წარმატებით აგრძელებს მუშაობას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელიც PH International-საქართველოს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და გს მხარდაჭერით, ხორციელდება. ამჯერად, პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ტექნოლოგიური ტრენინგები ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ, ისევე როგორც საზაფხულო ონლაინ სკოლა, მასწავლებელთა ტექნოლოგიური ტრენინგებიც ჯეოლაბთან პარტნიორობის ფარგლებში განახორციელა. ტრენინგები, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება, მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ინფორმირებას ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხო და ეფექტიან გამოყენებაზე, ასევე, სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაციის გზების განხილვას.
ტრენინგები ციფრული მოქალაქეობისა და ტექნოლოგიური კომპონენტისგან შედგებოდა, კერძოდ, რა არის ციფრული მოქალაქეობა; კიბერუსაფრთხოება, კიბერჰიგიენა, კიბერბულინგი; უცხოენოვანი ელექტრონული რესურსების გამოყენება; მედიაწიგნიერება და ინფორმაციული წიგნიერება. ტექნოლოგიური კომპონენტი: ელექტრონული რესურსები მოსწავლის, მასწავლებლისა და შემქმნელის პერსპექტივიდან; ქართული საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების შექმნა; ჩეთბოტების გამოყენება განათლებაში და პლატფორმები ელექტრონული რესურსების შესაქმნელად.
ტრენინგების მესამე დღეს მასწავლებლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მათ მიერ მომზადებული სასკოლო პროექტები წარმოადგინეს.
როგორც ჯეოლაბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლანა ლაბაძემ გვითხრა, ორდღიან ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის პარტნიორი სკოლების 110-ზე მეტ სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მიეცა. „ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო მათთან მუშაობა. ნათელი იყო, თუ რამდენად მოტივირებულები არიან, მოსწავლეებისთვის შექმნან თანამედროვე, საინტერესო სასწავლო გარემო. დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს ტრენინგის ფარგლებში მიცემული საგაკვეთილო პროცესის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავენ სკოლებში. ჯეოლაბის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩართულობისთვის. არაერთი ინიციატივით დაგვიკავშირდა, ასევე, რამდენიმე მასწავლებელი, რომლებიც მიღებული ცოდნის კოლეგებისთვის გაზიარებას გეგმავენ და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დახმარებას. ტრენინგი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად ჩატარდება.“
ტექნოლოგიური ტრენინგის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ტრენერმა, გიორგი ლომსაძემ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: ელექტრონული რესურსები მოსწავლის, მასწავლებლისა და შემქმნელის პერსპექტივიდან; ქართული საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები; ჩეთბოტების გამოყენება განათლებაში; პლატფორმები ელექტრონული რესურსების შესაქმნელად: „ტრენინგი ეხებოდა, ბოლო წლებში, საქართველოში შექმნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსს, როგორიცაა School.emis.ge, Grammar.emis.ge, „ვსწავლობთ თამაშით“ და ა.შ. ასევე განვიხილეთ ის საერთაშორისო პლატფორმები, რომელთა გამოყენებითაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შეუძლიათ თავად გახდნენ რესურსის შემქმნელები (Scratch, Minecraft Education Edition…). პოსტპანდემიის პერიოდში ქართული საგანმანათლებლო სივრცე უფრო მომზადებულია ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსებისთვის, თუმცა სხვადასხვა გამოწვევა კვლავ აქტუალურია – ყველა სკოლა არაა უზრუნველყოფილი საკმარისი რაოდენობის კომპიუტერებით, ზოგიერთი ფასიანი ელექტრონული რესურსი ადვილად ხელმისაწვდომი არაა ქართველი მასწავლებლისთვის… თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ მომავალ თაობას თანამედროვე განათლების მიღებაში. საჭიროა, მასწავლებელმა იცოდეს, რომელი ქართული და საერთაშორისო რესურსია ხელმისაწვდომი და როგორ უნდა გამოიყენოს ისინი სწორად,“ – ამბობს გიორგი.
ზეინაბ კაკალაშვილი თელავის №5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ჯეოლაბისა და PH international-საქართველოს ოფისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, გაიარა ტრენინგი ციფრული მოქალაქეობისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. როგორც თავად ამბობს, ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები მას ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის უსაფრთხო, პასუხისმგებლიან და ეფექტურ გამოყენებაში დაეხმარება. ტექნოლოგიური ტრენინგის ფარგლებში, მან მოამზადა პროექტი „იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული“. პროექტის მიზანი სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მოსწავლეებში ინფორმაციული წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაა. როგორც ქალბატონი ზეინაბი ამბობს, თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ბრძოლა ყალბ ინფორმაციასთან, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება – მედიაწიგნიერი მოსწავლეებია: „ადამიანმა ციფრული ტექნოლოგიები შეიძლება გამოიყენოს როგორც თავის საზიანოდ და გასანადგურებლად, ისე სასარგებლოდ და გასავითარებლად. თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი დიდი გამოწვევის, ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა მედიაწიგნიერი მოსწავლეები, რითაც შევძლებთ თავი დავიცვათ შესაძლო გართულებისგან. ამ თემების გათვალისწინებით, შევქმენი პროექტი „იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული“. პროექტის მიზანია: სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება; მოსწავლეებში ინფორმაციული წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება; განსხვავების დანახვა ფაქტსა და დეზინფორმაციას შორის; ისტ ინსტრუმენტების გამოყენება; ეფექტური კომუნიკაცია თანაკლასელებთან და პარტნიორებთან.
პროექტი აქტუალურ ფაზაშია, ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და canva.com პორტალის გამოყენებით, შეიქმნა საინფორმაციო პოსტერები აღნიშნულ თემაზე. მოსწავლეები მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ აიმაღლებენ ცნობიერებას, განუვითარდებათ ტექნოლოგიის უსაფრთხოდ გამოყენების უნარ-ჩვევა, შეისწავლიან სად და როგორ მოიპოვონ და გაფილტრონ ინფორმაცია, შეძლებენ დეზინფორმაციისა და პირველადი წყაროს შედარებას, ეცოდინებათ ყალბი ინფორმაციის ტიპები და ონლაინ სივრცეში თავის დაცვა, გაიუმჯობესებენ თანამშრომლობით უნარებს, ისწავლიან სხვისი აზრის გათვალისწინებას. ჩვენ მიერ განხორციელებულ აქტივობებს ვუზიარებთ როგორც სასკოლო საზოგადოებას, ასევე ვაზიარებთ სოციალური ქსელში.“
ტრენინგების მსვლელობისას, განსაკუთრებული ინტერესი ჩეთბოტების შექმნამ გამოიწვია. რამდენიმე პედაგოგმა ფინალური პროექტი სწორედ ამ საკითხზე მოამზადა. გამოთქვა მათი განხორციელების სურვილიც. მორის დანდურიშვილი ხაშურის №1 საჯარო სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარებული ტექნოლოგიური ტრენინგის ფარგლებში, მან მოამზადა პროექტი „ციფრული მოქალაქე“. პროექტის მიზანია ჩეთბოტის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება ციფრული მოქალაქეობის შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად.
ბატონი მორისი პროექტის „ციფრული მოქალაქე“ იდეას ასე განმარტავს: „თანამედროვე მოსწავლეები ინფორმაციას იმ მოცულობითა და სიხშირით იღებენ, რასაც წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა. მოსწავლეებზე ამ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს, მისი ზემოქმედება აყალიბებს ბავშვებში დამოკიდებულებებს, მოსაზრებებს, ცოდნას და განსაზღვრავს მათ ქცევას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, მოზარდებს შეეძლოთ მიღებული ინფორმაციის შეფასება და კრიტიკული გააზრება. სკოლა ახალი გამოწვევის წინაშე დგას – დაეხმაროს მოსწავლეს ინტერნეტ სივრცეში ორიენტირებასა და სანდო ინფორმაციის ამორჩევაში, ინფორმაციის სელექციის უნარ-ჩვევის განვითარებაში. ამ უნარით აღჭურვილი და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება დეზინფორმაციის მსხვერპლი ვერ გახდება. ინფორმაციის კრიტიკული გააზრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადამიანთა კეთილდღეობისთვის, არამედ მშვიდობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის.“
პროექტის „ციფრული მოქალაქე“ მიზანი ისეთი უნარების განვითარებაა, რომელიც მოზარდებს ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ოპერირებაში დაეხმარება. პროექტში საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთვებიან, შეიქმნება პროექტის განმახორციელებელ მოსწავლეთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც, მინიმუმ, 20 მოსწავლით დაკომპლექტდება და მათთვის ტრენინგების ციკლი ჩატარდება. შემდეგ მოსწავლეები, ტრენინგის ფარგლებში, თავად ჩაატარებენ ტრენინგებს, სკოლის მასშტაბით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის. ტრენინგების ციკლის დასრულების შემდეგ, მსმენელებისთვის ჩატარდება ტესტირება Quizlet-ის გამოყენებით; პროექტის განმახორციელებელი მოსწავლეები საკვლევი საკითხების (სავარაუდოდ, ყალბი ინფორმაციის) იდენტიფიცირებას მოახდენენ და გადაუნაწილებენ პროექტის მონაწილეებს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეჯამდება და, Canva-ს გამოყენებით, დამზადდება პოსტერები, რომელთა პრეზენტაცია გაიმართება და გამოიფინება სასკოლო სივრცეში.
პროექტის საბოლოო პროდუქტი იქნება ჩეთბოტი, რომელიც გამოიყენება ციფრული მოქალაქეობის შესახებ სანდო და ღირებული ინფორმაციის მისაღებად. ჩეთბოტი პროექტის მდგრადობის გარანტი იქნება. სკოლაში განხორციელებული პროექტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ბატონი მორისი ამბობს, რომ მის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და ციფრულ სამყაროში უსაფრთხო ოპერირების უნარი, რაც საშუალებას მისცემს, მათ წინაშე არსებული მოცულობითი ინფორმაციის სელექცია მოახდინონ, ყალბი და რეალური ინფორმაციის იდენტობის გზით.
მარინა უშვერიძე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი: „ახალი თაობა ტექნოლოგიებს იყენებს არა მხოლოდ განათლების პროცესში ახალი ინფორმაციის მისაღებად, არამედ ყოველდღიურ ურთიერთობებში. დღეს გარდაუვალი რეალობაა ტექნოლოგიების გამოყენება საკლასო ოთახში და სასკოლო გარემოში. სამოქალაქო განათლების პედაგოგების მხრიდან ტექნოლოგიური ტრენინგების მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. მსურველთა რაოდენობა ბევრად აჭარბებს ხელმისაწვდომ ადგილებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ყველა მსურველის დაკმაყოფილება ვერ შევძელით.
ტექნოლოგიური ტრენინგის მიზანი იყო პედაგოგებისთვის ესწავლებინა ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში იყენებენ; სამოქალაქო განათლების მასწავლებლების აღჭურვა ისეთი უნარებით, რომლებიც მათ ციფრული ტექნოლოგიებისა და რესურსების ეფექტიან გამოყენებაში და ინტერნეტის უსაფრთხო, პასუხისმგებლიან მოხმარებაში დაეხმარებათ.
ტრენინგს თან ახლდა სასერტიფიკატო დავალება – პედაგოგს უნდა შეექმნა ერთი ტექნოლოგიური პროდუქტი, მაგალითად, მედიაწიგნიერების შესახებ. ეს შეიძლება ყოფილიყო ელექტრონული პოსტერი, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. პედაგოგებმა შექმნეს პროდუქტები, მაგალითად, „როგორ ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია“, „10 ხერხი ყალბი ინფორმაციის დასადგენად“, „რას მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ვიღებთ ახალ ინფორმაციას“… მოგეხსენებათ, დღეს, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია და სწორედ მათ მიერ შექმნილი სასწავლო მასალების მეშვეობით, პედაგოგები შეძლებენ, მოსწავლეებს უკეთ განუვითარონ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ტექნოლოგიური ტრენინგები ყოველწლიურად ჩატარდება. მასში მონაწილეობა შეეძლებათ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს. მათთვის, ასევე, დაგეგმილია ტრენერებთან და ექსპერტებთან ერთად მუშაობა, სასერტიფიკაციო დავალების წარდგენისა და ჩაბარების პროცესში. სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ ექსპერტებისგან მუდმივ რეჟიმში მიიღონ რეკომენდაციები, დაუსვან შეკითხვები და მიღებული რჩევები სწავლების პროცესში გაითვალისწინონ.“