27 აპრილი, შაბათი, 2024

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, აკადემიურმა საბჭომ, ჯაბა სამუშია აირჩია

spot_img

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით, ჯაბა სამუშია აირჩია. ამ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.

როგორც ცნობილი გახდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ჯაბა სამუშიას არჩევას მხარი აკადემიური საბჭოს 28 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 ბიულეტენი გაბათილდა. პროფესორ კახაბერ ლორიას განცხადებით, არჩევნებს დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ, მაგრამ კენჭისყრის პროცესი სრულად არის გადაღებული.

„აკადემიური საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, ანუ 30-მა წევრმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 30 ბიულეტენი დაფიქსირდა, როდესაც კომისიამ დაითვალა, აქედან 28-ამ ხმა მისცა პროფესორ ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად, ბატონი ჯაბა არჩეულია რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. კანონისა და წესდების შესაბამისად ჩატარდა უკლებლივ ყველა პროცედურა, კანდიდატი რამდენი იყო, ეს მათი გადასაწყვეტია, ვისაც პოტენციურად შეეძლო მონაწილეობის მიღება ამ პროცესში. დამკვირვებლებს, გუშინ, 15:00 სთ-მდე ჰქონდათ საშუალება, შემოეტანათ განცხადება და ჩვენ მათ დამკვირვებლად დავუშვებდით, თუმცა არავის შემოუტანია. შესაბამისად, დამკვირვებელი არ იყო, მაგრამ მთელი კენჭისყრის პროცესი გადაღებულია და ასევე, ხმის დათვლის პროცესი, დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობისთვის. ვისაც სურს, შეუძლია ნახოს–  განაცხადა კახაბერ ლორიამ.

პროცესი უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის სამსახური.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას დანიშვნას სტუდენტების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ისინი

დღევანდელ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. „თავისუფლება სტუდენტებს“, „თავისუფლება უნივერსიტეტს” – სტუდენტთა ნაწილი ამ შეძახილებით აგრძელებს პროტესტს.

24 ოქტომბერს დააანონსებულია აქცია. „ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია და ლეგიტიმური. ჩვენ ვიცავთ სტუდენტების უფლებებს. პროფესურა და უნივერსიტეტი უნდა ითვალისწინებდნენ სტუდენტების საჭიროებებს. ორშაბათს, კიდევ ერთხელ, ყველამ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ყველანი შევიკრიბოთ“, – განაცხადა „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრმა, საბა ქერქაძემ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები