⇑⇓ მარიამ გუგუნაშვილი
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საცხენისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე
დღევანდელ რეალობაში ძველ თაობას უჭირს ახალგაზრდების აღიარება და მათი შესაძლებლობების დანახვა. თაობათა შორის ბრძოლა არ ახალია, ძველია. ის ყოველთვის აქტუალური იყო, არის და იქნება.
ახალგაზრდები არიან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი საკუთარი საქმის კეთების დროსაც სწავლობენ, თუმცა ახალი თაობის აღიარება გაუჭირდა ძველ თაობას, რომელიც საბჭოთა კავშირში გაიზარდა. „საბჭოთა ბავშვები“ თვლიან, რომ მათ ლაღი და უდარდელი ბავშვობა ჰქონდათ, აღიარებენ მცირე გადაცდომებს, მაგრამ ფიქრობენ, რომ ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია მათ ცხოვრებაზე, უფრო უკეთესად გაიზარდნენ, ვიდრე ახალი თაობა. მათი აზრით, ბავშვების აღზრდა არასწორი მეთოდით ხდება. ბავშვი არანაირად არ უნდა დააკომპლექსო. პირიქით, რაც შეიძლება, უნდა იყოს გახსნილი და აზრის დაფიქსირების დროს პრობლემა არ უნდა შეექმნას. ბევრი ძველი თაობის ადამიანი თვლის, რომ ბავშვი როდესაც თავის სიმართლეს ამტკიცებს, არის უზრდელი და თავხედი. ძველი, საბჭოთადროინდელი მეთოდების გამო ისინი კონსერვატორებად იქცნენ. უფროსი თაობის უმრავლესობას უჭირს იმის აღიარება, რომ ისეთი თავისუფლება არ ჰქონდათ, როგორიც დღეს ახალ თაობას, თუმცა, შესაძლებელია, ახალგაზრდობაც ამჟღავნებს ზედმეტ თავისუფლებას. დღევანდელი ახალგაზრდების პრობლემად შეგვიძლია ჩავთვალოთ უპასუხისმგებლობა, რადგან უფრო მეტად ხედავენ უფლებებს და არა ვალდებულებებს. ყოფილა შემთხვევა, როცა ხანდაზმულ მასწავლებელს ახალგაზრდისთვის ასეთი ფრაზით მიუმართავს „ასეთ ახალგაზრდას აქ რა გინდა?“ ამ დამოკიდებულების შემდეგ ახალგაზრდას უქარწყლდება ყველა მისი სურვილი. არამარტო მასწავლებლებისგან, ასევეა სხვადასხვა პროფესიაშიც. უფროსებს აქვთ არგუმენტი: „მე ვიცი, რა არის უკეთესი შენთვის“. როცა მსგავს რამეს მუდმივად ისმენ, თვლი, შენს აქტიურობას აზრი არა აქვს, რადგან ამით მიგანიშნებენ, რომ ერთ-ერთი რიგითი პაიკი ხარ და არა რომელიმე ძლიერი საჭადრაკო ფიგურა. ახალგაზრდებს ხშირად აქვთ პრობლემა, რომ რეალურად არ იციან, რა სურთ და უფროსების შეფასებები მათზე უარესად ახდენს ზეგავლენას. მართალია, უნდა გამოთქვან უფროსებმა აზრი, მაგრამ შედარებები არ იმოქმედებს კარგად. ამით ახალგაზრდებს უსამართლობის განცდა დაეუფლებათ და ჩათვლიან, რომ ვიღაცაზე ნაკლებები არიან. უფროსი თაობის ერთ-ერთი არგუმენტი ცხოვრებისეული გამოცდილების ახალგაზრდებისთვის დამადლებაა, ახალგაზრდებში კი მწვავედ დგას საკითხი, რომ მათ ყველაფერი იციან, ყველაზე ჭკვიანები არიან და ამიტომ სხვისი ჭკუის სწავლება და დარიგება არ სჭირდებათ. მეტიც, მათ ზოგჯერ იმის უნარიც კი არ გააჩნიათ, რომ სხვას მოუსმინონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაასკვნან, რომ მათი რჩევა-დარიგება ახალგაზრდისთვის გამოუსადეგარია. ხშირად გვესმის უფროსებისგან, რომ მათი თაობა უფრო ნაკითხი, განათლებული და უფრო კულტურულიც კი იყო. ხანდახან თაობებს შორის დაპირისპირება კონფლიქტამდეც კი მისულა. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მე-19 საუკუნეში მამათა და შვილთა ბრძოლად წოდებული დაპირისპირება.
თაობებს შორის გემოვნების განსხვავებულობაც ხდება ორივე მხარის კრიტიკის საგანი. ძველი თაობის ხალხი მაინც გააკრიტიკებს ახალგაზრდობას ყველა დროში. ახალგაზრდობა კი მიზანდასახული უნდა იყოს: ისწავლოს, იშრომოს და იბრძოლოს თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისათვის.