⇑⇓ მარიამ ჩაჩანიძე
სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
ნებისმიერი სახელმწიფოს ძლიერებისა და განვითარების გზა მომავალი თაობის შესაძლებლობებზე გადის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, შევძლოთ ახალგაზრდების აღიარება, მათში მომავლის პერსპექტივის წინ წამოწევა. თითოეულ ახალგაზრდაში იმალება განსაკუთრებული უნარი, მთავარია, მივცეთ „ნიჭსა გზა ფართო“. და მაინც, რატომ არის ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში ასეთი აქტუალური და პრობლემური?
21-ე საუკუნეში, თეორიულად, ყველა თანხმდება, რომ მომავალი თაობის პოპულარიზაცია წარმატებული მსოფლიოს საწინდარია. ამ მოსაზრების პრაქტიკაში გადმოტანა პრობლემას წარმოადგენს. ახალგაზრდების აღიარების პრობლემის არსებობის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ არასრულფასოვანი განათლება, ახალგაზრდებისადმი უნდობლობა, არასწორი შეხედულებები მომავალი თაობის შესაძლებლობების მიმართ. არასრულფასოვანი განათლების თემა მსჯელობის საგანია. ერთი მხრივ, შესაძლებელია, უფროსი თაობის მენტალიტეტი ვერ წვდება მომავალი თაობის თანამედროვე შეხედულებებს, ანუ საქმე გვაქვს თაობათა შორის შეხედულებების შეუთავსებლობასთან. მეორე მხრივ, თუ ახალგაზრდას არა აქვს შესაბამისი, სრულფასოვანი განათლება, ვერ შეძლებს წარმოაჩინოს საკუთარი ნიჭი. ასევე, სამწუხარო და გასათვალისწინებელი ფაქტია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების დონე დაბალია. სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტორები ქმნის უნდობლობას მომავალი თაობის მიმართ. საქართველოში დაუსაქმებელთა დაახლოებით 60%-ს ახალგაზრდები შეადგენენ. საზოგადოება ფიქრობს, თუ ახალგაზრდას არა აქვს შესაბამისი განათლების დონე, როგორ შეძლებს შეუქმნას სახელმწიფოს ძლიერი მომავალი. ისინი მომავალ თაობას აღიქვამენ არა მარტო სახელმწიფოს საყრდენად, არამედ იმ ძალად, რომელმაც უნდა შეუქმნას უფროსებს უზრუნველი სიბერე. ახალგაზრდები მეტი მონდომებით უნდა მოეკიდონ საკუთარი ინტერესის სფეროს და პრიორიტეტად დაისახონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება. ხშირად გვსმენია ფრაზა: „ამ ახალგაზრდებს რას გაუგებ“ ან „ჩვენი თაობა სულ სხვანაირი იყო“. აი, რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი. საზოგადოებას აქვს მიუღებლობა გარკვეული სიახლეების მიმართ, მუდმივი შინაგანი ჭიდილი, მუდმივი ბრძოლა. ვინაიდან ახალგაზრდები ყოველთვის სიახლეების დამნერგავ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ, არსებობს მათი მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ადამიანები. ამის ნათელი მაგალითია „მამათა და შვილთა ბრძოლა“, კამათი „ახალსა“ და „ძველს“ შორის. სასიხარულო კი ისაა, რომ ნებისმიერ დროს იმარჯვებს ახალგაზრდა თაობა. საკმარისია, გადავხედოთ საქართველოს ისტორიას. დავით აღმაშენებელი 16 წლის ასაკში გამეფდა და ჩაიბარა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველო, მან ქვეყნის გადარჩენა და აყვავება ახალგაზრდული, ახალი შეხედულებებით შეძლო. საღი აზრითაა შესაძლებელი ბრწყინვალე მომავლის შექმნა. უფროსი თაობის გარკვეული ნაწილი გამოხატავს პროტესტს ახალგაზრდების თანამედროვე შეხედულებების მიმართ და უქვეითებს მათ თვითშეფასებას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ, აქტუალურია საზოგადოების ნაწილის კონსერვატორული შეხედულებების გამო. ეს ადამიანები ახალგაზრდებში ვერ ხედავენ მომავლის პერსპექტივასა და იმედს. უცხადებენ მათ უნდობლობას, რაც იწვევს მათი აღიარების პრობლემას.