26 აპრილი, პარასკევი, 2024

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები

spot_img

ლალი კილაძე

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხამის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია, ვსაუბრობთ კომპლექსურ დავალებებზე, ბევრი საკითხი კიდევ დასაზუსტებელია. რეალობაა, რომ არსებობს არაერთი მცდარი შეხედულება კომპლექსურ დავალებასთან მიმართებით, ასევე, კონსტრუქტივიზმთან დაკავშირებითაც ბევრი რამ არის დასაზუსტებელი. წარმოდგენილ პუბლიკაციაში კომპლექსური დავალების განხორციელების ორ ეტაპზე ვისაუბრებ. ვფიქრობ, სასარგებლო იქნება მასწავლებელთათვის ჩემი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

ეტაპში/ეტაპებში ჩვენ ვგულისხმობთ აქტივობების, რესურსებისა და შეკითხვების ერთობლიობას.

პირველი ეტაპი კომპლექსური დავალების პირობის გაცნობაა.

ამ ეტაპზე ყველა მოსწავლემ უნდა მიიღოს დავალება და შეათანხმოს, რა ფორმით წარმოადგენს დავალებას.

დავალების ფორმა არის:

  1. მატერიალური (წერილობითი, ნახატი, მაკეტი, დიორამა…);
  2. ციფრული.

ამ ორი ფორმიდან, სიტუაციურად, ვარჩევთ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს. ვთქვათ, პანდემიის დროს, უალტერნატივოა ციფრული დავალებები. ისედაც, ტექნოლოგიურად დავალებათა შესრულება მოსწავლეებს ეადვილებათ. ასევე, მასში მარტივად ხერხდება კორექცია-რედაქტირება და ა.შ. ცალკე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი ფორმის დავალებების შესრულებისას ციფრული წიგნიერების კომპეტენცია ძლიერდება მოსწავლეებში. მატერიალურ დავალებათა შესახებ, გასაგები მიზეზების გამო, ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

თუ კლასში გვყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, მაშინ უნდა შევძლოთ  კომპლექსური დავალების პირობის ადაპტირება მისი საჭიროებების მიხედვით.

პირველ ეტაპზე, აუცილებელია კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი პრინციპის გამოყენება – წინარე ცოდნის გააქტიურება და, მასზე ორგანულად შერწყმით, დავალების პირობის გაცნობა. ამისთვის, შესაძლოა, გამოვიყენოთ, ორი ან მეტი აქტივობა. ვთქვათ, თუ გვსურს, რომ მოსწავლეებს შევაქმნევინოთ არგუმენტირებული ესე გარემოსდაცვით საკითხზე, წინარე ცოდნას ამდაგვარი კითხვებით ვააქტიურებთ:

  1. რა არის გარემოს დაცვა?
  2. რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა?
  3. დაცულია თუ არა ის გარემო, რომელშიც ცხოვრობ?
  4. როგორ გააუმჯობესებდი გარემოსდაცვით ცნობიერებას თანატოლებში? უმცროსი და უფროსი თაობის ადამიანებში?

რაც შეეხება დავალების პირობის გაცნობას, ამ შემთხვევაში არ ვკარგავთ ორიენტირს შემდეგზე:

  1. რა სახის პროდუქტი უნდა შეიქმნას? (არგუმენტირებული ესე);
  2. რომელ თემას უნდა შევეხოთ? (გარემოსდაცვითი თემა);
  3. როგორი ფორმით უნდა შეიქმნას პროდუქტი? (მატერიალური, ციფრული);
  4. რა არის ძირითადი საკითხი? (არგუმენტირებული ესეს შექმნა გარემოსდაცვით თემაზე);
  5. კრიტერიუმები (მიემართება სამიზნე ცნების/ცნებების მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას).

რაც შეეხება მეორე ეტაპს – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს, მასში ვგულისხმობთ კომპლექსური დავალების შესრულებაზე მუშაობას. ამ ეტაპზე:

  1. მოსწავლეები ეცნობიან რესურსებს;
  2. ხორციელდება საკლასო და საშინაო დავალებები (აქტივობები კლასში და შინ);
  3. მოსწავლეებს ეწოდებათ განმავითარებელი მხარდაჭერა კომენტარების სახით (ან სხვა რომელიმე განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტით);
  4. მოსწავლეები წარმოადგენენ შესრულებულ ნამუშევრებს, განახორციელებენ თვითშეფასებასა და მიიღებენ უკუკავშირს.

მეორე ეტაპზე ორ ნაბიჯად უნდა გაიწეროს „სასწავლო სცენარი“. პირველი ნაბიჯი ერთი ან რამდენიმე აქტივობით, ძირითადად, ეყრდნობა ხერხების/სტრატეგიების შერჩევასა და გამოყენებას, ხოლო მეორე ნაბიჯი შეეხება უკვე შექმნილი პროდუქტის ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას, ფუნქციური უნარების, მაკროცნებათა და 21-ე საუკუნის კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობას. აქვე დავძენ, რომ ნაბიჯთა გამიჯვნა არ უნდა მოხდეს ხელოვნურად და ორივე ნაბიჯი ორგანულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, ასევე – კომპეტენციათა განვითარება (თუ სხვა მიზანთა მიღწევა) არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ნაბიჯის ფარგლებით შემოსაზღვრული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები