მაია გვიჩია
სსიპ ფოთის №5 საჯარო სკოლის მასწავლებელი
ლეგენდები ჩვენი ყოფა-ცხოვრების, კულტურის განუყოფელი ნაწილია, თუმცა აღმოჩნდა, რომ დღევანდელობაში მათ მიმართ ინტერესი განელდა. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა მეექვსე კლასის სახელმძღვანელოთი (ავტორები: ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ავთ. არაბული, ე. ქურციკიძე, მ. ხუციშვილი) გათვალისწინებული მუხრან მაჭავარიანის ლექსი „ვახტანგმა წყალი ისურვა“ განვიხილეთ. შემოთავაზებულმა რამდენიმე აქტივობამ გამოავლინა, რომ ბავშვები არ იცნობენ ლეგენდურ წარსულს. ამაზე გამახსენდა, ერთმა ცნობილმა ფილოლოგმა მეგობრულად მიმანიშნა, ფოთელი ბავშვები ეგნატე ნინოშვილს თუ არ კითხულობენ, არც პალიასტომის ტბის ამბები სცოდნიათო, აბა. ახლა კი, მოსწავლეებთან ერთად, შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა მითიური, ბურუსით მოცული სამყაროს მცირე „კვლევა-ძიება“ ჩამეტარებინა და ამ გზით გამეღრმავებინა მათი თვალსაწიერი. კლასი რამდენიმე ჯგუფად დავყავი. პირველი ჯგუფი უძველეს ლეგენდებზე იმუშავებდა და მათ ეტიმოლოგიას შეისწავლიდა, მეორე ჯგუფს ქართული ლეგენდების მოძიება დაევალა, მესამე-მეოთხეს ქართველი ავტორების ის ნაწარმოებები უნდა ჩამოეწერა, რომლებსაც სათავედ ლეგენდარული ამბები დაედო, დაბოლოს, მეოთხე ჯგუფს ჩვენი ქალაქის, ფოთის, შესახებ გავრცელებული ლეგენდების შეგროვება ევალებოდა.
მოსწავლეები მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ დავალებას, სულ ორიოდე გაკვეთილში გააკეთეს პრეზენტაციები, აქამდე ნაკლებად მონდომებულებიც კი გააქტიურდნენ. ყველაზე მეტი აჟიოტაჟი მაინც ეროვნულმა და ფოთის შესახებ ლეგენდებმა გამოიწვია. ასე ამოქექეს ლეგენდა სურამის ციხეზე, თავის დროზე დანიელ ჭონქაძემ რომ გამოიყენა ლიტერატურულ ნაწარმოებში „სურამის ციხე“; ნიკო ლორთქიფანიძის „ქედუხრელნი“; დავით სულიაშვილის „ზურაბის ციხე“; აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავში“ ამირანის ლეგენდის ფრაგმენტი; „გოგია მეჩონგურე“, თავიდან ბოლომდე, ლეგენდაზე აგებული მოთხრობის, ილია ჭავჭავაძის მიერ, „ბაზალეთის ტბის“ შესახებ არსებული ლეგენდის სიუჟეტად გამოყენება; პოემა „განდეგილის“ ბეთლემის ლეგენდა და ეგნატე ნინოშვილის ცნობილი „პალიასტომის ტბა“. უფრო სასიამოვნო მაინც ადგილობრივ ლეგენდებზე მუშაობა აღმოჩნდა, თითოელმა წევრმა ამომწურავი ინფორმაცია შეკრიბა ფოთის წარსულიდან, არგონავტების შესახებ ლეგენდა მხოლოდ რამდენიმემ თუ იცოდა, პალიასტომზე კი, სამწუხაროდ, არავინ – არაფერი. თამარმა დეტალურად უამბო კლასს რამდენიმე ლეგენდა ამ საკითხთან დაკავშირებით, დასურათებული გაზეთიც წარმოადგინა; ასევე საინტერესო აღმოჩნდა ნიკოლოზის ჩართულობა, მანაც ინდივიდუალურად მოამზადა პლაკატი და პრეზენტაციაც შესთავაზა მეგობრებს, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სიკეთე ადამიანში მიბაძვის სურვილს იწვევს, განსაკუთრებით კი თვალშისაცემი ეს სასკოლო სივრცეშია.
ზემოთ აღნიშნული გაკვეთილი მრავალმხრივ შევაფასეთ, გავაანალიზეთ, ვიმსჯელეთ რა ვისწავლეთ, რა გამოგვრჩა, რის მოსმენას ისურვებდნენ. ამ მიზნით შევავსებინე სქემა „ვიცოდი, გავიგე, რა მინდა ვიცოდე“, სადაც ბავშვებმა უამრავ ნიუანსს გაუსვეს ხაზი. აი, რამდენიმე მათგანიც: ვიცოდი: „ლეგენდა ამირანზე, არგონავტებზე, ისინიც ზოგადად…“ (ელენე ჟ.); „არ ვიცოდი, რომ ლეგენდა არსებობდა პალიასტომზე, სინამდვილეში, ერთი ჩვეულებრივი ტბა მეგონა, ახლა ვიცი მისი ისტორია, რომ ამ ადგილას პავლიას ტომი სახლობდა, მერე, ერთ დღეს, უცებ ჩაიძირა“ (მარიამ ხ.); გავიგე: „სხვადასხვა თემაზე ლეგენდები, მათ შესახებ ინფორმაციის დახარისხება-მოძიება ყველაზე საინტერესო პროცესი იყო, აუცილებლად წავიკითხავ ნინოშვილის „პალიასტომის ტბას“ (ანასტასია ლ.).
როცა ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ამოვწურეთ, მოსწავლეებმა ლოგიკურად მოითხოვეს, რამდენიმე გაკვეთილი უცხოური ლეგენდებისთვისაც დაგვეთმო, არადა, ამ გაკვეთილებზე, საგანგებოდ, მხოლოდ ქართულ ლეგენდებს შევეხეთ. ამჯერად, უფრო ვაჟებმა იყოჩაღეს, წყვილებში იმუშავეს: ირაკლიმ და ალექსანდრემ, დათომ და ანდრიამ. მათ ბერძნულ-რომაულ თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში განფენილ ლეგენდებზე გვიამბეს. მართამ, ელენემ და ანასტასიამ ვრცლად ისაუბრეს ამა თუ იმ საინტერესო საკითხზე, გამოდიოდნენ დაფასთან და ყოველ მათგანს სურდა, მეტი და მეტი მოეთხრო, თემო ყველაფერს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა და სასარგებლო ინფორმაციას თავისებურად ალაგებდა, ფანტაზიორი ბარბარე კი ახალ ლეგენდებსაც თხზავდა… დაბოლოს, გვირგვინი ამ ამბებისა ის იყო, რომ მოსწავლეებს ექსპრომტად მივეცი თხზულება „ჩემი ქალაქი“, რომელშიც უცხოელი მეგობრისთვის უნდა აღეწერათ და გაეცნოთ ფოთი. ელენე თავის ვირტუალურ ნაცნობს სწერდა: „ჩემს ქალაქზე რამდენიმე ლეგენდაა, ერთი მათგანი არგონავტებზეა, კოლხეთში სამოგზაუროდ ჩამოსულ იაზონს მეფის ასული მედეა დაეხმარა ოქროს საწმისის წაღებაში, თავბრუდამხვევი ამბები უკავშირდება მას… რომ იცოდე, რა ლამაზია ოქროს ტბა…“; გედა წერდა: „იცი, წლები გავიდა, პალიასტომზე ლეგენდა ისევ ცოცხალია, პალიასტომი გასაოცარი ადგილია კოლხეთის ეროვნულ პარკში. ამბობენ, აქ ხალხი ცხოვრობდა, პავლიას ტომი ერქვა, მერე, როცა ჩაიძირა, ერთდერთი კაცი, ღვთისმშობლის ხატით ხელში, გადარჩა… დღეს აქ ცხოვრება გრძელდება, კარგია, თუ მესტუმრები…“.
პედაგოგიკის ტერმინი „ტრანსფერი“გამახსენდა, გამეღიმა… ვკითხულობდი და შინაგანად ვივსებოდი. განცდა იმისა, რომ ჩვენი წარსულის გაცოცხლება რამდენადმე შევძელით და სხვა ელფერი შევმატეთ მას, იმედს მიტოვებს, რომ ოდესმე ისინი თავად მოუყვებიან შვილებსა და შვილიშვილებს იმას, რაც ასე სიყვარულით წამოიღეს, წლების წინ, ლეგენდების სამყაროდან.
P.S. მოსწავლეებთან ერთად, გადავწყვიტეთ ლეგენდების ნაკვალევზე გავლა. ამ მიზნით, სამომავლოდ, ვგეგმავთ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის დათვალიერებას. სამწუხაროდ, სარემონტო სამუშაოების გამო, ზოგიერთი მასალის ნახვა ვერ მოხერხდა, თუმცა, ვფიქრობთ, მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება სამუზეუმო სივრციდან ექსკლუზიურად მოპოვებული არტეფაქტების რამდენიმე ფოტო, რომელთათვისაც მადლობას ვუხდით მუზეუმის ადმინისტრაციას.
ჩვ.წ.აღ-ით IV-VII საუკუნეებით დათარიღებული პალიასტომის ტბის არტეფაქტები
არგონავტების მითის დარბაზი