23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მეზღვაურობა, პირველ რიგში, გამძლეობას ნიშნავს – ინტერვიუ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან

spot_img

 

ლევან იასამნიძე – 24 წლის; კაპიტნის მე-3 თანაშემწე. ამჟამად იმყოფება შორეულ ნაოსნობაში, მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, სახელწოდებით – „FlAGSHIP ORCHID“; კომპანია: Prime Tanker MANAGEMENT.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „საზღვაო ნავიგაცია“ კურსდამთავრებული – 2016-2022წწ; იყო ბნსუ-ს წარჩინებული სტუდენტი; 2 ვადით აირჩიეს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტად.

მუშაობს ბნსუ-ს მეზღვაურთა მომზადების საერთაშორისო ცენტრის ინსტრუქტორად; არის ბნსუ-ს მაგისტრანტი (სატრანსპორტო ლოგისტიკა).

როგორ ავირჩიე პროფესია?

პროფესიის არჩევა ძალიან რთული საქმეა, ამაზეა დამოკიდებული მთელი შენი მომავალი ცხოვრება. როდესაც ადამიანი ამ არჩევანის წინაშე დგას, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. მხოლოდ შემოსავალი არ არის მთავარი, იმაზე უნდა დაფიქრდე, რა გსურს და სად წარმოგიდგენია თავი ყველაზე კომფორტულად. როდესაც აბიტურიენტი გავხდი, სწორედ ამ კითხვას ვუსვამდი თავს: სად ვიგრძობ თავს ყველაზე კომფორტულად? ზღვა ძალიან მიყვარს. მეზღვაურობა ერთ-ერთ საინტერესო პროფესიად მესახებოდა. მრავალფეროვნება, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კომუნიკაცია , ცოტა რისკი და ადრენალინი – ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავდა. ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია, მარტივად გადავწყვიტე, რომ ამ გზას გავყოლოდი. ასე აღმოვჩნდი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და ამ პროფესიაში.

მე და ზღვა

არ მესმის, როგორ შეიძლება ზღვასთან, სიყვარულის გარდა, სხვა შეგრძნებები და ემოციები გაკავშირებდეს? ზღვა უნდა გიყვარდეს, სხვანაირად ამ პროფესიაში ვერ გაძლებ. რომ არა სიახლოვე ზღვასთან, ალბათ ექიმი, ეკონომისტი ან იურისტი ვიქნებოდი.

ჩემთვის მეზღვაურობა ნიშნავს

მეზღვაურობა, პირველ რიგში, გამძლეობას ნიშნავს. ეს არის, რაღაც დოზით, რისკი, მოთმინება, მონდომება, ძალისხმევა, შრომა, დრო, მოტივაცია, მოგზაურობა.

პირველი ნაოსნობა

ახლა ღიმილით მახსენდება… პირველ ნაოსნობას თან ახლდა უდიდესი დაძაბულობა და შიში. რწევებისას ყველაფერს ვეჭიდებოდი, რომ არ წავქცეულიყავი, მერე თანდათან მივეჩვიე.

მოტივატორი

საკუთარი თავი – მუდამ ვცდილობ, კონკურენციაში ვიყო საკუთარ თავთან, ხვალ ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს ვარ.

ჩემი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ბევრი დადებითი აქვს ამ პროფესიას, მაგრამ სირთულეებით დავიწყებ. საყვარელი ადამიანების მუდმივი დეფიციტი და შენი ქვეყნის მონატრება – ყველაზე დიდი სირთულე, რაც ამ პროფესიას ახლავს. სირთულეა ისიც, რომ ხშირად სტრესულ გარემოში გიწევს მუშაობა, თუმცა დადებითი მხარეები აბალანსებს: მოგზაურობ ასობით ქვეყანაში, ნახულობ ღირსშესანიშნაობებს, ეზიარები სხვადასხვა ერის კულტურას, ხარ ფინანსურად უზრუნველყოფილი და მაღალანაზღაურებადი. ყველას ეს ფუფუნება არ აქვს.

რჩევები დამწყებ მეზღვაურებს:

▶️ მნიშვნელოვანია ენები! ყურადღება მიაქციეთ ენების ცოდნის დონეს. ეს ბევრ კარს გაგიხსნით.

▶️ იშრომეთ, მეზღვაურობა არ არის მხოლოდ მოგზაურობა.

▶️ გემზე ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება!

▶️ შექმენით საქართველოზე დადებითი წარმოდგენა. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ!

▶️ გიყვარდეთ პროფესია – ეს წარმატების გასაღებია.

▶️ დაბოლოს, ყველა მეზღვაურს ზურგის ქარს გისურვებთ.

         

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის როლი ჩემს წარმატებაში

ბევრს არაფერს ვიტყვი. ის,რომ მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმით დავიწყე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტით გავაგრძელე (ვგულისხმობ ბაკალავრს) და დღემდე, ამ დაწესებულების სტუდენტი ვარ, უკვე მაგისტრანტი, მგონი ყველაფერს ამბობს. აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში, ვიყავი თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი. რომ არა ნავიგაციის უნივერსიტეტი, მე დღეს ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ… მადლობა უდიდესი შრომისთვის, რომელსაც ეს ორგანიზაცია დებს საზღვაო საგანმანათლებლო სივრცეში. ვიმედოვნებ, თქვენი დამხარებით, ხმამაღალ სიტყვას ვიტყვი მეზღვაურის პროფესიაში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები