან 10-მდე – რასაც მომავალ პროფესიულ სტუდენტებს ვთავაზობთ, მათ სწორ პროფესიულ არჩევანში ეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოტენციური სტუდენტისთვის და, მით უმეტეს, შშმ და სსსმ პირებისთვის. არის შემთხვევები, როცა უკვე სწავლის პერიოდში აღმოაჩენენ, რომ არ აინტერესებთ არჩეული პროფესია და ტოვებენ კოლეჯს, მაგრამ რადგან სასწავლებელი ერთადერთი საშუალებაა სახლიდან გამოსასვლელად, ადგილი სოციუმთან საურთიერთოდ, ისინი ახალ პროფესიას ირჩევენ და ხელახლა ხდებიან სტუდენტები. ამ საორიენტაციო პროცესგავლილები უფრო გაცნობიერებულ არჩევანს გააკეთებენ.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო იმ სერვისების შესახებაც, რომლებიც სწავლის პერიოდში მიეწოდება უკვე პროფესიულ სტუდენტს. სსსმ და შშმ პირების მხარდაჭერისთვის, თითქმის ყველა პროფესიულ კოლეჯში, ხელმისაწვდომია ინკლუზიური განვითარების სპეციალისტის სერვისი. სპეციალისტები შშმ და სსსმ პირებთან მუშაობენ მასწავლებელთან ერთად შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო გარემოს მათზე მორგებას და ზოგადად კოლეჯში ინკლუზიური ამინდის შექმნას. ასევე კოორდინირებას უწევენ მხარდამჭერ სერვისებს, როგორიცაა: ჟესტური ენის თარჯიმანი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, ტრანსპორტით უზრუნველყოფა… ჩამოთვლილი მხარდამჭერი რესურსების მობილიზებისთვის გამოყოფილია 1000-ლარიანი ვაუჩერი“.
პროექტები, რომელზეც ირმა გიორგობიანმა ისაუბრა – ენის შესწავლის გაუმჯობესებული მეთოდი, ახალი სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის სერვისები, მომავალი წლიდან გამოიცდება ან განხორციელდება სისტემაში და, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ დღევანდელ ვითარებას. თუმცა, ჩემი აზრით, აუცილებელია, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთში, კოლეჯების რაოდენობრივ ზრდასა და პროფესიული პროგრამების გამრავალფეროვნებაზეც იფიქროს სახელმწიფომ.
ანა ფირცხალაიშვილი