24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ფოკუს-ჯგუფებთან შეხვედრისთვის

spot_img

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია ფოკუს-ჯგუფი. ეს ინტერვიუს ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ყველა რესპონდენტს აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას. ფოკუს-ჯგუფში ერთიანდება 6-12 მოსწავლე და მათთან მოდერატორი მასწავლებლები სვამენ კითხვებს, იღებენ პასუხებს და ინიშნავენ გამორჩეულ პასუხს/პასუხებს. ამავე დროს, მკვლევარ მასწავლებელს საშუალება ეძლევა, თვალი ადევნოს მონაწილეთა მოსაზრებების ჩამოყალიბების პროცესს.

რადგან ჩვენი კვლევის თემა არის ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობა, ამიტომ ფოკუს-ჯგუფისთვის გავამზადეთ კითხვარი, რომელიც კრიტიკული აზროვნების უნარის დადგენასა და განვითარებას ემსახურება. საკვლევ კლასში 24 მოსწავლეა, ამიტომ ორ ფოკუს-ჯგუფად გაიყოფა და ორივე მკვლევარი მასწავლებელი პერსონალურად ვიმუშავებთ ბავშვებთან. დანარჩენ ფუნქციურ უნარებთან მიმართებით ოქტომბერ-ნოემბერში დავასრულებთ ამგვარ აქტივობებს. მათ შესახებაც მოგაწვდით დეტალიზებულ ინფორმაციას, რათა დაინტერესებულ პირებს მარტივი მოდიფიცირებით შეეძლოთ კითხვარის გამოყენება.

  1. ფოკუს-ჯგუფი ფუნქციური უნარი – კრიტიკული აზროვნების შესახებ

დაკვირვება (გახსენება, ამოცნობა)

მუსიკის მასწავლებელი:

  1. რით განსხვავდება ერთმანეთისგან მინორული და მაჟორული მუსიკა?
  2. მოისმინეთ ორი მელოდია და ამოიცანით, მათ შორის, რომელია მაჟორული, მინორული.

ხელოვნების მასწავლებელი:

  1. რომელია ძირითადი ფერები?
  2. წარმოდგენილი ორი ფერწერული ნაშრომიდან რომელში ჭარბობს ძირითადი ფერები?

ანონზომიერების აღმოჩენა და განზოგადება (შედარება და დაპირისპირება – კონტრასტი, კლასიფიცირება, რელევანტური და არარელევანტური ინფორმაციის იდენტიფიცირება)

მუსიკის მასწავლებელი:

  1. შეადარეთ ერთმანეთს ლისტისა და ამსტრონგის მელოდიები, რას ჩათვლიდით კონტრასტად?
  2. მოისმინეთ შუბერტის მელოდია „ავე მარია“ და კახური „მრავალჟამიერი“. რომელ ჯგუფებში მოაქცევდით ამ მელოდიებს?
  3. შოპენი ვალსების მეფედ ითვლება, გურული კრიმანჭული – პოლიფონიურ მელოდიად, მარია კალასის ვოკალზე ამბობდნენ „ორი ხმა ერთ ყელში“, მადონა (ვერონიკა ჩიკონე) – კლასიკოს შემსრულებლად. ამოარჩიეთ რელევანტური და არარელევანტური ინფორმაცია.

ხელოვნების მასწავლებელი:

  1. შეადარეთ ერთმანეთს ქართული ფრესკა „ყინწვისის ანგელოზი“ და სიქსტის კაპელას ფრაგმენტი. რა არის მათ შორის კონტრასტული?
  2. კლოდ მონეს (ან რომელიმე) ნახატი და ფიროსმანის „წითელპერანგა მებადური“ რომელ კლასიფიკაციურ ჯგუფში მოიაზრებთ და რატომ?
  3. ფერების დაყოფა ცივ და თბილ ჯგუფებად პირობითია, ოგიუსტ როდენის გავლენა იგრძნობა იაკობ ნიკოლაძის შემოქმედებაზე, იტალიური და ირანული არქიტექტურის გავლენა არაერთ ხუროთმოძღვრულ ძეგლს ეტყობა საქართველოში. ამოარჩიეთ რელევანტური და არარელევანტური ინფორმაცია.

დასკვნების ჩამოყალიბება კანონზომიერებების საფუძველზ (პირველადი დასკვნა, ვარაუდის გამოთქმა)

მუსიკის მასწავლებელი:

  1. კლასიკური მუსიკის კონცერტებზე გაცილებით ნაკლები მსმენელი მიდის, ვიდრე საესტრადო ან ქუჩის კონცერტებზე. გამოიტანეთ დასკვნა საერთო-სახალხო მუსიკალური გემოვნების შესახებ.
  2. რატომ იქმნება მუსიკა?

ხელოვნების მასწავლებელი:

  1. პრადოს გალერეაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. თქვენი აზრით, რატომ იღებს სახელმწიფო მკაცრ ზომებს ვიზიტორებთან მიმართებით?
  2. გამოთქვით ვარაუდი, რატომ შეიძლება აინტერესებდეს მარინისტული პეიზაჟი იმ ადამიანს, რომელსაც არასდროს უნახავს ზღვა და ოკეანე?

დასკვნების შეფასება დაკვირვების საფუძველზე (თანმიმდევრულობის შემოწმება, ტენდენციურობის, სტერეოტიპების, კლიშეებისა და პროპაგანდის იდენტიფიცირებ, უსაფუძვლო დაშვებების იდენტიფიცირებ, გადამეტებული განზოგადების ან მცირედ განზოგადების ამოცნობა, დასკვნების ფაქტებით დადასტურებ)

მუსიკის მასწავლებელი:

  1. მოისმინეთ ოპერიდან ნაწყვეტი, ამოიცანით, რომელია უვერტიურა?
  2. ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ კლასიკური მუსიკის დრო უკვე აღარაა და ელექტრონული მუსიკა უფრო ღირებულია. რად ჩათვლიდით ამ მოსაზრებას: ტენდენციურობის, სტერეოტიპების, კლიშეებისა და პროპაგანდის იდენტიფიცირებად, უსაფუძვლო დაშვებების იდენტიფიცირებად, გადამეტებული განზოგადების ან მცირედ განზოგადების ამოცნობად?
  3. დაადასტურეთ ფაქტით ან ფაქტებით, რატომ არის მოცარტის შემოქმედება მაღალი ღირებულების.

ხელოვნების მასწავლებელი:

  1. თქვენი აზრით, წარმოდგენილი ნახატებიდან (გამოქვაბულის კედლის მხატვრობა ალ-ტამირას გამოქვაბულიდან და სალვადორ დალის რომელიმე ნახატი) რომელი უფრო ადრე შეიქმნებოდა და რატომ?
  2. ძველი თაობის ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ მხოლოდ წარსულში იქმნებოდა ფასეული ხელოვნების ნიმუშები. რად ჩათვლიდით ამ მოსაზრებას: ტენდენციურობის, სტერეოტიპების, კლიშეებისა და პროპაგანდის იდენტიფიცირებად, უსაფუძვლო დაშვებების იდენტიფიცირებად, გადამეტებული განზოგადების ან მცირედ განზოგადების ამოცნობად?
  3. დაადასტურეთ ფაქტებით, რომ ქართული ხელოვნების რომელიმე დარგი განიცდიდა მეზობელი ქვეყნების კულტურის გავლენას.

მკვლევარი მასწავლებლები: ხათუნა გურული, სოფიო ქავთარაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები