კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი, სკოლა-ლაბის პროგრამა „სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით, ახორციელებს ინიციატივას „სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რესრსები იხილოთ ⇒ ბმული).
ამ ინიციატივის ფარგლებში, 2022 წელს, შემუშავდა საბაზო საფეხურზე მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების პრაქტიკული სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. საკითხის პოპულარიზაციისა და სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიმდინარე წელს, სკოლა-ლაბის პროგრამამ, მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში, დააფინანსა 5 ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლებისა და მასწავლებლების პირდაპირ მხარდაჭერას ახორციელებს, სასწავლო პრაქტიკაში სოციოემოციური სწავლების კომპონენტის ინტეგრირების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მიდგომების გავრცელებას. პროექტები ხორციელდება ბაღდათის, ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალტეტებში და, ამ დროისთვის, ჩართულია 21 სკოლა, 102 მასწავლებელი და 1000-მდე მოსწავლე.
პროექტის ინიცირების წინაპირობა COVID-19 პანდემიის შედეგები გახდა, რომელიც საკმაოდ რთულად და მტკივნეულად აისახა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო განათლების სექტორზე. ოფიცილური მონაცემებით, COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წლის გაზაფხულიდან, სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტამ 180 ქვეყანაში 1.6 მილიარდზე მეტი მოსწავლე, მათ შორის უმრავლესობა – დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებიდან, სასწავლო პროცესს მიღმა დატოვა. ბუნებრივია, მსოფლიოს მსგავსად, საქართველოს განათლების სისტემამაც მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგები განიცადა (განათლების კოალიცია, 2021, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტი, 2022). ხარისხიან ტექნიკასა და ინტერნეტზე მისაწვდომობის პრობლემამ ათასობით მოსწავლე ხარისხიანი განათლების შესაძლებლობის გარეშე დატოვა. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადი განათლების სისტემის მიერ განხორციელებული ინტერვენციები ორიენტირებული იყო სასწავლო პროცესის შენარჩუნებაზე და ნაკლებად – სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფაზე, მაშინაც კი, თუ მოსწავლეებს ჰქონდათ ყველა პირობა დისტანციურ/ჰიბრიდულ სასწავლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფდა სასწავლო დანაკარგების პრევენციას ან შემცირებას. პანდემიის კუმულატიური ეფექტი, მოსალოდნელი აკადემიური და ეკონომიკური შედეგების გარდა, ნეგატიურად აისახა მოსწავლეების სოციალურ და ემოციურ განვითარებაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
საქართველოს კონტექსტში, მოსწავლეთა სოციალური და ემოციური უნარების მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზით, როგორც არსებული კვლევების, ასევე სასწავლო პროცესის მართვის მიმდინარეობაზე დაკვირვებით გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები: დეზინტეგრაცია, თვითეფექტურობა და დისციპლინის პრობლემები, სკოლის გაცდენის ზრდა, მათ შორის, პირისპირ სწავლების შესაძლებლობაზე უარის თქმა. როგორც განათლების კოალიციის (2021), ასევე პარლამენტის განათლების კომიტეტის (2022) თემატური მოკვლევის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პანდემიის ეფექტზე მოსწავლეების სოციალური და ემოციური უნარების განვითარების კუთხით – არა მხოლოდ აკადემიურ სასწავლო დანაკარგებზე, არამედ მოსწავლეების სოციალურ და ემოციურ მდგომარეობაზე. პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესის და ზოგადი სოციალური თუ ეკონომიკური წნეხის ფონზე, მოსწავლეთა სოციალური და ემოციური უნარები და სწავლის მოტივაცია შესუსტდა, რაც გამოიხატა მოსწავლეების სკოლისადმი დეზინტეგრაციასა და თვითეფექტურობის შემცირებაში (განათლების კოალიცია, 2021).
სწორედ ამის გათვალისწინებით, სკოლა-ლაბის პროგრამამ გადაწყვიტა, რემედიაციის ხელშეწყობის სტრატეგიად, მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა, რაც ასევე განმტკიცებული იყო გავლენიანი ორგანიზაციების მიერ ამ მიმართულებით გაცემული რეკომენდაციებით.
⇑⇓ და მაინც, რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლებში სოციალური და ემოციური სწავლების გაძლიერება და როგორ უწყობს ხელს აღნიშნული პროექტები ამ უნარების განვითარებას, როგორია ზოგადად სასკოლო საზოგადოების განწყობა და მიმღებლობა პროქტის მიმართ ან რა ძირითადი მიღწევები და გამოწვევები იკვეთება დანერგვის პროცესში? – ამ კითხვებით მივმართეთ უშუალოდ განმახორციელებლებს, პროექტის ხელმძღვანელებს, ექსპერტებს, მასწავლებლებს. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩვენი რესპონდენტები ძალიან საინტერესო გამოცდილებას გვიზიარებენ და ამბობენ, რომ ამ ძალიან საჭირო და დროული ინიციატივის შედეგები თვალსაჩინოა.
სამტრედიის მე-1 სკოლის პედაგოგი კახა გალდავა, პროექტის ფარგლებში, კონსულტაციას უწევს 3 სკოლის პედაგოგებს და მათ მიდგომების დანერგვაში ეხმარება. ექსპერტი-მასწავლებელი იზიარებს მოსაზრებას, რომ მოსწავლეთა სოციალურ-ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის დასრულების შემდეგ გახდა, რადგან კარჩაკეტილობამ გაართულა მათ შორის კომუნიკაცია და ემპათიის გრძნობა მინიმუმამდე დაიყვანა. „ამიტომ აუცილებელი გახდა, მოსწავლეების სოციალური და ემოციური კომპეტენციების გასაძლიერებლად, სხვადასხვა აქტივობა შეგვეტანა სკოლებში. შემოთავაზება, რომელიც მივიღე, პედაგოგთა კავშირის „განათლება და სამყარო“ გავლით, პროექტში საგნობრივი ექსპერტის ფუნქცია შემესრულებინა, ჩემთვის იმდენად საინტერესო იყო, ბევრი არ მიფიქრია. პროექტში იმერეთის სამი საჯარო სკოლა ჩაერთო – ქუთაისის №30, სამტრედიის №1 და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ფარცხანაყანევის.
ჩემი, როგორც საგნობრივი ექსპერტის, ფუნქცია იყო, სამიზნე სკოლების საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლების მომზადება პროექტის განსახორციელებლად. ამ მიზნით, ჩავატარეთ ორდღიანი ტრენინგ-კურსი ქუთაისში, სადაც პროექტში ჩართული მასწავლებლები გაეცნენ თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. თვეში ორჯერ, ონლაინ შეხვედრებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში, მასწავლებლები სამოქმედო გეგმის შედგენა/დახვეწაზე მუშაობდნენ, რომელიც მოსწავლეთა დიაგნოსტირების ანალიზის საფუძველზე იყო შედგენილი. სამიზნე კომპეტენციების – თვითცნობიერება, თვითრეგულაცია და ურთიერთობები – გააქტიურების მიზნით, სამოქმედო გეგმაში დეტალურად გავწერეთ მიზნები, ამოცანები და აქტივობები. დავაკვირდით გაკვეთილის პროცესს, სადაც სწორედ სოციალურ-ემოციური კომპეტენციების მხარდასაჭერად გამიზნული აქტივობები იყო დაგეგმილი. შედეგი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც. მათ ბევრი ისეთი საჭიროება აღმოაჩინეს, რომლის იდენტიფიცირება აქამდე შეუძლებელი იყო; მოსწავლეებმა სხვისი პერსპექტივიდან დაინახეს ამა თუ იმ ისტორიული პირის გადაწყვეტილება, მოვლენის მიმდინარეობის ობიექტურობა თუ გვერდაუქცევლობა.“
რაც შეეხება პროექტში მასწავლებელთა ჩართულობას, კახა გალდავა ამბობს, რომ ძალიან მაღალი იყო აქტიურობა: „არაერთმა სკოლამ და მასწავლებელმა გამოთქვა სურვილი და მზაობა, ჩართულიყო პროექტში. სწორედ ამიტომ, იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე სკოლაში, არაფორმალურ გარემოში, შევხვდი სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მიღებული გამოცდილება და პრაქტიკული აქტივობები გავუზიარე. ემპათიურობისა და ასერტულობის განვითარება მოსწავლეებში მასწავლებლის მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს. ვფიქრობ, ყველა თანაბრად ვერ ისწავლის სხვადასხვა საგანს და მეცნიერებას, მაგრამ ყველა შეიძლება ვაქციოთ სრულფასოვან ადამიანად, მოქალაქედ, რომელსაც სხვისი საჭიროების, ემოციის გაზიარება/გააზრებით დავანახებთ რაოდენ მნიშვნელოვანია იგრძნო, გამოხატო და დააფასო როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ემოციები.“
ნათია ფურცელაძე: „როგორც იცით, მომზადდა სახელმღვანელო „სოციალური ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა საბაზო საფეხურზე“. თუმცა, ვიდრე საბოლოო ფორმას მიიღებდა, შეიკრა თანაშექმნის გუნდი, რომელიც პროგრამის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაზე მუშაობდა. მეც ვიყავი ამ თანაშექმნის გუნდის წევრი. ზოგადად, სოციალურ-ემოციური კომპეტენციები და მსგავსი მიდგომა ჩემი პედაგოგიკის ძირითადი მიმართულებაა, ამიტომ სახელმძღავნელოს მომზადების შემდეგ, როგორც კი სითისიმ და სკოლა-ლაბმა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საპროექტო იდეების კონკურსი გამოაცხადა, ჩემი იდეა შევიტანე, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ჩემ მიერ დაარსებული ორგანიზაციის „წიგნიერი“ სახელით. „წიგნიერის“ საპროექტო იდეამ მათი მხარდაჭერა მოიპოვა და, ფაქტობრივად, პროექტში ჩავერთე როგორც იდეის ავტორი, პროექტის ექსპერტი და ქართულიენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ამის შემდეგ, პროექტის ფარგლებში, ჩვენ გადავმზადდით, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად და მე 8 ტრენინგი ჩავატარე. პროექტში ჩაერთო ბაღდათის 4 სკოლა – ბაღდათის №1, № 2, სოფელ დიმის №1 და ხანის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის 10 მასწავლებელი.
გვყავს მოწვეული ექსპერტი მაია მენაბდე, რადგან, პროექტის ფარგლებში, მონაწილე მასწავლებლებს სწორედ ჩვენ მიერ შექმნილი სახელმძღვანელო უნდა დაემუშავებინათ და განესაზღვრათ როგორ განავითარებდნენ მოსწავლეებში სამ კომპეტენციას – თვითცნობიერება, თვითრეგულაცია, ურთიერთობები. ამ სახელმძღვანელოში დეტალურადაა გაწერილი მეთოდიკა, მასწავლებლებს უზიარებს ცოდნას, მზა კითხვარია, რომლის მიხედვითაც შეუძლია ჩაატაროს გაკვეთილი მოსწავლეებთან, შემდეგ გამოიკვეთება საჭიროება, რომელი მიმართულებით, რა კომპეტენციის განვითარების აუცილებლობაა ყველაზე მეტად კლასში, რა მეთოდებით და აქტივობებით უნდა შეუწყოს მათ განვითარებას ხელი.
ამის გარდა, მაია მენაბდესთან ერთად, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილისთვის შევქმენი რამდენიმე რესურსი – აქტივობების გეგმა, თვითონ გაკვეთილის გეგმა და ა.შ. მაგალითად, როგორ შეიძლება ასწავლო და დაამუშავებინო მოსწავლე ესა თუ ის ტექსტი ისე, რომ აღნიშნული კომპეტენციებისა და უნარების განვითარებას შეუწყო ხელი. ორთვიანი გადამზადების პროცესში (8 ტრენინგი ჩავატარე), თავდაპირველად, ამ სახელმძღვანელოს დამუშავება დავიწყეთ. როგორც გითხარით, თავიდან ჩართულები იყვნენ ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, შემდეგ მარტო ვუძღვებოდი ტრენინგებს. საბოლოო შეხვედრაზეც ისევ ერთად შევიკირიბეთ და ყველაფერი შევაჯამეთ. სექტემბრიდან კი, მასწავლებლებმა სკოლაში დანერგვა დაიწყეს. ახლა სწორედ ამ პროცესში ვართ. მას შემდეგ, რაც მასწავლებლები პროგრამით გათვალისწინებულ გაკვეთილებს ჩაატარებენ, თვის ბოლოს, შევაჯამებთ ჩვენ მუშაობას.
ჩემი პროექტი უშუალოდ ქართულს მიემართება, რადგან მე თვითონ ქართულის მასწავლებელი ვარ, მსგავსი გამოცდილება მქონდა და სწორედ ამ გამოცდილებით შევქმენი მოდული – პირობითად, როგორ შეიძლება, გარდა მხატვრული ანალიზისა, მოსწავლე ამუშაო ტექსტზე ისე, რომ ისწავლოს და გაიძლიეროს საკუთარ თავში, მაგალითად, თვითდისციპლინა, მიზნის დასახვის უნარი ან შეძლოს ემოციების იდენტიფიცირება, ამოცნობა (დღევანდელ საზოგადოებაში ამის სიმწირე ნამდვილად გვაქვს), თვითრეგულაცია და ა.შ. აი, ეს ჩავაშენეთ ქართულის სწავლა-სწავლებაში. გვინდა, განვავითაროთ ან გავაუმჯობესოთ ბავშვებში ეს უნარები.
ამ უნარების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას არაერთი საერთაშორისო კველვაც ადასტურებს. მეტიც, სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარება პირდაპირ უკავშირდება წარმატების ფორმულას. ჩვენს სახელმძღვანელოშიც სწორედ ამაზეა საუბარი. რეალურად, ამ კომპეტენციების განვითარებით, გაცილებით უადვილდებათ ადამიანებს დასაქმება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მიზნის მიღწევა… სკოლის მიზანიც ხომ ჰოლისტური მიდგომაა, აკადემიური უნარების გარდა, მოსწავლეებში მსგავსი კომპეტენციების განვითარება. ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაც სწორედ ამას მოითხოვს.
რაც შეეხება მასწავლებლების მხრიდან ინტერესს, პირველ რიგში, არსებობს ამის საჭიროება, რადგან თანამედროვე პედაგოგიკა ამის გარშე წარმოუდგენელია. ვერაფრით ვერ აუვლის გვერდს მასწავლებელი, რომ გაკვეთილზე ამ კომპეტენციებზე არ იმუშაოს. როგორ შეიძლება, მაგალითად, მოსწავლეს არ დავეხმაროთ ურთიერთობებში? განსაკუთრებით, პანდემიის მერე, როცა ამდენი დანაკარგი იყო ონლაინ გაკვეთილების ჩატარების შემდეგ. ამიტომაც გაჩნდა ამ მიმართულებით დიდი საჭიროება. ერთი წლის წინ დავბრუნდი ბაღდათში და ძალიან მინდოდა, გამომეხატა რეგიონის სკოლებისთვის მხარდაჭერა. როგორც კი ეს ინფორმაცია გავუზიარე კოლეგებს, მათგან მაშინვე დიდი ინტერესი წამოვიდა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, 10 მასწავლებლის და მათი მოსწავლეების ჩართვა აღმოჩნდა შესაძლებელი. ძალიან მინდა, პროექტი მდგრადი გახდეს და არ შეწყდეს. ჩემ ირგვლივ ბევრი კოლეგაა დაინტერსებული და ამიტომ ვგეგმავ საინფორმაციო შეხვედრებს. პროგრამა და სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ნებისმიერი დაინტერესეული მასწავლებლისთვის ხელმისწავდომია, შეუძლიათ თვითმართული კურსი გაიარონ და მოისმინონ ყველა თემა, მცირე ვიდეოლექციების საშუალებით. ლექციას ერთგვარი კითხვარიც ახლავს, ეტაპობრივად ისმენ და თან კითხვარს ავსებ. ბუნებრივია, განსაზღვრულია ისიც, თუ რა შემთხვევაში ჩაგეთვლება თვითმართული კურსის წარმატებით გავლა, რომლის დასრულების შემდეგ ელექტრონულ სერტიფკატსაც მიიღებ. შინაგან მოტივაციაზეცაა დამოკიდებული, ანუ რამდენად აცნობიერებს მასწავლებელი ამის საჭიროებას. ჩემი პროექტი იმასაც ითვალისწინებს, რომ ჩართული მასწავლებლები სამუშაო შეხვედრებს ატარებენ კოლეგებთან, მათთან, ვინც ამავე კლასს ასწავლის სხავადსხვა საგნს. რამდენიმე სამუშაო შეხვედრას მეც დავესწარი და ვნახე რამდენად დიდია მათი ინტერესი, განსაკუთრებით დამრიგებლები გვთხოვდნენ, გაგვეზიარებინა მათთვის სახელმძღვანელო და თვიმმართულ კურსში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. ბუნებრივია იმისთვის, რომ მოსწავლეებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპეტენციები განვუვითაროთ, პირველ რიგში, ჩვენ, მასწავლებლებლებმა, უნდა გამოვიმუშაოთ, ამიტომ, ვფიქრობ, ჩემი რესურსი რასაც გასწვდება, პროექტის დასრულების შემდეგაც არ გავჩერდები და არა მხოლოდ ბაღდათის სკოლების მასწავლებლებს, არამედ ვეცდები, ქვეყნის მასტაბით, გავუზიარო კოლეგებს ჩემი გამოცდილება. ამის შესაძლებლობას ონლაინ ტრენინგები იძლევა. ვინც დაინტერესდება, სიხარულით გავაკეთებ ამას.“
სოფო ძიგრაშვილი: „ქუთაისის №33 საჯარო სკოლაში, 2023 წლის აპრილის თვიდან, დავიწყეთ სოციალური და ემოციური განთალების დანერგვა უნივერსალურ დონეზე, რაც გულისხმობს ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული პრაქტიკებისა და სტრატეგიების გამოყენებას სოციალური და ემოციური უნარების მხარდასაჭერად. თავდაპირველად, ჩვენს მიზანს წარმოადგენა სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა საბაზო საფეხურზე, კერძოდ მე-7 კლასში. თუმცა, სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით, აღნიშნული მიმართულება ყველა საფეხურის, 2024-2025 წლის, სასკოლო სასწავლო და კათედრების სამოქმედო გეგმებში აისახა, ასევე, სადამრიგებლო პროგრამებში.
როგორ დავიწყეთ? განხორციელდა ქუთაისის №33 საჯარო სკოლის მასწავლებელთა გადამზადება როგორც პირისპირ ფორმატში, ტრენინგ-სემინარების გამოყენებით, ასევე ონლაინ კურსის დამხარებით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, პედაგოგებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ შესაბამისი სერტიფიკატი. ამის შემდეგ, მასწავლებლებმა, თვითშეფასების კითხვარების გამოყენებით, საკუთარ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება დაიწყეს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები, განსაზღვრეს კომპეტენციები, რომელთა განვითარებაც იყო მოსწავლეებში სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერის წინაპირობა.
ეს მარტივი პროცესი არ ყოფილა. მასწვალებელს თავად უნდა ერწმუნა სოციალური და ემოციური განათლების უპირატესობა, ესწავლა და საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას გამოეყენებინა ის მეთოდები და სტრატეგიები, რომელთა დახმარებით, მოსწავლე თავს აღიქვამდა დამოუკიდებელ, აქტიურ და სასწავლო პროცესის სრულუფლებიან მონაწილედ. მასწავლებელი, მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით, შეცვლიდა გაკვეთილის მიმდინარეობას და საკუთარი მაგალითით მოახდენდა იმ ქცევების მოდელირებას, რომელსაც მოსწავლისგან მოელოდა. რაც მთავარია, ამ მიდგომებს გამოიყენებდა ყველა პედაგოგი, საგნის თემატიკის შენარჩუნებით, საგნის სწავლების პარალელურად.
ნაბიჯ-ნაბიჯ, დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად, გაჩნდა საკლასო მოწყობის სხვადასხვა მოდელი – „საკლასო შეთანხმებები“, „გრძნობების თერმომეტრი“, „ემოციების ბორბალი“, „კონფლიქტის ესკალატორი“, „მოსაზრებების ყუთი“. დაინერგა „მე შეტყობინების“ პრაქტიკა, მოსწავლეების ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მასწავლებლის რეფლექსიის ინსტრუმენტები, გააქტიურდა ჯგუფური და წყვილში მუშაობის მეთოდი, დისკუსია, საგაკვეთილო პროცესი წარიმართა უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპის გამოყენებით.
პარალერულად, დავიწყეთ შეხვედრები მშობლებთან. გავაცანით მიმდინარე პროცესები, ვესაუბრეთ სოციალური და ემოციური განათლების მნიშვნელობაზე, პოზიტიური მშობლობის არსზე, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გადაჭრის გზებზე.
მოცემულ ეტაპზე, ვვითარდებით, ვნერგავთ ახალ სტრატეგიებსა და მეთოდებს, ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესებს – რამდენად მნიშვნელოვანი და შედეგზე ორიენტირებულია ის, რასაც ვაკეთებთ – ამაზე პასუხს მოსწავლეებისგან ვიღებთ. ძალიან გვიხარია,როდესაც ისინი მასწავლებლებს უზიარებენ საკუთარ ემოციებს, უყვებიან პრობლემებსა და განცდილ სიხარულზე. გულწრფელად ამბობენ, რომ გაკვეთილები უფრო საინტერესო გახდა, გაეზარდათ მოტივაცია, რამაც აკადემიური უნარების გაუმჯობესება გამოიწვია. უფრო დამეგობრდნენ, უხარიათ სკოლაში მოსვლა, რადგან პედაგოგები მათი აზრით, დამოკიდებულებით ინტერესდებიან. ისწავლეს როგორ მოაგვარონ პრობლემა „ჩხუბის გარეშე“, რომ მიზნის მისაღწევად გონივრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და რომ სკოლა ძალიან კარგია.
ვფიქრობთ, სკოლა ის ადგილი უნდა იყოს, სადაც მოსწავლე, ხარისხიანი განათლების მიღებასთან ერთად, შეიძენს ფუნქციურ უნარებს, რაც დაეხმარება თვითცნობიერების, თვითრეგულაციისა და ურთიერთობის კომპეტენციების განვითარებაში. ამ პროცესში კი სოციალური და ემოციური განათლების როლი უმნიშვნელოვანესია“.
პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“, 2023 წლის აპრილიდან, ახორციელებს პროექტს „სკოლა სოციალური ცვლილებებისთვის“, რომლის მიზანია სწავლა-სწავლების პროცესში სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის მხარდაჭერა. პედაგოგთა კავშირის გამგეობის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი ნანული რამიშვილი გვიყვება, როგორ დანერგეს სკოლა-ლაბის მიერ შემუშავებული სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მოდელი და როგორ შეძლეს მისი პოპულარიზაცია იმერეთის რეგიონში შერჩეულ საჯაროსკოლებში – ქუთაისის №30, სამტრედიის №1 და წყალტუბო-ფარცხანაყანევის №2: „ჩვენთვის მნიშვნელოვნი იყო სკოლა-ლაბის მიერ შემუშავებული სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მოდელის ინტეგრირება ისტორიის საგაკვეთილო პროცესსა და კურიკულუმში, რათა მოსწავლეებს საგნის ათვისების კუთხით არსებული სირთულეების დაძლევაში დავხმარებოდით. პროექტის მიმდინარეობის დროს ნათლად ვხედავდით, როგორ იკვეთებოდა მე-7, მე-8, მე-9 კლასების მოსწავლეებში სოციალური და ემოციური კომპეტენციების დადებითი ეფექტი, რაც ნათლად ჩანდა აკადემიური მოსწრებისა და ქცევითი სირთულეების მაგალითზე. კერძოდ კი, განხორციელებულმა საგანმანათლებლო საქმიანობებმა და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მოდელის ინტეგრირებამ ისტორიის საგაკვეთილო პროცესში დაგვანახა, რომ:
♦ სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, როგორც აკადემიური მიმართულებით ცოდნის შეძენა. სოციალურ-ემოციური კომპეტენციების ფლობა ადამიანის პიროვნული განვითარების და განათლების პროცესის განუყოფელი ნაწილია.
♦ საგანმანათლებლო კონტექსტში, სოციალურ-ემოციური უნარების სწავლა ხელს უწყობს თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპების რეალიზებას, თანამშრომლობასა და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
პროექტში ჩართული მასწავლებლები არა მარტო პირდაპირი სწავლების გზით ცდილობენ მოსწავლეებში სოციოემოციური უნარების გაუმჯობესებას საგაკვეთილო პროცესში, არამედ თვითონ არიან ამ უნარების საუკეთესო როლური მოდელი მათთან ურთიერთობაში.
სოციალური და ემოციური სწავლა (SEL) იმ ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების შეძენის პროცესია, რომელიც ინდივიდს ჯანსაღი იდენტობის, ემოციური რეგულაციის, მიზნების მიღწევის, ემპათიის, კონსტრუქციული ურთიერთობებისა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენციების ჩამოყალიბებაში ეხმარება.“
რაც შეეხება პროექტის თვალსაჩინო შედეგებს, რომელიც მასწავლებლებსა და საგაკვეთილო პროცესზე აისახა, ნანული რამიშვილის აზრით, პროექტმა კიდევ უფრო მკაფიო გახადა, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სოციალურ და ემოციურ კომპეტენციებზე ფოკუსირება, ამ მიმართულებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, მიზანმიმართულად და სისტემატურად ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში. ქალბატონი ნანული ამბობს, რომ „მასწავლებლები ახლა უფრო თანმიმდევრულები არიან სხვადასხვა სტრატეგიების დანერგვაში. გაკვეთილის დაგეგმვის დროს მოსწავლეების ინტერესებსა და გამოცდილებებს ითვალისწინებენ, კლასში პოზიტიურ გარემოს ქმნიან, მოსწავლეებს აძლევენ საშუალებას, თვითონ შეაფასონ თავიანთი თავი და ერთმანეთის პასუხები თუ ნამუშევრები. მეტიც, მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მასწავლებლის უკუკავშირზე თავად შეასწორონ დაშვებული შეცდომები. ხშირად მართავენ დისკუსიებს საინტერესო და რელევანტურ თემებზე. გაკვეთილის თემებიდან გამომდინარე, ისეთ აქტივობებს გეგმავენ, რომლებიც დაეხმარებათ დაფიქრდნენ და გაითავისონ, წარმოიდგინონ თავი სხვადასხვა პერსონაჟის ადგილზე. ასეთი აქტივობების შედეგად, მათ უკეთ შეუძლიათ ამოიცნონ საკუთარი ემოციები და განცდები, ისწავლონ მათი მართვა და სოციალურად მისაღები წესით გამოვლინება.“
პროექტის მენეჯერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროექტმა მასწავლებლები საკუთარ უნარებზეც დააფიქრა. მათ მკაფიოდ დაინახეს როგორც საკუთარი ძლიერი მხარეები, ისე ის საჭიროებები, რაზეც მეტი აქვთ სამუშაო.
Ctc-ის სკოლა-ლაბის პროგრამის კოორდინატორი მერი ქადაგიძე ამბობს, რომ სოციალურ-ემოციური სწავლების პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება: „Ctc-ის სკოლა-ლაბის პროგრამა, უკვე მეხუთე წელია, ცდილობს ზოგადი განათლების სექტორში ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელების მხარდაჭერას. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი სათემო, პროფესიული ორგანიზაციებისა და ასოციაციების მხარდაჭერა. სოციალური და ემოციური სწავლების და უფრო ფართოდ მოსწავლის მხარდამჭერი სერვისებისა და მიდგომების განვითარებას, სხვა საგანმანათლებლო კომპონენტებთან ერთად, სკოლა-ლაბი 2024 წელსაც განაგრძობს და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვან ინიციატივებს შესთავაზებს როგორც სკოლის, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე.“
ლალი ჯელაძე
#ასწავლეემპათიით
სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარებისთვის სკოლა-ლაბმა კიდევ ერთი აქტივობა წამოიწყო – სოციალური მედიაკამპანია „ასწავლე ემპათიით“, რომელიც 15 ნოემბრამდე გრძელდება.
დამატებითი ინფორმაცია ბმულზე
მსურველებმა, გამოწვევაში ჩასართავად, უნდა გადაიღოთ 30წმ-იანი ვიდეო (ვიდეოს გადაღება დასაშვებია ნებისმიერი მოწყობილობით) თემაზე: თქვენი აზრით, რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი ემპათიაზე დაფუძნებული სწავლება? ატვირთოთ საკუთარ facebook გვერდზე და გამოიწვიოთ, მინიმუმ, 2 მასწავლებელი.
ატვირთვისას აუცილებლად მონიშნეთ კონსულტაციისა და ტრენინგ ცენტრი (CTC) და ჰაშთაგი #ასწავლეემპათიით