დასრულდა „ახალი განათლების“ მიერ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის გამოცხდებული შემოქმედებითი კონკურსი „26 მაისი“, რომელიც გულისხმობდა ილუსტრირებული ტექსტის შექმნას საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემაზე.
⇑⇓ კონკურსის იდეური და ფინანსური მხარდამჭერი – სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მერი გიბიშვილი;
⇑⇓ პროექტის კონსულტანტი – ესგ-ს ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი.
შემოვიდა 55 ნაშრომი, საიდანაც საფინალოდ ათი საუკეთესო შეირჩა.
⇒ საუკეთესო ათეული:
- ქრისტინე ჩაჩანიძე
- ალისა დათუკიშვილი
- ნინი რაზმაძე
- ბარბარე გელენიძე
- მარიამ გოგესაშვილი
- ანასტასია დგებუაძე
- ანჟელა თოდუა
- ნიკოლოზ ქებურია
- მარიამ ქობალია
- შალვა სურამელი
ჟიურიმ, საუკეთესო ათეულიდან, სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა:
⇑⇓ ბარბარე გელენიძე
⇑⇓ ქრისტინე ჩაჩანიძე
⇑⇓ შალვა სურამელი
გამარჯვებულები, კონკურსის სპონსორისგან, მერი გიბიშვილისგან 100-100 ლარს მიიღებენ საჩუქრად.
მეოთხე გამარჯვებული გაზეთ „ახალი განათლების“ რედაქციამ დაასახელა ⇑⇓ ანჟელა თოდუა, რომელიც ასევე 100 ლარს მიიღებს საჩუქრად.
ჟიურის წევრები:
მერი გიბიშვილი, გიორგი ბაკურაძე, ზაზა შულაია, თამარ ალადაშვილი, მარიამ ჩაჩანიძე.
კონკურსის პირობის თანახმად, გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ სერტიფიკატებს, მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება გაზეთ „ახალ განათლებაში“ და ვებგვერდზე akhaliganatleba.ge
მადლობას ვუხდით მხარდამჭერებს, კონკურსის ჟიურისა და მონაწილეებს.
გთავაზობთ გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრებს:
ბარბარე გელენიძე
რუსთავი, კერძო სკოლა „ლაზარე“, მე-6 კლასი
„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!“
ჩემო პაწაწინა საქართველო, როგორ მინდა სადღაც გადაგმალო, ყველა ჭირ-ვარამი მოგიშუშო, რომ არასდროს არავინ აღარ გიმტროს! როგორ დამეღალე საქართველო! „ქართვლის დედაო!“ შენი ლოცვით დალოცე და გამიძლიერე ჩემი სამშობლო! მოუტანე ნამდვილი დამოუკიდებლობა და არა სხვა ქვეყნის უღლის ქვეშ ყოფნა.
ვიცი, არასდროს დანებდება წინაპართა სისხლით მოტანილი ჩემი სამშობლო, „ცოცხალი ჯაჭვით“ ხელჩაკიდებული ისევ ვიდგებით ჩვენს სადარაჯოზე. ჩვენ, მომავალი თაობა, ჩვენი მამა-პაპის ღირსეულ მამულიშვილობას არ დავივიწყებთ, გადავთელავთ „9 აპრილის ტანკებს“ და სიმბოლური დროშა დამოუკიდებლობისა აფრიალდება საქართველოში.
დიდო მეფეო დავით! როგორ მინდა თქვენი მეფობის დროს აშენებული და გაერთიანებული საქართველო – ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. თქვენისთანა წინამძღვარი სჭირდება დღეს ჩემს სამშობლოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართველის გულში ჩაიწეროს დიდი ილიას სიტყვები: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!“
ასეც იქნება, რადგან დღესაც ამაყად გადმოჰყურებს თბილისს „ქართვლის დედა“, სიმბოლო ქართული ეროვნული ხასიათისა, რომლიც მტერს მტრულად დახვდება და მოყვარეს მოყვრულად!
ქრისტინე ჩაჩანიძე
საჩხერე, კორბოულის N2 საჯარო სკოლა, მე-2 კლასი
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“ ჩაესმოდა დილიდან პატარა გოგონას უფროსი კლასელებისგან. გოგონა მთელი დღე ინტერესით კვდებოდა და ფიქრობდა: ნეტავ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა? ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა, რომ ბებოსთვის ეკითხა რას ნიშნავდა „დამოუკიდებლობა“, მაგრამ სახლში მისულს ბებია შინ არ დახვდა. ჩამოჯდა და ფიქრებში ჩაეძინა… საქართველო დაესიზმრა…
– გამარჯობა, როგორ ხარ? ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა. ძალიან, ძალიან მაინტერესებს.
– გისმენ ჩემო პატარავ.
– რას ნიშნავს თავისუფლება, შეგიძლია ამიხსნა? მე ყოველთვის თავისუფლად ვესაუბრები მშობლებს, ვთამაშობ და ვაკეთებ იმას, რაც მომესურვება. ალბათ ესაა თავისუფლება, არა?
– დიახ, მართალი ხარ, ჩემო ჭკვიანო. ახლა მე გკითხავ: როგორ იგრძნობ თავს, თუ ვინმე შეგზღუდავს, ბედნიერი იქნები?
– რას ამბობ, როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო, ასე ხომ მოვიწყენ, ვერ ვირბენ, ვერ ვიკისკისებ და დარდი წამართმევს სიხარულს. ნუთუ შენც ასე ხარ? მე როგორ გიშველო, რით დაგეხმარო?
– მისმინე ჩემო ჭკვიანო და საყვარელო. ყველა პატარას და შენს მეგობარს სთხოვ, რომ მუდამ იკისკისონ, ირბინონ, უყვარდეთ ერთმანეთი, მე შემიყვარონ. მაშინ მეც სულ ბედნიერი და თავისუფალი ვიქნები. თქვენ დაგელოდებით დიდი იმედით…
– გპირდები ჩემო საქართველო, ახლა უკვე ვხვდები რა არის თავისუფლება. ეს ხომ ჩვენ ვართ. მე და ჩემი მეგობრები…
– უი, ჩემს პატარა გოგოს აქ სად ჩასძინებია! შეიცხადა ბებომ და პატარა მეას სიყვარულით შეუსწორა ძირს ჩამოშლილი კულულები…
შალვა სურამელი
გორი, კარბის საჯარო სკოლა, მე-5 კლასი
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, დღე, რომელიც თითოეული ქართველისათვის ძალიან ძვირფასი და საამაყოა, თუმცა ერთგვარი სევდაც ახლავს, რადგან ჩვენი სამშობლო დანაკუწებულია, ძირძველი მხარეები დაკარგული. როგორ მინდა, გაბრწყინებული და გამთლიანებული ვნახო ჩემი ულამაზესი ქვეყანა, მჯერა ამის და ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის, ჩემს ძარღვებში ხომ აღმაშენებლად წოდებული დიდი დავითის, მეგობრებისთვის თავდადებული ცოტნეს, გულანთებული მამულიშვილისა და სწორუპოვარი მხედართმთავრის, სააკაძის, თანამედროვეობისა და ჩვენი ღირსების მამაცი მცველის, გიორგი ანწუხელიძის სისხლი ჩქეფს.
მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს თანატოლებს, ჩვენ ერთნი ვართ, ერთნი ვიყავით და ერთად ვიქნებით ყოველთვის. ეს მადლიანი ქვეყანა ჩვენია, ყველასია, არ გვინდა ეს მავთულხლართები, ჩვენ გამოვასწოროთ ყველა შეცდომა და ავაღორძინოთ „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ ღვთით კურთხეული ესე მამული!
ანჟელა თოდუა
ზუგდიდი, რუხის საჯარო სკოლა, მე-2 კლასი
მე ვარ ანჟელა თოდუა, ვსწავლობ საზღვრისპირა სოფელში, რომელიც ახლოსაა აფხაზეთთან. ჩვენი ოჯახი დევნილია. ძალიან განვიცდი იმას, რომ როცა ბებია და ბაბუა ენგურის ხიდთან გადიან (მეც მივყვები ხშირად), თვალცრემლიანები გაჰყურებენ საზღვრის მიღმა სოფელს, ხედავენ მათ სახლ-კარს. იქ შესვლა არ შეუძლიათ, რადგან ჩემი ბაბუა იბრძოდა იმ ომში. მინდა რომ ჩემები დაბრუნდნენ აფხაზეთში, ჩემი დამოუკიდებელი საქართველო გაერთიანდეს. ღმერთო ამისრულე ნატვრა მე პატარა ანჟელა თოდუას.