26 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში

spot_img

⇑⇓ ლუკა მერებაშვილი

სსიპ გორის №12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

 

საუკუნეების განმავლობაში საზოგადოება ვითარდებოდა, მიიწევდა წინ, იაზრებდა, ხვდებოდა და ეცნობოდა იმ პრობლემებს, რომლებიც სოციუმს აფერხებდა და ხელს უშლიდა. ყველა ხელის შემშლელი ფაქტორი წინა თაობებიდან გადაეცემოდა მომდევნოს. შესაძლოა, ოდესღაც არსებული დადებითი იმპულსები, დროის ცვლილებასთან ერთად, იქცეს დაბრკოლებად. თავისთავად ცხადია, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ტრადიციებს, რომლებსაც აღარ აქვს ადგილი თანამედროვე ცხოვრებაში.

გავიხსენებ ერთ ფაქტს: ოდესღაც კაცობრიობამ შეიმუშავა პრევენციული ღონისძიება – სისხლის აღების ტრადიცია. მისი პირვანდელი დანიშნულება მხოლოდ ის გახლდათ, რომ ხალხს სცოდნოდა ძალადობის შემთხვევაში დასჯის უმაღლესი და უმკაცრესი ფორმის შესახებ. ეს ცოდნა აფერხებდა ადამიანს კრიმინალის გზაზე. მოგვიანებით სისხლის აღების ტრადიცია შურისძიების უსასტიკეს ფორმად იქცა და არაერთი გვარის გაქრობამდე მიიყვანა საზოგადოება. ვინც სისხლის აღების წესს დაუპირისპირდა, ის აუცილებლად იქნებოდა ახალი თაობის ადამიანი, რომლის პიროვნულობასა და ქმედებებს ვერ მოიწონებდა ძველი თაობა, მაგრამ მოსაწონი ყოველთვის არ ნიშნავს კარგს და არც მოუწონებელია ყოველთვის ცუდი. გავიხსენოთ უახლოესი წარსულიც – როგორ ეწინააღმდეგება მამათა თაობა ილიას თაობას და რა ჰქონდა ილიას გუნდს დასაწუნი? დავძენ იმასაც, რომ ახლებურმა ხედვებმა პრობლემის დამატებაც კი გამოიწვია. გამოიკვეთნენ ადამიანები, რაღაც ნიშნით, მიიღეს კარგის სტატუსი, ხალხმა ეტალონად გადააქცია ისინი და მათი მიბაძვის პროცესიც დაიწყო. ხალხში ჩამოყალიბდა სტერეოტიპები, თუ როგორები უნდა ყოფილიყვნენ ახალგაზრდები და ზრდასრულები. ახლაც ასეა, ახალგაზრდა ფასდება იმით, თუ რამდენად არის ის იმ ადამიანის მსგავსი, რომელიც მცდარმა შეხედულებებმა ჩამოაყალიბეს პოპულარულ პიროვნებად. ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი არა ასეთი დამოკიდებულება, არამედ ისაა, თუ ამას რა შეიძლება მოჰყვეს. ჩემი თანატოლების უმეტესობა ასეთმა მოპყრობამ თავის თავში ჩაკეტილი გახადა და დიდად შელახა როგორც მათი პირადი არჩევანი, ასევე  პიროვნული განვითარებაც. წინა თაობა ამ პრობლემის აღმოფხვრას კი არ ცდილობს, არამედ უარესობისკენ უბიძგებს. გაგვიგონია თუნდაც მასწავლებლებისგან „რა გინდა საერთოდ“, „რისთვის დადიხარ სკოლაში“, „არაფერი შენ არ იცი“, „ნეტა, რას მიაღწევ“ და ა.შ. ასეთი მოპყრობის გამო ბევრი დაბალი თვითშეფასების ხდება. მეტიც, ახალგაზრდები ხდებიან მსხვერპლნი და სასოწარკვეთილნი. ახალგაზრდა ხდება სხვისი მოსაზრების ტყვე და ცდილობს, რომ გახდეს სხვის თვალში ის, ვინც თვითონ საერთოდ არ უნდა რომ იყოს, ივიწყებს თავის ინტერესებს, გულის გასახარს, ჰობის და უნებურად ხდება სხვა ვიღაც, მისგან საერთოდ განსხვავებული, პერსონალური მოსაზრების უქონელი და დამოუკიდებლობას მოკლებული. არ შეიძლება, რომ არ ვახსენოთ მშობლის ის შეცდომებიც, რომლებსაც შვილთან ურთიერთობის დროს ვაწყდებით. მშობელი ხშირად სრულიად არასაჭირო შეხედულებას ახვევს თავზე ბავშვს და სამწუხაროა, რომ არც კი იცის, რა ინტერესები აქვს მომავალ თაობას. როდესაც მშობელი ხელმძღვანელობს არა ახალგაზრდის სურვილებით, არამედ თავისი გეგმით, რომელიც მისი დაბადებისთანავე შექმნა და სრულიად არ გაუთვალისწინებია ის, რომ მოზარდს სურს წარმატებული ფეხბურთელობა ან კალათბურთელობა! დედა მიიჩნევს და სჯერა, რომ მისი შვილი უნდა იყოს ნასწავლი და ნაკითხი, რომელიმე მაღალ თანამდებობაზე და ეუბნება, რომ ფეხბურთით ვერაფერს მიაღწევს და, უმჯობესია, შეეშვას. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ახალი თაობა იჩაგრება და არ არის აღიარებული.

საჭიროა დიდი ცვლილებები იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაცული იყვნენ უფროსი თაობის კლიშეებისგან, სტერეოტიპებისგან, დოგმებისგან. საჭიროა აღიარონ, რომ ჩვენც სუბიექტებ ვართ და გვაქვს პრიორიტეტები. ვფიქრობ, ახალგაზრდების აღიარება უნდა ჩაითვალოს სამყაროს პროგრესირების საფუძვლად და არა კონსერვატორული ქმედებები.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები