2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

პროექტის – „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ – ფარგლებში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის. მიხეილ ჩხენკელმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის დიდ წვლილს შეიტანს სკოლებში ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესების საქმეში.

პროექტის ფარგლებში, ნორვეგიელი ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის სტრუქტურა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. დაგეგმილი პროექტის შესაბამისად, სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნა.

ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურსსკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.

ახალი სისტემის დანერგვა ასევე ითვალისწინებს საფუძვლიან, თანმიმდევრულ და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის  ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

შეხვედრაზე, ნორვეგიის ელჩმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, დადებითად შეაფასეს ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები და მინისტრს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრისას მხარეები ახალი ეროვნული ინკლუზიური განათლების  მხარდამჭერი სისტემის მოდელის დანერგვის მიზნით შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები