24 ნოემბერი, კვირა, 2024

მათემატიკა, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

spot_img

✍️მათემატიკა

 

მათემატიკის პასუხების ფურცელზე თუ ადგილი არ გვეყო, შესაძლებელია ამოხსნა მთლიანად არ დავწეროთ?

პასუხების ფურცელზე საკმარისი ადგილია გამოყოფილი იმისათვის, რომ გამოთვლები არ გამოტოვოთ. აუცილებელია ჩანდეს ამოხსნები, თუ როგორ მიხვედით დასკვნამდე.

პარამეტრიანი დავალებების ამოხსნის ნიმუშების ნახვა სად შეგვიძლია?

პარამეტრის შემცველი დავალებები შესაძლოა ნახოთ როგორც სკოლის სახელმძღვანელოებში, აბიტურიენტთა დამხმარე ამოცანათა კრებულებში, ასევე ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ კრებულებში – „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის“.

 

✍️ გეოგრაფია

 

საქართველოს გეოგრაფიიდან და მსოფლიო გეოგრაფიიდან თანაბრად შეგვხვდება კითხვები?

გეოგრაფიის ტესტის შედგენისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეროვნული სასწავლო გეგმით. მოგეხსენებათ, მოქმედი ესგ-ის მიხედვით, გეოგრაფია ისწავლება VII-XI კლასებში, საიდანაც მე-9 კლასი მთლიანად ეთმობა საქართველოს გეოგრაფიის საფუძვლიან შესწავლას. ესგ-ის მიხედვით არის შედგენილი გეოგრაფიის საგამოცდო პროგრამაც. გეოგრაფიის საგამოცდო ტესტში კი საქართველოს გეოგრაფიისადმი მიძღვნილი საკითხების წილი, ესგ-ის შესაბამისად, 20-25% შეადგენს.

გეოგრაფიაში რომელი რუკების ცოდნაა საჭირო?

გეოგრაფიის ტესტში დავალებების ნაწილი მოითხოვს, გეოგრაფიისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარის, რუკის კითხვისა და ანალიზის ცოდნას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში რაიმე კონკრეტული რუკის ზედმიწევნით ზეპირად ცოდნა არ იგულისხმება. აბიტურიენტებს ევალებათ გეოგრაფიული რუკების კითხვა, კერძოდ: მასზე მოცემული ობიექტების იდენტიფიკაცია და მათი მდებარეობის განსაზღვრა, გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა, რუკის ლეგენდაში მოცემული ინფორმაციის საშუალებით მისი კითხვა და სხვ. ზოგიერთი დავალება მოითხოვს რუკის გამოყენებით კონკრეტული ამოცანების გადაჭრას.

მოგახსენებთ, რომ გამოცდაზე აბიტურიენტებს დაურიგდებათ A3 ფორმატის საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკური რუკები, აგრეთვე კონკრეტულ დავალებას შეიძლება ახლდეს თემატური რუკა. სწორედ ამ რუკების კითხვისა და ანალიზის საშუალებით აბიტურიენტები შეძლებენ შესაბამის კითხვებზე პასუხის გაცემას.

 

✍️ სამოქალაქო განათლება

 

სამოქალაქო განათლების ტესტში შეცდომების გასწორებისას თუ დავწერე სიტყვის სინონიმი, მაგალითად, უზენაესის ნაცვლად, უმაღლესიმაინც ჩამეთვლება?

დავალებაში მოცემულია ტექსტი, რომელშიც შეცდომებია დაშვებული. თქვენ უნდა იპოვოთ შეცდომები და გაასწოროთ ისინი. ტექსტში შეცდომით შეიძლება იყოს მოცემული თარიღი, ტერმინი, საკუთარი სახელი და სხვ. ამ დავალების პასუხები, ძირითადად, ცალსახაა. სინონიმი შესაძლოა ჩაითვალოს სწორ პასუხად, რაც განისაზღვრება კონკრეტული შინაარსის მიხედვით, კონტექსტის შესაბამისად.

სამოქალაქო განათლების ტესტზე მუშაობისას პროექტში მიზანიც უნდა დავწეროთ?

დავალებაში ,,სასკოლო პროექტი“ მოცემულია პრობლემის აღწერა. ასევე, უკვე დასახულია პროექტის მიზანი. თქვენ გევალებათ იმ პროექტის მონახაზის შედგენა, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს აღწერილი პრობლემის მოგვარებას. ამისათვის უნდა განსაზღვროთ ორი ამოცანა და მათი შესრულების კონკრეტული გზები. გაითვალისწინეთ, ამოცანები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან და პასუხობდეს პროექტის მიზანს.

მოცემული დავალება ამოწმებს პრობლემის გადაჭრისა და პროექტის წერის საბაზისო უნარებს. დავალების ნიმუში და შეფასების კრიტერიუმები იხილეთ კრებულში ,,როგორ მოვემზადოთ სამოქალაქო განათლების ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის“.

 

✍️სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

ხელოვნებაში მაქსიმალური ქულა როგორ მივიღოთ, რას მივაქციოთ ყურადღება?

ყურადღება მიაქციეთ და სიღრმისეულად გაიაზრეთ კითხვები, ასევე ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით გააანალიზეთ თითოეული დისტრაქტორი და შეარჩიეთ 4-დან ერთი, რომელსაც სწორად მიიჩნევთ. ვიზუალურ მასალაზე დაკვირვება საუკეთესო საშუალებაა სწორი პასუხის ამოსაცნობად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ საკითხის გარშემო ცოდნა არ გაქვთ. დააკვირდით უარყოფის შემცველ კითხვებს! ღია დავალებების პირობაც უნდა წაიკითხოთ ყურადღებით და სიღრმისეულად გაიაზროთ, დააკვირდეთ ვიზუალურ მასალას და მაქსიმალურად არგუმენტირებულად ჩამოაყალიბოთ ცოდნაზე და ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით შემუშავებული საკუთარი მოსაზრება. პასუხი შეიძლება იყოს ძალიან მოკლე, თუმცა მაქსიმალურად ინფორმატიული. ცოდნის გამომჟღავნების მიზნით არასაჭირო ინფორმაციით თავისუფალი ადგილის შევსება არ არის კარგი გადაწყვეტილება. ტექსტი, რომელიც არ პასუხობს დავალებაში დასმულ საკითხს, ქულას ვერ შეგმატებთ. სამაგიეროდ, თუ სწორ პასუხში დარწმუნებული არ ხართ, მაგრამ შემოგვთავაზებთ თქვენს მოსაზრებას, რის გავლენას ხედავთ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშზე, ან რას ამსგავსებთ მას და ეს მსგავსება/მოსაზრება აღმოჩნდა ადეკვატური, გარკვეულ ქულას დაიმსახურებთ. განსაკუთრებულად გაამახვილეთ ყურადღება სახვითი ხელოვნების საშუალებებისა და ხერხების ცოდნაზე, თუ რა მხატვრული თავისებურებების შექმნაა მათი საშუალებით შესაძლებელი, ასევე კულტურათა, ეპოქების, სტილებისა თუ მიმდინარეობების ზოგად თავისებურებებზე, მახასიათებლებზე, რომელთა ამოცნობასაც შეძლებთ ტესტში წარმოდგენილ ვიზუალურ მასალაზე. გისურვებთ წარმატებას!

რამდენად მოგვეთხოვება ან დაგვჭირდება ტერმინების ცოდნა ხელოვნებაში?

ტერმინების ცოდნა როგორც ხელოვნების გამოცდის ჩასაბარებლად, ასევე ხელოვნებაში ზოგადი განათლებისათვის, მნიშვნელოვანია. ტერმინები, რომლებსაც მოსწავლეები პირველი კლასიდან ეუფლებიან, წარმოადგენს სასკოლო პროგრამის აუცილებელ ნაწილს. ასე რომ, ყველა სახელმძღვანელოში თითოეული გაკვეთილი ამ ტერმინების საფუძველზეა აგებული. ისინი, როგორც ცნებები, გამოტანილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. ასევე ამ ტერმინების გამოყენებით თქვენი მსჯელობა საკითხის გარშემო იქნება უფრო მკაფიო და ნათელი, გაგიადვილდებათ აზრისა და შთაბეჭდილების გამოხატვა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები