2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

იდეალისტი მასწავლებლის უნივერსალური დიზაინის სკოლა

spot_img

შორენა ლობჯანიძე 

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მისთვის საოცნებო, უნივერსალური დიზაინის სკოლა ასეთია:

„სწავლების მიზანი მოსწავლეების ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფაა. ყველა მოსწავლეს, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებსაც, ეძლევათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობა. სკოლის დირექტორი და მასწავლებლები მომზადებულნი არიან იმისთვის, რომ მოსწავლეებს შესთავაზონ მოქნილი, საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, რომელიც უნივერსალურად მისაღები და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისთვის. მაგალითად, პანდუსით სარგებლობა შეუძლია როგორც ეტლით მოსარგებლეს, ისე ბავშვს, ხანდაზმულს, მძღოლს… მოსწავლეებს სკოლაში მოსასვლელად აღარ სჭირდებათ რამდენიმე კილომეტრიანი რთული გზის გავლა. სკოლის დერეფნები და საკლასო ოთახები ნათელი და ფართოა, რათა უსინათლო და ეტლით მოსარგებლე ბავშვები ადვილად გადაადგილდნენ. სასწავლო პროგრამები მოქნილი და მარტივად აღსაქმელია, სასწავლო რესურსები კი – ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოსწავლეებს ეძლევათ მარტივი ენით ჩამოყალიბებული, მოკლე დავალების ინსტრუქციები, რომელშიც მინიმუმამდეა დაყვანილი დამაბრკოლებელი ფაქტორები, რათა მოსწავლეს არ დარჩეს განცდა იმისა, რომ რთული, დამაბნეველი პირობის გამო ვერ შეძლო დავალების შესრულება.

სკოლაში იყენებენ მულტიმოდალურ რესურსებს, რითაც დაკმაყოფილებულია დასწავლის ყველა ტიპის მოსწავლის ინტერესი. მაგალითად, მასწავლებლები შესასწავლ საკითხზე ესაუბრებიან მოსწავლეებს, აჩვენებენ თვალსაჩინოებას და, ამასთანავე, აძლევენ შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა განამტკიცონ კეთებით.

მოსწავლეები სასწავლო პროცესში, ბუნებრივია, უშვებენ შეცდომებს, მაგრამ ეს არ არის მათთვის სტრესის შემცველი, რადგან სკოლაში არსებული მიდგომიდან გამომდინარე, დაშვებული შეცდომა არ ართმევს იმის შანსს, რომ მას შემდეგში გამოასწორებს.

სკოლაში არსებული ეს მიდგომები ხელს უწყობს მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროების დაკმაყოფილებას, რის საფუძველზეც ისინი ემზადებიან საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილის დასაკავებლად.“

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები