3 დეკემბერი, შაბათი, 2022

საერთაშორისო კონფერენცია მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით

spot_img

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის პროგრამების მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ხელშეწყობა კვლევისა და ინოვაციის ერთობლივი პრიორიტეტებით“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.

მინისტრის მოადგილე გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისათვის. მან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების საქმეში სამეცნიერო პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, რომელიც, სამეცნიერო პრიორიტეტების იდენტიფიცირების კუთხით, დასკვნით ეტაპს წარმოადგენდა, მონაწილეებს ჰქონდათ  შესაძლებლობა სამეცნიერო პრიორიტეტების საუკეთესოდ განხორციელების გზების შესახებ ერთმანეთისთვის  მოსაზრებები გაეზიარებინათ.

კონფერენციაზე, სამეცნიერო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, წარმოდგენილი იყო როგორც ფუნქციური, ისე თემატური პრიორიტეტები. კომუნიკაციის გაღრმავების მიმართულებით კი, ღონისძიების მონაწილეებმა  ონლაინ პლატფორმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების – „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ (TWINNING)  და „საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა“ ხელშეწყობით გაიმართა.

TWINNING-ის პროგრამა, რომელიც წარმოადგენს ხიდს კვლევასა და ინდუსტრიას შორის, ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს საერთაშორისო კონსორციუმი (Joanneum) კვლევით ცენტრთან (ავსტრია), ავსტრიის სამეცნიერო ფონდთან, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოსთან, DLR პროექტის მართვის სააგენტოსთან (გერმანია) და დაუგავპილსის უნივერსიტეტთან (ლატვია) პარტნიორობით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს, საგრანტო პროგრამების განხილვითა და გაუმჯობესებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობების გაძლიერებას.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ავსტრიის, გერმანიისა და ლატვიის საელჩოების, ევროკავშირის, სამინისტროების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, ასოციაციების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სხვადასხვა დარგში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები