25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისთვის

spot_img
ეკატერინე დარჩია
სსიპ ქალაქ ოზურგეთის 4 საჯარო სკოლის დაწყებთი კლასის მასწავლებელი

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას. პროექტებით სწავლება, როგორც ყველა მასწავლებლისთვის, ასევე ჩემთვის და ჩემი სკოლის მასწავლებლებისთვის, დიდი გამოწვევაა, ამავდროულად, გვეხმარება საინტერესო სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში. ჩემი სკოლის პედაგოგებისთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ჩვეული პრაქტიკაა.

მოსწავლეებისთვის კი, ვფიქრობ, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ბევრად სახალისო და საინტერესო პროცესია, ვიდრე ტრადიციული, ლექციური ტიპის სწავლების მეთოდი, რაც მოსაწყენია მოსწავლეთა უმრავლესობისთვის.

მინდა გაგიზიაროთ მესამე კლასში განხორციელებული პროექტი „გურულები და გულეური“.

პროექტის მიზანი:

  • მოსწალეების შეხვედრა, მათთვის საინტერესო და საყვარელ მწერალ ვასილ გულეურთან;
  • მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბება;
  • მწერლისადმი პიროვნული, ემოციური დამოკიდებულების გამოხატვა;
  • მოსწავლეებში მხატვრული კითხვის ტრადიციების დამკვიდრება და ბავშვის კითხვის კულტურის განვითარება, ოჯახთან თანამშრომლობის საფუძველზე;
  • მოსწავლეებში გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება.

სანამ პროექტზე მუშაობას გადავწყვეტდით, ვფიქრობდით და ვაყალიბებდით პროექტის მიზანს, რა შედეგზე გავიდოდით განხორციელების შემდეგ, რა ამოცანებს დავსახავდით და გადაჭრის როგორ გზებს მოვიფიქრებდთთ. ვინ იქნებოდნენ შემსრულებლები, გვეყოფოდა ჩვენი რესურსი თუ დახმარება დაგვჭირდებოდა?

გადავწყვიტე, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, მემუშავა სასწავლო პროექტზე – „შეხვედრა მწერალთან“. კონსულტაცია გავიარე დირექციასთან, პედაგოგებთან, მივიღე რეკომენდაციები, რის საფუძველზეც შევადგინე პროექტის გეგმა. მოსწავლები დიდი ენთუზიაზმით და ხალისით ჩაერთვნენ მზადების პროცესში. მათთან ერთად შევადგინე პროგრამა, რომელშიც გავითვალისწინე თიოეული მოსწავლის ინდივიდუალიზმი და შესაძლებლობები.

თავდაპირველად, შევარჩიეთ საბავშვო მწერალი ვასილ გულეური. ბატონი ვასოს შემოქმედებას ჩემი მოსწავლეები ქართული ენის სახელმძღვანელოდანაც იცნობდნენ, ამიტომ მათთვის უფრო სახალისო და სასურველი სტუმარი იქნებოდა. ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე მწერალს და დამპირდა, რომ დასკვნით ნაწილში პირადად გვეწვეოდა გურიაში და ჩემს მოსწავლეებს შეხვდებოდა.

შევარჩიეთ წიგნები მწერლის შემოქმედებიდან და დავიწყეთ კითხვა. მოსწავლეებს თავად ვუსაზღვრავდი წასაკითხ გვერდებსა და თავებს, მათი ასაკის შესაბამისად და დროის გათვალისწინებით. ყოველ პარასკევს, წაკითხული ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე, ვიყენებდით სხვადასხვა კოგნიტურ სქემებს: „ტექსტის პირამიდა“, „დასაწყისი, შუაში და ბოლოში“, „ლექსის ჩარჩო“, „თხრობის რუკა“, „ლექსი და ემოცია“, „სიტყვის პირამიდა“, „პერსონაჟის რუკა“. ასევე ვქმნიდით კომიქსებს, ვაწყობდით ნახატების გამოფენას „გულეურის დაფაზე“, შევქმენით ვიდეო და ხელნაწერი წიგნები და ა.შ.

ტექსტებს ვკითხულობდით როლურად, ვაწყობდით მკითხველთა თეატრს. ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გავითამაშეთ, ვასილ გულეურის მოთხრობების – „თოვლის გუნდა“ და „ჩანთა“ – სცენარის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი, რომელსაც მშობლები, ჩვენი კათედრის წევრები და თეატრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ბატონი ვასილ გულეური ონლაინ რეჟიმში გვადევნებდა თვალს. ეს იყო ემოციებით დატვირთული და ძალიან მხიარული დღე ჩემი პატარების ცხოვრებაში.

მაისის ბოლოს მწერალთან შეხვედრა დაიგეგმა, ჩვენი სკოლის იდეათეკაში, კათედრის წევრებსა და მშობლებთან ერთად. მოსწავლეებმა მწერალს წაუკითხეს ლექსები, როლებში გაითამაშეს მოთხრობები. მოსწავლეები დაინტერესდენ მისი ბიოგრაფიით და დაუსვეს კითხვები.

აღსანიშნავია მშობელთა ჩართულობა მთელი პროექტის მიმდინარეობისას. მოსწავლეებთან ერთად, ისინიც კითხულობდნენ და ეცნობოდნენ მწერლის შემოქმედებას, ზოგიერთი მათგანისთვის სრულიად უცხო იყო მწერლთან პირისპირ საუბარი და პირდაპირი კომუნიკაცია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა, დასაწყისიდან მწერალთან შეხვედრამდე. საინტერესო მოსასმენი იყო მწერლის, მოსწავლეებისა და მშობლების უკუკავშირი.

აღნიშნულ სასწავლო პროექტზე მუშაობამ მოსწავლეს ხელი შეუწყო ისეთი გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარებას, როგორებიცაა: წიგნიერება, მედიაწიგნიერება, ციფრული წიგნიერება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები