19 ივლისი, პარასკევი, 2024

უცხოური ენა – ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

spot_img

✅ რას მივაქციოთ ყურადღება ტესტზე მუშაობის დროს?

გთხოვთ ზედმიწევნით დაიცვათ ტესტის სწორად შესრულებისათვის აუცილებელი ტექნიკური და მეთოდური რეკომენდაციები, რაც, თავის მხრივ, დავალებათა პირობებში მოცემული მოთხოვნების ზუსტ დაცვასა და პასუხების ფურცელში მხოლოდ თქვენი პასუხების შესაბამისი გრაფების (უჯრედების) მონიშვნას (ჯვარედინად გადახაზვას) გულისხმობს. ტექნიკურად არასწორად შესრულებული დავალება, უხეშად გადასწორებული ან გაურკვეველი ხელწერით დაწერილი პასუხი შეცდომად ჩაითვლება. პასუხების ფურცელში გადასწორებული პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში გასწორდება, თუ შეცდომით მონიშნულ გრაფას (უჯრედს) მთლიანად გააშავებთ და მის ნაცვლად ახალ უჯრედს მონიშნავთ. დაიტოვეთ დრო პასუხების ფურცელზე თქვენი პასუხების გადასატანად (ეს იმ შემთხვევაში, თუ პასუხები თავდაპირველად შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელზე გაქვთ დაწერილი). გახსოვდეთ, რომ გასწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

✅ რამე კრებული ხომ არ გიდევთ ვებგვერდზე რომ გადავხედოთ?

საგამოცდო კრებული „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის“ გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე. იხილეთ ბმული.

ტესტი B1 სირთულისაა?

ტესტური მასალის სირთულის დონე არის მაღალი B1, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების ადეკვატურია.

✅ შეგვიძლია წერისას შემოკლებული ფორმები გამოვიყენოთ?

დიახ, რა თქმა უნდა, შემოკლებული ფორმების გამოყენება შესაძლებელია.

✅ ტექსტის მოსმენის დროს (. . მოსმენის დავალება), შეგვიძლია პარალელურად ტექსტზე მუშაობაც?

დიახ, შეგიძლიათ. მოსმენისას, ცხადია, ისმენთ ტექსტს და ამავე დროს ხედავთ ამ ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებსაც. სწორედ მოსმენილის მიხედვით უნდა ჩაინიშნოთ სწორი პასუხები.

✅ კონკრეტული, პირადი მაგალითების  მოყვანა თუ არის შესაძლებელი?

შესაძლებელია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დაბალი ქულით ფასდება ის ნაშრომი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს დავალების პირობას, მაგ.: როდესაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აბიტურიენტი უმეტესად ზოგად ინფორმაციას იძლევა და თემა არ არის გაშლილი ანდა პერიოდულად იმგვარი საკითხების შესახებ საუბრობს, რომლებიც თემას არ ეხება. ნულით ფასდება ის ნაწერი, რომელიც ძალიან ზოგადია ან რომელშიც მითითებულია თავად გამოსაცდელის ანდა ვინმე სხვისი სახელი და გვარი. გამოჩენილი ადამიანის სახელისა და გვარის მითითება იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს ნაშრომის კონტექსტითაა გამართლებული. მაგ.: მოგყავთ ამ ადამიანის სიტყვები ან მას რაიმე კონკრეტულ ფაქტს უკავშირებთ და ა. შ.

✅ მთელ ტესტეს ერთი გამსწორებელი ასწორებს?

ყველა დავალებას წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით მინიმუმ ორი სხვადასხვა გამსწორებელი ელექტრონულად ასწორებს. თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვა, ნაშრომი მესამე გამსწორებელთან იგზავნება. აქვე გეტყვით, სისტემა ისეა აწყობილი, რომ გამსწორებლის მიერ გამოსაცდელის პიროვნების იდენტიფიცირება მისი ნაშრომის მეშვეობით შეუძლებელია.

✅ შესაძლებელია, რომ პირდაპირ პასუხების ფურცელზე ვიმუშაო, თუ აუცილებლად უნდა გადავათეთრო?

შესაძლებელია იმუშაოთ პირდაპირ პასუხების ფურცელზე, ოღონდ ამ შემთხვევაში სიფრთხილეა აუცილებელი და პასუხის სისწორეშიც უნდა იყოთ დარწმუნებული, რადგან პასუხების ფურცელში ჩაწერილი პასუხების გადაკეთება სასურველი არ არის.

✅ რამდენი არგუმენტი შეგვიძლია დავწეროთ – 2 თუ 3? ასევე, ყოველ არგუმენტს თემაში თავისი მაგალითებიც უნდა დავურთოთ?

2 არგუმენტი საკმარისია. ეცადეთ ეს არგუმენტები გაშალოთ და დაასაბუთოთ. თუ ადგილი ამის საშუალებას გაძლევთ და გაქვთ კარგი მესამე არგუმენტი, შეგიძლიათ ისიც მოიყვანოთ, თუმცა, სასურველია, არ გადააჭარბოთ სიტყვათა მოთხოვნილ რაოდენობას. გაითვალისწინეთ, რომ ვრცელ ნაშრომში მეტი შეცდომაც შეიძლება დაუშვათ.

✅ შეფასებისას გრამატიკულ მხარეს უფრო დიდი ყურადღება ექცევა თუ ლექსიკას?

გრამატიკა უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა ლექსიკური შეცდომების არსებობის ანდა მარტივი ლექსიკის გამოყენების შემთხვევაშიც მაღალ ქულას ვერ მიიღებთ.

 

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

გამოცდები გრძელდება

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები