ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს საშუალებას, გახდნენ სტუდენტ ასისტენტები. ეს შესაძლებლობა გულისხმობს მიღებული ცოდნის თანატოლებისთვის გაზიარებას, სწავლების პროცესში დახმარებას. ამჯერად, ლუკა სამხარაძეს გაგაცნობთ, რომელიც KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის მესამე კურსზე სწავლობს და, ამავდროულად, მეგობარ სტუდენტებს ეხმარება პროგრამის წარმატებით დაძლევაში.
„სტუდენტ ასისტენტობაზე მას შემდეგ ვოცნებობდი, რაც პირველ კურსზე შევიტყვე, რომ შეიძლებოდა მსგავსი შანსი მიეღო რამდენიმე სტუდენტს. პირველ რიგში, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, როცა აუდიტორიაში ხედავ ადამიანებს, რომელთაც შენი იმედი აქვთ და მოელიან, რომ ურთულესი მასალის გააზრებაში დაეხმარები. არაფერია იმაზე სასიამოვნო, სემინარის ბოლოს გავიგო, რომ შედეგს მივაღწიე და შევძელი ამეხსნა ის, რაც აქამდე მათთვის ბუნდოვანი იყო. გარდა ამ სიამოვნებისა, სტუდენტ ასისტენტობა ჩემთვის არის შანსი, მივიღო უდიდესი გამოცდილება, ვინაიდან სხვისთვის სწავლება მეც უამრავ ცოდნას მძენს,“ – აღნიშნავს სტუდენტი.
როგორც ლუკა აცხადებს, სწავლების გამოცდილება მანამდეც ჰქონდა. იგი პროგრამირების ენებს ასწავლიდა კომპიუტერულ სკოლებში – „მზიური“ და „სქილვილი“. სტუდენტ ასისტენტობის პარალელურად, მას საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. 18 წლიდან მუშაობს კომპანია Sweeft-ში, რომელიც ესპანური „Making Science“-ის წარმომადგენელია საქართველოში. გასულ წელს ლუკამ აიღო Google Cloud Platform – Associate Cloud Engineer-ის სერტიფიკატი.
სტუდენტის სამომავლო ინტერესის სფეროს ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს და, როგორც თვითონ აღნიშნავს, სურს, მომავალი ისეთ სამეცნიერო პროექტებს მიუძღვნას, რომლებიც წინ წაწევს კაცობრიობის ყოფას და ცხოვრებას გაუმარტივებს უამრავ ადამიანს.
ლუკა მიზანდასახული, განათლებასა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდაა. მან ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, მე-9 კლასში, შექმნა კომპიუტერული გრაფიკის პროგრამა – „SamKHa CG“, რომელიც პირდაპირ ეთერში გრაფიკული გამოსახულებების ჩვენებას უზრუნველყოფს. დღესდღეობით, „SamKHa CG“-ის აქტიურად იყენებს არაერთი სტუდიური კომპანია (GFMStudio, MGI Live და ა.შ.). სკოლის დამთავრების შემდეგ ლუკამ ზუსტად იცოდა , რომ სწავლა კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა, რადგან, როგორც თავად ამბობს, კომპიუტერული მეცნიერება მისი სტიქიაა და, ცდილობს, მისი კოდი არა მხოლოდ მუშაობდეს, არამედ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს.
„კოდის წერისას შესაძლებლობის მაქსიმუმს ვიყენებ, ვცდილობ, ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშს გავუტოლო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა იმედები 100%-ით გამიმართლა. უნივერსიტეტის არჩევისას ყველაზე მეტად კურიკულუმით მოვიხიბლე, აღარაფერს ვამბობ გერმანელ პროფესორებთან მუშაობისა და კამპუსში ცხოვრების გამოცდილებაზე,“ – აცხადებს ლუკა სამხარაძე.
KIU-ს დახმარებით ლუკამ უკვე რამდენჯერმე შეძლო ნაშრომები სამეცნიერო გამოფენებზე წარედგინა და უცხოელი პროფესორებისთვის ეჩვენებინა საკუთარი შესაძლებლობები.
კომპიუტერული მეცნიერების გარდა, სტუდენტი გატაცებულია ვიდეო კონტენტზე მუშაობით. ლუკა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის (ფეხბურთში) ცენტრალური მატჩების მთავარი რეჟისორია. ის ასევე გახლდათ ქართული გუნდების რეჟისორი ევროტურნირებზე, ასპარეზის ტრანსლაციებზე, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.