26 აპრილი, პარასკევი, 2024

სტუმრად მეშვიდეკლასელებთან

spot_img

ოჯახური ძალადობა ყველა თაობის აქტუალური პრობლემაა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებები გაიზარდა და დღეს თითქმის ყველა ბავშვმა იცის, რა უფლებებით სარგებლობს და მათი შელახვის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს. იქ, სადაც ზრდასრულები ჯერ კიდევ არ სცემენ არასრულწლოვანთა უფლებებს პატივს, ხშირია ძალადობისა და ბავშვთა ჩაგვრის შემთხვევები.

როცა ქალაქ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასის მოსწავლეების (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ლეილა ხონელიძე) მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აღმოვჩნდით, კიდევ უფრო დავრწმუნდით ამაში. როგორც მათივე ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოშია მითითებული (ავტორი – ლია თუშური), ეს იყო როლური თამაში – „პრესკონფერენცია შვილებით უკმაყოფილო მშობლებთან“.ბავშვებმა განიხილეს ორი ნაწარმოები: გურამ დოჩანაშვილის „მთის გადაღმა“ და რევაზ ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებელი“. მათ მოირგეს მშობლების, ბავშვების, მასწავლებლებისა და მშობლებისა და შვილების პოზიციების გამზიარებელი ჟურნალისტების როლები. იმდენად გონივრულ და საინტერესო კითხვებს სვამდნენ და ისეთ სრულყოფილ პასუხებს ვისმენდით, რომ გაოგნებულნი დავრჩით, გვიკვირდა, როგორ შეეძლოთ ჯერ კიდევ გამოუცდელ პატარებს მასწავლებლისგან დამოუკიდებლად განეხორციელებინათ ეს მართლაც საინტერესო იდეა. მართალია, ეტყობოდათ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლეილა ხონელიძემ მათ სრულყოფილად აუხსნა ორივე ნაწარმოები და გაარკვია ოჯახური ძალადობის არსში, თუმცა ნასწავლის პრაქტიკულად დემონსტრირებაც დიდი უნარია. მათ ძალიან სწორად დაიწყეს კითხვების დასმა. „ჟურნალისტებმა“, რომლებიც ბავშვების ინტერესებს იცავდნენ, „მშობლები“ ისეთ საკითხებზე დააფიქრეს, თუ რატომ არ იყო მათი შვილი გახსნილი მშობლებთან და რატომ ცდილობდა პრობლემებს მარტო გამკლავებოდა, როცა ბავშვისთვის დახმარების ხელის გაწვდა მშობლის მოვალეობაა; ეკითხებოდნენ, რას ფიქრობდნენ თავიანთ შვილებზე? იცნობდნენ თუ არა კარგად მათ ინტერესებს? როგორი ურთიერთობა ჰქონდათ შვილებთან? უზიარებდნენ თუ არა ისინი პრობლემებს? უფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს, ვიდრე შვილების ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვაა? უფიქრიათ თუ არა იმაზე, რატომ ეშინოდათ შვილებს მათი? ამ შეკითხვებით, ფაქტობრივად, ისინი ხაზს უსვამდნენ იმას, რომ კაპიტოს ან თუნდაც განგიას დედას ბავშვებთან ჯანსაღი ურთიერთობა არ ჰქონდათ და არც ცდილობდნენ ამის შეცვლას (მართალია,ყურადღება კონკრეტულად ამ პერსონაჟებზე იყო გამახვილებული, თუმცა პრესკონფერენცია ზოგადად მოიცავდა ოჯახურ ძალადობას, როგორც აქტუალურ პრობლემას).

ვუსმენდით, როგორ გამოდიოდნენ „ადვოკატები“, იცავდნენ „მშობლებისა“ თუ „ბავშვების“ ინტერესებს და მოსწავლეები იმდენად იყვნენ როლში შეჭრილნი, რომ „კაპიტოს ცოლის“ შემყურეთ, თვალწინ ტიპური მოძალადე ქმრის მსხვერპლი დაგვიდგა… მხვერპლი, რომელიც თავადაც ვერ აანალიზებს თავის მდგომარეობას. მოსწავლეებმა მოახერხეს, დაეფიქრებინათ „კაპიტოს ცოლი“ იმაზე, თუ რამდენად არასწორია, უყურებდე აშკარა ძალადობასა და ჩაგვრას, შეიძლება არც ამართლებდე მას, მაგრამ დუმდე და არ ცდილობდე რეალობის უკეთესობისკენ შეცვლას. ამ მხრივ, „ჟურნალისტების“ მიერ დასმული ეს კონკრეტული შეკითხვა ყველაზე მეტად გამოიკვეთა: „რატომ ეპყრობით თქვენს შვილებს კარგად და არა ისე, როგორც კაპიტო? ოდესმე თუ გიცდიათ კაპიტოს შეცვლა ამ მხრივ, თუ მიგიხვედრებიათ ის თავის შეცდომებზე?“ თავდაპირველად, კაპიტოს ცოლის როლის შემსრულებლის გასამართლებელი საბუთი ის იყო, რომ მისი მეუღლე მუშაობდა, დაღლილი ბრუნდებოდა შინ, ამიტომ, მისი მკაცრი ხასიათიდან გამომდინარე, ბავშვები ვალდებულნი იყვნენ, შეესრულებინათ მამის ყველა მოთხოვნა. თუმცა, საბოლოოდ , ყველამ ერთად დაასკვნა, რომ ბავშვის აღზრდის კაპიტოსეული მეთოდი მართლაც არასწორია.

ბავშვებმა არა მარტო ტექსტზე დაყრდნობით ისაუბრეს, არამედ თავიანთი გრძნობებიც გამოხატეს და ბევრ რამეზე დაგვაფიქრეს. მათი აზრით, მშობლებისა და მასწავლებლების მიმართვის ფორმასა და განწყობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თბილი დამოკიდებულებით ბავშვები შეგვიძლია უფრო კარგ პიროვნებებად აღვზარდოთ, ჩავუნერგოთ სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და, რაც მთავარია, ვუჩვენოთ ჩვენი გვერდით დგომა. უნდა გავანებივროთ კიდეც ისინი, ვინაიდან არასდროს ვიცით, რა საჩუქარს უმზადებს მათ ეს სასტიკი ცხოვრება. უნდა ვიცოდეთ, რომ ის უფრო სიამოვნებთ, როდესაც სახელით მოიხსენიებენ, ვიდრე იმ ცივი ფორმებით, როგორებიცაა: „გოგო“, „ბიჭო“… რასაკვირველია, არ მოსწონთ ,როდესაც პატარა შეცდომის გამო შეურაცხმყოფელი ტერმინებით ამკობენ, რადგან ეს მათთვის დამამცირებელია. საბოლოოდ, ისიც დაასკვნეს ბავშვებმა, რომ ძალადობა შობს ძალადობას და ცემა-ტყეპა ნამდვილად არ არის ბავშვის აღზრდის სწორი ხერხი. ამაზე კი მოსწავლეების მიერ „კაპიტოსთვის“ დასმულმა შეკითხვამ დაგვაფიქრა: „თქვენ როგორ ოჯახში იზრდებოდით? ჰქონდათ თუ არა თქვენს მშობლებს ისეთივე დამოკიდებულება თქვენ მიმართ, როგორიც თქვენ გაქვთ ზურას, ძუკუსა და მალაიას მიმართ?“ კაპიტოს ტყავში შემძვრალმა, მისი როლის შემსრულებელმა, ასე გაიაზრა კაპიტოს საქციელის გამომწვევი მიზეზი: „დიახ, ჩემი მშობლებიც ისევე მექცეოდნენ, როგორც მე ვეპყრობი ჩემს შვილებს და ეს სრულიად გამართლებულია“. ეს პასუხი მართლაც შესანიშნავად ასახავს ტიპური მოძალადის ფსიქოლოგიას. ამაოდ ცდილობდნენ „ჟურნალისტები“, „კაპიტო“ დაეფიქრებინათ საკუთარ საქციელზე, ეკითხებოდნენ, მოუხადა თუ არა ბოდიში ზურას მას შემდეგ, რაც ქორს ესროლა და მიხვდა, რომ ძალიან ატკინა შვილს.

ამ ბავშვების აზრი აუცილებლად უნდა მოისმინონ მშობლებმა და მასწავლებლებმა, თუმცა ჩვენი, როგორც საზოგადოების, მოვალეობაც ძალიან დიდია. მათ საუბარში ნათლად გამოიკვეთა მასწავლებლის როლი ამ პრობლემის აღმოფხვრაში. „ჟურნალისტებმა“ „ზურას მასწავლებელს“ ასეთი კითხვით მიმართეს: „სკოლაში მისი ქცევებიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორ ოჯახში იზრდება ზურა ?“ მან კი უპასუხა, რომ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ზურა შეიძლებოდა ძალადობის მსხვერპლი ყოფილიყო. ამით დავასკვენით, რომ მასწავლებლებს აქვთ ძალა, რომლითაც შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს, თუმცა ზოგჯერ, ნებით თუ უნებლიეთ, უშვებენ ხელიდან ამ შესაძლებლობას, არც კი უღრმავდებიან ბავშვების პრობლემებს და არ ეძებენ მათი გადაჭრის გზებს. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც აღზრდის ამ ავტორიტარულ მეთოდს დადებითად აღიქვამენ და პრობლემას ვერ ხედავენ. მკაცრი მშობლები (იგულისხმებიან მხოლოდ მოძალადე მშობლები, რადგან ზომიერების ფარგლებში სიმკაცრეც აუცილებელია) არ ზრდიან კარგ, დამჯერ და ზრდილობიან ბავშვებს. ისინი ზრდიან კარგ მანიპულატორებს, მოძალადეებს და აღვიძებენ იმ ცხოველს, რომელიც ყველა ჩვენგანში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, ისეთ ფაქიზ არსებებს, როგორებიც ბავშვები არიან, მეგობრული და ჯანსაღი გარემო სჭირდებათ.

თუმცა ის ფაქტი, რომ ოჯახურ ძალადობაზე პასუხისმგებელი მშობელია, უცვლელი რჩება. მცდარია შეხედულებაა, რომ ბავშვი შიშით უნდა დაიმორჩილო, რადგან მასზე „კარგი გული არ ჭრის“. ბევრი მშობელი ფიქრობს, რადგან შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს და წვალობს იმისთვის, რომ შვილი საკვებით, საცხოვრებელი ადგილითა თუ ტანსაცმლით უზრუნველყოს, მან აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები და იდეალური იყოს ნებისმიერი ასპექტში. ეს კარგად ასახეს განგიას მშობლებისა და თავად განგიას როლის შემსრულებლებმა. ჩვენ წინაშე წარმოადგინეს დედა, რომელიც არ ფიქრობს ბავშვის ინტერესებზე და, ჩიტებთან ერთად, ოცნებასაც უკლავს და მამა, რომელიც ყურადღებასაც კი არ აქცევს და მშვიდად მიირთმევს მაშინ, როდესაც მის შვილს ბავშვობას უნგრევენ. „ჟურნალისტებმა“ სწორედ „განგიას დედას“ ჰკითხეს, ინანა თუ არა შვილისთვის ჩიტების დახოცვა, „მამას“ კი – რატომ არ სცადა შეეჩერებინა ცოლი, როცა ის ჩიტებს ხოცავდა.

ბავშვს თბილი ტანსაცმელი ვერაფერს უშველის, თუ მშობელმა მას, პირველ რიგში, გული არ გაუთბო. ჩვენი პრესკონფერენციის მონაწილეებმაც აღიარეს, რომ მათთვის სიყვარული და სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თავზე ჭერი და საკვები.

ოჯახში ძალადობა, სამწუხაროდ, თავს თანატოლებთან ურთიერთობაშიც იჩენს. ზოგიერთი ბავშვი არ არის საკმარისად ძლიერი ამ პრობლემის გადასალახავად და თვითონ ხდება მოძალადე, ჩაგრავს სხვას, თავისი სისუსტე რომ გადაფაროს. თავს იჩენს უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა. ბავშვი ჩაკეტილი ხდება, უჩნდება ნდობის შიში, თავს უსარგებლოდ და არაფრის შემძლედ თვლის, იტანჯება და კარგავს ბავშვობის იმ მნიშვნელოვან წლებს, რომლებიც, წესით, მისთვის ლაღი და ფერადი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ყველა ბავშვისთვის ცხოვრება ლამაზი ზღაპარი არ არის. მშობლების, მასწავლებლების, საზოგადოების როლი ამ ბავშვების გადარჩენაში ძალიან დიდია. უპირველესად კი, მშობლებმა უნდა აირჩიონ აღზრდის სწორი გზა, მისცენ ბავშვებს თავისუფლება, არ დაუნგრიონ ოცნების კოშკები დასაწყისიდანვე, მხარი დაუჭირონ ნებისმიერ წამოწყებაში, იყვნენ მათი გულშემატკივრები და, რა თქმა უნდა, მეგობრები, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება თითოეულ ჩვენგანს. მსგავსი პრაქტიკული პრესკონფერენციები კი ცნობიერების ამაღლების იდეალური გზაა, რადგან დაგვაფიქრა ჩვენც, დამსწრეებიც და თავად ბავშვებმაც უკეთ გაიაზრეს, რეალურად რას ნიშნავს ძალადობა და როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც მსგავს პრობლემას წააწყდებიან.

ასეთი დამოკიდებულებით მივიღებთ ღირსეულ საზოგადოებას,რომლის თითოეული წევრიც ჯანსაღ და მეგობრულ გარემოს ქმნის და ცდილობს სამყარო, თავისი მცირე წვლილით, უკეთესობისკენ შეცვალოს.

ნინი კუტალია, ანი ყალიჩავა

ფოთის 5 საჯარო სკოლის მე-11 კლაის მოსწავლეები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები