ტრიუმფი პოლონეთში
18-19 თებერვალს საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა დიდი წარმატებით იასპარეზა პოლონეთის საერთაშოორისო ტურნირში, სადაც 11 მედალი და გუნდური პირველობა მოიპოვა. სოსო ჯაბიძის გუნდის მონაგარი ხარისხობრივად ასეთია: 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 7 – ბრინჯაო.
ტურნირის ჩემპიონი ოზურგეთელი გიორგი შოთაძე გახდა 63 კილოგრამში. ფინალში დამარცხდნენ და ჩემპიონობამდე თითო მოგება დააკლდათ ბორჯომელ დიმიტრი ხაჩიძეს (60), აჭარის წარმომადგენელ ხვიჩა ანანიძეს (77) და თბილისელ ლაშა ტვილდიანს (97) – ისინი ვერცხლის მედალს დასჯერდნენ, ხოლო მესამეზე აჭარის ნაკრების წევრები – რომეო ბერიძე (60), დიეგო ჩხიკვაძე (67), აჩიკო ბოლქვაძე (87), ასევე სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე (72), ოზურგეთელი საბა მამალაძე (82), თბილისელი ლუკა გაბისონია (97) და გარდაბნელი გიორგი ცოფურაშვილი (125) გავიდნენ.
როგორც ვხედავთ, 2 წონაში – 60-97-ში 2-2 მედალოსანი გვყავს. აქ უფრო საინტერესო 97-ის ვითარებაა (60-ში ბერიძე საქართველოს ჩემპიონატში არ გამოსულა): გაბისონია საქართველოს ჩემპიონია, ტვილდიანი – მესამე პრიზიორი, თუმცა ამჯერად ტვილდიანმა შედეგით აჯობა კონკურენტს… მედალოსანთა შორის ბევრი საინტერესო ფალავანია, თუმცა ისევ გამოვარჩევთ აჭარელ აჩიკო ბოლქვაძეს – ეს ბიჭი ახალგაზრდულ ნაკრებშიც კი ახალი გადმოსულია ჭაბუკებიდან, ამ ტურნირზეც რამდენიმე წლით უფროსებთან უწევდა პაექრობა, თუმცა მაინც შეძლო მედლის მოპოვება… ის ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრებში ყოფნისას მუდამ დიდი წარმატებით ჭიდაობდა ნებისმიერი ასაკის ტურნირებში, თვით ეროვნული ნაკრების დონეზეც კი და შინ თუ გარეთ არც ერთ ტურნირს არ ტოვებდა უმედლოდ. ეს ბიჭი კვლავაც ამტკიცებს, რაოდენ დიდი ტალანტი გვეზრდება.
23-წლამდელები თანატოლთა ევროპის მოახლოებული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომლის გამართვამდეც ბევრი დრო აღარ დარჩა – 13-19 მარტს ბუქარესტი უმასპინძლებს სამივე საჭიდაო სტილში. ეს ტურნირიც იქ წასაყვანი შემადგენლობის შესარჩევად ერთ-ერთი ეტაპია. ზემოდასახელებულ მედალოსანთაგან ხაჩიძე, ორივე ჩხიკვაძე, მამალაძე, ბოლქვაძე და ცოფურაშვილი საქართველოს ჩემპიონები არიან და მათ. პრაქტიკულად გაინაღდეს რუმინეთში წასვლა, დანარჩენ წონებში კი დაველოდოთ მწვრთნელთა გადაწყვეტილებას.
თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტრადიციული ყოველწლიური ტურნირი
რუსთავის ეგრეთ წოდებულ ქიმიკოსთა დარბაზში წლეულსაც მაღალ დონეზე ჩატარდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იქაურთა მსოფლიოს ჩემპიონის – თემურ ყაზარაშვილის სახელობის ტრადიციული ყოველწლიური ტურნირი ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ჭაბუკთა შორის. ადრე ეს შეჯიბრება საერთაშორისო კატეგორიისა იყო, თუმცა ახლა რესპუბლიკური მნიშვნელობისაა, ოღონდ – ღია სტატუსის, რაც უცხოელებსაც აძლევს მონაწილეობის საშუალებას. ამჯერად მასში სომხეთის გუნდიც მონაწილეობდა და საკმაოდ კარგადაც იასპარეზეს – 11 მედალი მოიპოვეს, 3 ოქრო და 8 – ბრინჯაო.
მასპინძელთაგან ჩემპიონები აჭარის წარმომადგენელი გიგი პაქსაძე (38), ოზურგეთელები – ნიკოლოზ კუტუბიძე (41) და ცოტნე ქოჩალიძე (62; ამან ფინალში თანაქალაქელი კობა ჯამბერიძე დაამარცხა ანუ აქ ოზურგეთელთა ფინალი გაიმართა), გარდაბნელი ლუკა ხაინდრავა (52), წალკელი საბა ვანაძე (68), სენაკელი გიორგი ქვარცხავა (75) და ქუთაისელი თემურ სიმსივე (85) გახდნენ.
ბუნებრივია, ტურნირს თავად თემურ ყაზარაშვილიც ესწრებოდა, ვინც საგანგებოდ ჩამოვიდა შვეიცარიიდან. იქ ის პერსონალურად მიიწვია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პოსტიდან სკანდალურად გადაყენებულმა რაფაელ მარტინეტიმ (სოკ-მა ოლიმპიადის პროგრამიდან ჭიდაობის ამოღების საკითხიც კი დააყენა, ფედერაცია კორუფციულ სკანდალში გახვეულ ამ პერსონას მართვის სადავეებს თუ არ ჩამოაცილებდა და ჭიდაობის წესებს არ გამართავდა) თავისი შვილიშვილის მწვრთნელად, რასაც ყაზარაშვილი წარმატებით ართმევს თავს.
ირაკლი თავაძე