8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

წარმატებული მოსწავლე, მადლიერი მშობელი და რეალიზებული მასწავლებელი

spot_img

⇒ თბილისის დებატების სკოლა მოსწავლეებისთვის

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს მისაღებ კონკურსს. მოსწავლეებმა, ვისაც სურთ დაეუფლონ დებატების ტექნიკას და გახდნენ დებატების სკოლის წევრები, უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა https://forms.gle/RdwX14LtWQFPF2aCA ორგანიზაციის (GIDE) Facebook გვერდზე https://www.facebook.com/DebatesGeorgia

თბილისის დებატების სკოლაში მიიღებიან 12-17 წლის მოზარდები, რომლებსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობაში, კონკურსსა თუ ტურნირში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დებატების სკოლა ოქტომბრიდან დაიწყება, პირველი კურსი 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველკვირეულად, ჩატარდება ორსაათიანი მეცადინეობები, სადაც მოსწავლეები ფორმალური დებატების ტექნიკას შეისწავლიან და, სახალისო აქტივობებით, ისეთ უნარებს განივითარებენ, რომლებიც მათ აკადემიურ სწავლებაში შეუწყობს ხელს.

 

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა“, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის (IDEA) ერთადერთი წევრია საქართველოდან და 2009 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, 2020 წლიდან, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაიწყო პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომლის მიზანი იყო არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადამზადება და მათი სხვადასხვა დებატების აქტივობაში ჩართვა როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

 

GIDE-ის გამგეობის თავმჯდომარე თინათინ ცერცვაძე გვიყვება, რომ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რამდენიმეფაზიანი თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა სრულიად ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა. პირველ რიგში, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შეიქმნა და გაძლიერდა დებატების კლუბების ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით. კლუბები გაიხსნა საქართველოს ყველა რეგიონში, მაღალ-მთიან დასახლებებში, მცირეკონტინგენტიან სკოლებში და ა.შ. კლუბების გახსნის შანსი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მიეცა. საბოლოოდ კი, სამწლიანი პარტნიორობის შედეგად, პროექტის ფარგლებში, 60 აქტიური დებატების კლუბი ჩამოყალიბდა, ძალიან ყოჩაღი და მოტივირებული მოსწავლეების ჩართულობით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის შემდგომ, მართლაც ყველა სკოლას მიეცა დებატების კლუბის გახსნის შესაძლებლობა. სამინისტროს მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს სკოლებში, რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი კონკურსების შედეგად, სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, მიმდინარეობდა 20 მასწავლებლის შერჩევა და ინტენსიური გადამზადება, რის შემდეგაც იხსნებოდა დებატების კლუბები. მოსწავლეებისგანაც ჩანდა კლუბებში ჩართვის ძალიან დიდი ინტერესი და მართლაც, ყველაზე მოტივირებული მოსწავლეები ხდებოდნენ კლუბის წევრები,“ – ამბობს თინათინ ცერცვაძე.

რაც შეეხება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დაინტერესებას დებატების ქსელით, როგორც ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, მათთვის საინტერესო მრავალი ფაქტორის გამო გახდა. პირველი და მთავარი მაინც ისაა, რომ დებატების ქსელი ფოკუსირებულია არა მხოლოდ იმ მოსწავლეებზე, ვინც პროექტის მიმდინარეობისას შეძლებენ კლუბის საქმიანობაში თუ შესაბამის ტურნირებში ჩართვას, არამედ სკოლებში მოღვაწე მასწავლებლებზე, ვინც ამ ტექნიკის დაუფლებით შეძლებენ, მოიზიდონ კლუბში არაერთი მომდევნო თაობა და ამ ტექნიკას აზიარონ. უკვე მეოთხე წელია, პროექტი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით მიმდინარეობს და დებატების ტექნიკას, მოქმედთან ერთად, მომავალი პედაგოგისტუდენტებიც ეუფლებიან, რომლებიც ამ ცოდნას უკვე პრაქტიკაში, სკოლაში გამოიყენებენ. 2022 წლიდან, ფონდის მხარდაჭერით, დებატები, როგორც არჩევითი საგანი, საქართველოს არაერთ სკოლაში ინერგება. სწორედ ერთერთი მნიშვნელოვანი დეტალი, თუ რატომ ვამაყობთ ამ პროექტის მხარდაჭერით, ისიცაა, რომ ჩვენი ჩართულობითა და აქტიურობით, ფაქტობრივად, ვუბიძგეთ სხვა არაერთ ორგანიზაციასა და დონორს, ჩვენთან ერთად, დაეფინანსებინათ და მხარდაჭერა გამოეხატათ პროექტისთვის. დღეს სახეზეა ერთერთი წარმატებული და ხორცშესხმული იდეა, რომელიც მრავალ ორგანიზაციასა და ინსტიტუციას აერთიანებს და, წლიდან წლამდე, ზრდის არეალს და ტრანსფორმირდება, რათა რაც შეიძლება მეტმა პედაგოგმა და ახალგაზრდამ ისარგებლოს პროექტის სიკეთით,“ – აცხადებს ზურაბ კერვალიშვილი.

⇒ საინტერესოა, რა გავლენას ახდენს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დებატების ხელოვნების სწავლება?

თინათინ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ თანამედროვე კულტურაში კომუნიკაციის ფუნქცია იმდენად დამახინჯდა, რომ ისეთი ტიპის სწავლების საჭიროება, რომელსაც მათი პროგრამა ითვალისწინებს, საგრძნობლად გაიზარდა. მეტიც, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს ამ მიმართულების განვითარება, რომ საზოგადოებაში შესამჩნევი გახდეს ცვლილება.

„საზოგადოებაში რეალურ ცვლილებებს ხელს უშლის მეტი და მეტი ფაქტორი, რომელთან გამკლავებაც, ამ მასშტაბებით, უფრო და უფრო რთულდება – ამ მიმართულებით საზოგადოების მთლიანად შეცვლა სერიოზული გამოწვევაა – ამბობს თინათინი – თუმცა, უკვე მრავალი კვლევა დაგროვდა, რომელიც ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვან შედეგებზე გავდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელთა კომპონენტიც, თუ პედაგოგი არ იქნა სათანადოდ მომზადებული, თავისთავად ცხადია, ის მოსწავლეების სათანადოდ მომზადება/გადამზადებას ვერ შეძლებს, მით უფრო, როცა საქართველოზე ვსაუბრობთ. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩავრთოთ რეგიონებიც და თითქმის ყველა რეგიონშია ახლა შესაძლებელი დებატკლუბების გახსნა. დებატების კლუბის გახსნა სწორედ ამას გულისხმობს – მასწავლებლები გადავამზადოთ იმისთვის, რომ შემდეგ მათ მოსწავლეებს ასწავლონ დებატების ხელოვნება. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია და სერიოზული მუშაობა სჭირდება არა მხოლოდ ტრენინგების სახით, არამედ ინტენსიური ინდივიდუალური სახითაც, რომელიც ახლა, ხშირად, ქოუჩინგის სახელითაა ცნობილი და ჩვენ, უკვე მრავალი წელია, ამას ვაწარმოებთ სუპერვიზირების სახელწოდებით.“

⇒ სარგებელი მოსწავლეებისთვის

რა სარგებელი მოაქვს დებატების ხელოვნების სწავლებას მოსწავლეებისთვის, ამ კითხვაზე პროექტის ხელმძღვანელის პასუხი ერთმნიშვნელოვანია – დებატების ხელოვნების საშუალებით, მოსწავლეები ისეთ უნარებს ივითარებენ, რომლებიც გადამწყვეტია პიროვნული და ინტელექტუალური ზრდისთვის. ეს უნარები კი მოიცავს კონსტრუქციულ მსჯელობას, არგუმენტირებას, კვლევასა და ანალიზს, ორატორულ ხელოვნებას, გუნდურ მუშაობას, დროის მართვას, ოპონენტების პატივისცემასა და ბევრ სხვას.

„დღეს დებატები იმდენად განსხვავებულ ასოციაციას იწვევს ადამიანებში (ხშირად არასასიამოვნოსაც – დაკავშირებულია კამათთან, დაპირისპირებასთან, ბრძოლასთან, ხელჩართულთანაც კი), რომ განმარტებას ნამდვილად საჭიროებს; ვინაიდან, სინამდვილეში, ეს სრულიად განსხვავებული რამაა. ამიტომ, როგორც კი ჩვენ ვიწყებთ სწავლებას მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, ზრდასრულთა ჯგუფების, პირველ რიგში, ვეუბნებით: დაივიწყეთ ყველაფერი, რაც დებატებთან დაკავშირებით მოგდით თავში აზრად, ჩვენ სულ სხვა რამეს გასწავლით.

ეს პროგრამა, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, ასეთი სახით შეიქმნა ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც ჩვენ საქართველოში საფუძველი ჩავუყარეთ ამ ყველაფერს. მას შემდეგ, ზუსტად ამ მიმართულებით და მიზნით, ვითარდება. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დიდი პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით დავიწყეთ და დღემდე გრძელდება, მეოთხე ფაზა დავასრულეთ და მეხუთეზე გადავედით. ეს ძალიან კარგი თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ იცვლებიან ადამიანები ამ პროგრამაზე სწავლების შემდეგ. ყველა სიკეთესთან ერთად, პროექტმა ნამდვილად მოგვცა იმის შესაძლებლობა, ეს ცვლილებებიც გვეკვლია და გაგვეზომა. როგორც ფსიქოლოგს, თამამად შემიძლია გითხრათ (ჩემი სადოქტორო კვლევაც ამას უკავშირდება), რომ განსაკუთრებით სწრაფად შეიმჩნევა ცვლილებები მოზარდებში, ცხადია, პოზიტიურ ცვლილებებს ვგულისხმობ – მათი განვითარებისა და ისეთი უნარების ხელშეწყობას, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მასალების მოძიება, სწრაფი გადამუშავება, მცდარი და სწორი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა, ანალიზი და გუნდური მუშაობა, ოპონენტის პატივისცემა, დროის მართვა… ეს მინიმალური ჩამონათვალია იმისა, რასაც, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ჩვენი პროგრამის სწავლებისას განავითარებს და შეიძენს მოსწავლე/ახალგაზრდა, რაც მთავარია, კარგ შედეგებსაც მიაღწევს. ოღონდ, ხაზგასმით ვამბობთ ხოლმე, რომ შედეგის მისაღწევად აუცილებელია ჩვენ მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამის სრულად გავლა. გარდა იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა ტიპის აქტივობები (რომელიც თითქოს ერთჯერადად გამოიყურება) გვაქვს – საჯარო დებატები და ტურნირები რეგიონულ, ნაციონალურ თუ საერთაშორისო დონეზე. მნიშვნელოვანია სისტემატური მეცადინეობები, რომლებიც ბავშვებისთვის ძალიან სახალისო, საინტერესო და მიმზიდველ ატმოსფეროში მიმდინარეობს. გარდამტეხი და უმნიშვნელოვანესია ხოლმე პირველი წელი, შემდეგ გრძელდება ორი ან სამწლიანი პროგრამები. ხშირად ვამბობთ, ჩვენთან მოსული ბევრი გვინახავს, მაგრამ წასული აღარავინ, იმიტომ, რომ შემდეგ სტუდენტობაშიც რჩებიან ჩვენთან, ბოლოს თანამშრომლებიც კი ხდებიან.“

დებატების სკოლისადმი გაზრდილი ინტერესისა და მიმართვიანობის გამო, მისაღებ მოსწავლეთა ასაკმა დაიწია და ახლა უკვე მეშვიდე კლასიდანაა შესაძლებელი მსურველების მიღება. პროგრამებიც ასაკის შესაბამისად მოერგო. როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის ერთადერთ სრულუფლებიან წევრებს საქართველოდან, სწავლების ხარისხის შესაბამის სტანდარტზე აქვთ სწორება. „ეს ფაქტორი კიდევ უფრო გვიმაღლებს იმ ხარისხს, რომელიც გვქონდა და ზურგსაც გვიმაგრებს“.

⇒ არის თუ არა დაუძლეველი შემთხვევები და იმედგაცრუება?

თინათინ ცერცვაძე ამბობს, რომ არც კი ახსენდება ასეთი ფაქტი, რადგან მაშინაც კი, როცა კონკრეტული მსმენელის შესახებ უფიქრიათ, რომ გაუჭირდებოდა პროგრამის დაძლევა ან შეუძლებელიც კი იქნებოდა, არ გამართლებულა. მეტიც, იხსენებს, რომ „პროგრამაში ჩართული იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებიც, მათ შორის, უსინათლო, შშმ პირები, ლოგონევროზის მქონე (მეტყველების შეფერხების მქონე) მოზარდებიც კი და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, როგორ შეძლეს მათ პროგრამის სრულფასოვნად გავლა. ამიტომ, როცა გვეკითხებიან (უმეტესად მშობლები მოგვმართავენ ამ კითხვით) როგორ მოემზადონ ან რა გააკეთონ იმისათვის, რომ წარმატებით გაიარონ გასაუბრების ეტაპი, ვპასუხობთ, რომ ძალიან მარტივადაა საქმე, ჩვენთვის მთავარია მხოლოდ მათი მოტივაცია და ინტერესი; და თუ ვხედავთ, რომ მოზარდს კარგად ესმის სად და რატომ მოდის, ეს საკმარისია. სწორედ ამისთვის ვატარებთ ღია კარის დღეებს და ვთხოვთ მშობლებს, ბავშვები აუცილებლად დაასწრონ, რომ რეალურად დაინახონ და ჩვენგან მოისმინონ რა არის დებატები, შემდეგ თავიანთი მოტივაცია და ინტერესები თანხვედრაში მოიყვანონ. მოსწავლე თუ მონდომებულია და მართლაც ხედავს, რომ აქ შეძენილი თუ განვითარებული უნარები დაეხმარება მას როგორც აკადემიურ წარმატებაში, ნებისმიერი გაკვეთილის მომზადებაში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუნდაც მშობლებთან ურთიერთობისას, მისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენთვის სხვა განსაკუთრებული პრიორიტეტი არ არსებობს დებატების სკოლაში მიღებისას, გარდა მათი მოტივაციისა.“

მოსწავლეთა წარმატებებზე საუბრისას, თინათინ ცერცვაძე ამბობს, რომ წინა ნაკადების ყველა ჯგუფი ერთმანეთზე უკეთესია; კვლევების გარდა, ამას მათი მიღწევების სტატისტიკაც ადასტურებს. მაგალითად, მონაცემები იმის შესახებ, რომ დებატკლუბის მოსწავლეების ძალიან დიდი ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში სრული დაფინანსებით ხვდება, ან თუნდაც, იმ ახალგაზრდების საერთაშორისო უნივერსიტეტების დადებითი შეფასებები, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრები არიან. წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორი საერთაშორისო ტურნირებსა და ფორუმებში მონაწილეობაცაა. ყოველწლიურად იგზავნებიან ქართული დებატების კლუბების საუკეთესო მოსწავლეები საერთაშორისო ტურნირებზე. წლევანდელი წელი კი, განსაკუთრებით იღბლიანი და წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ისრაელის და ესპანეთის გუნდების დამარცხება შეძლეს. „ეს კი, უდავოდ, დიდი წარმატებაა, – ამბობს თინათინი, – ვერც კი წარმოიდგენთ როგორი მიღწევაა – უცხო ენაზე ასეთ ტურნირში მონაწილეობა რა ცოდნასაც მოითხოვს, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ დებატების ხელოვნების ცოდნაზე. მინდა ისიც გითხრათ, რომ ჩვენს ორგანიზაციას საერთაშორისო სივრცეში ძალიან დიდი წონა აქვს, რაც ასევე ძალიან მახარებს. სტუმრად გვყავდა ერთ-ერთი უცხოელი პარტნიორი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში არა მხოლოდ იმისთვის ჩამოვდივართ, რომ ვასწავლოთ, არამედ, უკვე იმისთვისაც, რომ გარკვეული გამოცდილება და პროგრამები წავიღოთ.“

დებატების კლუბის მიღწევებს პროექტის წარმომადგენლები გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებასაც უკავშირებენ და „დებატების უკეთესი განათლებისთვის“ თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლასაც, რომლის ფარგლებშიც, ახალი პროგრამა შეიქმნა და, ქვეყნის მასშტაბით, 20 სკოლაში დებატების, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვა დაიწყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო როგორც მოსწავლეების განვითარებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებს აღნიშნული უნარების განვითარების შესაძლებლობა ამავე პროექტის ფარგლებში არსებულ დებატების კლუბებში ჰქონდათ, დებატების, როგორც არჩევითი საგნის, დანერგვამ კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა გააჩინა, რომ არაფორმალური განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო, – აცხადებს პროექტის წარმომადგენელი.

პროექტის მხარდამჭერი ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი მადლობას უხდის ორგანიზატორებს, თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარი რესურსი ჩადო ამ იდეის განხორციელებაში. მათი ძალისხმევა, შრომა და პროფესიონალიზმი რომ არა, დღეს ეს პროგრამა ასე წარმატებით ვერ იფუნქციონირებდა საქართველოს ყველა რეგიონში და ვერ მივიღებდით იმ შედეგებს, რაც პროექტმა ასე მოკლე დროში მოგვცა. ჩვენი გაწეული ინვესტიციის საზღაური კი გულანთებული და წარმატებული მოსწავლე, მადლიერი მშობელი და რეალიზებული მასწავლებელია. ყოველივე ეს კი ფონდისთვის მხოლოდ დამატებითი მოტივაციაა, დააფინანსოს მსგავსი ინიციატივები, მხარი დაუჭიროს სხვადასხვა ორგანიზაციებს, მეტი ძალისხმევა ჩადოს საგანმანათლებლო პროექტებში, რათა ისევ ერთად, ერთობლივი ძალებით, უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.“

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები