⇑⇓ სესილი ერაგია
ქ. ფოთის წმ. ნიკოლოზის სახ. ზ/ს საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
„რა თაობა მოდის?!“ ერთ-ერთი იმ აზრთაგანია, რომლის მოსმენა დღეს ხშირად გვიწევს. თაობათა შორის დაპირისპირება დღემდე აქტუალურ საკითხად გვევლინება. საზოგადოებაში ჯერ კიდევ ფესვგადგმულია ახალგაზრდების მიღების თუ აღიარების პრობლემა.
ძველი და ახალი თაობები მყარად დგანან თავიანთ პოზიციებზე, გააჩნიათ საკუთარი ხედვა და აზრი, რის გადათქმასაც არ აპირებენ. თაობებს შორის უთანხმოების მკაფიო მაგალითია 1860-იან წლებში დაწყებული „მამათა და შვილთა ბრძოლა“, რომელიც ქართველი მწერლების ძველი და ახალი თაობების იდეურ დაპირისპირებას გულისხმობს. მამების თაობა მუდამ სკეპტიკურად იყო განწყობილი ახალი თაობის მიმართ: არ ენდობოდა, ეჭვით უმზერდა და არ სწამდა მისი შესაძლებლობების. საზოგადოება მტკივნეულად იღებს სიახლეებს, ახალგაზრდობა კი სიახლეს ესწრაფვის. ხშირად, საზოგადოება ადამიანს აიძულებს, ბრმად მისდიოს იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც მისი წინაპრები მრავალი საუკუნის წინ იცავდნენ და მართებულად მიაჩნდათ. ეს მიდგომა შეეხება ელემენტარულ ქცევის ნორმებს, საუბრის მანერასა თუ გადაწყვეტილების მიღებას. ძალდატანებით თავს მოხვეული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შედეგი კი მხოლოდ დაპირისპირებაა, რომელიც თაობებს შორის იღვიძებს და ორივე მხარეს სიცოცხლეს უწამლავს. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ საზოგადოებას მეტად უჭირს სიახლეების შესისხლხორცება, XIX-XX საუკუნის რომანებში გვხვდება. ჯაზის მუსიკაზე ცეკვა, წვივის გამოჩენა, ქალის მწერლობა ძველი თაობის მიერ იმდენადვე მიიჩნევა უზნეობად, რამდენადაც ახალი თაობის აღფრთოვანებას იწვევს. თაობათა კონფლიქტის თემას ეხმაურება ასევე ივან ტურგენევის „მამები და შვილები“, რომელშიც შვილების თაობის ზოგადი შეხედულებები ერთი ციტატით გამოიხატება: „ყოველმა ადამიანმა თავისი თავი თვითონ უნდა აღზარდოს“. წინსვლისა და განვითარების შიში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რომელთანაც ახალგაზრდებს შეჯახება უწევდათ. ელიზაბეტ გასკელის რომანის მიხედვით გადაღებულ 2007 წლის ეკრანიზაციაში „კრენფორდი“ („Cranford“), რომელშიც XIX საუკუნის ინგლისია აღწერილი, შესანიშნავად ჩანს, თუ როგორი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მცირე სიახლე შეიტანონ ძველი თაობის ცხოვრებაში. ბარდას, რომლის მირთმევა ძველი თაობის მიერ დაკანონებული იყო ჩანგლით, ახალგაზრდები კოვზით მიირთმევენ, რაც საყოველთაო აღშფოთებას იწვევს, ისევე როგორც რკინიგზის გაყვანა, მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესება-შეცვლა და ა.შ. დღესაც საკმაოდ მწვავედ დგას ახალგაზრდების აღიარების პრობლემა. ხშირად კრიტიკდება ახალი თაობის ნაბიჯი, გადაწყვეტილება, ჩაცმულობის სტილი, ვარცხნილობა, ქცევა, საუბარი, შეხედულებები, ზოგადი მსოფლმხედველობა. წინა თაობა ეჭვის თვალით უყურებს ახალგაზრდებს, რომლებიც მათ დადგენილ საზღვრებს არაფრად აგდებენ, არღვევენ ნორმებს და საკუთარი გზის გაკაფვას იწყებენ. დღევანდელ რეალობაში, უფროსი თაობისთვის ახალი თაობა განსხვავებულობას წარმოადგენს, განსხვავებულობის მიღება კი, მუდამ რთულია. თაობათა შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი ის არის, რომ თაობები არ უსმენენ და შესაბამისად, არც ცდილობენ გაუგონ და დაეხმარონ ერთმანეთს. ადამიანს უნდა ჰქონდეს როგორც უფროსი თაობის შეხედულებების პატივისცემა, ისე საკუთარი აზრი. „თაობათა ურთიერთობა მანამდე იქნება პრობლემური, ვიდრე ორივე მხარე ერთმანეთში არ დაინახავს იმ უმნიშვნელოვანესს, რაც პირადად მათ აკლიათ და რაც შეიძლება და აუცილებელიცაა, ისწავლონ ერთმანეთისაგან“ (ილია II).
ვფიქრობ, სწორედ „ოქროს შუალედით“ მიიღწევა ის დამოკიდებულება, რომლის დროსაც, უფროსები კრიტიკის გარეშე ეცდებიან ახალგაზრდებს მოუსმინონ, დააფასონ მათი აზრი და მხარი დაუჭირონ, შვილები კი – გადააფასებენ ფასეულობებს და კიდევ უფრო სრულყოფენ საზოგადოებას.