1 დეკემბერი, პარასკევი, 2023

სახალისო აქტივობა მუსიკის გაკვეთილზე

spot_img
მარინა აფრიამაშვილი
სსიპ ახალციხის №5 საჯარო სკოლის და სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. არლის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი

 

 

მუსიკა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი მოსმენა, გააანალიზება და აღქმა ხელს უწყობს მოსწავლეებში თვისობრივი განხილვის უნარის განვითარება-ჩამოყალიბებას. მოსმენილი ნაწარმოების ფრაგმენტს ისინი დაუკავშირებენ პრაქტიკულ, პირად გამოცდილებას, რაიმე ქმედებას, მოვლენას. ამგვარად მიღებული ცოდნა სახალისო და საინტერესოა, აღსაქმელად და დასამახსოვრებლად უფრო მარტივი და მოსახერხებელი.

მოსმენილი ნაწარმოების ფრაგმენტიდან, მოსწავლეებმა უნდა გამოყონ მუსიკის მახასიათებლები: ჟანრი, ტემპი, რიტმი, ჰარმონია, ხმა, ტემბრი და.ა.შ., იმსჯელონ, გააანალიზონ ცალკეული მათგანი. ასეთი მიდგომა მოსწავლეებში აყალიბებს და ამტკიცებს ანალიტიკურ უნარს, რადგან თითოეულს განიხილავენ და შემდეგ უკავშირებენ ერთმანეთს.

დაწყებით საფეხურზე განვახორციელე სახალისო აქტივობა, სახელწოდებით „ჩემი საყვარელი პერსონაჟი“. ბავშვებმა დაახასიათეს მათთვის საყვარელი პერსონაჟი (ზღაპრის, მოთხრობის, ანიმაციის, ფილმის), ამის შემდეგ მათ მოვასმენინე, კამილ სენ-სანსის საკონცერტო ციკლიდან, რამდენიმე პერსონაჟის დამახასიათებელი მუსიკა, ეს პერსონაჟები იყვნენ: ლომი, კუ, კენგურუ, ანტილოპა, სპილო, დიდყურებიანი ტყის ბინადარი. მოსწავლეებს ჩამოვუწერე ზემოთ აღნიშნული ცხოველები და ვთხოვე, თითოეულ მათგანს, აღეწერა ვიზუალურად და თვისობრივად. პერსონაჟების აღწერის შემდეგ, ისინი მოსმენილი მუსიკის ფრაგმენტებს შეუსაბამეს, მახასიათებლების მიხედვით.

ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაასახელეს საყვარელი პერსონაჟი და მოსმენილი მუსიკიდან შეუსაბამეს ერთი ან რამდენიმე ფრაგმენტი. იმსჯელეს, რატომ შეესაბამება ესა თუ ის ფრაგმენტი მათ მიერ დასახელებულ პერსონაჟს.

ამგვარი, თამაშზე მორგებული სახალისო აქტივობები ამაღლებს მოსწავლეებში გაკვეთილზე ჩართულობის მოტივაციას, ხელს უწყობს მოსმენის, სწავლის, ანალიზის, კრიტიკისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას, რომელიც არა მარტო მუსიკის საგანს, არამედ ყველა საგანს ესაჭიროება და, სამომავლოდ, მოსწავლეები მომზადებულები შეხვდებიან ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, სკოლაში მიღებული და ჩამოყალიბებული უნარების საშუალებით.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები