პროფესიის არჩევანი, ხშირ შემთხვევაში, გადაუწყვეტელი დილემის წინაშე აყენებს ახალგაზრდებს – ვინ მინდა გავხდე?! განსაკუთრებული მღელვარება სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის იწყება. მეთორმეტე კლასში გადასულებს გადაწყვეტილება მიღებული უნდა ჰქონდეთ სასექტემბროდ, რადგან ახალი სასწავლო წლიდან იწყება მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ამ დროს, უკვე საგნების მიხედვით შერჩეულ რეპეტიტორებთან, იწყება მათი „აბიტურიენტობის“ ხანა, რომელიც არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება – ერთი მასწავლებლიდან (რეპეტიტორიდან) მეორესთან, შემდეგ მესამესთან… ჩვენს ქვეყანაში პროფესიის არჩევანი ხომ, თუ სრულად არა, უმეტესწილად უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას უკავშირდება, რაც არა მათ სურვილსა და მისწრაფებაზე, არამედ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების პოტენციალზე გადის. ამას ემატება მშობლების რჩევები: შენ კარგი ექიმი იქნები ან კარგი ბიზნესმენი გამოხვალ, საუკეთესო იურისტი თუ ჟურნალისტი. ამასობაში, ხშირად, „არჩეული“ პროფესიის შესახებ ახალგაზრდას ნაკლები ინფორმაცია აქვს ან სულაც არ აქვს. არ აქვს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ყოველი შემთხვევისთვის (თავის დაზღევის მიზნით), შემოხაზული ათაობით პროგრამიდან რომელიმეზე მაინც მოხვდება, ანუ ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში და ამით ბედნიერია ყველა მის გარშემო. თავად? ბედნიერია თუ არა? ეს ნაკლებად საინტერესოა. თუმცა, შემდეგი წლები ყველაზე კარგი პასუხია იმაზე, სწორად აირჩია თუ არა პროფესია. სამწუხაროდ, გარკვეული ნაწილი აღარც ასრულებს არჩეულ პროგრამას ან ასრულებს და შემდეგ, იმედგაცრუებული, თავიდან იწყებს მისთვის სასურველი პროფესიის შესწავლას. ხვდება, რომ გადაწყვეტილება, რომელიც 18 წლის ასაკში მიიღო ან მიაღებინეს, მისი წარმატებული მომავლისთვის არაფრის მიმცემია.
ამის მიზეზი, ერთმნიშვნელოვნად, მოსწავლეების ინფორმირებულობის ნაკლებობაა პროფესიებზე, რომლებსაც შემდეგ თავის მისწრაფებებს და შესაძლებლობებს მოარგებენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ აჭარის რეგიონის მოსწავლეებს შევხვდით, რომლებმაც „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გაგვაცნეს. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა პრეზენტაციამ, სადაც სწორედ პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. მათი პროექტის სახელწოდება იყო – „პროფესიული არჩევანი – წარმატებული მომავლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მოსიძე მიიჩნევს, რომ სწორედ სკოლა უნდა უწყობდეს ხელს მოზარდების მომზადებას პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვაში. თუმცა, ამბობს, რომ დღეს მხოლოდ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ხდება ამ საკითხის განხილვა, სხვა შემთხვევებში, არჩევანი გაუაზრებელია. „მოზარდებს, სასკოლო და პირად ცხოვრებაში, ბევრჯერ უხდებათ არჩევნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათ მიზნებს, მისწრაფებებს, სურვილებს უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგება საქმე, დიდ როლს ასრულებს საზოგადოება, ოჯახის წევრები, ასევე, პროფესიების პრესტიჟულ-არაპრესტიჟულად დაყოფა, არსებული სტერეოტიპები. ამიტომ, როცა USAID-ის სამოქალაქო საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, ეს თემა ავირჩიეთ, იმთავითვე, მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროცესის მნიშვნელობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, პროექტზე მუშაობის შემდეგ, ისინი გაცილებით უკეთ გაიაზრებენ მომავლის დაგეგმვის მნიშვნელობას; გააცნობიერებენ პიროვნული თვისებების, ღირებულებებისა და ინტერესების როლს პროფესიული არჩევნის გაკეთებისას; გაიუმჯობესებენ გადაწყვეტილების მიღების უნარებს; გაიაზრებენ კონკრეტულ პროფესიასთან დაკავშირებულ სირთულეებს“.
USAID-ის სამოქალაქო განთლების პროგრამაში ჩართულობა დიდ სტიმულს და შესაძლებლობებს აძლევს მოსწავლეებსა და პედაგოგებს. პროგრამა სთავაზობს მრავალფეროვან აქტივობებსა და კონკურსებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და ფორუმებს. ხდება გამოცდილების გაზიარება, საინტერესო ადამიანების გაცნობა და მათთან თანამშრომლობა.
მოსწავლეები სასკოლო ასაკიდან სწავლობენ პროექტის წერას, დაგეგმვას და თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციებთან. ივითარებენ უნარებს რაც მთელი ცხოვრება გამოადგებათ.
პროექტის მონაწილე მოსწავლეები გვიყვებიან, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოიპოვეს და იკვლიეს თავიანთი სკოლის კურსდამთავრებულების შესახებ – როგორ დაგეგმეს პროფესიული გზა და რა გამოწვევების დაძლევა მოუხდათ, საბოლოო მიზნამდე მისასვლელად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სოფელ სალიბაურის №1 საჯარო სკოლაში, კურსდამთავრებულების ნაწილმა პროფესიის არჩევისას ვერ მიიღო, თავის დროზე, სწორი გადაწყვეტილება.
მარიამ ჯაიანი გვიყვება, რომ სალიბაურის №1 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულების კვლევამ დაადასტურა, რომ „ვინც აკადემიური განათლება აირჩია, მას მეთორმეტე კლასამდე არ ჰქონდა დაკონკრეტებული პროფესია, ამასთანავე, გარკვეული მიზეზების გამო, უნივერსიტეტებში დაწყებული სწავლა ბევრმა ვერ დაასრულა“.
ნინო შარაშიძე ამბობს, რომ პროფესიის არჩევანი ჯერ კიდევ სტერეოტიპული მიდგომებით განისაზღვრება და ეს მშობლებთან გასაუბრებამაც დაგვიდასტურა: „ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენი სკოლის მოსწავლეების მშობლებთანაც, რადგან გვინდოდა, სრულყოფილი ინფორმაცია გვქონოდა პროფესიის არჩევის შესახებ, რა დამოკიდებულებები და განწყობებია ოჯახებში. მშობლებთან გასაუბრებამაც გამოკვეთა მოდური და მაღალანაზღაურებადი პროფესიის არჩევის საკითხი, სტერეოტიპები პროფესიის არჩევასთან მიმართებით. მშობელთა მიზნები, შვილების მომავლის გეგმებთან მიმართებით, სრულად ეწინააღმდეგება შვილების სურვილებს“.
არც იმის შესახებ აქვთ მოსწავლეებს და მშობლებს ინფორმაცია, რა სპეციალობებზეა შრომის ბაზარზე უფრო დიდი მოთხოვნა – „მოზარდებში პროფესიის ძიებასა და საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესს ახლავს ის, რომ ისინი ვეღარ პოულობენ საკუთარ ადგილს საზოგადოებაში. აკადემიური განათლების მიღების შემდეგაც, უდიდესი ნაწილი არჩეული სპეციალობით ვერ საქმდება და გაურკვევლობაშია, – ამბობს ინგა მოსიძე, – ამიტომ, ამ პროექტის შედეგები, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად წაადგებათ მოზარდებს მათი მომავლის სწორად დაგეგმვის საქმეში. თავისთავად, ჩემს გაკვეთილებზე მუდმივად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდო მოსწავლეებს მსგავს თემებზე. სამოქალაქო განათლების საგანი, ზოგადად, ამის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა, USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებსა და მოტივაციას გვძენს, მოსწავლეებთან ერთად, ვაკეთოთ პროექტები, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში დაეხმარებათ“.
პროექტზე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, ბევრი აქტივობა განახორციელეს სასკოლო თემში და ეწვივნენ საგანმანათლებლო და დასაქმების დაწესებულებებს, ადგილზე გაეცვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების სამუშაო გარემოს და სპეციფიკას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოინახულეს მოსწავლეებმა ბათუმის საზღვაო აკადემია, პროფესიული სასწავლებლები – „ავიცენა“ და „ბლექსი“, რომლებთანაც სკოლას მემორანდუმიც აქვს გაფორმებული.
„სასკოლო თემში კვლევების ჩატარების შემდეგ, გავაანალიზეთ შედეგები და ამის მიხედვით დავგეგმეთ აქტივობები, – ამბობს ელისაბედ ბლაგიძე, – ძალიან საინტერესო იყო პროექტზე მუშაობის პროცესი – თავდაპირველად, პრობლემის დასადგენად, კითხვარები შევქმენით, მოვამზადეთ საპრეზენტაციო მასალები და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით, შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელიც შემდეგ თანატოლებს გავაცანით. პროექტს თანატოლთა განმანათლებლობის ფუნქციაც ჰქონდა. ვქმნიდით, ასევე, ნახატებსაც სხვადასხვა პროფესიების შესახებ. ძალიან საინტერესო იყო ღია კარის დღე, რომელიც სკოლაში მოვაწყვეთ. მოვიწვიეთ კურსდამთავრებულები და მშობლები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შევხვდით, რომლებიც გვაცნობდნენ თავიანთი პროფესიების სუსტ და ძლიერ მხარეებს, მაგალითად, მახსენდება შეხვედრა არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე ამერიკელ იურისტებთან, რომლებიც გვესაუბრნენ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ გენდერულ სტერეოტიპებზე და ამ მიმართულებით უცხოეთში არსებულ გამოცდილებაზე. ასევე, სტუმრად გვყავდა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, იურისტი მეგი ბაკურიძე. მან ძალიან საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა, იურისტის პროფესიის რთული მხარეების შესახებ, აგვიხსნა, როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანის ცხოვრება ამ პროფესიის ადამიანების მიერ მიღებულმა ერთმა გადაწყვეტილებამ“.
მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებიდან, პროექტის მონაწილეებმა დღის ბანაკიც გაიხსენეს – ქეისების განხილვა, სხვადასხვა მიდრეკილებებისა და ინტერესების მქონე ახალგაზრდებისთვის პროფესიის შერჩევა, თამაში, ღირებულებების აუქციონი, რაც მოსწავლეებს საკუთარი შრომითი ღირებულებების მნიშვნელობის გააზრებაში დაეხმარა.
სკოლაში წამოწყებული საქმიანობის გაგრძელებას, პროექტის დასრულების შემდეგაც, აპირებენ. მათ სამომავლო გეგმებშია მოსწავლეების შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან და დაგროვილი გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცნობა, პროფესიებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ყოველწლიურად, კურსდამთავრებულების „ღია კარის დღე“ დაწესდება.
ლალი ჯელაძე
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International — საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით