27 ივლისი, შაბათი, 2024

„აირჩიე ჩემი წიგნი“

spot_img

ნინო ნაზღაიძე
ფილოლოგიის დოქტორი,
სსიპ ქალაქ თბილისის N192 საჯარო სკოლა 

 

 

 

თანამედროვე სამყაროში მხატვრული ლიტერატურის კითხვა უფრო და უფრო ნაკლებად პოპულარული ხდება. გვესმის გამუდმებული ჩივილი, რომ ბავშვებს კითხვა აღარ უყვართ, გაჯეტებს ვერ სწყდებიან, უწიგნურები არიან და სხვა მრავალი. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ კითხვა ხშირად დასჯის საშუალება უფროა, ვიდრე წახალისების. წინამდებარე სტატიის მიზანს ბავშვებისთვის კითხვის შეყვარების ერთი უცნაური და „უვალი“ გზის გაზიარება წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ტექსტის გაგება-გააზრების უნარის შესაფასებლად ჩვენს სკოლაში შემოვიდა დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლის წევრებიც, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სამ-სამ გაკვეთილზე დაგვესწრნენ თითოეულ ქართულის მასწავლებელს. საინტერესო უკუკავშირებისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად გამიჩნდა ინტერესი, გავცნობოდი საჭირო პროფესიულ ლიტერატურას და  დამეგეგმა შესაბამისი ინტერვენციები.

მასალის მოძიებისას გავეცანი PIRLS-ის კვლევას, რომლის ფარგლებშიც შეფასდა წაკითხულის გააზრების უნარი ქართველ ბავშვებში. სამწუხაროდ, დასკვნები არასახარბიელოა. აღმოჩნდა, რომ ქართველ ბავშვებს უფრო მაღალი შედეგები აქვთ იმ ტიპის დავალებებში, რომლებიც ტექსტის ექსპლიციტურ გაგებას და პირდაპირი დასკვნების გამოტანის პროცესს ასახავს, ხოლო როცა ინტერპრეტაცია და ინტეგრაციაა საჭირო – დაბალ შედეგებს აჩვენებენ. კვლევაში გამოჩნდა კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: მასწავლებლები ფიქრობენ, რომ ყველაფერს მაღალ დონეზე ასწავლიან, მაგრამ რეალობაში ეს არ აისახება.

მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დაწყებით საფეხურზე, ინტენსიურად (ყოველი სემესტრის პირველ კვირას) დავიწყე პროექტის, „აირჩიე ჩემი წიგნი“, ჩატარება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები აქტიურად კითხულობენ და შემდეგ პოპულარიზაციას უწევენ თავიანთ საყვარელ წიგნებს. პროექტი მიზნად ისახავს ჰ. გარდნერის მიერ გამოყოფილი ინტელექტის სახეთაგან ერთ-ერთის, ლინგვისტური ინტელექტის, განვითარებას.

როგორც ცნობილია, ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰ. გარდნერმა  ჩამოაყალიბა „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“, რომლის მიხედვით არსებობს რვა, ერთმანეთისგან განსხვავებული, ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის სტილი. ინტელექტის ეს სახეებია: ლინგვისტური, მათემატიკურლოგიკური, ვიზუალურსივრცითი, სხეულებრივკინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური და ნატურალისტური.

ჩამოთვლილთაგან ჩვენთვის საინტერესო, ლინგვისტური ინტელექტი წარმოადგენს ადამიანის მიდრეკილებას წერითი და სალაპარაკო ენისკენ, ენების სწავლის და ენით სასურველი მიზნის მიღწევისა და მიზნების განხორციელების უნარს. ეს ინტელექტი ასევე შეიცავს უნარს, ეფექტურად მოახდინოს ადამიანმა აზრის გადმოცემა ენისა და ენობრივი საშუალებებით. გარდნერის აზრით, ამგვარი ინტელექტი უფრო მეტად განვითარებული აქვთ მწერლებს, პოეტებს, იურისტებს, მომხსენებლებს. ადამიანები, რომლებშიც ძლიერადაა განვითარებული ამ ტიპის ინტელექტი, გამორჩეულები არიან სკოლაშიც, რადგან შეუძლიათ აზრის ნათლად გამოხატვა როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ასეთი მოსწავლეები ხშირად ამბობენ ფრაზებს: „მიყვარს ამბების მოფიქრება“; „შემიძლია სხვათა ნათქვამების ადვილად დამახსოვრება და გადმოცემა“; „უცხო ენები მიყვარს“; „მიყვარს კითხვა“; „მიყვარს წერა“; „მიყვარს საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა“.

ლინგვისტური ინტელექტის მქონე ბავშვები, როგორც წესი, ცხოვრებაშიც წარმატებულნი არიან, რადგან ენობრივი უნარების ფლობა მხოლოდ მწერლებსა და პოლიტიკოსებს როდი სჭირდებათ. ამიტომ მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ მოსწავლეებში ლინგვისტური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობას.

⇑⇓ გთავაზობთ ჩემეულ მიდგომას დასახული მიზნის მისაღწევად:

ალბათ, დაკვირვებიხართ, სანამ მოსწავლეებს არდადეგებზე გავუშვებდეთ, მშობლები გამუდმებით გვთხოვენ წასაკითხი წიგნების ჩამონათვალს (განსაკუთრებით, მხედველობაში მყავს, დაწყებითი კლასები). რას აკეთებენ ამ დროს ბავშვები? საწყალი გამომეტყველებით დგანან და ყოველი ახალი ნაწარმოების დასახელებისას გული ელევათ, რადგან რაც უფრო ვრცელია წასაკითხი წიგნების სია, მით მოკლეა გართობისა და დასვენების დრო. ამიტომ კითხვაზე, „რას გვაძლევთ არდადეგებზე წასაკითხად?“ ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს: „არაფერს! მე – არაფერს“. თუმცა, სემესტრის გაცილების ტექსტში, სასხვათაშორისოდ აუცილებლად ვახსენებ: „ბედნიერად დაისვენეთ, ბევრი იცელქეთ, ბევრი ითამაშეთ და წიგნის თაროებს უტრიალეთ ახლო-მახლო“. უკვე ყველამ იცის, ეს რასაც ნიშნავს. რომ დაბრუნდება – ველოდებით. მეც და კლასიც. რაღაც საინტერესო აქვს მოსატანი. ოღონდ ჩემი დავალებული და შერჩეული კი არა, არამედ თვითონ რომ აუარ-ჩაუარა, რომ მოეწონა, რომ გადაშალა, რომ დაინტერესდა, რომ იმოგზაურა, იცინა, იტირა, ისიამოვნა და ახლა სხვებს უნდა „შეასაღოს“. უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, აქტივობის შინაარსი ასე ჩამოყალიბდება:

არდადეგებზე ბავშვები ირჩევენ წაკითხული წიგნებიდან საუკეთესო ნაწარმოებსა და პერსონაჟს. სკოლაში დაბრუნების შემდეგ გამოეწყობიან ამ თავიანთი ფავორიტი პერსონაჟის ფორმაში და აკეთებენ წიგნის რეკლამას. თითოეული მონაწილე გამოდის კლასის წინაშე, ხელში უჭირავს საყვარელი წიგნი და ცდილობს ისე მოაწონოს თანაკლასელებს, რომ რაც შეიძლება მეტი მკითხველი მოაგროვოს, უფრო ზუსტად, კონკრეტული წიგნის წაკითხვის მსურველი. რეკლამა-პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეს ჩვენი პერსონაჟის ფორმაში გამოწყობილი გმირი ირჩევს სასურველ თანაკლასელს და მას ათხოვებს წიგნს. დროზეც თავად თანხმდებიან, რამდენ ხანში დაასრულებს კითხვას ახალი დროებითი მფლობელი. პროექტი, სკოლაში დაბრუნებიდან, ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. რაც გვეხმარება, რომ სწავლის პროცესი სახელმძღვანელოში შემავალი პირველი ტექსტით კი არ დავიწყოთ (თქვენც დაკვირვებიხართ? თითქმის ყოველთვის ისეთი ნაწარმოებია შერჩეული ამ მნიშვნელოვანი მისიის შესასრულებლად, რომ უცილობლად გამოიწვიოს ბავშვის დემოტივაცია), არამედ ცოდნის შეძენის, ახალი თავგადასავლების ძიების, საინტერესო ამბების მოლოდინი შეექმნათ მოსწავლეებს. კვირეული გამოდის ძალიან ფერადი, ძალიან ხალისიანი და შინაარსიანი. თითოეული მონაწილე შეუზღუდავად ირჩევს წიგნის წარდგენის ფორმატს. მათ შეუძლიათ power point-ის პრეზენტაცია გააკეთონ, შეუძლიათ კედლის გაზეთი შექმნან, შეუძლიათ სპექტაკლიც კი დადგან.

გარდა გარდნერისეული ლინგვისტური ინტელექტის განვითარებისა, პროექტის განხორციელების შედეგად, გავდივართ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლა-სწავლების მიზნებზე, კონკრეტულად კი, ისეთი გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაზე, როგორებიცაა:

კომუნიკაცია – განცდილის, ნააზრევის მიტანა მსმენელამდე/მკითხველამდე, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა; ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით; სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;

წიგნიერება – ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩემ მიერ გაზიარებული ლიტერატურული პროექტი კიდევ ერთი მცდელობაა მოსწავლის წიგნთან დაახლოვებისა. იმედი მაქვს, ეს სტატია შთაგობენის წყარო გახდება არაერთი პედაგოგისთვის.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები