20 აპრილი, შაბათი, 2024

მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს 14 სტუდენტი ბაკალავრიატის პირველი კურსის წარჩინებით დასრულებისთვის დააჯილდოვა

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის 14 სტუდენტი ბაკალავრიატის პირველი კურსის წარჩინებით დასრულებისთვის დააჯილდოვა. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და წარმატებულ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ახალგაზრდებს  სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თქვენთან ერთად ყოფნა ამ განსაკუთრებულ დღეს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. პირველ რიგში, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა სწორედ ჩემს ალმა-მატერში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღო მონაწილეობა წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოების ცერემონიაში და პირადად მოგილოცოთ მიღწეული წარმატება.

თქვენ ნამდვილად გამორჩეული, შესანიშნავი, ნიჭიერი და შრომისმოყვარე  ახალგაზრდები ხართ – ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია და მე მჯერა, თქვენი საქმიანობით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ საქართველოს საკეთილდღეოდ.

 დღეს, ამ ისტორიულ აუდიტორიაში იმყოფებით სტუდენტები, რომლებმაც თქვენი შრომით დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად კარგად გაქვთ გაცნობიერებული რას ნიშნავს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა, რაც მართლაც უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა.

 ისტორიულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამეცნიერო-კვლევით პროცესებში და ბევრი მათგანი გამოჩენილი მეცნიერი გახდა.

ძალიან მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი. მოგეხსენებათ, რომ 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. მე პირადად მქონდა პატივი, რომ ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებაზე ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მომეწერა ხელი.

 შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

 ძალიან სასიხარულოა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა უკვე მოიპოვა Horizon Europe-ის დაფინანსება. თსუ-ში Horizon Europe-ის ოფისის გახსნა მკვლევრებს  ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი საპროექტო განცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში.

 განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ამ პროცესში. ახალგაზრდების აქტიურობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში.“

სტუდენტებს ასევე სიტყვით მიმართა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობის მიღებისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის წარმატებით დასრულებისთვის სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ შემდეგ სტუდენტებს:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – თამარ ახალკაცი, ლორენა ალასანია;

⇒ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – ნინო გორგილაძე, ნატალი მესაბლიშვილი;

⇒ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი – მარიამ გვიმრაძე, ნინო მაღრაძე;

⇒ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – თინათინ თუთბერიძე, ლუკა გულაშვილი;

⇒ იურიდიული ფაკულტეტი – ლაშა თოთლაძე, კონსტანტინე ფირცხალაიშვილი;

⇒ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – ვანო სესიტაშვილი, საბა სამუშია;

⇒ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ – ლუკა გოგინავა, მარიამ ქამხაძე.

ღონისძიებას თსუ-ს სტუდენტები, ფაკულტეტების დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები