მაგული ჯინჭარაძე
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქობულეთისა და სოფ. აჭყვისთავის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი
ქიმია საბუნებისმეტყველო საგანთა ციკლს მიეკუთვნება, რომლის მიმართ მოსწავლეებს ნაკლები ინტერესი აქვთ. ინტერესის ასამაღლებლად, ქიმიის სწავლების აუცილებლობის გააზრებასთან ერთად, საჭიროა მოსწავლეებს აუმაღლდეს მოტივაცია შესასწავლი საგნის მიმართ. მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისა და შესასწავლი მასალის უფრო ადვილად აღსაქმელად ძალიან მნიშვნელოვანია გრაფიკული ორგანიზატორების გამოყენება სქემებისა და ცხრილების სახით.
„კოგნიტური დიაგრამებით, ანუ გრაფიკული ორგანიზატორებით მუშაობა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაში ეხმარება. მოსწავლეებს ხელთ ეძლევათ ტექსტის, იდეის, საკითხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ნაწილისა და მთელის, ცნებისა და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენასა და ვიზუალურად დანახვაში დაეხმარებათ“ (სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები. გვ 23).
კოგნიტური დიაგრამების გამოყენება ხდება როგორც ახალი მასალის გაცნობისას, ისე მასალის ათვისების შემდეგ, შემაჯამებელი სამუშაოების ან საშინაო დავალებებისა და საკლასო სამუშაოების ჩატარების დროს, როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში და ჯგუფური მუშაობის პროცესშიც.
◊ მაინც რატომ ვიყენებთ კოგნიტურ სქემებს გაკვეთილზე? რა სარგებლობა მოაქვს მას მოსწავლე-მასწავლებლისთვის?
◊ რას უწყობს ხელს კოგნიტური დიაგრამების გამოყენება მოსწავლეებში? რატომ ვიყენებ მას სასწავლო პროცესში?
კოგნიტური დიაგრამების გამოყენებით მოსწავლე:
♦ ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
♦ ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
♦ შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
♦ ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
♦ სწავლობს დამოუკიდებელ მუშაობას.
კოგნიტური სქემების გამოყენება ეხმარება არა მარტო მოსწავლეს, არამედ მასწავლებელსაც, კერძოდ, მათი გამოყენებით მასწავლებელი ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე წოდნას, ასევე ეხმარება ახალი მასალის უკეთ ახსნასა და მოსწავლეების მიერ უკეთ გააზრებაში.
გაგაცნობთ კოგნიტური დიაგრამების რამდენიმე ნიმუშს, რასაც ვიყენებ ქიმიის გაკვეთილზე როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე:
I – კოგნიტური დიაგრამები
1. მოვლენათა ჯაჭვი
გამოიყენება კონკრეტული საკითხის შესწავლის დროს. პირველ გრაფაში იწერება თემა, შემდეგ – ქვეთემა, ხოლო ბოლოს – საკითხი. მაგ:
მოვლენათა ჯაჭვს მიეკუთვნება აგრეთვე კლასიფიკატორი დიაგრამა, სადაც მოცემულია სხვადასხვა მოვლენის/ტერმინის/ ნივთიერების კლასიფიცირება და მათ შორის კავშირის ჩვენება.
წარმოდგენილ სქემაზე ცნება უკავშირდება ქვეცნებებს, რომლებიც, თავის მხრივ, უკავშირდებიან კონკრეტულ ქვეცნებებს და საგნობრივ საკითხებს:
კლასიფიკატორ დიაგრამას ვიყენებ ხსნარების შესწავლის დროსაც, მასზე კარგად ჩანს ხსნარების კლასიფიკაცია აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით, გახსნილი ნივთიერების ნაწილაკების ზომის მიხედვით და ხსნადობის კოეფიციენტზე დამოკიდებულების მიხედვით.
მომდევნო სქემა კი ასახავს ნივთიერებების კლასიფიკაციას წყალში ხსნადობის მიხედვით. სქემას დავხაზავ დაფაზე ან გავაკრავ წინასწარ დახაზულს და მოსწავლეები, თითოეულ გრაფაში, შესაბამის ნივთიერებას წერენ.
მოცემული სქემების გამოყენებით მასალა უკეთ აღქმადი და დასამახსოვრებელი ხდება.
2. შედარების სქემა
შედარების სქემა გამოიყენება, როცა ორ საკითხს ან ორ ტერმინს ვადარებთ ერთმანეთს და გვსურს, მათ შორის თვალნათლივ დავინახოთ მსგავსება-განსხვავება:
მსგავსება-განსხვავების საჩვენებლად, შედარების სქემის გარდა, ვიყენებ ვენის დიაგრამას: ვენის დიაგრამები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ქიმიური ცნებების, ქიმიური რეაქციების, ქიმიური ბმებისა და ფიზიკური ცვლილებების შესადარებლად. ის ეხმარება მოსწავლეს, თვალნათლივ დაინახოს მსგავსება-განსხვავება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა.
3. სქემა პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ
ქიმიაში პრობლემის აღმოჩენისა და გადაჭრის გზების სწავლებისას, რთული ამოცანების მცირე, მართვად საფეხურებად დაყოფისთვის, გამოიყენება დიაგრამები. ეს ეხმარება მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრის პროცესის გაგებაში, იყენებენ სხვადასხვა სახის ქიმიური პროცესების გასაანალიზებლად.
წარმოგიდგენთ სქემას, რომლის პირველ სვეტში იწერება პრობლემა, შემდეგ – გამომწვევი მიზეზები და ბოლოს – პრობლემის გადაჭრის გზები:
ესეც შევსებული სქემა:
VIII კლასი
თემა – ჰაერი
საკითხი – „ფიზიკური და ქიმიური მოვლენები“
ქვეცნება – კოროზია
4. სტრატეგია „ფიშბოუნი“
მოცემული სქემის გამოყენება ძალიან კარგია მასალის გააზრებისთვის. ტერმინი ფიშბოუნი თევზის ფხას, ანუ თევზის ჩონჩხს ნიშნავს. მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინფორმაციის მოძიებასა და გააზრებას, პრობლემის დანახვას და მისი გადაჭრის გზების ძიებას.
ეს სქემა კარგად გამოიყენება როგორც წყვილური, ისე ჯგუფური მუშაობის დროს.
მას წინასწარ ვხაზავ დაფაზე ან ზოგჯერ ფლიფჩარტზეც. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაიხაზება, ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად, შესაძლებელია ორივე ვარიანტი. შემდეგ მოსწავლეები შესაბამის გრაფას ავსებენ წარმოდგენილი გეგმით:
სქემა ივსება შემდეგნაირად: ჯერ აღმოაჩენენ პრობლემას, შემდეგ ასახელებენ ფაქტებსა და არგუმენტებს, ადგენენ გამომწვევ მიზეზებს, დაბოლოს, გამოაქვთ დასკვნა. ფაქტების რაოდენობის დასახელება შეზღუდული არ არის, ამიტომ, ამ სქემაზე თევზის იმდენ ფხას ვაკეთებთ, რამდენ ფაქტსაც მოვიყვანთ.
წარმოგიდგენთ შევსებულ სქემას კონკრეტული საკითხების შესწავლა-გააზრებისათვის მე-8 და მე-9 კლასებში:
VIII კლასი. ქიმია (ავტორი: ბუთხუზი, ფაცაცია. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“)
თემა – „ჰაერი“
საგნობრივი საკითხები:
- ჰაერის დაბინძურების პრობლემა (§2.5)
- ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გლობალური პრობლემები (§2.6)
IX კლასი (ავტორი: ბუთხუზი, ფაცაცია. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“)
თემა – „ნავთობი და მისი პროდუქტები, ბუნებრივი აირი — წარმოდგენა ორგანულ ნაერთებზე“
საგნობრივი საკითხები:
- გარემოს ქიმიური დაბინძურება (§ 2.13)
- ქიმიური დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემები(§ 2.14)
ასეთი სააზროვნო სქემების გამოყენებით მასალა უფრო ადვილად აღქმადი და დასამახსოვრებელი ხდება. დროთა განმავლობაში, მოსწავლეებიც ეჩვევიან და ისინიც უკეთ ითვისებენ ამ ხერხის გამოყენების ტექნიკას. თავადაც შეუძლიათ შეარჩიონ ადექვატური სააზროვნო სქემა და უფრო მეტიც, სურვილიც კი გაუჩნდეთ, თავად შექმნან ანალოგიური სქემები.
II – სააზროვნო ცხრილები
ქიმიის გაკვეთილზე, სააზროვნო სქემების გარდა, ვიყენებ სხვადასხვა სააზროვნო ცხრილს, რომელიც სხვადასხვა მონაცემებისა თუ ქიმიური ფორმულების ორგანიზების საუკეთესო საშუალებაა. ცხრილების გამოყენებაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. მათი გამოყენება მოსახერხებელია გაკვეთილის ყველა ეტაპზე: წინარე ცოდნის განმტკიცებისას, ახალი მასალის ახსნისას, გააზრებისა თუ დასკვნის გამოტანის დროს.
გაგაცნობთ ჩემს პრაქტიკაში გამოყენებულ რამდენიმე ნიმუშს. ამ ნიმუშების მსგავსად, შეიძლება სხვადასხვა ცხრილების გაკეთება ყველა შესასწავლ საკითხთან მიმართებაში.
1. შესაბამისობის დადგენა
(გამოტოვებული უჯრის შევსებით)
წარმოგიდგენთ ცხრილებს, გამოტოვებული უჯრის შევსებით, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ ქიმიის გაკვეთილზე და მეხმარება მასალის უკეთ ორგანიზებაში. მოსწავლეები კი, მასალის ვიზუალურად აღქმით, უკეთ იაზრებენ საკითხებს:
ა) ოქსიდების სახელწოდების შევსება
შეიძლება, ამ ცხრილს მოდიფიცირება გავუკეთოთ და გამოტოვებული უჯრის შევსება შევთავაზოთ მოსწავლეებს:
ბ) გამოტოვებული უჯრის შევსება (ოქსიდები)
წარმოდგენილი ცხრილების მორგება რთული ნივთიერების ყველა კლასზე შეიძლება. უფრო მეტიც, შეიძლება, მოსწავლეებსაც მივცეთ დავალებად ანალოგიური ცხრილების შექმნა.
გ) გამოტოვებული უჯრის შევსება (ფუძე/მარილი)
დ) გამოტოვებული უჯრის შევსება (რეაგენტი/პროდუქტი)
(თუ საჭიროა, გაათანაბრე რეაქცია და მიუწერე ტიპი)
ე) გამოტოვებული უჯრის შევსება (მჟავა/ფუძე/მარილი)
ქვემოთ მოცემული ცხრილი შეიცავს სამ სვეტს, გამოტოვებული უჯრის ამოცნობით უნდა შეავსონ ცხრილის ჰორიზონტალური სვეტი.
ვ) გამოტოვებული უჯრის შევსება (ფუძე/მარილები)
მარცხენა სვეტში მოცემული ფუძეების ქიმიური ფორმულების მიხედვით, უნდა შეავსონ მარჯვენა სვეტში მოცემული შესაბამისი მარილების ფორმულები.
III – შესაბამისობის დადგენა
(ისრების გამოყენებით)
მოცემული ცხრილების გამოყენება ძალიან კარგია არაორგანულ ნაერთთა კლასების შესწავლის დროს. მოცემულ ცხრილში ქიმიური ფორმულები ისრებით უნდა დააკავშირონ მათ სახელწოდებებთან.
IV – სიტყვის ამოცნობა
ამ ცხრილში მარცხენა სვეტში მოცემული ქიმიური რეაქციის ტოლობებს უნდა შეუსაბამონ რეაქციის ტიპი. მოცემული ასოების შეერთებით, უნდა ამოიცნონ სიტყვა (თუ საჭიროა, გაათანაბრონ რეაქციაც).
ამრიგად, გრაფიკული ორგანიზატორებისა და კოგნიტური დიაგრამების გამოყენება ქიმიის გაკვეთილებზე საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად და ეფექტური სწავლების გასაადვილებლად.
„გრაფიკული ორგანიზატორების/კოგნიტური დიაგრამების გამოყენებით, პედაგოგი ხელს უწყობს მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. გრაფიკული ორგანიზატორები მოსწავლეებს დაეხმარება წაკითხულის გაგებასა და გააზრებაში, არსებითი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში; მოვლენებსა და ფაქტებს შორის ურთიერთკავშირის დანახვაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ სტრატეგიის ტრანსფერს სხვა მასალის დამუშავების დროს“ (სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები. გვ 23).
გრაფიკული ორგანიზატორებისა და ცხრილების გამოყენებით, სწავლა და სწავლების პროცესი უფრო ეფექტიანი ხდება, რაც მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- http://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები;
- http://bitly.ws/ACDo სწავლება და შეფასება/დამხმარე სახელმღღვანელო;
- http://bitly.ws/ACCS განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. მარინა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი;
- ქიმიის სახელმძღვანელო. 8-9-10 კლასი. ბუთხუზი, ფაცაცია. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“);
- http://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva_danarti.pdf ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები.