5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

სპორტული სიახლეები

spot_img

საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის

11-12 თებერვალს ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელშიც, ბოლო დღეს, ამავე ასაკის გოგონებიც ჩაებნენ.

საბედნიეროდ, მონაწილე გოგონათა ზრდის ტენდენცია წლეულსაც შენარჩუნდა –   ამჯერად ჩემპიონატში 86 გოგონა ჩაება, შეჯიბრება კი 8 წონაში გაიმართა. აქედან მხოლოდ 1 იყო წრიული. მათმა გამოსვლამ მაყურებლის არანაკლები ინტერესი გამოიწვია და ვნებათაღელვითაც ბიჭებისაზე უფრო ხმაურიანიც გამოდგა.

მთლიანად ჩემპიონატი კი სელექციის კუთხით გამორჩეული გამოდგა – უფრო ბიჭებში, ვიდრე – გოგონებში. ბიჭებში ბლომად გამოჩნდნენ ახალი, პერსპექტიული კადრები. ჭაბუკთა ნაკრებში წლეულს თაობათა ცვლა მოხდა – შარშანდელი მართლაც ძლიერი გუნდიდან ნაწილი უკვე გადავიდა ახალგაზრდებში, დარჩენილთაგან ნაწილი მწვრთნელებმა დაასვენეს, ხოლო იმ 2-3 კაციდან, ვინც ამ ტურნირში იჭიდავა, უმეტესობა დამარცხდა. ასევე წააგო პირველ ნომრად განთესილთა დიდმა ნაწილმა;  გაიმარჯვეს საგარეჯოელმა შოთა ბაჩოშვილმა (50), თბილისელმა გიორგი ბენდელიანმა (81) და წყალტუბოელმა საბა გველესიანმა (90). ეს ფაქტი კი კონკურენციის ზრდის მაჩვენებელია – აქ უკვე წინასწარი პროგნოზები ძნელი გასაკეთებელია.

ეს ყველაფერი გვაიმედებს, რომ ჭაბუკთა ნაკრებში კარგი თაობა მოდის, რომელსაც ძალუძს, მინიმუმ, გაიმეოროს ამ გუნდის შარშანდელი შედეგები, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. შარშან ამ ნაკრებს სამი მთავარი ტურნირი მოუწია – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ისედაც ყოველწლიურად ტარდება, თუმცა შარშან ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც დაემატა, რომელიც 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო 1 წლით გადმოსწიეს. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა 3 მედალი – 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა. მსოფლიოს პირველობაზე ბევრად უკეთესად გამოვიდნენ და 6 ჯილდო დაისაკუთრეს: 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 – ბრინჯაო, ფესტივალზე კი ასევე 6 მედალი, ოღონდ 2 ოქრო და 4 ბრინჯაო.

ამ ნაკრებს წლეულსაც ასეთივე დამქანცველი სეზონი ელოდება – ფესტივალი თავის ჩვეულ, ორწლიან განრიგს უბრუნდება და კალენდარით წლეულს უწევს, ხოლო ევროპა-მსოფლიო ისედაც ხომ ყოველწლიური შეჯიბრებაა. თან, 3-ვე ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრება მეტად შემჭიდროებულ ვადებში ტარდება – ივნისში პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატია, ივლისში – სლოვენიაში ფესტივალი, ხოლო აგვისტოში სარაევო მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს.

დავუბრუნდეთ საქართველოს ჩემპიონატს, სადაც იმდენი კარგი მოზარდი ვიხილეთ, რომ ძნელია ყველას ჩამოთვლა, თუმცა თავისი შემართებით ერთი მაინც უნდა გამოვყოთ – თბილისელი ცოტნე ბახტაძე (73). ის ფინალში ნატკენი ფეხით გავიდა საჭიდაოდ თანაქალაქელ რომან პაპიაშვილთან. ტატამზე კოჭლობით გადაადგილდებოდა და სწორედ ეს ტრავმა გახდა მისი ფინალში მარცხის მიზეზი… აღსანიშნავია, რომ ბახტაძემ ფეხი წინა შეხვედრაში – ნახევარფინალში იტკინა, თუმცა შეხვედრის უმეტესი ნაწილი ასე ტრავმირებულმა ჩაატარა. მსაჯმა მას ორჯერ მიუთითა ექიმისკენ, თუმცა თავად იუარა და პაექრობა ასე ტრავმირებულმა მოიგო. ერთი მხრივ, ასეთი თავგანწირვა გარკვეული რისკის შემცველია, თუმცა მონდომება და ჟინი შექებას იმსახურებს. ბიჭების ტურნირი საკმაოდ კარგი ფინალით დასრულდა, სადაც ფავორიტად თბილისელი ნიკოლოზ ზაალიშვილი მიიჩნეოდა, ვინც წინასწარი ეტაპის შეხვედრებში დამაჯერებლად იჭიდავა, თუმცა ფინალში ქარელელმა შოთა გოჩიაშვილმა მშვენიერი იპონით დაამარცხა.

ტურნირში რამდენიმე ისეთმა რაიონმა მოიპოვა წარმატება, რომელიც აქამდე ძიუდოში არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული მიღწევებით და ზოგან 10-ოდ წლის წინ ძიუდო არც იყო განვითარებული. ყველაზე მეტად მაინც წყალტუბომ გაგვაკვირვა, რომელმაც ამ ორდღიან ტურნირში ბიჭებში 3 ფინალი იჭიდავა და 1 ოქროც დაისაკუთრა, თუმცა ბრინჯაოს მედალიც ჰქონდათ. არადა, იქ ძიუდომ ამ ბოლო პერიოდში მოიკიდა ფეხი. 3 ოქრო მოიპოვა ქარელმაც და სხვა სინჯის მედლებიც ბლომად მოიპოვეს – ადრე მათ ოლიმპიური ჩემპიონიც კი ჰყავდათ – შოთა ხაბარელი, თუმცა ბოლო წლებში დიდ ასპარეზზე არ ჩანდნენ, ახლა კი ბავშვთა დონეზე დიდ წარმატებებს აღწევენ. სხვათა შორის, ამაში დიდი როლი ხაბარელის ძმის შვილს – მირზა ხაბარელს უდევს, რომელმაც იქ ძიუდოს კლუბი დააარსა. ბიჭებში თბილისმაც 3 ოქრო მოიპოვა სხვა სინჯის მედლებთან ერთად. სამაგიეროდ, ოქროს გარეშე დარჩნენ გორი, ახმეტა, თელავი და სხვა აღიარებული ცენტრები.

გოგონებში მედლები უფრო თანაბრად გადანაწილდა, თუმცა აქაც იყო ისეთი რაიონი, ბიჭებში მონაწილე რომ არ ჰყოლიათ – ხარაგაული. გამოირჩეოდნენ:  ხელვაჩაური, ზესტაფონი, სენაკი, საგარეჯო, ადიგენი, ახმეტა, ხოლო თბილისი და გორი – თავისთავად. ახმეტამ ერთადერთი ოქროს მედალი გოგონებში მოიპოვა, რაც  ახლო წარსულში, იქაურთა სახელოვანი ფალავანის – ევროპის პრიზიორის, ამჟამად კი მწვრთნელ ალექსი დავითაშვილის დამსახურებაა, ბოლო პერიოდში ის ძიუდოს რეპორტაჟების მეტად კოლორიტულ წამყვანად იქცა: 63 კილოგრამის ფინალში ახმეტელ მარიამ ნათელაურს ქარელელმა ნონა დოლიაშვილმა საყრდენ ფეხზე გამოკრა, რაც დისკვალიფიკაციით ისჯება, თუმცა ეს მომენტი ყველა არბიტრს გამოეპარა, მხოლოდ დავითაშვილმა შეამჩნია და ვიდეოგამეორება მოითხოვა, რამაც დაადასტურა კიდეც დარღვევა.

როგორც ზემოთ გითხარით, ბიჭებში საქართველოს ჩემპიონები ბაჩოშვილი, ბენდელიანი, გველესიანი და გოჩიაშვილი გახდნენ. მათ გარდა, ეს ტიტული ქარელელებმა – ნიკა ნანეტაშვილმა (55), გიორგი დულარიძემ (66), ასევე თბილისელებმა – თორნიკე გიგაურმა (60) და რომან პაპიაშვილმა (73) მოიპოვეს, გოგონებში კი ქვეყნის ჩემპიონები, ნათელაურთან ერთად, გახდნენ: ხელვაჩაურელი ანა აბაშიძე (40), ადიგენელი მარიამ თუმანიშვილი (44), სენაკელი ანანო კინწურაშვილი (48), საგარეჯოელი მარიამ ხოსიტაშვილი (57); თბილისელები – მარიამ სიჭინავა (52), ლიზი ქვარცხავა (70) და ბარბარე გელაშვილი (+70).

ინგა გურგენიძის საოცარი ნახტომები

ქართული ფიგურული ციგურაობა აგრძელებს ქომაგთა გახარებას. ჯერ ანასტასია გუბანოვას მიერ მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული, რაც პირველია საქართველოსთვის, არ განელებულა, ახლახანს კი ინგა გურგენიძემ მორიგი წარმატებით გაგვაოცა: 12 თებერვალს სლოვენიაში, საერთაშორისო ტურნირზე, ერთ პროგრამაში ორჯერ შეასრულა ერთ-ერთი ურთულესი ილეთი – სამნახევარი ტულიპი.

ესაა საერთაშორისო ტურნირი „Dragon Trophy“, რომელიც ახალგაზრდებს შორის ტარდება, გურგენიძემ კი გოგონებში ინდივიდუალურ პირველობაში ისრიალა. ეს სამნახევარი ტულიპები მან თავისუფალ პროგრამაში შეასრულა. პირველი – სხვა ნახტომებთან ერთად კომბინაციაში გააკეთა, სულ კი ამ პროგრამაში  სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად 7 ნახტომი შემოგვთავაზა. ამ ურთულესი პროგრამით მან 35 მონაწილეს შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა და დამსახურებულად მოიპოვა ოქროს მედალი. ამით ძალიან კარგი განწყობა შეიქმნა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც 27 თებერვალს კანადურ კალგარიში დაიწყება. იმედია, გურგენიძე იქაც ასეთივე წარმატებით შეასრულებს ამ ილეთს.

ირაკლი თავაძე

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები