23 აპრილი, სამშაბათი, 2024

თსუ-ის ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს

spot_img

საქართველოს პროკურატურამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით 165 000 ლარის მითვისებისა და 105 000 ლარის ოდენობის კრედიტის უკანონოდ აღების გამო, დააკავა.

პროკურატურა განმარტავს: აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 165 000 ლარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა თიბისი ბანკი შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 000 ლარის კრედიტი“.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ამ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო.

თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ამბობს, რომ „სასამართლო დაადგენს საბოლოოდ, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე და ჰყავდა თუ არა თანამზრახველი.“

უფრო ვრცელ განმარტებას აკეთებს თსუ-ის კანცლერი ლაშა საღინაძე: „კონკრეტული ბუღალტერი 10 წელზე მეტი მუშაობდა თსუ-ში. უნივერსიტეტის ფინანსურმა დეპარტამენტმა, 2021 წლის დეკემბერში, გამოავლინა გარკვეული გადაცდომები, რომლის შესახებაც მოგვმართა ადმინისტრაციას. ჩვენ  შიდა აუდიტის სამსახურს დავავალეთ შესაბამისი ფაქტის მოკვლევა. მოკვლევის ეტაპზე გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები, რომლებიც 2022 წლის მარტში გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში. ამის შემდგომ შესაბამისმა ორგანომ ჩაატარა გამოძიება და, ამ ეტაპზე, უკვე დაკავებულ იქნა ჩვენი ყოფილი ბუღალტერი (რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენთან აღარ მუშაობს) და მისი თანამზრახველი ერთი პირი, რომელიც არ გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი.

ეტაპობრივად, ირიცხებოდა მცირე მოცულობის თანხები, რომელზეც ეჭვის მიტანა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, თუმცა, გარკვეული ფილტრაციის და მონიტორინგის შედეგად, ამოვარდა გარკვეული უზუსტობები. ეს ადამიანები, ჩვენ შემთხვევაშიც და სხვა უწყებების შემთხვევაშიც, როგორც გაირკვა, უთითებდნენ გადარიცხვის დროს სხვა პირს, ვისაც რეალურად სწორი იქნებოდა, რომ ჩარიცხვოდა ეს თანხა, თუმცა ანგარიშის ნომერი იყო სხვა ადამიანის.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილს უჩნდება შეკითხვა, როგორ შეძლო ერთმა ბუღალტერმა 165 000 ლარის მითვისება, ხომ არ აფარებდა მას ვინმე ხელს. ისინი ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც იცოდა ეს ამბავი და ბუღალტერს უბრალოდ ხელს აფარებდა.

მანანა ხარხელი, თსუ-ს პროფესორი: „მე ვიცი, რომ უნივერსიტეტში კანცლერი განკარგავს ფინანსებს და ორივე ვარიანტში იცოდა თუ არა მომხდარის შესახებ, ის პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს. ჩემი შეხედულება ასეთია, დამნაშავეა ის, ვისაც ავალია ფინანსების განკარგვა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. მე ვსვამ კითხვას, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? შეძლებდა თუ არა ერთი რიგითი ბუღალტერი ასეთი დიდი თანხის მითვისებას? კითხვებს ვსვამ და პასუხი არ მაქვს.“

შეკითხვა ბევრი ჩნდება და იმედი ვიქონიოთ, რომ გამოძიება ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს. მთავარი კითხვა ერთია – გაიზრდება თუ არა ბრალდებულ პირთა რაოდენობა?

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები