მსოფლიოს ბავშვთა დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში მისი საქმიანობის 30 წლისთავს აღნიშნავს და ხაზს უსვამს საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების დაჩქარების და ჭეშმარიტად ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებლობას, სადაც დაცული იქნება ყველას უფლება.
ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარტნიორები მთავრობიდან, პარლამენტიდან, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბავშვები და ახალგაზრდები, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეაჯამა ბავშვებისთვის მიღწეული შედეგები და ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი ბავშვი და ოჯახი აწყდება საქართველოში.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იუნისეფის 30 წლისთავს საქართველოში და მადლობას ვუხდი ჩვენს სამთავრობო პარტნიორებს, განვითარების სააგენტოებს, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სამი ათწლეულის განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, – განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, – რაც შეეხება მომავალს, უმნიშვნელოვანესია, გავაგრძელოთ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობა, სადაც ყველას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეთნიკური უმცირესობების, ძნელად მისადგომ რეგიონებსა და სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს, ექნებათ უფლება, სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატობის მისაღწევად საჭირო ამოცანების შესასრულებლად.“
პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა, სამი ათწლეულის განმავლობაში, ხელი შეუწყო არსებით ცვლილებებს ბავშვების ცხოვრებაში. ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე მათგანი:
ბავშვების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო ჯანდაცვის უდიდეს მონაპოვარს – ვაქცინებს. ვაქცინაციის უწყვეტმა ჯაჭვმა, იმუნიზაციის გრაფიკის განახლებამ ახალი ვაქცინების გაჩენისთანავე განაპირობა ის, რომ საქართველოში ბავშვები იზრდებიან ჯანმრთელები და არ ემუქრებათ დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციის შედეგადაა შესაძლებელი.
ადრეული განათლებისა და განვითარების კონცეფციამ მოიცვა ჯანმრთელობის, განათლებისა და ბავშვთა დაცვის სისტემები. ბავშვებში განვითარების შეფერხებები და პრობლემები ვლინდება პირველადი ჯანდაცვის დონეზე და დროულად ხერხდება ასეთი პრობლემების მქონე ბავშვების გადამისამართება შესაბამის სპეციალისტებთან.
ადრეული ასაკის ბავშვებს უკეთესი წვდომა აქვთ სკოლამდელ განათლებაზე, ეროვნული საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების, ტექნიკური მხარდაჭერის, ადვოკატირებისა და მტკიცებულებების მოპოვების წყალობით. შედეგად, სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის მაჩვენებელი 2022 წელს გაიზარდა, 2011 წელს არსებული 46 პროცენტიდან, 72 პროცენტამდე.
ბავშვები სარგებლობენ ზოგადი განათლების უკეთესი ხარისხით და ინკლუზიურობით, გაუმჯობესებული სასწავლო პროგრამების, მასწავლებლის გაზრდილი კომპეტენციების, ციფრული რესურსების დანერგვისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების წყალობით.
ბავშვთა სიღარიბე, 2004 წელს არსებული 37,7 პროცენტიდან, 2022 წელს 20,4 პროცენტამდე შემცირდა. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გადაისინჯა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა და შემოიღეს ბავშვის ფულადი დახმარება, რომელიც თანდათან იზრდება. მიუხედავად ამისა, ბავშვები კვლავ რჩებიან ყველაზე ღარიბ სოციალური ჯგუფად საქართველოში.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმის წყალობით, ბავშვები, დიდი ზომის ინსტიტუციებიდან, ოჯახურ გარემოსთან დაახლოებულ მზრუნველობაში გადავიდნენ. საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ოჯახისგან განცალკევების პრევენციის გასაძლიერებლად, ბავშვის და ოჯახის მხარდაჭერის მრავალფეროვანი მომსახურებების დანერგვისა და ალტერნატიული ზრუნვის შემდგომი გაძლიერებისათვის.
გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი შეუწყო სხვადასხვა სისტემაში (ბავშვთა კეთილდღეობა და დაცვა, მართლმსაჯულება, განათლება) სოციალური მუშაკის პროფესიის დანერგვასა და განვითარებას და სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. სოციალური მუშაკების შემდგომი გაძლიერება, მათ შორის, სოციალური სამუშაოს განვითარება მუნიციპალურ დონეზე, გაეროს ბავშვთა ფონდისთვის პრიორიტეტულია.
ნაკლები ბავშვი ხდება ძალადობის მსხვერპლი. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაძლიერდა კანონმდებლობა, პრევენცია, ძალადობის იდენტიფიცირებისა და რეაგირების მექანიზმები.
მსოფლიოს ბავშვთა დღე არის გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური თარიღი, რომელიც მოუწოდებს კონკრეტული ქმედებისკენ ბავშვებისთვის, ბავშვების მონაწილეობით. ეს დღე, ყოველწლიურად, 20 ნოემბერს აღინიშნება, ემთხვევა ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების წლისთავს და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და რესურსების მობილიზაციას მილიონობით ბავშვისთვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ თავიანთი უფლებებით. ამ დღეს ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დისკუსიისთვის, რომელიც მათ მომავალს ეხება.