მარინე ჯინჭარაძე
სსიპ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის №23 საჯარო სკოლის სპორტის წამყვანი პედაგოგი
წინსვლაზე და წარმატებაზე ფიქრი გვიანი არასდროსაა, მუდმივად ვეძებ სიახლეებს და დიდი ენთუზიაზმით ვერთვები ახალ საქმიანობებში. როდესაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცხადებული სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების შესახებ შევიტყვე, ეს გამოწვევად მივიღე. ბევრი აღარ მიფიქრია. გადავწყვიტე მესინჯა, მეცადა.
ჩანაფიქრი კოლეგებს გავუმხილე – სპორტის წამყვან და უფროს პედაგოგებს – სვეტლანა მარტიროსიანს და ანი ელოშვილს. ისინიც დაინტერესდნენ, მხარი ამიბეს და სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ კურსებზე და თავიანთი გამოცდილება და ცოდნა სწორედ სპორტის მენეჯმენტის საკითხებში გაეფართოვებინათ.
გადაწყვეტილება მიღებულია. სეოკ-მა გაითვალისწინა ჩვენი ინტერესი და სკოლის პედაგოგებს პირველად მოგვცა შესაძლებლობა გამოგვეყენებინა შანსი. ეს ოლიმპიური კომიტეტისთვისაც გამოწვევა იყო. სპორტის პედაგოგებს ამგვარ კურსებზე მონაწილეობა არასდროს მიუღიათ.
რამდენიმე წელია საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით, ტარდება სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები.
2023 წლის 21 აპრილს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, რიგით მე-9 კურსები ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავდა სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებული სპეციალისტების, მწვრთნელებისა და მოხალისეების კვალიფიკაციის ამაღლებას ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის ძირითად საკითხებზე. მენეჯმენტის კურსების მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამით გათვალისწინებულ 6 თემაზე, კერძოდ, ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართვა, მარკეტინგი და მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება. სპორტის მენეჯმენტის უმაღლეს კურსებს უძღვებოდნენ სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, კურატორები და მოწვეული ექსპერტები. პროგრამით გათვალისწინებული თემების თეორიული ნაწილის დაფარვის შემდეგ, სპორტის მენეჯმენტის კურსების მონაწილეებმა, ინდივიდუალური პრეზენტაციები წარვადგინეთ პროგრამის ფარგლებში განვლილ თემებზე.
მე, სვეტლანამ და ანიმ წარმატებით გავიარეთ აღნიშნული კურსის ექვსივე მოდული და, შესაბამისად, მოვხვდით წარმატებულ კურსდამთავრებულთა სიაში.
31 ოქტომბერს, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში, გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტის მენეჯმენტის კურსების წარმატებულ კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია. სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტული ორგანიზაციის 21 წარმომადგენელს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დიპლომები გადასცა, ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ამ შესაძლებლობისთვის, რომ წარმატებით გაგვევლო სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები. მივიღეთ დიდი გამოცდილება, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ტრადიციულად, მომავალშიც აქტიურად განახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას.