23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ინტერკულტურული განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში

spot_img

თეონა ღონღაძე

დედოფლისწყაროს 1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

ოცდამეერთე საუკუნეში, თანამედროვე ადამიანის წინაშე გადაშლილი ახალი პერსპექტივების ფონზე, საერთაშორისო თუ სახელმწიფო ორგანიზაციები უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თითოეული ინდივიდის უფლებას, იცხოვროს ეთნიკურად და კულტურულად განსხვავებულ გარემოში.

ინტერკულტურული განათლების მიზანს წარმოადგენს როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდების წარმატებული ინტეგრაცია თანამედროვე მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, რაც თავისთავად  გულისხმობს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შეთვისება-აღიარებას, ყველა კულტურის თანაბრად დაფასებას, უმრავლესობისა და უმცირესობისთვის თანაბარი მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

ტერმინი „ინტერკულტურული“ შინაარსობრივად, აუცილებლად, მოიცავს ინტერაქციას, გაცვლა-გამოცვლას, ბარიერების მოშლასა და ჭეშმარიტი სოლიდარობის დატვირთვას, მასში მოიაზრება მთელი ის ღირებულებები, ცხოვრების წესები, ადამიანური არსის სიმბოლური გამოხატულებები, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეხება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერკულტურული განათლების ხელშეწყობა სკოლებში, რათა მოსწავლეებს ვასწავლოთ კულტურათაშორისი დიალოგი, ჰუმანურობა, სოლიდარობა, ურთიერთგაგება და სხვ.

როდესაც ვსაუბრობთ ინტერკულტურული განათლების მნიშვნელობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს სკოლის როლი მოსწავლის განვითარებაზე. აქ კი, მასწავლებელს ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა და პასუხისმგებლობა. სწორედ მასწავლებელია ის, ვინც უნდა უღვივებდეს მოსწავლეებს განსხვავებულის მიმღებლობისა და თანასწორობის განცდას.

მინდა, გესაუბროთ ჩემ მიერ დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ პრაქტიკაზე ინტერკულტურული განათლების  ხელშესაწყობად:

  • მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაცნობა-გააზრება;

(შესაძლებელია გამოვიყენოთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ბოშები“).

  • კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა;

(პირადი თვალსაზრისის შემცველი ესე სტერეოტიპული აზროვნების შესახებ; პოსტერის დამზადება).

  • ფილმების ჩვენება და დისკუსია;

(ფილმები: „ჰურიე“, „ბიბლია ჟესტების ენაზე“, „პოლონელი მღვდელი სამცხედან“ და „ნიგერიელი გოგო თბილისში“).

  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება;

(ადგილობრივ დონეზე მოკვლევა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ასევე, შეხვედრებში შეგვიძლია ჩავრთოთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, მაგალითად, სტუდენტები და სხვ.).

  • ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიების მოწყობა;

(ინტერკულტურული კარნავალის ჩატარება; საერთო სპექტაკლის მომზადება და დადგმა).

მასწავლებლის მიერ შეთავაზებული აქტივობებით მოსწავლეები:

  • აცნობიერებენ საზოგადოების მრავალფეროვნებას;
  • უვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შედეგების გაცნობიერების უნარი;
  • იაზრებენ ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს;
  • უვითარდებათ ემპათიის უნარი;
  • უჩნდებათ განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების უნარი;
  • კონფლიქტების დროს ანალიზისა და პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • როგორც საკუთარი, ასევე სხვების კულტურის დაფასების უნარი;
  • ინტერესი სხვა ეთნიკური ჯგუფების ადათ-წესებისა და ღირებულებების მიმართ.

♦ ♦ ♦

მას შემდეგ, რაც მერვე კლასში მოსწავლეებმა შეისწავლეს და გააანალიზეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ბოშები“, ასევე დაამუშავეს საგაზეთო სტატიები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ, ჩემს კოლეგასთან ერთად, თანამშრომლობის მიზნით, პარალელურ კლასებში, მოსწავლეებს შევთავაზეთ, დაეწერათ პირადი თვალსაზრისის შემცველი ესე სტერეოტიპული აზროვნების შესახებ, ასევე, წაკითხულ და დამუშავებულ მასალაზე დაყრდნობით,  თანატოლებისათვის ელექტრონული პრეზენტაცია მოემზადებინათ.

მოსწავლეებთან ერთად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ფილმების ჩვენება მოვაწყვეთ; გავმართეთ დისკუსია მათი პრობლემებისა და გადაჭრის გზების ძიებაზე.

შევხვდით საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, აგრეთვე, ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს, სადაც სტუდენტებმა თავისუფლად ისაუბრეს რეალურ პრობლემებზე მათ თემში, თუ ვინ როგორ დაძლია აღნიშნული პრობლემა და რას აკეთებს სახელმწიფო და საზოგადოება მათი პრობლემების გადასაჭრელად.

მოგახსენებთ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები – ბოშები. მათთან გაცნობა-დაახლოების მიზნით, მოსწავლეებთან ერთად, მოვაწყვე შეხვედრა, სადაც მათ ერთმანეთს გაუზიარეს ცხოვრებისეული გამოცდილება, ისაუბრეს თავიანთი ტრადიციებისა და კულტურის შესახებ, გაიხსენეს საინტერესო ამბები, დეტალები, თუ რომელია მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სადღესასწაულო დღეები და როგორ აღნიშნავენ მათ. ამ შეხვედრამ გვიბიძგა, ჩაგვეტარებინა ინტერნაციონალური კარნავალი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაციონალური სამოსი, კულტურა და ტრადიციები. ეს იყო შესანიშნავი და ემოციებით დატვირთული დღე ჩემს სასკოლო პრაქტიკაში, გულწრფელი ემოციები, ბედნიერი სახეეები და მოტივაცია დიდხანს გამყვება.

მიზანი, რომ მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ინტერკულტურული განათლების შესახებ ინფორმაცია, გაცნობოდნენ განსახვევებული ეთნიკური კუთვნილების ადამიანებთან თანაცხოვრების უნარს, გაეაზრებინათ მათი პრობლემები, გასჩენოდათ ემპათიის უნარი, ვფიქრობ, მიღწეულია.

ინტერკულტურული განათლების შედეგი დამოკიდებულია მასწავლებლისა და სასკოლო საზოგადოების უნარ-ჩვევებზე, მათ კვალიფიკაციასა და მონდომებაზე. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეები გაათავისუფლოს სტერეოტიპული აზროვნებისგან, პირველ რიგში, თავად არ უნდა იყოს კულტურული სტერეოტიპების მსხვერპლი. მოსწავლეებთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ინტერკულტურული განათლების ხელშესაწყობი აქტივობები და რესურსები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები