24 ნოემბერი, კვირა, 2024

მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მას ადამიანებმა ყველაზე ძვირფასი არსებების, შვილების მომავალი ჩააბარეს

spot_img

როლანდ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

✅ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროცესებში მონაწილეობის ყველა ეტაპი სასიამოვნო განცდაა, დაწყებული პირველივე შეტყობინებიდან, როდესაც წარგადგინეს და მოიაზრეს შენი პედაგოგიური საქმიანობა რაღაც ნიშნით გამორჩეულად. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი კონკურსი, სადაც ყველა გამარჯვებულია, მათ შორის, ვინც ათეულის მიღმა დარჩა. ამ პროექტში არ არსებობს კონკურენტი, არსებობს მხოლოდ თანაგუნდელი, რომელიც შენთან ერთად მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის იბრძვის.

✅ მიმაჩნია, რომ მთავარი შედეგი უკვე დაიდო ათეულის გამოვლენით, რაც ახლო მომავლში საინტერესო თანამშრომლობით ურთიერთობაში გადაიზრდება.

✅ მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მას ადამიანებმა ყველაზე ძვირფასი და სპეტაკი არსებების, შვილების მომავალი ჩააბარეს. ეს თუ კარგად ექნება გათავისებული, მუდმივად იმ ფიქრებში იქნება, რომ ბავშვის მომავალი არ დაამახინჯოს.

✅ მასწავლებელს ბევრი კარგი თვისება უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე გამოვარჩევდი თვითგანვითარებაზე ზრუნვას. როდესაც მასწავლებელს სკოლა გაასწრებს, ძალზე არასასიამოვნო რეალობა იქმნება.

✅ სკოლა მოსწავლეს რეალურ ცხოვრებაში დამოუკიდებლად არსებობისთვის უნდა ამზადებდეს. სასკოლო გარემოში მიღებული ნებისმიერი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს რეალურ ცხოვრებასთან. სამწუხაროდ, ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, სკოლამ ამ შედეგს სრულყოფილად ვერ მიაღწია.

✅ კიდევ უფრო მეტ ფინანსებს ჩავდებდი განათლებაში. ყველა სკოლას შევუქმნიდი თანამედროვე მოთხოვნების შესაფერის გარემოს, ხოლო მასწავლებლის საქმიანობას ყველაზე მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად პროფესიად გავხდიდი. მაღალი კონკურენციის პირობები გავლენას მოახდენდა სწავლა-სწავლების ხარისხზე.

* * *

როლანდ შავაძე, დაიბადა 1990 წელს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებში.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით გააგრძელა. 2015 წელს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.

2017 წელს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაასრულა.

2018-2019 წლებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა. დღემდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია ლინგვისტიკის მიმართულებით.

მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში:

2021 წელი – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის (IREX) Fulbright (TEA) მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამა (აშშ);

2018 წელი – Erasmus+ / SMS Mobility გაცვლითი პროგრამა მასწავლებლებისთვის, Canterbury Christ Church University (კენტერბერი, ინგლისი);

2019 წელი – VII საერთაშორისო მასწავლებელთა კონფერენცია, MOFET Institute (ქ. თელ ავივი, ისრაელი);

2016-2017 Erasmus+ სტუდენტური გაცვლითი პროგრამის მონაწილე, ბულგარეთის ქალაქ რუსეს ანგელ ქანჩევის უნივერსიტეტი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები