27 აპრილი, შაბათი, 2024

რა ცვლილება განხორციელდა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში

spot_img

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში“,  მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, ცვლილება შეეხო დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილების საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების შესაძლებლობებს და დაზუსტდა იმ პირთა უფლებამოსილება, რომლებიც, 2020 წელს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის, დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადაში დარეგისტრირდნენ. ცვლილების თანახმად, ისინი უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ 2022 წლისთვის გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში, რისთვისაც ხელახალი რეგისტრაცია აღარ დასჭირდებათ.

იმ შემთხვევაში, თუკი დირექტორობის მსურველს, რომელიც დარეგისტრირდა 2020 წელს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადაში, თუმცა აღარ სურს კონკურსში მონაწილეობა, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს, ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საფასურის უკან დაბრუნება, 2022 წლისთვის სერტიფიცირების ეტაპისთვის დადგენილი რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე.

თანხის უკან დასაბრუნებლად, მსურველმა განცხადებაში უნდა მიუთითოს დასაბრუნებელი თანხის ოდენობა და საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. დასაბრუნებელ თანხას მართვის სისტემა გასცემს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველი კარგავს სერტიფიცირების ეტაპზე გასვლის უფლებას.

ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ შესარჩევი კონკურსის მიზანია დირექტორობის მსურველის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტთან“ შესაბამისობის დადგენა.

ამავე ბრძანების თანახმად, დირექტორობის მსურველ პირს, რომელიც დადგენილი წესით გამოთქვამს სურვილს დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, მოეთხოვება უმაღლესი განათლება და მუშაობის, არანაკლებ, 3 წლის გამოცდილება.

♦ დირექტორობის მსურველს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული საფასურის შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხის დასაბრუნებლად, განცხადებით მიმართოს მართვის სისტემას, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ტესტირების ჩატარების თარიღამდე. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხის ოდენობა და საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. შეცდომით გადახდილ თანხას მართვის სისტემა გასცემს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

♦ იმ შემთხვევაში,  თუ დირექტორობის მსურველი, სერტიფიცირების ეტაპზე, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით დარეგისტრირდება და აღარ გამოცხადდება ტესტირებაზე, თანხა შეცდომით გადახდილად არ ჩაითვლება;

♦ იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი დაკმაყოფილდება, დირექტორობის მსურველს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადახდილი თანხა. საფასურის დასაბრუნებლად, მან წერილობით უნდა მიმართოს  მართვის სისტემას, საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებიდან 1 თვის ვადაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დასაბრუნებელი თანხა. აღნიშნულ თანხას მართვის სისტემა გასცემს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ვებგვერდზე, ქვეყნდება ინფორმაცია რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველთა თაობაზე იმ საგამოცდო ცენტრის მითითებით, სადაც უნდა გამოცხადდეს დირექტორობის მსურველი. მართვის სისტემა, ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სიის დამტკიცების შემდეგ, უზრუნველყოფს სერტიფიკატების იმ რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საგამოცდო ცენტრი, სადაც დირექტორობის მსურველმა პირმა გაიარა ტესტირება.

სიის დამტკიცებამდე სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სიის დამტკიცების მიზნით, ამოწმებს:

„ა) დირექტორობის შერჩეული კანდიდატების „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) დირექტორობის შერჩეულ კანდიდატებს იმ პირთა რეესტრში, რომელთაც  კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

6. სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.“

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი შესაბამისად, დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს.

👉 იხილეთ ბრძანება ცვლილების შეტანის თაობაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები