19 აპრილი, პარასკევი, 2024

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – ქვეყანაში ყველაზე ცნობილი, პრესტიჟული და აღიარებული პროფესიული კონკურსი მეშვიდე სეზონს იწყებს

spot_img

17 მარტს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს რიგით მეშვიდე კონკურსზე ნომინირება და აპლიკაციების წარდგენა დაიწყო. 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნის ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი, პირველად, 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარის, ირინა ხანთაძის განცხადებით, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“, როგორც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ცნობილ, პრესტიჟულ და აღიარებულ პროფესიულ კონკურსად ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო პროექტში ჩართული საზოგადოებრივი თუ კერძო სექტორის წარმომადგენელთა წარმატებულმა თანამშრომლობამ და განათლების სფეროსა და საზოგადოებაში აღიარებული ადამიანებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომელსაც წელს 2 ახალი წევრი დაემატა – ლიკა ღლონტი (პროექტის EU4Dialogue ხელმძღვანელი) და დავით გორგილაძე (მწერალი). ასევე, წელს, მხარდამჭერებს ალტე უნივერსიტეტიც შეუერთდა. რაც შეეხება ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს, ირინა ხანთაძის განცხადებით, აქ თვისობრივი ცვლილებები არ არის – „მასწავლებელთათვის ყველაფერი ნაცნობია და ველოდებით მათ აქტიურობას“.

კონკურსის პირობების თანხმად: პირველ ეტაპზე, აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის კონკურსანტთა ათეული გამოვლინდება, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 20 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

ჯილდოს მთავარი სპონსორის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორის, ზურაბ კერვალიშვილის განცხადებით, „პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თვითონ გუნდის მოტივაცია. ასევე, მნიშვნელოვანია მისია და მიზნები – მისია არის ის, რომ შევიტანოთ წვლილი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებაში; დავსახოთ მიზნები, ამ მისიის ქვეშ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ისეთ პროექტებს, რომელიც, ერთი მხრივ, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება და, მეორე მხრივ, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ნომერ პირველი პრიორიტეტი სასკოლო განათლებაა და აქედან გამომდინარე, ეს პროექტი პირდაპირ ბმაშია ჩვენს უპირველეს მიზანთან, რადგან სასკოლო განათლებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს მასწავლებელს. მასწავლებელი მარტო მატერიალურად, მორალურად და რესურსებით კი არ უნდა გავაძლიეროთ, არამედ მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება – მისი საქმიანობის წარმოჩენა, მადლობის თქმა, დაფასება.

ამ პროექტის მეორე მიზანია ქსელის, გაზიარების პლატფორმის შექმნა, რომ მასწავლებლების ცოდნა-გამოცდილების გაზიარება მოხდეს. ეს სრულ თანხვედრაშია ჩვენს მიზნებთან, ამიტომ, 2017 წლიდან, ჯერ დაფუძნებულიც არ ვიყავით, როდესაც ქალბატონმა ინამ ჯილდო პირადად გაიღო. შემდეგ შეიქმნა ფონდი და აი, უკვე ფონდის სახელით, მე-7 წელი წავიდა, რაც მხარს ვუჭერთ ამ კამპანიას, რომელზეც, ჩვენი ფონდიდან,  ჯამურად, 643 ათასი ლარი გამოიყო, აქედან 80 ათასი საპრიზო ფონდი იყო. ძალიან მიხარია, ამ პროექტთან რომ ვთანამშრომლობთ. სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება მისი რეპუტაცია,  უფრო ძლიერდებიან მასწავლებლებიც. მიხარია, რომ ყოველწლიურად ვიცნობთ არაჩვეულებრივ ათეულს, ვიგებთ მათ სახელებს. ეს ადამიანები უშუალო შეხებაში არიან ახალგაზრდებთან და გავლენას ახდენენ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ამიტომ, დიდი მადლობა მათ, ასევე, მადლობა ორგანიზატორებს, ჟიურის, ასეთი ენთუზიაზმით რომ ემსახურებიან ამ კარგ საქმეს.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო და მადლობა გადავუხადო მხარდამჭერებს. თავდაპირველად, ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მხარში დაუდგა ამ კამპანიას, მაშინ სამინისტროც ძალიან აქტიურად იყო ჩართული. დღეს კი, ნახეთ, რომ მხარდამჭერებს შორის ლიბერთი ბანკია, ეპამი, ალტა უნივერსიტეტი, ილიაუნი და სხვ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საქმეებს ყოველთვის ჰყავდეს მხარდამჭერები. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ ამ და სხვა მსგავსი კამპანიების მხარდაჭერაში, განათლების სფეროს განვითარებისათვის.“

ჟიურის წევრების აზრით, კონკურსი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებისა და აღიარების თვალსაზრისით, ამიტომ, სასურველია, მასწავლებელთა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა და ინტერესი ჯილდოსადმი.

სოფიკო ლობჟანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სკოლის ხელმძღვანელი: „პირველ რიგში, ეს კონკურსი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აღიარებს მასწავლებლის პროფესიას. ეს არის მასწავლებლების შრომის დაფასება, რასაც ისინი უანგაროდ აკეთებენ თავიანთი მოსწავლეების გასავითარებლად, სკოლის გასავითარებლად და რაც, საბოლოოდ, ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.“

ნინო ზაუტაშვილი, ჟურნალისტი, ჟიურის წევრი: „ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. ეროვნული ჯილდო განათლების სრულიად ახალი მოდელის მიდგომას ემსახურება, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, ახალი ტიპის საგანმანათლებლო მოდულებს გვთავაზობს. მე პირადად, ჟიურის წევრის რანგში, იმდენი კარგი მასწავლებელი აღმოვაჩინე, რომ თავისუფლად შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ, ამ რესურსით, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა დიდი ნაბიჯებით წავა წინ. ჩვენ ეს ნამდვილად დავინახეთ. ამიტომ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების კოალიციას, რომელიც მართლა მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს – გამოავლენს ისეთ მასწავლებლებს, რომლებიც სრულად შეცვლიან მიდგომებსა და საზოგადოებას. ბავშვებს, ოჯახების შემდეგ, ყველაზე დიდი შეხება სწორედ მასწავლებლებთან აქვთ და, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ისინი მისაღები იყვნენ ბავშვისთვის და აუცილებლად იმისკენ მიდრეკილი, რაც შეიძლება მეტი განათლება მისცენ მას. განათლებაში მხოლოდ წიგნიერებას არ ვგულისხმობს, ბევრ სხვა რამეს და როცა მასწავლებლები ამ ბევრი რამის მიცემას შეძლებენ, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ, მოვუწოდებ მასწავლებლებს, ჩაერთონ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში! ვინც კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს, ის გაბედული ადამიანი იქნება და გაბედულება ამ პროფესიაში უმნიშვნელოვანესია.“

 

2022 წლის ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი, რადგან ამ ქვეყანაში მასწავლებლის პროფესია, ავტორიტეტი, ჯერ კიდევ, საჭიროებს დაფასებას და კუთვნილი ადგილის დაბრუნებას. „ამ კონკურსში მონაწილეობა ისეთ მასწავლებლებს გამოავლენს, რომლებიც ძალიან მოკრძალებულები არიან, თუმცა ძალიან დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებენ. საზოგადოება გაიცნობს მათ სახელებს, მათ საქმიანობას, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ სხვები და ეს ხელს შეუწყობს ხარისხიან განათლებას. ასევე, ეს მასწავლებლებს მისცემს დიდ რესურსს როგორც მატერიალურს, ასევე ადამიანურს – კარგი კონტაქტები ექნებათ და ამ კონტაქტებს შემდეგ თავიანთ სკოლებში გამოიყენებენ და არა მარტო, გაუზიარებენ საკუთარ თემში სხვადასხვა სკოლებს.

მოვუწოდებ ყველა მასწავლებელს, იაქტიურეთ! ასევე მოვუწოდებ სასკოლო თემის სხვა წევრებსაც, საქართველოში ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს და წაახალისეთ ისინი, შეავსეთ აპლიკაციები!“

 

 

„ათეულთა კლუბის წევრი“ ნუგზარ სადიკოვიც მოუწოდებს მასწავლებლებს, შეავსონ აპლიკაცია და ჩაერთონ კონკურსში, რადგან „რასაც ეს პროექტი აკეთებს, ყველა მასწავლებლის უდიდესი სურვილია – ხდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. მასწავლებელი თავისი მოსწავლეებისთვისაც სამაგალითო ხდება, როგორც კარგი საქმის მკეთებელი. ამავდროულად, იმითაც მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, ყველა მასწავლებელს ეძლევა შანსი, მოხვდეს დიდ ძლიერ ოჯახში, როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მასწავლებელი და ჰქონდეს ძალიან დიდი პერსპექტივა – მრავალი ტრენინგი, სემინარი თუ სიახლე, რასაც ეროვნული ჯილდო თითოეულ მათგანს სთავაზობს. ამიტომ, აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომ კიდევ ბევრი ახალი კარგი საქმე ვაკეთოთ ბავშვებისთვის, მასწავლებლებისთვის და საქართველოსთვის. ამისათვის აუცილებლად უნდა შეავსონ აპლიკაციები!“

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნის ღონისძიებაზე, ალტე უნივერსიტეტსა და განათლების კოალიციას შორის, ოფიციალურად გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც კონკურსის მხარდაჭერას გულიხსმობს. ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ხატია მათიკოშვილის განცხადებით, თანამშრომლობის მთავარი მიზანი იმ კავშირების აღდგენა იქნება, რომელიც, სამწუხაროდ, დაკარგულია სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის: „ალტე უნივერსიტეტსა და მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს შორის მემორანდუმის გაფორმების მიზანი და მოტივი ის მთავარი კავშირია, რაც უნივერსიტეტსა და სკოლას შორის დაკარგულია ხოლმე. სწორედ ამ კავშირს აღვადგენთ მასწავლებლების ჩართულობითა და დახმარებით. ჩვენს უნივერსიტეტს სჯერა, რომ ყველაზე მთავარისა და ღირებულის მიღწევა განათლებაში მასწავლებლების გარეშე შეუძლებელია. ამ მნიშვნელოვან გამოწვევასა და მიზნის მიღწევაში კი, რა თქმა უნდა, „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოსთან“ თანამშრომლობა დაგვეხმარება. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ ორგანიზაციასთან, მუდმივად განვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის პროექტებს, აგრეთვე, სპონსორებიც ვიქნებით, ჩვენი სივრცე აბსოლუტურად ღია იქნება მათთვის და შესაძლებლობა ექნებათ, ნებისმიერი ღონისძიებისთვის გამოიყენონ. ჯილდოს გამოვუცხადეთ როგორც მორალური, ისე ფინანსური მხარდაჭერა – კონკურსის პრიზიორებისთვის სიმბოლურ პრიზებსაც დავაწესებთ.“ – განაცხადა ხატია მათიკოშვილმა.

ლალი ჯელაძე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები