23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მეთოდური მიდგომა „კომბლეს სენდვიჩი“

spot_img

 

ელისო ჩხიკვაძე

სსიპ ქ. ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი

ცნობილი ფაქტია, რომ ყველა ასაკობრივ საფეხურზე აღსაზრდელთათვის არსებობს მათი ინტერესებისა და მენტალური შესაძლებლობების შესაბამისი ლიტერატურა. ისინი აწრთობენ ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს, აზროვნებას, მეტყველებას და შემოქმედებით უნარ-ჩვევებს. თუმცა, ეს დამოკიდებულია აღმზრდელის მიდგომა-მეთოდოლოგიაზე. თუ რას, როგორ გამოიყენებს და რა მიზნით, რა „სულს შთაბერავს“ სასწავლო რესურსებს და როგორ მომართავს ბავშვის ინტერესებს ზედმეტი დაძალებისა თუ იძულების გარეშე.

დღესდღეობით, კომპიუტერის ეპოქაში, შესაძლებელია სასწავლო რესურსები კიდევ მეტად დავუახლოვოთ აღსაზრდელთა ინტერესებს ხალისიანი სასწავლო პროცესისათვის, რაც ტრადიციულ სასწავლო გარემოს ჩაანაცვლებს შემოქმედებითი, თანამედროვე ტექნოლოგიებით დაკომპლექტებული გაკვეთილით, რომელიც მოსწავლეებში სასწავლო პროცესისადმი მეტ ინტერესს აღვივებს.

ის, რომ კომპიუტერი სასწავლო შინაარსს ფერებში აღბეჭდილი, მოძრავი მასალით აცოცხლებს; ის, რომ კომბლე ზღაპარია და საინტერესო ამბავს გვიყვება მშრომელი და კეთილშობილი პერსონაჟის შესახებ; ის, რომ მათემატიკაში ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებების შესრულება მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ და ამისათვის დავალებებს ხალისით უნდა ასრულებდნენ – საკმარისი მიზეზები აღმოჩნდა ჩემთვის მათი კომბინაციით აღსაზრდელებისათვის შემედგინა ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც „სენდვიჩის“ მეთოდის ფუნქციით დამეხმარებოდა ბავშვებისთვის მარტივი მათემატიკური მოქმედებები მესწავლებინა.

სასწავლო რესურსი საპრეზენტაციო პროგრამაში შევადგინე. გამოვიყენე კომპიუტერული პროგრამის შესაძლებლობები, ანიმაციები, ფიგურების მოძრაობაში მომყვანი ღილაკები, გავაცოცხლე ყველასათვის საყვარელი ზღაპრის პერსონაჟი ,,კომბლე“ და ცალკეული სიუჟეტების შემდეგ გავააქტიურე ინტელექტუალური ბარიერები სახალისო ამოცანების, მაგალითების, სააზროვნო ელემენტების სახით, რომელთა წარმატებით შესრულებისა და სწორი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში კომბლეს შესახებ საინტერესო ისტორია ავტომატურ რეჟიმში გაგრძელებულიყო მომდევნო საინტერესო სიუჟეტამდე, სადაც კვლავ იქმნება ინტელექტუალური ბარიერი, რაც აღსაზრდელებმა კვლავ უნდა დაძლიონ უკვე ამჯერად სხვა მათემატიკური ამოცანების, მაგალითების შესრულებისა და სწორი პასუხის მითითების გზით.

საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებიც წარმოადგენენ ვიდეო რგოლის სიუჟეტურ ამონარიდებს.

სასწავლო რესურსი მოიცავს ხუთ ასეთ ბარიერს, რომლებიც ერთგვარი მამოტივირებელი ფაქტორია მათემატიკური დავალებების შესრულების პროცესში.

„მორალური განვითარების თეორიის“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული სასწავლო რესურსი პრეკონვენციონალური მორალური დონის პრინციპზეა აგებული და საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება, იმის მიუხედავად, რომ მორალური განვითარების თეორიის მიხედვით ეს დონე ყველაზე დაბალი საფეხურია.

აღნიშნული მეთოდის არსი არის მოსწავლეთათვის აუცილებელი სასწავლო საკითხების საინტერესოდ მიწოდება, რომელიც ცალკე აღებული ვერ იქნებოდა იმდენად საინტერესო, როგორც კომბლეს ზღაპრის შინაარსითაა წარმოდგენილი. ამ მეთოდის გამოყენებისას პედაგოგმა შესაძლოა გამოიყენოს სხვა ზღაპრის შინაარსი სხვადასხვა მათემატიკური მოცემულობისათვის. ამ მიდგომამ შესაძლოა აღსაზრდელებს გამოუმუშაოს წესების დაცვის უნარი, ისე რომ ეს მათთვის სირთულეს არ წარმოადგენდეს. წესების გათვალისწინება პირდაპირ კავშირშია მათივე ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებასთან, რაც მოტივაციის საფუძველია აღსაზრდელისათვის. ამ პირობებში ნაკლებად საინტერესო სასწავლო დავალების შესრულება ერთგვარი საშუალებაა მისთვის სასიამოვნო შედეგისთვის, გააგრძელოს შინაარსის მოსმენა და გაიგოს ნაწარმოების ფინალი.

ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით კარგ ეფექტს იძლევა იმ მოსწავლეებში, რომლებიც ნაკლებ ინტერესს ავლენენ მათემატიკური ამოცანებისა და აუცილებელი არითმეტიკული მოქმედებების შესრულების მიმართ.

მეთოდი „კომბლეს სენდვიჩი“ მოიცავს დატვირთვა – განტვირთვის დიდაქტიკურ პრინციპს, რაც არსებითია სასწავლო პროცესის გამარტივების, მოტივაციის ამაღლების და აღსაზრდელთა ინტერესების მართვისათვის.

როგორც პედაგოგი, ხშირად ჩემი ფიქრი მიმართულია ისეთი აქტივობების შედგენა-შექმნისაკენ, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს, ნაკლებად მოსაწყენი იქნება და მეტი დადებითი მუხტის მატარებელი.

აქედან გამომდინარე, მეთოდური მიდგომა ,,კომბლეს სენდვიჩი“ ამ პრინციპებს ითვალისწინებს და მიმაჩნია, რომ ის დაწყებით საფეხურზე საინტერესო აქტივობა იქნება ყველა სკოლის აღსაზრდელთათვის.

აღნიშნული მიდგომა გვთავაზობს საინტერესო დავალების შესრულებისთვის ხალისს, არ შეიცავს სტრესს და ეფექტურია სასწავლო პროცესში შედარებით რთული საკითხების ხალისით შესწავლისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე, განვითარებისა და სწავლების თეორიები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2008
  2. ნათელა ვასაძე, პედაგოგიკის ისტორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების აკადემია, თბილისი, 2004
  3. შ. ჩხარტიშვილი, აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია, თბ.1974

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები