27 აპრილი, შაბათი, 2024

რა ცვლილებას გეგმავს სამინისტრო პრიორიტეტული პროგრამების მიმართულებით

spot_img

7 ნოემბერს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა. ანგარიში პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებს მოიცავდა.

უმაღლესი განათლების მიმართულებაზე საუბრისას ნოდარ პაპუკაშვილმა ყურადღება გაამახვილა სტუდენტების მხარდამჭერ ფინანსურ და სოციალურ პროგრამებზე. მისი თქმით, გაიზარდა როგორც წარჩინებულ სტუდენტთათვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა, ასევე სახელმწიფო სტიპენდიის ბენეფიციართა რაოდენობა.

მინისტრის მოადგილემ ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის დავალიანების სრულად განულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 30 000-მდე სტუდენტს გაუნულდა დავალიანება და, ჯამში, ამ თანხამ 40 მლნ ლარამდე შეადგინა. ნოდარ პაპუკაშვილმა სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.

„სტუდენტი, პრიორიტეტული პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება პროგრამით გათვალისწინებული, არანაკლებ, 45 კრედიტი,“ – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

მან უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის საკითხიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ საქართველო, ესპანეთის სამეფოსთან ერთად, ბოლონიის პროცესის თანათავმჯდომარე ქვეყანაა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და სრულიად განსხვავებული მიდგომა ჩამოაყალიბა. ამის მიზეზად კი, წლების განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი შედეგები დაასახელა. „სახელმწიფო, ყოველწლიურად, ძალიან მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავდა ამ მიმართულებით იმ მიზნით, რომ მიეღო იმ პროფესიის ადამიანი, რომლის დეფიციტია ქვეყანაში, ანუ რომელიც მას ესაჭიროება. ყველა კვლევისა თუ მონაცემის მიხედვით, რაც აქამდე შევისწავლეთ, დაახლოებით, 60% იყო აცდენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩარიცხული სტუდენტები ვერ ამთავრებდნენ უმაღლეს სასწავლებელს, ვერ გადიოდნენ ბოლოში. რა თქმა უნდა, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და შესაბამისად დავადგინეთ, პრიორიტეტული პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული იქნება პროგრამით გათვალისწინებული, არანაკლებ, 45 კრედიტი. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ ზოგადად უნდა გადაიხედოს პრიორიტეტული პროგრამები მომავალში, ანუ რომელი პროგრამა დარჩეს ჩამონათვალში. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რამდენიმე დღის წინაც გვქონდა გასვლითი რექტორთა საბჭო თელავის უნივერსიტეტში და დღის წესრიგში ეს საკითხიც გვქონდა. მიგვაჩნია, რომ დღეს პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალში ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც პრიორიტეტული არ უნდა იყოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. სექტემბერში ეს ცალკე მსჯელობის საკითხად იქცევა, გადაწყვეტილებას ისე მივიღბთ, რომ არ დაზარალდეს სტუდენტი, რომელიც მომავალში ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხება.

მეორე, უმნიშვნელოვანეს საკითხად ნოდარ პაპუკაშვილმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი დაასახელა და განაცხადა, რომ, ფაქტობრივად,უკვე  დადგენილია ძირითადი კრიტერიუმები. „მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, უმაღლესების ხელმძღვანელებს, პროექტთან ერთად, ჩვენი ხედვები გავაცანით. რეალურად, ეს იქნება გარდატეხა უმაღლესი განათლების შემდგომ განვითარებაში. ვფიქრობთ, ალბათ, 2025-2026 სასწავლო წლიდან შევძლებთ ამ მოდელის დანერგვას. ცხადია, ეს ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ამიტომ, შესაძლებელია, მთლიანი კომპნენტის ფარგლებში, გარკვეული სესხის რესტრუქტურიზაციისთვისაც მივმართოთ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს,“ – აღნიშნა ნოდარ პაპუკაშილმა.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, მომხსენებლის თქმით, ამ მიმართულებით, 2023 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამურმა ოდენობამ 124 მლნ ლარი შეადგინა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2023 წელს, მიღება 17 000-ზე მეტ ადგილზე გამოცხადდა და 13 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. მისივე თქმით, ხელმისაწვდომია პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 450-ზე მეტი პროგრამა. ნოდარ პაპუკაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროფესიულ განათლებაში ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ, პროექტებზე. პროფესიული განათლების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრის ინიციატივით, კერძო სექტორისთვის შეთავაზებული პრიორიტეტული სექტორებია: ჯანდაცვა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა.

ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ პროფესიული განათლების მიმართულებით, ეს არის პროფესიული განათლების ზოგადი განათლების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირება. ანუ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პროფესიული განათლების კომპონენტის შემოტანა, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პროფესიული განათლების საბაზო საფეხურზე პოპულარიზაციაზე.

მინისტრის მოადგილემ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორის სტანდარტზე და ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც ისაუბრა.

სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა. გივი მიქანაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტი, ქვეყნის მასშტაბით, კერძო და საჯარო უნივერსიტეტებში, იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს.

გვაქვს მოლოდინი, რომ 2024 წელს, საშუალოდ, 5 000 ახალგაზრდა მივიღოთ საჯარო სექტორში სტაჟირებაზე. აღნიშნული ახალი კადრების მოზიდვისა და მათი დახელოვნებისთვის, ასევე, საჯარო სექტორში ახალი სიცოცხლის შემოტანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – განაცხადა გივი მიქანაძე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები