20 აპრილი, შაბათი, 2024

სიტყვათა წყობა ინგლისურ ენაში

spot_img

ეკა სეფიაშვილი

დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი

 

 

უცხო ენაში გრამატიკის და, კერძოდ, წინადადებებში სიტყვათა წყობის სწავლება მეტად რთული პროცესია, ვინაიდან უცხოური და მშობლიური ენის გრამატიკულ სისტემებს შორის არსებული განსხვავება მეტად დიდ სიძნელეებს უქმნის ინგლისური ენის ქართველ შემსწავლელებს.

როგორც უკვე აღვნიშნე, გრამატიკის ამა თუ იმ ასპექტის შესწავლა და მის თავისებურებებში გარკვევა სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი აუცილებელია სინტაქსური კატეგორიის სწავლების პროცესში წამოჭრილი სირთულეების გამოვლენა და ისეთი სასწავლო მასალების (აქტივობები, დავალებები) და მასთან თანხვედრაში შემუშავებული სავარჯიშოების მოძიება, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის აღნიშნული გრამატიკული კატეგორიის ეფექტურად სწავლებას სკოლებში.

ყურადღება გავამახვილოთ:

  • თუ რა ტიპის აქტივობებით არის შესაძლებელი ინგლისურის გაკვეთილზე სიტყვათა წყობის სწავლება;
  • სხვადასხვა ტიპის აქტივობების გამოყენება გაუზრდით თუ არა მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას;
  • როგორ აისახება ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენციები მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე:

უცხო ენის გაკვეთილზე გრამატიკული ასპექტების ახსნისას არ არის საჭირო ინგლისური ენის გრამატიკის ყველა ნიუანსის ტრადიციული მეთოდებით სწავლება. მასალის ახსნისას ხმოვანი ანიმაციების, მოძრავი ნახატებისა და ვიდეოფრაგმენტების გამოყენება მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირებას იწვევს და, ერთდროულად, ააქტიურებს ინფორმაციის მიღების რამდენიმე არხს (სმენითს, მხედველობითს, კინესთეტიკურს), რაც საშუალებას გვაძლევს, გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები.

  • საგაკვეთილო პროცესში სინტაქსური ელემენტების ახსნა/განმტკიცებისათვის ცხრილებისა და სქემების გამოყენება მოსწავლეებს უმარტივებს აღნიშნული გრამატიკული კონსტრუქციის ათვისებას.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქართველი შემსწავლელებისათვის ინგლისური არის უცხო ენა, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდის გამოყენებას, რომელიც საკმაოდ ეფექტურია სინტაქსური კატეგორიის სწავლებისას, ვინაიდან იგი ითვალისწინებს მშობლიური ენის აქტიურ გამოყენებას უცხო ენის გაკვეთილზე. აღნიშნულ მეთოდს ახასიათებს გრამატიკულად სწორად გამართული წინადადებების აგება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

  • ძალიან ეფექტურია წყვილებში სინქრონულ თარგმანზე მუშაობა.

როგორც წესი, ინგლისური ენის შემსწავლელები გრამატიკის გაკვეთილისადმი ნეგატიურად არიან განწყობილნი; მათ ეშინიათ გრამატიკული შეცდომების დაშვების, ამიტომაც აუცილებელია:

  • გრამატიკული ასპექტები ახსნილი იქნეს ინგლისური ენის ზოგად თეორიულ კურსთან კომბინაციაში და არა ცალკე, დამოუკიდებლად;
  • განწყობა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უცხო ენის შესწავლის დროს. გრამატიკისადმი ნეგატიური დამოკიდებულების პოზიტიურით შეცვლის მიზნით, აუცილებელია, გავამრავალფეროვნოთ სწავლების მეთოდები და გამოვიყენოთ საინტერესო, სახალისო საშუალებები;
  • სიმღერების მოსმენა ანიმაციური დავალებებით. პოზიტიური დამოკიდებულებები უცხო ენის წარმატებით დაუფლების საწინდარია.

მოტივაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხო ენის დაუფლების პროცესში. მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და პირიქით, იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის მთავარი ამოსავალი წერტილი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა.

სასარგებლო რჩევები კოლეგებისთვის:

  • ელექტონული რესურსები/სასწავლო ციფრული თამაშები;
  • სიმღერების მოსმენა და, მოსმენის პროცესში, ეკრანზე გამოტანილ წინადადებებში გამოტოვებული სიტყვების ჩასმა;
  • სინქრონული თარგმანები;
  • წინადადებების ტრანსფორმაცია სიტყვათა შენაცვლებით, ჯაჭვური სავარჯიშოები;
  • ინგლისური მულტიპლიკაციური ფილმები, ვიდეოები სუბტიტრებით;
  • სქემების გამოყენებით მასალის ახსნა-განმტკიცება.

ეს მეთოდები საგრძნობლად ზრდის ენის შემსწავლელის მოტივაციას გრამატიკული კონსტრუქციის ხალისიანად სწავლაში და შედეგიც მიღწევადია.

სინტაქსური კატეგორიის სწავლებისას, არსებული ძირითადი მეთოდებიდან, საკმაოდ ეფექტურია კომუნიკაციური მიდგომა ენის სწავლებაში (Communicative Language Teaching) და გრამატიკულ-მთარგმნელობითი (Grammar-Translation) მეთოდი.

გიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ და მოძიებულ, გამოყენებულ დამხმარე რესურსებს ინგლისურ ენაზე, სწორად წერისა და მეტყველების გასაუმჯობესებლად:

https://learningapps.org/watch?v=pmrjx0f0a18

https://learningapps.org/watch?v=peh7ti2av18

https://lyricstraining.com/play/demi-lovato/let-it-go/

https://www.ego4u.com/en/cram-up/grammar/word-order/positive

https://www.google.ge/search?q=cartoons+in+english+with+subtitles&oq=cartoons&aqs=chrom e.1.69i57j69i59j0l4.9607j0j7&sourceid=chrome&ie=UTF-8

https://www.youtube.com/watch?v=3NGL7x-KbKU

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები