23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რუსთაველი ახალგაზრდა, რომელმაც KIU-ში სრული დაფინანსება და რექტორის სტიპენდია მოიპოვა

spot_img

მარიამ ძინძიბაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია.

მისი თქმით პატარაობიდანვე უყვარდა მათემატიკა და ფიზიკა. ჯერ კიდევ, 4 წლის ასაკში ჰქონდა პატარა სავარჯიშო წიგნი და ყოველ ღამე, ძილის წინ, არითმეტიკაში ვარჯიშობდა. ბავშვობიდანვე იღებდა მონაწილეობას მათემატიკის ოლიმპიადებში, საპატიო დიპლომები და სერტიფიკატებიც ბევრი აქვს. ათი წლის ასაკში საცხოვრებლად სხვაგან მოუწია გადასვლა, თუმცა სკოლის შეცვლას მის აკადემიურ შედეგებზე  უარყოფითი გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია. შემდეგი 6 წელი საჩხერეში გაატარა ოჯახთან ერთად. ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩეოდა და სკოლაშიც კარგად სწავლობდა. არგვეთის სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყო სხვადასხვა პროექტების წერა, უყვარდა ღონისძიებების ორგანიზება. საკმაოდ აქტიური მოსწავლე იყო, რადგან, როგორც აღნიშნა, ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობს, როდესაც დაკავებულია. უყვარს პრეზენტაციების კეთება და თვლის, რომ საკმაოდ კარგადაც გამოსდის.

მარიამ ძინძიბაძისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მიზეზი განსხვავებული და ძლიერი სასწავლო პროგრამების გარდა დამოუკიდებლობის სურვილიც იყო.

ცნობილია რომ KIU სტუდენტებს საცხოვრებელ კამპუსს სთავაზობს, შედეგად სტუდენტს დამოუკიდებლად უწევს ყველაფრის კეთება, ბიუჯეტისა და დროის მართვა. ამასთან, უნივერსიტეტის სამივე საბაკალავრო პროგრამა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის იდენტურია, ინგლისურენოვანი სწავლება კი სტუდენტებს მსოფლიო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. როგორც მარიამი გვეუბნება, KIU-ს კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ მრავალფეროვანი სასტიპენდიო და საგრანტო პროგრამები აქვს.

გოგონა მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს და უკვე მეორე კურსი დაასრულა. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი იმაზე ფიქრში გაატარა, თუ რა უნდოდა რომ ეკეთებინა, რა მოსწონს და რა გამოსდის კარგად. KIU-ში კი მიხვდა, რომ მონაცემთა ანალიზი საკმაოდ დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ფიქრობს, რომ ამ სფეროს გაჰყვება.

მიზანდასახულ სტუდენტს მაგისტრატურის გავლაც უნდა საზღვარგარეთ. საკუთარი თავის სჯერა და თვლის, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, თუ კი საკმარისად მოინდომებს.

მარიამმა ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სკოლაც ოქროს მედალზე დაასრულა. ამ აკადემიური მიღწევების გამო, უნივერსიტეტმა დაუფინანსა საერთო საცხოვრებელი და სტიპენდიაც დაენიშნა. ასევე, რადგან პირველი კურსი უმაღლეს ქულებზე დახურა და ორივე სემესტრში GPA 4.0 ჰქონდა, რექტორის სტიპენდიაც მოიპოვა. სტუდენტობის პერიოდში ცდილობს, რაც შეიძლება დიდი დრო სწავლას და საკუთარი თავის განვითარებას დაუთმოს. გასულ სემესტრში პროფესორის დამხმარე ასისტენტი იყო საგანში – პროგრამების საფუძვლები, მონაწილეობდა მენეჯმენტის სკოლის კონფერენციაში, და წარადგინა თემა „სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარება და რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან”.

სტუდენტი სამომავლოდ გეგმავს KIU-ში არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებასა და უფრო მეტი გამოცდილების დაგროვებას. უნივერსიტეტის გარდა, სწავლობს კორეულ ენას, რაც მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ცდილობს წაიკითხოს რაც შეიძლება მეტი კლასიკური ლიტერატურა და თავისუფალ დროს წითელი ჯვრის მოხალისეა.

მისი აზრით, საყვარელი საქმიანობის კეთება მუდამაა შესაძლებელი, თუ დროს სწორად გაანაწილებ. ამიტომ KIU დაბალანსებული რეჟიმის შექმნაში ხელს არ უშლის.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები