ეკატერინე ნებიერიძე
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
მასწავლებლის უმთავრესი საზრუნავი ყოველთვის იყო მოსწავლეებში სწავლისადმი სურვილის გაღვივება, მოტივაციის გაზრდა, დაინტერესება. ამ მხრივ თანამედეროვე სამყარო უფრო დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს მასწავლებლებს. სიახლეების ძიება და მოსწავლეებისთვის შეთავაზება ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ყოველდღიური, უწყვეტი და თანმდევი პროცესია.
მრავალ ფაქტორთა შორის, რითაც მასწავლებელს შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს მოსწავლის მოტივაციასა და ჩართულობაზე, არის დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების გამოყენება, რაც გულისხმობს სწავლების ტემპის, სირთულის ან მეთოდის ცვლას თითოეული მოსწავლის საჭიროების, სწავლის სტილის ან ინტერესების გათვალისწინებით.
სასწავლო აქტივობების მოდიფიცირების ერთ-ერთი საინტერესო და ეფექტური ინსტრუმენტია „სასწავლო მენიუ“. მისი გამოყენება ხელს უწობს მოსწავლეების ინტერესების გაღვივებას, მოტივაციის ზრდას, მაქსიმალურ ჩართულობასა და ყურადღების შენარჩუნებას.
სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მასწავლებელი შეიმუშავებს „სასწავლო მენიუს“. მოსწავლეები ირჩევენ დავალებებს და მათი შესრულების თანმიმდევრობას. სასწავლო მენიუში ერთიანდება „სავალდებულო“, „არჩევითი“ და „არასავალდებულო“ აქტივობები (უმცროსკლასელებთან შეგვიძლია გამოვიყენოთ შეცვლილი სახელწოდებები, მაგ.: „მთავარი კერძი“, „სალათები“ და „დესერტი“ ).
სასწავლო მენიუს გამოყენების დროს მოსწავლეებს აქვთ საშუალება არჩევანი გააკეთონ:
♦ რთულ და ნაკლებად რთულ აქტივობებს შორის
♦ თავიანთი ინტერესების სფეროდან გამომდინარე
♦ დავალების შესრულების სასურველი სტილიდან გამომდინარე.
♦ იმისათვის, რომ სასწავლო მენიუ ეფექტურად გამოვიყენოთ, საჭიროა:
1.შევიმუშავოთ ფორმატი სავალდებულო, არჩევითი და არასავალდებულო აქტივობებით. სავალდებულო აქტივობების შესრულება ყველასთვის აუცილებელია. არჩევითში გაერთიანებულია აქტივობები, რომელთაგან ყველას შესრულება არ არის აუცილებელი, რადგან წარმოადგენს სხვადასხვა გზას ერთი საკითხის შესასწავლად. არასავალდებულო აერთიანებს დამატებით აქტივობებს, რომელთა შესრულებაც არ არის აუცილებელი, თუმცა ხელს უწყობს თემის კარგად შესწავლას.
- შევადგინოთ „სასწავლო მენიუ“ მრავალფეროვანი აქტივობებით, თემატური ერთეულის მიზნებიდან გამომდინარე მოსწავლეთა მზაობის, ინტერესებისა და სწავლის სტილის გათვალისწინებით
- გავაცნოთ მოსწავლეებს პირობები. მივაწოდოთ ზუსტი ინსტრუქცია, რათა შეძლონ დამოუკიდებლად მუშაობა
- მხარი დავუჭიროთ მოსწავლეებს სასწავლო მენიუზე მუშაობის დროს, ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს და დავაკვირდეთ.
- შევაფასოთ და გავაანალიზოთ მოსწავლეთა ნამუშევრები. მივცეთ ამომწურავი უკუკავშირი.
ამგვარად, სასწავლო მენიუს გამოყენების დროს მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის საშუალება. ეს შესაძლებლობა კი დადებითად მოქმედებს მათ მოტივაციაზე, ჩართულობაზე, დავალების შესრულების ხარისხზე, პასუხისმგებლობაზე. ნამუშევრების გაანალიზების შედეგად მასწავლებელი ნათლად ხედავს მოსწავლის შესაძლებლობებს, ინტერესების სფეროს, საჭიროებებს. ეს კი ეხმარება, დაგეგმოს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული ეფექტური გაკვეთილი, რომელიც უზრუნველოფს სასწავლო მიზნის მიღწევას.
დიფერენცირებული სწავლების კიდევ ერთი ინსტრუმენტია ეგრეთწოდებული Think-Tac-Toe (Tic-Tac-Toe ). საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენების დროს მოსწავლეებს ეძლევათ სააშუალება აარჩიონ თავიანთ ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული დავალებები/ აქტივობები, რომელიც მოცემულია 3×3 ბადეზე (თამაშის „იქსი და ნული“ მსგავსად ). თითოეულ უჯრაში განთავსებულია სხვადასხვა სირთულისა თუ სტილის აქტივობა. ცხრა დავალებიდან მოსწავლე ირჩევს სამს – შვეული, თარაზული ან დიაგონალური წყობით. ასეთი სახით არჩევანის მიწოდება
♦ ახალისებს მოსწავლეებს
♦ ზრდის მათ ინტერესს, ჩართულობას
♦ უმაღლებს მოტივაციას
♦ უვითარებს პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილების მიღების, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევებს.
დავალების შერჩევის დროს უწევთ დაფიქრდნენ, რა წინარე ცოდნას გამოიყენებენ, რის გაკეთებას შეძლებენ, რა გაუჭირდებათ და რას გაართმევენ თავს წარმატებით. აღნიშნული ინსტრუმენტი მასწავლებელმა შესაძლებელია გამოიყენოს თემის დასასრულს. არჩეული დავალებების მიხედვით მასწავლებელს ეძლევა სურათი მოსწავლის შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების შესახებ, რაც ეხმარება კიდევ ურო ეფექტიანად დაგეგმოს სასწავლო პროცესი.
გთავაზობთ „Think-tac-toe“ დავალებათა ცხრილს ინგლისური ენის მაგალითზე: