ტოლინ ალჰარისი
ევროპის უნივერსიტეტის იორდანიელი სტუდენტი
♦ ტოლინ, გაგვეცანი… გვიამბე შენზე…
◊ მე ვარ ტოლინ ალჰარისი, იორდანიის სამეფოდან. საქართველოში, უმაღლესი განათლების მისაღებად, 4 წლის წინ ჩამოვედი. ვსწავლობ ევროპის უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსზე.
♦ რა შეგიძლია მიამბო იორდანიის სკოლაში გატარებულ წლებზე, როგორია თქვენი სასკოლო განათლება, მოსწავლეობის პერიოდი, ურთიერთდამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, რამდენად დიდი ადგილი უჭირავს მშობლების ჩართულობას სასკოლო განათლებაში?
◊ იორდანიაში, ჩემს მშობლიურ ქალაქ ამანში, Al-qimmah (ალ-ქიმა) სკოლაში დავდიოდი, ჩავირიცხე ამერიკულ პროგრამაზე (SAT), წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. მყავდა ძალიან კარგი პედაგოგები, რომლებიც ცდილობდნენ, მაქსიმალური განათლება მიეცათ თითოეული მოსწავლისთვის. მათი მიზანი სკოლაში ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა იყო, რაც მნიშვნელოვნად აისახა ჩვენი განათლების დონეზე. სკოლა, მოსწავლეების შესახებ, ყოველდღიურ სიახლეს აწვდის მშობლებს, მიაჩნიათ, რომ მშობელთა ჩართულობა და სახლში მიღებული განათლება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც განათლების მიღება საგანმანათლებლო სივრცეში.
♦ გარდა იმისა, რომ საქართველო იორდანიელებისთვის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, უკანასკნელ წლებში, საგრძნობლად გაიზარდა საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი იორდანიელი ახალგაზრდების რიცხვი. როგორ ფიქრობ, რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული გარემოება ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას?
◊ მოხარული ვარ, რომ საქართველო გულთბილად იღებს და ესალმება იორდანიელ სტუდენტებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში უნივერსიტეტები უმაღლესი დონისაა და თავად ქვეყანა ძალიან უსაფრთხოა 18 წლამდე და უფროსი ასაკის სტუდენტებისთვის, მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად თავისუფლად ცხოვრება უცხო ქვეყანაში. რა თქმა უნდა, აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის დამეგობრებას, ასევე, მეტი ქართველი ესტუმრება იორდანიის ტურისტულ ადგილებს და დატკბება ახლო აღმოსავლეთის სილამაზითა და სტუმართმოყვარეობით.
♦ რატომ გადაწყვიტე უმაღლესი განათლების მიღება უცხოეთში – საქართველოში და რა ფაქტორებმა იქონია გავლენა პროფესიის არჩევაზე?
◊ მრავალი კვლევის შემდეგ, სხვადასხვა წყაროდან დავადგინე, რომ საქართველო ყველაზე კომფორტული ქვეყანაა სტუდენტებისთვის. ხარისხიანი განათლების გარდა, ჩვენთვის, ფინანსურად, საკმაოდ ხელმისაწვდომია საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება. რაც მთავარია, ქართველი ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია უცხოელი სტუდენტების მიმართ მთელი მსოფლიოდან.
სტომატოლოგის პროფესიაზე არჩევანი თავად გავაკეთე და ამ არჩევანს არ ვნანობ. მე ყველა აბიტურიენტს ვურჩევ, აუცილებლად განიხილონ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა.
♦ რა შეგიძლია მიამბო ქართული საუნივერსიტეტო განათლების შესახებ, შენი უნივერსიტეტის მაგალითზე, რამდენად კმაყოფილი ხარ? რა მოგწონს ყველაზე მეტად და რა არ მოგწონს?
◊ ჩემი უნივერსიტეტით და არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს სასწავლებელი, სხვებთან შედარებით, ახალი და თანამედროვეა, გვაწვდის ყველა საჭირო მასალას, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად. რაც ყველაზე მეტად მომწონს, არიან ექიმები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩემს განათლებაზე, კლინიკები, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენს უნივერსიტეტთან, ზრუნავენ თითოეული სტუდენტის განვითარებაზე.
♦ როგორი დამოკიდებულებაა საქართველოში უცხოელების მიმართ, რა გამოწვევების წინაშე დგანან უცხოელი სტუდენტები და რა ბარიერების გადალახვა უწევთ საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად?
◊ ქართველ ხალხს შევაფასებ, როგორც ყველაზე კეთილგანწყობილ და მეგობრულ მოქალაქეებს მსოფლიოში. არასდროს მქონია ნეგატიური შემთხვევა ადგილობრივ ადამიანებთან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩემი საყვარელი ხალხია. აშკარაა, რომ უცხოელის წინაშე ყველაზე რთული ბარიერი ენაა და მისი გადალახვა ადვილი არ არის, რადგან იორდანიაში ჩვენი მშობლიური ენა არაბულია და სკოლებში მხოლოდ ინგლისურსა და ფრანგულს ასწავლიან. ჩემთვის რთულია ქართული დამწერლობა და სიტყვების გამოთქმა. თუმცა, ყველაფერი დაძლევადია.
♦ როგორც ვიცი, ახლო აღმოსავლეთში, იორდანია ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანაა, დანაშაული თითქმის არ ხდება. ტომობრივი ტრადიციების დიდი გავლენის გამო, საკუთარ დასახლებებში, თავად იორდანიელები იცავენ წესრიგს. ასევე არ არის რელიგიათაშორის კონფლიქტები. რა შეგიძლია მიამბო შენი ქვეყნის – იორდანიის შაჰიმიდური სამეფოს შესახებ, რა არის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი, რაც თქვენს ქვეყანას გამოარჩევს?
◊ ჩემს ქვეყანაში მთავარი რელიგია ისლამია, ამიტომ მოქალაქეების უმეტესობა მიჰყვება ამ რელიგიის წეს-ჩვეულებებს, თუმცა, ამავე დროს, დიდი პატივისცემაა სხვა რელიგიების მიმართ, რომლებსაც საბავშვო ბაღიდან გვასწავლიდნენ. ყველაზე ღირებულია კავშირი და ერთიანობა ოჯახებსა და, ზოგადად, ადამიანებს შორის
♦ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რელიგიის გავლენა საზოგადოებაზე გაცილებით დიდია, ვიდრე, ვთქვათ, ევროპაში. იორდანიაში აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტი მუსლიმები არიან, ასევე არიან ქრისტიანი არაბებიც. როგორც ვიცი, შენ სუნიტი მუსლიმი ხარ. რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში რელიგიას და სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიურ გრძნობებს შორის?
◊ ჩემს რელიგიაში, როგორც სუნიტ მუსულმანში, არსებობს მკაცრი წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეზღუდულები ვართ თავისუფლების გამოხატვაში, ან ჩვენი უფლებებია შეზღუდული.
♦ მიამბე შენი ქვეყნის ტრადიციების შესახებ, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებაში. თუ გქონია პროტესტი ტრადიციების მიმართ? თუ კი, მაშინ როგორ უმკლავდები სათემო ტრადიციებსა და ადათებს? რა უპირატესობები და დადებითი მხარე აქვს მუსლიმ ქალად ყოფნას? რა არის მუსლიმი გოგონებისთვის ყველაზე რთული დასაძლევი და რას ურჩევ მათ?
◊ როგორც მუსლიმი ქალი, ვალდებული ვარ დავიცვა მთელი რიგი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი კულტურის სილამაზე, ჩვენი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ხელს არ უშლის არც ჩემს განათლებას და არც კარიერას, პირიქით, მე, როგორც ქალს, მაქვს ძლიერი მხარდაჭერა და პატივისცემა. ჩემი რჩევა ახალგაზრდა მუსლიმი გოგონებისადმი ასეთი იქნება – მთავარია, მოინდომონ და მათ შეუძლიათ მიაღწიონ დასახულ მიზნებს და აისრულონ დიდი ოცნებები.
♦ რომელია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული იორდანიაში, მიამბე ამ დღესასწაულის შესახებ.
◊ იორდანიაში ბევრ დღესასწაულს აღვნიშნავთ, მაგრამ მე პირადად ყველაზე მეტად მიყვარს ეიდ ალ ფითრი და ეიდ ალ ადჰა, იგივე „ბაირამობა“, მსხვერპლშეწირვის დღესასწაული. ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული ჩვენს რელიგიაში, როდესაც ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება და მასპინძლობენ ახლობლებსა და ღარიბ-ღატაკებს. გამოვხატავთ სითბოს და დიდ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ.
♦ როგორია ქართული სტუდენტური ცხოვრება, როგორ ატარებ თავისუფალ დროს, რამდენად მოგწონს ქართველი მეგობრები, როგორია სხვადასხვა კულტურის თანაცხოვრება? რა მოგწონს ან რა არ მოგწონს საქართველოში?
◊ როგორც საქართველოში მცხოვრები სტუდენტი, ძალიან მშვიდად ვარ, მაგრამ ხანდახან მარტოსულად ვგრძნობ თავს, რადგან მიჩვეული ვარ ოჯახურ გარემოს. ჩემი ქართველი მეგობრები პატივს სცემენ ჩემს კულტურას, ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ და ვუზიარებთ საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს. საქართველო ჩემი საყვარელი ქვეყანაა, თავისი ულამაზესი ბუნებით და წელიწადის უმეტესი ნაწილი – ცივი ამინდით.
♦ ტოლინ, რა არის ის, რასაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?
◊ უმაღლესი განათლების მისაღებად მე ავირჩიე ჩემთვის საყვარელი ადგილი. ასე რომ, ამ ქვეყანას, ჩემს უნივერსიტეტს და ქართველ ხალხს სამუდამოდ განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში.
♦ მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას, საქართველოში თუ სამშობლოში დაბრუნდები?
◊იმედი მაქვს, მომავალში, ჩემს პროფესიაში წარმატებას მივაღწევ. სამწუხაროდ, საქართველოში დარჩენას არ ვგეგმავ, მაგრამ აუცილებლად, ყოველწლიურად, ჩამოვალ თქვენს ქვეყანაში.